დავით წინასწარმეტყველისა მიერ ქებაჲ

21

1. დასასრულსა, შეწევნისათჳს საცისკროსა, ფსალმუნი დავითისი

2. ღმერთო, ღმერთო ჩემო, მომხედენ მე; რაჲსათჳს დამიტევე მე? შორს არიან ცხორებისა ჩემისაგან სიტყუანი ბრალთა ჩემთანი.

3. ღმერთო ჩემო, დღისი ჴმა-ვყავ შენდამი და არა ისმინე ჩემი; და ღამე არა იღუაწე ჩემთჳს.

4. ხოლო შენ წმიდასა შინა დამკჳდრებულ ხარ ქებული ეგე ისრაჱლისაჲ.

5. შენ გესვიდეს მამანი ჩუენნი, გესვიდეს შენ და იჴსნენ იგინი;

6. შენდამი ღაღადებდეს და ცხონდეს, შენ გესვიდეს და არა ჰრცხუენა.

7. ხოლო მე მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა.

8. ყოველნი, რომელნი მხედვიდეს მე, მეკიცხევდეს მე, იტყოდეს ბაგითა და ხრიდეს თავთა.

9. ესვიდა უფალსა და იჴსენინ იგი, აცხოვნენ იგი, რამეთუ ჰნებავს იგი.

10. რამეთუ შენ ხარ, რომელმან გამომიყვანე მე საშოჲთ, სასოო ჩემო, დედის ძუძუთ ჩემითგან.

11. შენდა შევვარდი მე საშოჲთგან, დედისმუცლით ჩემითგან. ღმერთი ჩემი ხარი შენ,

12. ნუ განმეშორები ჩემგან, რამეთუ ჭირი მახს მე და არა ვინ არს მწე ჩემდა.

13. გარემომადგეს მე ზუარაკებ მრავალ და კუროთა პოხილთა მომიცვეს მე;

14. აღაღეს ჩემ ზედა პირი მათი, ვითარცა ლომმან მტაცებელმან და მყჳრალმან.

15. ხოლო მე, ვითარცა წყალი დავითხიე და განიბნინეს ყოველნი ძუალნი ჩემნი, იქმნა გული ჩემი, ვითარცა ცჳლი დადნობილი შუა მუცელსა ჩემსა.

16. განჴმა, ვითარცა კეცი ძალი ჩემი და ენაჲ ჩემი სასასა ჩემსა აექუა და მიწად სიკუდილისა შთამჴადე მე.

17. რამეთუ გარემომადგეს მე ძაღლებ მრავალ და კრებულმან უკეთურთამან გარემომიცვა მე;

18. განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი. და აღრაცხეს ყოველი ძუალები ჩემი; მათ მიხილეს მე და განმიცადეს მე,

19. განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი.

20. ხოლო შენ, უფალო, ნუ განმაშორებ შეწევნასა შენსა ჩემგან და ჴელის აპყრობად ჩემდა მომხედენ;

21. იჴსენ მახჳლისაგან სული ჩემი და ჴელთაგან ძაღლთასა მხოლოდშობილებაჲ ჩემი;

22. მიჴსენ მე პირისაგან ლომისა და რქათაგან მარტორქისათა - სიმდაბლე ჩემი;

23. მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის ეკლესიასა გიგალობდე შენ.

24. მოშიშნი უფლისანი აქებდით მას და ყოველი ნათესავი იაკობისი ადიდებდით მას;

25. ეშინოდენ მისგან ყოველსა ნათესავსა ისრაჱლისასა, რამეთუ არა შეურაცხ-ყო, არცა მოიწყინა ლოცვა გლახაკისა, არცა გარემიაქცია პირი მისი ჩემგან და ხადილსა ჩემსა მისა მიმართ ისმინა ჩემი.

26. შენ მიერ არს ქებაჲ ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა; აღგიარო შენ, აღთქუმანი ჩემნი აღვასრულნე წინაშე მოშიშთა მისთა.

27. ჭამონ დავრდომილთა და განძღენ და აქებდენ უფალსა მეძიებელნი მისნი, ცხონდენ გულნი მათნი უკუნითი უკუნისამდე.

28. მოიჴსენონ და მოიქცენ უფლისა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი და თაყუანის-სცენ წინაშე მისსა ყოველთა ტომთა თესლებისათა;

29. რამეთუ უფლისაჲ არს სუფევა და იგი მეუფებს ყოველთა ზედა წარმართთა.

30. ჭამეს და თაყვანი-სცეს ყოველთა პოხილთა ქუეყანისათა; მის წინაშე დაცჳოდიან ყოველნი, რომელნი შთავლენენ მიწად.

31. და სული ჩემი მისა ცხოველ არს და ნათესავმან ჩემმან ჰმონოს მას;

32. ეუწყოს უფალსა ნათესავი მომავალი. და უთხრობდენ სიმართლესა მისსა ერსა მას შობადსა, რომელ ქმნა უფალმან.

22
ფსალმუნი დავითისი

2. უფალმან მმწყსოს მე და მე არა მაკლდეს. ადგილსა მწუანვილოანსა მუნ დამამკვიდრა მე წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა მე.

3. მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათჳს.

4. ვიდოდი ღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან - ამათ ნუგეშინის-მცეს მე.

5. განმზადეს წინაშე ჩემსა ტაბლა წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა; განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან.

6. წყალობაჲ შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, დამკჳდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა დღეთასა.

23
ფსალმუნი დავითისი, ერთშაბათთა

1. უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი, სოფელი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა.

2. რამეთუ მან თავადმან ზღუათა ზედა დააფუძნა იგი და მდინარეთა ზედა განჰმზადა იგი.

3. ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა?

4. უბრალო ჴელითა და წმიდაჲ გულითა, რომელმან არა აიღო ამაოებასა ზედა სული თჳსი და არცა ეფუცა ზაკვით მოყუასსა თჳსსა.

5. ამან მოიღოს კურთხევაჲ უფლისაგან და წყალობაჲ ღმრთისაგან მაცხოვრისა მისისა.

6. ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისსა.

7. აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისა.

8. ვინ არს ესე, მეუფჱ დიდებისა, უფალი ძლიერი ღა მტკიცე, უფალი, ძლიერი ბრძოლასა შინა?

9. აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისა.

