წიგნი გამოსლვათა, რომელი ებრაელთაგან იწოდების ვეელესემოთ

21

1. და ესე აღრიცხვაჲ სამართალთა ჩემთა წინაშე მათსა.

2. უკუეთუ მოიგო მონაჲ ებრაელი, ექუს წელ გმონებდეს შენ, ხოლო მეშჳდესა წელსა განვიდეს თავისუფალი ნიჭითა.

3. ხოლო უკუეთუ თჳთ მხოლოჲ შემოვიდეს, მხოლოცა განვიდეს. ხოლო უკუეთუ ცოლი შემოვიდეს მის თანა, ცოლიცა განვიდეს მის თანა.

4. ხოლო უკუეთუ უფალმან მისმან უსუას მას ცოლი და უშვნეს მას ძენი, ანუ ასულნი, ცოლი და შჳლნი იყვნედ უფლისა მათისად და იგი მხოლოჲ განვიდეს.

5. ხოლო უკუეთუ მიუგოს და ჰრქუას მონამან: შევიყუარე უფალი ჩემი და ცოლი ჩემი და შვილნი ჩემნი და არა განვალ თავისუფალი.

6. მიიყუანოს იგი უფალმან მისმან სამშჯავროსა ღმრთისასა და მერმე მიიყუანოს იგი კარად ზღურბლსა თანა და განუჴურიტოს მას უფალმან მისმან ყური სადგისითა და ჰმონებდეს მას უკუნისამდე.

7. უკუეთუ ვინმე მისცეს ასული თჳსი მონასა, არა განვიდეს, ვითარცა განვლენ მჴევალნი.

8. ხოლო უკუეთუ არა სათნო-იყოს უფლისა თჳსისა, რომელი არა აღიარა მან წინაშე თუალთა, გამოიჴსნას იგი, ხოლო წარმართისა უცხოჲსა არა უფალ არს განსყიდისა მისისა, რამეთუ შეურაცხ-ყო იგი.

9. ხოლო უკუეთუ ძედ აღიაროს იგი, სამართალთაებრ ასულთასა უყოს მას.

10. და უკუეთუ სხუაჲ მიიყვანოს მან, სათანადოთაგან და შესამოსლისა და ზრახვისა მისისა არა დააკლოს იგი.

11. ხოლო უკუეთუ სამნი ესე არა ყვნეს მან, განვიდეს იგი ცუდად თჳნიერ ვეცხლისა.

12. ხოლო უკუეთუ სცეს ვინმე ვისმე და მოკუდეს, იგიცა მოკუედინ.

13. ხოლო რომელმან არა ნებსით, არამედ ღმერთმან მისცა იგი ჴელთა მისთა. მისცე ადგილი, რომელსა მიივლტოდის მუნ კაცისმკულელი იგი.

14. ხოლო უკუეთუ ვინმე ზედა დაესხას მოყუასსა მოკლვად მისა ზაკვითა და მოივლტოდის იგი საკურთხეველისა მიმართ ჩემისა, გამოიყვანო იგი მოკლვად.

15. რომელმან სცეს მამასა თჳსსა, ანუ დედასა, სიკუდილით მოკუდეს.

16. რომელმან მოჰპაროს ვისმე რაჲმე ძეთა ისრაჱლისათაგანსა და ჰმძლავროს მას მიხუეჭად და იპოოს მის თანა, სიკუდილით მოკუედინ.

17. ბოროტის მეტყუელი მამისა ანუ დედისა