10. ვინ არს ესე, მეუფჱ დიდებისა? უფალი ძალთა თავადი არს მეუფჱ დიდებისა. დიდება

24
ფსალმუნი დავითისი

1. შენდამი, უფალო, აღვიღე სული ჩემი.

2. ღმერთო ჩემო, შენ გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე,

3. ნუცა მეცინიან მე მტერნი ჩემნი. და რამეთუ ყოველნი, რომელთა დაგითმონ შენ, არა ჰრცხუენეს.

4. ჰრცხუენოდენ მათ, რომელნი უშჯულოებენ ცუდად. გზანი შენნი, უფალო, მაუწყენ მე და ალაგნი შენნი მასწავენ მე.

5. მიძეღუ მე ჭეშმარიტებითა შენითა და მასწავე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მაცხოვარი ჩემი და შენ დაგითმე მარადღე.

6. მოიჴსენე მოწყალებათა შენთა, უფალო, და წყალობანი შენნი, რამვთუ საუკუნითგან არიან.

7. ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიჴსენებ; წყალობითა შენითა მომიჴსენე მე სიტკბოებისა შენისათჳს, უფალო.

8. რამეთუ ტკბილ და წრფელ არს უფალი; ამისთჳს შჯულიერ-ყუნეს ცოდვილნი გზასა.

9. უძღუეს მშჳდთა სასჯელსა შინა, ასწავლნეს მშჳდთა გზანი მისნი.

10. ყოველნი გზანი უფლისანი - წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ მათთჳს, რომელნი გამოეძიებენ აღთქუმათა მისთა და წამებათა მისთა.

11. სახელისა შენისათჳს, უფალო, და მილხინე მე ცოდვისა ჩემისაგან, რამეთუ მრავალ არს.

12. ვინ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა? შჯულიერ-ყოს იგი გზასა მას, რომელიცა სთნდა;

13. სულმან მისმან კეთილსა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკჳდროს ქუეყანა.

14. ძალ არს უფალი მოშიშთა მისთა და შჯული თჳსი აუწყოს მათ.

15. თუალნი ჩემნი მარადის უფლისა მიმართ, რამეთუ მან განარინნეს მახესა ფერჴნი ჩემნი.

16. მოიხილე ჩემ ზედა შემიწყალე მე, რამეთუ მხოლოდშობილ და გლახაკ ვარი მე.

17. იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომა ჩემი და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი.

19. იხილენ მტერნი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს და სიძულილით ამაოდ მომიძულეს მე.

20. იცევ სული ჩემი და მიჴსენ მე და ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გესავ შენ.

21. უმანკონი და წრფელნი შემომეყუნეს მე, რამეთუ დაგითმე შენ, უფალო.

22. იჴსენ, ღმერთო, ისრაჱლი ყოველთგან ჭირთა მისთა.

25
ფსალმუნი დავითისი

1. მისაჯე მე, უფალო, რამეთუ უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე და უფალსა ვესევდ, რათა არა მოუძლურდე.

2. გამომცადე მე, უფალო, და განმცადე მე, გამოაჴურვენ თირკუმელნი ჩემნი და გული ჩემი.

3. რამეთუ წყალობაჲ შენი წინაშე თუალთა ჩემთა არს და სათნო-ვეყავ მე ჭეშმარიტებასა შენსა.

4. არა დავჯედ მე კრებულსა თანა ამაოებისასა და უშჯულოთა თანა მე არა შევიდე.

5. მოვიძულე კრებული უკეთურთა და უღმრთოთა თანა მე არა დავჯდე.

6. დავიბანნე უბრალოებით ჴელნი ჩემნი და გარემოვადგე საკურთხეველსა შენსა, უფალო;

7. სმენად ჩემდა ჴმაჲ ქებისა შენისა და მითხრობად ყოველი საკჳრველებაჲ შენი.

8. უფალო, შევიყუარე შუენიერებაჲ სახლისა შენისა და ადგილი საყოფელი დიდებისა შენისა.

9. ნუ წარსწყმედ უღმრთოთა თანა სულსა ჩემსა და კაცთა მოსისხლეთა თანა ცხორებასა ჩემსა;

10. რომელთა ჴელნი მათნი უსჯულოებასა შინა არიან, მარჯუენე მათი აღივსო ქრთამითა.

11. ხოლო მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე; მიჴსენ მე, უფალო, და მიწყალე მე.

12. ფერჴი ჩემი დადგა სიწრფოებით, ეკლესიასა შინა გაკურთხო შენ, უფალო.

26
ფსალმუნი დავითისი, პირველ ცხებისა

1. უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?

2. მოახლებასა ჩემ ზედა უკეთურთასა შეჭმად ჴორცთა ჩემთა, მაჭირვებელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი - იგინი მოუძლურდეს და დაეცნეს.

3. გან-თუ-ეწყოს ჩემ ზედა ბანაკი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა. აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლა, ამისთჳს მე შენ გესავ.

4. ერთი ვითხოე უფლისაგან, ესევე ვითხოვო: დამკჳდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, ხილვად ჩემდა შუენიერებაჲ უფლისაჲ და მოხილვად ტაძარი მისი.

5. რამეთუ დამფარა მე კარავსა შინა მისსა დღესა შინა ბოროტთა ჩემთასა, დამიფარა მე დაფარულსა კარვისა მისისასა,

6. კლდესა ზედა აღმამაღლა მე. და აწ, ესერა, აღამაღლა თავი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა; გარემოვადეგ და შევწირე კარავსა შინა მისსა მსხუერპლი ქებისა და ღაღადებისა, ვაქებდე და უგალობდე უფალსა.

7. ისმინე, უფალო, ჴმისა ჩემისა, რომლითა ღაღად-ვყავ, მიწყალე მე და ისმინე ჩემი.

8. შენ გრქუა გულმან ჩემმან: უფალი მოვიძიო; გამოგიძია შენ პირმან ჩემმან; პირი შენი, უფალო, მოვიძიო.

9. ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ნუ მიიქცევ რისხვით მონისა შენისაგან. შემწე ჩემდა იყავ, ნუ შეურაცხ-მყოფ მე და ნუცა დამაგდებ მე, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

10. რამეთუ მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს მე, ხოლო უფალმან შემიწყნარა მე.

11. შჯულიერ-მყავ მე, უფალო, გზასა შენსა, და მიძეღუ მე ალაგთა შენოა წრფელთა

12. მტერთა ჩემთათჳს. ნუ მიმცემ მე სულთა მაჭირვებელთა ჩემთასა, რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და უტყუვა სიცრუემან თავსა თჳსსა.

13. მრწამს მე ხილვად კეთილი უფლისა ქუეყანასა მას ცხოველთასა.

14. დაუთმე უფალსა; მჴნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა. დიდება

27
ფსალმუნი დავითისი

1. შენდამი, უფალო, ჴმა-ვყო; ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან, ნუ სადამე დასდუმნე ჩემგან და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა.

2. ისმინე, უფალო, ჴმაჲ ვედრებისა ჩემისა, ვედრებასა ჩემსა შენდამი, აპყრობასა ჴელთა ჩემთასა ტაძრისა შენისა მიმართ წმიდისა.

3. ნუ მიმზიდავ მე ცოდვილთა თანა და მოქმედთა თანა სიცრუვისათა, ნუ თანაწარმწყმედ მე, რომელნი იტყჳან მშჳდობასა მოყუსისა მათისა თანა, ხოლო უკუეთურებასა - გულთა შინა მათთა.

4. მიეც მათ, უფალო, საქმეთა მათთაებრ და უკეთურებისაებრ საქმეთა მათთასა; საქმეთაებრ ჴელთა მათთასა მიეც მათ და მიაგე მისაგებელი მათი მათვე.

5. რამეთუ არა გულისჴმა-ყუნეს საქმენი უფლისანი, არცა ქმნულსა ჴელთა მისთასა მიჰხედნეს; დაამჴუნე იგინი და არა აღაშენნე.

6. კურთხეულ არს უფალი, რამეთუ ისმინა ჴმაჲ ლოცვისა ჩემისა.

7. უფალი შემწე ჩემდა და მფარველ ჩემდა; მას ესვიდა გული ჩემი და შეწევნულ იქმნა, და მხიარულ იქმნნეს ჴორცნი ჩემნი და მე ნებითა ჩემითა აუვარო მას.

8. უფალი ძალ არს ერისა თჳსისა და შესავედრებელ არს ცხორებად ცხებულისა თჳსისა.

9. აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკჳდრებელი შენი. და დაჰმწყსენ და აღამაღლენ იგინი უკუნისამდე.

28
ფსალმუნი დავითისი, გამოსლვისათჳს კარვისა

1. შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა,

2. შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა. შესწირევდით უფლისა დიდებასა სახელისა მისისასა; თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა.

3. ჴმაჲ უფლისაჲ წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისა ქუხდა, უფალი წყალთა ზედა მრავალთა.

4. ჴმაჲ უფლისაჲ ძლიერებით, ჴმაჲ უფლისაჲ დიდად შუენიერებით.

5. ჴმამან უფლისამან შემუსრნეს ნაძუნი და შემუსრნეს უფალმან ნაძუნი იგი ლიბანისანი.

6. და დააწულილნეს იგინი, ვითარცა ჴბო იგი ლიბანისა და საყუარელი იგი - ვითარცა შვილი მარტორქისა.

7. ჴმამან უფლისამან განკუეთის ალი ცეცხლისა.

8. ჴმამან უფლისამან შეძრის უდაბნო და შეაძრწუნოს უფალმან უდაბნო იგი კადისა.

9. ჴმამან უფლისამან განამტკიცნის ირემნი და განაცხადნის მაღნარნი; და ტაძარსა წმიდასა მისსა თქუას ყოველმან ვინ დიდებაჲ მისი.

10. უფალმან წყლითრღუნა დაამკჳდრის; და დაჯდეს უფალი მეუფედ უკუნისამდე.

11. უფალმან ძალი ერსა თჳსსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თჳსი მშჳდობით.

29

1. ფსალმუნი, გალობაჲ განახლებისა სახლისა დავითისი

2. აღგამაღლო შენ, უფალო, რამეთუ შემივედრე მე და არა ახარე მტერთა ჩემთა ჩემ ზედა.

3. უფალო ღმერთო ჩემო, ღაღად-ვყავ შენდამი და განვიკურნო.

4. უფალო, აღმოიყვანე ჯოჯოხეთით სული ჩემი და მიჴსენ მე მათგან, რომელნი შთავლენან მღჳმესა.

5. უგალობდით უფალსა ღირსნი მისნი და აუვარებდით საჴსენებელსა სიწმიდისა მისისასა.

6. რამეთუ რისხვა არს გულისწყრომასა მისსა და ცხორებაჲ არს ნებითა მისითა; მწუხრსა განისუენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან.

7. ხოლო მე ვთქუ განგებულებასა ჩემსა: არა შევიძრა მე უკუნისამდე.

8. უფალო. ნებითა შენითა ეც სიკეთესა ჩემსა ძალი; გარემიაქციე პირი შენი ჩემგან და მე შევძრწუნდი.

9. მე შენდამი, უფალო, ჴმა-ვყო და ღმრთისა ჩემისა მიმართ ვილოცო.

10. რამე სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან, შთა-თუ-ვიდე მე განსახრწნელსა? მიწამან ნუ აღგიაროსა შენ, ანუ უთხრასა ჭეშმარიტებაჲ შენი?

11. ესმა უფალსა და შემიწყალა მე და უფალი იქმნა მწე ჩემდა.

12. მოაქციე გლოვა ჩემი სიხარულად ჩემდა; განხეთქე ძაძა ჩემი და გარეშემარტყ მე სიხარული.

13. რათა გიგალობდეს შენ დიდებაჲ ჩემი და არა შევინანო. უფალო ღმერთო ჩემო, უკუნისამდე აღგიარო შენ.

30

1. დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, განკჳრვებისათჳს

2. შენ, უფალო, გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე; სიმართლითა შენითა მიჴსენ და განმარინე მე.

3. მოყავ ჩემდა ყური შენი და ისწრაფე განრინებად ჩემდა; მეყავ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხორებად ჩემდა.

4. რამეთუ განმაძლიერებელი ჩემი და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ და სახელისა შენისათჳ მიძეღუ მე და გამომზარდო მე.

5. და გამომიყვანო მე საბრჴიდა ამისგან, რომელ დამირწყუეს მე,

6. რამეთუ შენ ხარ მფარველი ჩემი, უფალო. და ჴელთა შენთა შევჰვედრო სული ჩემი; მიჴსენ მე, უფალო ღმერთო ჭეშმარიტებისაო.

7. მოიძულენ შენ იგინი, რომელთა დაცვან ამაოებაჲ ცუდად, ხოლო მე უფალსა ვესავ.

8. ვგალობდე და ვიხარებდე წყალობისა შენისა მიმართ, რამეთუ მომხედენ სიმდაბლესა ჩემსა და იჴსენ ჭირისაგან სული ჩემი;

9. და არა მიმეც მე ჴელთა მტერთა ჩემთასა, დამიდგენ ფართოსა ფერჴნი ჩემნი.

10. მიწყალე მე, უფალო, რამეთუ მჭირს მე; შეშფოთნა გულისწყრომითა თუალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი.

11. რამეთუ მოაკლდა სალმობით ცხორებაჲ ჩემი და წელიწადნი ჩემნი სულთქუმით; მოუძლურდა გლახაკებითა ძალი ჩემი და ძუალნი ჩემნი შეძრწუნდეს.

12. ყოველთა მტერთა ჩემთაგან ვიქმენ მე საყუედრელ და მოძმეთა ჩემთაგან ფრიად და შიშ მეცნიერთა ჩემთა; რომელთა მიხილიან მე, გარე განივლტიედ ჩემგან.

13. დავივიწყე მე, ვითარცა მკუდარი, გულთაგან და ვიქმენ მე ვითარცა ჭურჭელი წყმედული.

14. რამეთუ მესმა მე ყუედრებაჲ მრავალთა, რომელნი გარემოს იყვნეს ჩემსა; რაჟამს შეკრბეს იგინი ერთბამად ჩემ ზედა, მიღებაჲ სულისა ჩემისა იზრახეს.

15. ხოლო მე, უფალო, შენ გესავ; ვთქუ: შენ ხარ ღმერთი ჩემი.

16. და ჴელთა შენთა შინა არს მკჳდრობაჲ ჩემი; მიჴსენ მე ჴელთაგან მტერთა ჩემთასა და მდევართა ჩემთასა.

17. გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა.

18. უფალო, ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გხადოდე შენ; ჰრცხუენოდენ უღმრთოთა და შთაჴდენ იგინი ჯოჯოხეთად.

19. უტყუ იქმნენ ბაგენი მზაკუარნი, რომელნი იტყჳან მართლისა მის ზედა უსჯულოებასა ამპარტავანებითა და შეურაცხებითა.

20. ვითარ მრავალ არს წყალობაჲ სიტკბოებისა შენისა, უფალო, რომელ დაუმარხე მოშიშთა შენთა! ჰყავ შენ იგი მოსავთა შენთათჳს წინაშე ძეთა კაცთასა.

21. დაჰფარნე იგინი საფარველსა პირისა შენისასა აღძრვისაგან კაცთასა; დაიცუნე იგინი კარავსა შენსა ჴდომისაგან ენათაჲსა.

22. კურთხეულ არს უფალი, რამეთუ საკჳრველ-ყო წყალობაჲ მისი ზედა ქალაქსა მტკიცესა.

23. ხოლო მე ვთქუ განკჳრვებასა ჩემსა: გან-მე-გდებულ ვარ მე პირისაგან თუალთა შენთასა; ამისთჳს შეგესმა ჴმაჲ ლოცვისა ჩემისა, რაჟამს ვღაღადებდი მე შენდამი.

24. შეიყუარეთ უფალი ყოველთა ღირსთა მისთა, რამეთუ ჭეშმარიტებასა ეძიებს უფალი და მიაგოს მათ, რომელნი მეტად ჰყოფენ ამპარტავნებასა.

25. მჴნე იყავნ და განძლიერდინ გული თქუენი, ყოველნი რომელნი ესავთ უფალსა.

31
სიბრძნითა ფსალმუნი დავითისი

1. ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი.

2. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვაჲ, არცა არს პირსა მისსა ზაკუაჲ.

3. რამეთუ დავდუმენ მე, განკფდეს ყოველნი ძუალნი ჩემნი ღაღადებითა ჩემითა მარადღე;

4. რამეთუ დღე და ღამრ დამიმძიმდა ჩემ ზედა ჴელი შენი; მივიქეც მე გლახაკობად, რამეთუ განმესხა მე ეკალი.

5. ცოდვა ჩემი გაუწყე შენ და უსჯულოება ჩემი არა დავფარე შენგან; ვთქუ: აღუვარო ბრალი ჩემი უფალსა, და შენ მომიტევე მე უღმრთოებაჲ გულისა ჩემისა.

6. ამისთჳს ილოცვიდეს შენდამი ყოველი წმიდაჲ ჟამსა შეწყნარებისასა, ხოლო რღუნა წყალთა მრავალთა მას არა მიეახლოს.

7. შენ ხარ შესავედრებელი ჩემი ჭირისაგან, რომელი გარემომადგეს მე; სიხარულო ჩემო, მიჴსენ მე მათგან, რომელთა გარემოუცავ მე.

8. გონიერ-გყო შენ და გულისხმა-გიყო შენ გზასა მას, რომელსაცა ხჳდოდი; ვიგნე შენ ზედა თუალნი ჩემნი.

9. ნუ იყოფით ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულისხმა; ჭიმითა და აღჳრითა უქცინე ღაწუნი მათნი, რომელნი შენ არა მიგეახლნეს.

10. მრავალ გუემა არიან ცოდჳლთათჳს, ხოლო რომელნი ესვენ უფალსა, წყალობაჲ გარემოადგეს მათ.

11. იხარებდით უფლისა მიმართ და იშუებდით, მართალნო, და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა. დიდებაჲ

32
ფსალმუნი დავითისი ზედაწარუწერელი ებრაელთა შორის

1. იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ, და წრფელთა შუენის ქებაჲ.

2. აუვარებდით უფალსა ბობღნითა და ათძალითა საფსალმუნისათა უგალობდით მას.

3. აქებდით მას ქებითა ახლითა, კეთილად უგალობდით მას ღაღადებითა.

4. რამეთუ წრფელ არს სიტყუაჲ უფლისაჲ და ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით არიან;

5. უყუარს წყალობაჲ და მსჯავრი უფალსა და წყალობითა უფლისაჲთა სავსე არს ქუეყანაჲ.

6. სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისათა - ყოველი ძალი მათი.

7. შეჰკრებს იგი, ვითარცა თხიერთა, წყალთა ზღჳსათა და დაასხამს საუნჯეთა შინა უფსკრულთა.

8. ეშინოდენ უფლისაჲ ქუეყანასა და მისგან შეიძრნედ ყოველნი დამკჳდრებულნი სოფლისანი.

9. რამეთუ მან თქუა და იქმნნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს.

10. უფალმან განაქარვნის ზრახვანი წარმართთანი და შეურაცხ-ყვნის გულისსიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ყვნეს ზრახვანი მთავართანი;

11. ხოლო ზრახვა უფლისაჲ უკუნისამდე ჰგიეს და გულისსიტყუანი გულისა მისისანი - თესლითი თესლადმდე.

12. ნეტარ არს ნათესავი, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი, ერი, რომელ გამოირჩია სამკჳდრებელად თჳსად.

13. ზეცით მოხედნა უფალმან და იხილნა ყოველნი ძენი კაცთანი;

14. განმზადებულით სამკჳდრებელით თჳსით მოხედნა ყოველთა ზედა სამკჳდრებულთა ქუეყანისათა,

15. რომელმან დაჰბადნა მხოლოდ გულნი მათნი, რომელმან გულისჴმა-ყუნის ყოველნი საქმენი მათნი.

16. არა ცხონდების მეფე მრავლითა ძალითა თჳსითა და გმირი არა განერეს სიმრავლითა ძალისა მისისაჲთა.

17. ტყუინ ცხენი განრინებად და დიდითა ძალითა თჳსითა არა განერეს.

18. აჰა, ესერა, თუალნი უფლისანი მოშიშთა მისთა ზედა და რომელნი ესვენ წყალობასა მისსა,

19. ჴსნად სიკუდილისაგან სულთა მათთა და გამოზრდად მათდა სიყმილსა.

20. ხოლო სულმან ჩემმან დაუთმენ უფალსა, რამეთუ მწე და მფარველ არს იგი ჩუენდა;

21. რამეთუ მისა მიმართ იხარებდეს გული ჩუენი და სახელსა წმიდასა მისსა ვესვიდეთ.

22. იყავნ, უფალო, წყალობაჲ შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ გესავთ შენ.

33

1. ფსალმუნი დავითისი, რაჟამს-იგი იცვალა პირი თჳსი წინაშე აბიმელიქისა და განუტევა იგი და წარვიდა

2. ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაჲ მისი პირსა ჩემსა.

3. უფლისა მიერ იქოს სული ჩემი, ესმოდის მშჳდთა და ახარებდენ.

4. განადიდეთ უფალი ჩემ თანა და აღვამაღლოთ სახელი მისი მის თანა.

5. გამოვიძიე უფალი და ისმინა ჩემი და ყოველთა ჭირთა ჩემთაგან მიჴსნა მე.

6. მოედით მისა და განათლდით და პირსა თქუენსა არა ჰრცხუნეს.

7. მან გლახაკმან ჴმა-ყო და უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იჴსნა იგი.

8. დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა გარემოს მოშიშთა მისთა და იჴსნნეს იგინი.

9. განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი; ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას.

10. გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულევანებაჲ მოშიშთა მისთა.

11. მდიდარნი დაგლახაკდეს და შეემშია, ხოლო რომელნი ეძიებენ უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა.

12. მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისაჲ გასწავო თქუენ.

13. ვინ არს კაცი, რომელსა ჰნებავს ცხორებაჲ და უყუარან ხილვად დღენი კეთილნი?

14. დააცხრვე ენაჲ შენი ბოროტისაგან და ბაგენი ჩენნი ნუ იტყჳან ზაკვასა;

15. მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი, მოიძიე მშჳდობაჲ და მისდევდი მას.

16. თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა;

17. პირი უფლისაჲ მოქმედთა ზედა ძჳრისათა მოსპოლვად ქუეყანით საჴსენებელი მათი.

18. ჴმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იჴსნნა იგინი.

19. მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს.

20. მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იჴსნნეს იგინი უფალმან.

21. დაიცვნეს უფალმან ყოველნი ძუალნი მათნი და ერთიცა მათგანი არა შეიმუსროს.

22. სიკუდილი ცოდვილთა ბოროტ არს და, რომელთა სძულდეს მართალი, უსჯულოებენ.

23. იჴსნნეს უფალმან სულნი მონათა მისთანი და არა ცოდონ ყოველთა, რომელნი ესვენ მას. დიდება

34
ფსალმუნი დავითისი

1. საჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა;

2. აღიღე ჭური და ფარი და აღდეგ მწედ ჩემდა.

3. განჰფინე მახჳლი შენი და შეკრიბე წინა კერძო მდევართა ჩემთასა; არქუ სულსა ჩემსა: მჴსნელი შენი ვარი მე.

4. ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა; მართლუკუნიქცენ და სირცხჳლეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთჳს ძჳრსა.

5. იქმნენ იგინი ვითარცა მტუერი წინაშე ქარსა და ანგელოზმან აჭირვენ მათ;

6. იყვნენ გზანი მათნი ბნელ და საცთომელ და ანგელოზმან უფლისამან დევნნეს იგინი.

7. რამეთუ ცუდად დამირწყეს მე განსახრწნელი საბრჴისა მათისა და ამაოდ აყუედრებდეს სულსა ჩემსა.

8. ეწიენ მათ საბრჴე, რომელ არა უწყოდიან და სანადირო, რომელ დაარწყუეს, შეიპყრნედ იგინი და საბრჴესავე მათსა შეითხინედ.

9. ხოლო სული ჩემი იხარებდეს უფლისა მიმართ და იშუებდეს მაცხოვარებითა მისითა.

10. ყოველთა ძუალთა ჩემთა თქუან: უფალო, უფალო, ვინ გემსგავსოს შენ? რამეთუ იჴსენ გლახაკი ჴელთაგან უძლიერესთა მისთასა და გლახაკი და დავრდომილი - მიმოდამტაცებელთაგან მისთა.

11. რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და, რა-იგი არა უწყოდე, მკითხვიდეს მე.

12. მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და უმკჳდროებაჲ სულისა ჩემისა იზრახეს.

13. ხოლო რაჟამს იგინი მაჭირვებდიან მე, შევიმოსი ძაძა და დავიმდაბლი მარხვითა სული ჩემი, და ლოცვა ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს.

14. ვითარცა ძმა და მეგობარი ჩუენი, ეგრეთ სათნო-ვიყავ; ვითარცა მგლოვარე და მწუხარე, ეგრე დავმდაბლდი.

15. და ჩემ ზედა იხარეს და შეკრბეს; შეკრბეს ჩემ ზედა გუემანი და მე არა ვაგრძენ,

16. განიყვნეს და არა შეინანეს. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და იღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი.

17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძჳრისსაქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდშობილება ჩემი.

18. აღგიარო შენ ეკლესიასა შინა დიდსა და კრებულსა შორის მრავალსა გაქებდე შენ.

19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა.

20. რამეთუ ჩემ თანა მშჳდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკვასა განიზრახვიდეს.

21. განავრცეს ჩემ ზედა პირი მათი და თქუეს: ვაშა, ვაშა! იხილეს თუალთა ჩუენთა.

22. იხილე, უფალო, ნუ დასდუმნები, უფალო, ნუ განმეშორები ჩემგან.

23. განიღჳძე, უფალო, და მოხედენ განკითხვასა ჩემსა, ღმერთო ჩემო და უფალო, შჯასა ჩემსა.

24. მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა, უფალო ღმერთო ჩემო და ნუმცა უხარის ჩემ ზედა.

25. ნუ იტყჳედ გულთა შინა მათთა: ვაშა, ვაშა, სულსა ჩემსა! ნუცა იტყჳედ, ვითარმედ: შთავნთქათ იგი.

26. ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ თანად, რომელთა უხაროდა ბოროტთა ჩემთათჳს; შთაიცუედ სირცხჳლი და კდემა, რომელნი მდიდრად იტყოდეს ჩემ ზედა.

27. იხარებდენ და იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელთა ენება სიმართლე ჩემი და თქუედ მარადის: დიდ არს უფალი! რომელთა უნდა მშჳდობაჲ მონისა შენისა.

28. და ენაჲ ჩემი იტყოდის სიმართლესა შენსა და მარადღე ქებასა შენსა.

35

1. დასასრულსა, მონისა ღმრთისა ფსალმუნი დავითისი

2. თქჳს უსჯულომან ცოდვასა შინა გულსა თჳსსა, არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მისთა.

3. რამეთუ ზაკვიდა იგი წინაშე მისსა მოპოვნებად უსჯულოებისა თჳსისა და სიძულილისა.

4. სიტყუანი პირისა მისისანი - უსჯულოებაჲ და ზაკვა, არა ინება მან გულისჴმის-ყოფა კეთილისა.

5. უსჯულოებაჲ იზრახა საწოლსა ზედა თჳსსა, დადგა იგი ყოველსა გზასა არაკეთილსა და ბოროტი მას არა მოეწყინა.

6. უფალო, ზეცასა არს წყალობაჲ შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი ვიდრე ღრუბელთამდე;

7. სიმართლენი შენი, ვითარცა მთანი ღმრთისანი და განკითხვანი შენნი უფსკრულ მრავალ. კაცთა და საცხოვარსა აცხოვნებ შენ, უფალო,

8. ვითარცა განამრავლე წყალობაჲ შენი, ღმერთო. ხოლო ძენი კაცთანი საფარველსა ფრთეთა შენთასა ესვიდენ.

9. დაითვრნენ იგინი სიპოხითა სახლისა შენისათა და ღუარი საშუებელისა შენისა ასუა მათ.

10. რამეთუ შენგან არს წყარო ცხორებისა და ნათლითა შენითა ვიხილეთ ჩუენ ნათელი.

11. მოჰფინე წყალობაჲ შენი, რომელთა გიციან შენ, და სიმართლე შენი წრფელთა გულითა.

12. ნუ მოვალნ ჩემ ზედა ფერჴი ამპარტავანებისა და ჴელი ცოდვილისა ნუ შემძრავნ მე.

13. მუნ დაეცნეს ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი; განვარდენ და ვერღარა უძლონ დადგომად. დიდება

36
ფსალმუნი დავითისი

1. ნუ გშურნ უკეთურთა, ნუცა გშურნ მათი, რომელნი იქმან უსჯულოებასა.

2. რამეთუ ვითარცა თივაჲ მსთუად განჴმენ და ვითარცა მხალი მწუანვილისა ადრე დამოცჳვენ.

3. ესევდ უფალსა და ყავ სიტკბოებაჲ, დაემკჳდრო ქუეყანასა და დაემწყსო სიმდიდრესა ზედა მისსა.

4. იშუებდ უფლისა მიმართ და მან მოგცეს შენ თხოვაჲ გულისა შენისა.

5. განაცხადე უფლისა მიმართ გზაჲ შენი და ესევდ მას და მან ყოს;

6. და გამოაბრწყინვოს ვითარცა ნათელი სიმართლე შენი და განკითხვა შენი - ვითარცა დღე შუვაჲ.

7. დაემორჩილე უფალსა და დაემონე მას და ნუ გშურნ მისი, რომელი წარმართებულ იყოს გზასა მისსა კაცისა თანა, რომელი იქმოდის უსჯულოებასა.

8. დასცხერ რისხვისაგან და დაუტევე გულისწყრომაჲ და ნუ ეშურები, რათამცა უკეთურებდი.

9. რამეთუ უკეთურნი ადრე მოისრნენ, ხოლო რომელთა დაუთმონ უფალსა, მათ დაიმკჳდრონ ქუეყანა.

10. და წუთღა, და არა იყოს უღმრთო და ეძიებდ ადგილსა მისსა და არა ჰპოო;

11. ხოლო მშჳდრთა დაიმკჳდრონ ქუეყანა და იშუებდენ მრავლითა მშჳდობითა.

12. უმზირინ ცოდვილი მართალსა და დაიღრჭინნის მის ზედა კბილნი მისნი;

13. ხოლო უფალი ეცინინ მას, რამეთუ წინაჲსწარ ჰხედავს, რამეთუ მოახს დღე მისი.

14. მახჳლი იჴადეს ცოდვილთა და გარდააცუეს მშჳლდსა მათსა დაცემად გლახაკისა და დავრდომილისა და მოკლვად მათდა, რომელნი წრფელ არიან გულითა.

15. მახჳლი მათი განეწონენ გულსა მათსა, და მშჳლდი მათი შეიმუსრენ.

16. შჯობს მცირედი მართლისა, ვიდრეღა არა მრავალსა მას სიმდიდრესა ცოდვილთასა.

17. რამეთუ მკლავნი ცოდვილისანი შეიმუსრნენ, ხოლო განამტკიცნეს მართალნი უფალმან.

18. იცნის უფალმან გზანი უბიწოთანი, და მკჳდრობაჲ მათი უკუნისამდე ეგოს;

19. არა სირცხჳლეულ იქმნენ იგინი ჟამსა ბოროტსა და დღეთა სიყმილისათა განძღენ.

20. რამეთუ ცოდვილნი წარწყმდენ, ხოლო მტერნი უფლისანი დიდებასა ოდენ მათსა და ამაღლებასა მოაკლდენ და ვითარცა კუამლი, განქარდენ.

21. ივასხის ცოდვილმან და არა მიაგის, ხოლო მართალსა ეწყალინ და მისცის.

22. რამეთუ მაკურთხეველთა მისთა დაიმკჳდრონ ქუეყანა, ხოლო მწყევარნი მისნი მოისრნენ.

23. უფლისა მიერ წარემართების სლვა კაცისა, და გზაჲ მისი ენებოს ფრიად.

24. რაჟამს დაეცეს და არა დაიმუსროს, რამეთუ უფალი განამტკიცებს ჴელსა მისსა.

25. ყრმაჲ ვიყავ და დავბერდიცა და არა ვიხილე მართალი დაგდებულ, არცა თესლი მისი მთხოველ პურისა.

26. მარადღე სწყალობს და ავასხებს მართალი, და ნათესავი მისი კურთხეულ იყოს.

27. მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი და დაემკჳდრე უკუნითი უკუნისამდე.

28. რამეთუ უფალსა უყუარს მშჯავრი და არა დასთხინეს ღირსნი მისნი, უკუნისამდე დაიცვნენ იგინი; ხოლო უშჯულონი იდევნნენ და თესლი უღმრთოთა მოისრას.

29. ხოლო მართალთა დაიმკჳდრონ ქუეყანა და დაემკჳდრნენ უკუნითი უკუნისამდე მას ზედა.

30. პირმან მართლისამან იწვართოს სიბრძნე და ენა მისი იტყოდის მშჯავრსა.

31. შჯული ღმრთისაჲ მისისა არს გულსა შინა მისსა და არა შეუბრკუმენ სლვანი მისნი.

32. ხედავნ ცოდვილი მართალსა და ეძიებნ მას, რათამცა მოკლა იგი;

33. ხოლო უფალმან არა დაუტეოს იგი ჴელთა მისთა, არცა დასაჯოს იგი, რაჟამს განიკითხჳდეს მას.

34. დაუთმე უფალსა და დაიცევ გზა მისი, და აგამაღლოს შენ დამკჳდრებად ქუეყანისა, და მოსრვა ცოდვილთა იხილო.

35. ვიხილე მე უღმრთო უფროს ამაღლებული და აღმატებული ვიდრე ნაძუთამდე ლიბანისათა.

36. და თანაწარვჰჴედ და, აჰა, არა იყო; და ვეძიებდ მას და არა იპოვა ადგილი მისი.

37. დაიცევ უმანკოებაჲ და იხილე სიწრფელე, რამეთუ არს ნეშტი კაცისა მამშჳდებელისა.

38. ხოლო უსჯულონი მოისრნენ ერთბამად, და ნეშტი უღმრთოთა წარწყმდეს.

39. ხოლო ცხორებაჲ მართალთა უფლისა მიერ არს, და მფარველ მათდა არს ჟამსა ჭირისასა.

40. და შეეწიოს მათ უფალი და იჴსნეს იგინი და განარინნეს იგინი ცოდვილთაგან და აცხოვნნეს იგინი, რამეთუ ესვიდეს მას. დიდებაჲ

37

1. ფსალმუნი დავითისი, მოსაჴსენებელად შაბათთა

2. უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.

3. რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ჴელი შენი.

4. არა არს კურნებაჲ ჴორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს მშჳდობაჲ ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთასა;

5. რამეთუ უსჯულოებანი ჩემნი აღემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტჳრთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა.

6. შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა;

7. დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე;

8. რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნება ჴორცთა ჩემთა.

9. შევბოროტენ და დავმდაბლდი ვიდრე ფრიად, ვჴმობდ სულთქმითა გულისა ჩემისათა.

10. უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულისთქმა ჩემი, და სულთქმა ჩემი შენგან არა დაეფარა.

11. გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთა, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა.

12. მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს, და მახლობელნი ჩემნი შორს განდგეს ჩემგან.

13. და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს ძჳრსა ჩემსა, იტყოდეს ამაოებასა და ზაკვასა მარადღე ზრახვიდეს.

14. ხოლო მე ვითარცა ყრუსა, არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რა არა აღაღის პირი თჳსი;

15. და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არს პირსა მისსა სიტყუაჲ.

16. არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო.

17. რამეთუ ვთქუ: ნუ სადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა და შეძრვასა ფერჴთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს.

18. რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაჲ ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის.

19. რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათჳს.

20. აწ, ესერა, მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ ჩემსა უფროს; და განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ;

21. და რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს, რამეთუ ვსდევდ სიმართლესა.

22. ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან.

23. მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.

38

1. დასასრულსა, იდითუმისთჳს ფსალმუნი დავითისი

2. ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რათა არა ვცოდო ენითა ჩემითა; დავდევ საცო პირსა ჩემსა, მიჴდებოდა რა ცოდვილი წინაშე ჩემსა.

3. დავყრუვდი და დავმდაბლდი და დავდუმენ კეთილთაგან და სალმობაჲ ჩემი განმიახლდა.

4. განჴურდა გული ჩემი შორის ჩემსა და ზრახვასა ჩემსა აღატყდეს ცეცხლი.

5. ვიტყოდე მე ენითა ჩემითა: მაუწყე მე, უფალო, აღსასრული ჩემი, და რიცხჳ დღეთა ჩემთა რავდენ არს, რათა უწყოდი, რაღა მაკლს მე.

6. ესერა, ზომით ჰყვენ დღენი ჩემნი, და არსებაჲ ჩემი, ვითარცა არარაჲ, არს შენ წინაშე; რამეთუ ყოვლითავე ამავო არს ყოველი კაცი ჴორციელი.

7. და ღათუ მეებრ ხატად ვალს კაცი, გარნა ამაოდ შფოთებს, რამეთუ იუნჯებს და არა უწყის, ვის შეუკრიბოს იგი.

8. და აწ ვინმე არს თმენა ჩემი, არა თუ შენ, უფალი? და სიმტკიცე ჩემი შენ მიერ არს.

9. ყოველთა უსჯულოებათა ჩემთაგან მიჴსენ მე, საყუედრელად უგნურსა მიმეც მე.

10. დავყრუვდი და არა აღვაღე პირი ჩემი, რამეთუ შენ ჰყავ.

11. განმაყენენ ჩემგან ტანჯვანი შენნი, რამეთუ ძალითა ჴელისა შენისათა მე მოვაკლდი.

12. მხილებათა მიერ უსჯულოებისათჳს განსწავლე კაცი და დაადნვე, ვითარცა დედაზარდლისა ქსელი, სული მისი; გარნა ამავო არს ყოველი კაცი.

13. შეისმინე ლოცვისა ჩემისა, უფალო, და ვედრებისა ჩემისა ყურად-იღე; ცრემლთა ჩემთასა ნუ დაიდუმებ, რამეთუ მსხემ ვარ მე შენ წინაშე და წარმავალ, ვითარცა ყოველნი მამანი ჩუენნი.

14. მილხინე მე, რათა განვისუენო პირველ წარსლვად ჩემდამდე და მერმე ნუ არღარა ვიპოვო.

39

1. დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

2. თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე

3. და ისმინა ლოცვისა ჩემისა. და აღმომიყვანა მე მღჳმისაგან გლახაკებისა და თიჴისაგან უყისა და დაამტკიცნა კლდესა ზედა ფერჴნი ჩემნი და წარჰმართნა სლვანი ჩემნი.

4. და აღავსო პირი ჩემი ქებითა ახლითა გალობად ღმრთისა ჩუენისა; იხილონ მრავალთა და შეეშინოს და ესვიდენ უფალსა.

5. ნეტარ არს კაცი, რომლისა სახელი უფლისაჲ სასო მისა არს და არა მიხედნა ამავოებასა, არცა სიცბილსა ტყუილისასა.

6. მრავალ-ჰყავ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, საკჳრველი შენი, და განზრახვათა შენთა არა არს, ვინ გემსგავსოს შენ; უთხარ და ვიტყოდე, და განმრავლდეს უფროს რიცხჳსა.

7. შესაწირავი და მსხუერპლი არა გთნდა, ხოლო ჴორცნი დამამტკიცენ მე; საკუერთხები ცოდვისათჳს არა ითხოვე.

8. მაშინ ვთქუ: ესერა, მოვალ; თავსა წიგნთასა წერილ არს ჩემთჳს.

9. ყოფად ნებისა შენისა, ღმერთო ჩემო, ვინებე, და შჯული შენი შუვა მუცელსა ჩემსა.

10. ვახარე სიმართლე შენი ეკლესიასა შინა დიდსა; აჰა, ესერა, ბაგენი ჩემნი არა დავიპყრნე. უფალო, შენ უწყი;

11. სიმართლე შენი არა დავფარე, გულსა შინა ჩემსა ჭეშმარიტებაჲ შენი და მაცხოვარებაჲ შენი ვთქუ, არა დავფარე წყალობაჲ შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი კრებულსა შორის დიდძალსა.

12. ხოლო შენ, უფალო, ნუ განმაშორებ მოწყალებათა შენთა ჩემთაგან; წყალობამან შენმან და ჭეშმარიტებამან შენმან მარადის შემიწყნარენ მე.

13. რამეთუ მომიცვეს მე ბოროტთა, რომელთა არა არს რიცხჳ; მეწინეს მე უსჯულოებანი ჩემნი და მე ვერ უძლე ხილვად; განმიმრავლდეს მე უფროს თმათა თავისა ჩემისათა და გულმან ჩემმან დამიტევა მე.

14. გთნდინ, უფალო, ჴსნა ჩემი. უფალო, შეწევნად ჩემდა მომხედენ.

15. ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ თანად, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა მიღებად მას; მართლუკუნიქცენ და სირცჳლეულ იქმნენ, რომელთა უნდა ბოროტი ჩემი.

16. მიღებად მეყსეულად სირცხჳლი მათი, რომელნი მეტყოდეს: მე ვაშა, ვაშა!

17. იხარებდენ და იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო, და თქუედ მარადის: დიდ არს უფალი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაჲ შენი.

18. ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი; უფალმან იღუაწოს ჩემთჳს; შემწე და მჴსნელი ჩემი ხარი შენ, ღმერთო ჩემო, ნუ ჰყოვნი. დიდება

40

1. დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

2. ნეტარ არს, რომელმან გულისჴმა-ყოს გლახაკისა და დავრდომილისა, დღესა ბოროტსა იჴსნას იგი უფალმან.

3. უფალმან დაიცვას იგი და აცხოვნოს იგი და სანატრელ ყოს იგი ქუეყანასა ზედა, და არა მისცეს იგი ჴელთა მტერთა მისთასა.

4. უფალი შეეწიოს მას ცხედარსა ზედა სალმობისა მისისასა; ყოველი სარეცელი მისი გარემიაქციე არაძლებასა შინა მისსა.

5. მე ვთქუ: უფალო, მიწყალე მე და განკურნე სული ჩემი, რამეთუ ვცოდე შენდა.

6. მტერთა ჩემთა თქუეს ბოროტი ჩემთჳს: ოდესმე მოკუდეს და წარწყმდეს სახელი მისი.

7. და შემო-თუ-ვიდეს ხილვად, ამაოსა იტყჳნ; გულმან მისმან შეიკრიბა უსჯულოებაჲ თავისა თჳსისა; გარეგანვიდის გარე, და მასვე იტყჳნ.

8. ჩემთჳს ცუნდრუკობდეს ყოველნი მტერნი ჩემნი, ჩემთჳს ზრახვიდეს ბოროტსა.

9. სიტყუაჲ უსჯულოებისა დამდვეს ჩემ ზედა; ნუუკუე მძინარემან არღარა ნუ შესძინოსა აღდგომა?

10. და რამეთუ ამანცა, კაცმან მშჳდობისა ჩემისამან, რომელსა-იგი მე ვესევდი, რომელი ჭამდა პურსა ჩემსა, მან განადიდა ჩემ ზედა შეტყუილი.

11. არამედ შენ, უფალო, მიწყალე მე და აღმადგინე მე, და მე მივაგო მათ.

12. ამით ვცან, რამეთუ მინებე მე, რამეთუ არა უხაროდის მტერსა ჩემსა ჩემ ზედა.

13. ხოლო მე უბიწოებითა ჩემითა შემიწყნარე და დამამტკიცე მე შენ წინაშე უკუნისამდე.

14. კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა ამიერითგან და უკუნისამდე! იყავნ, იყავნ!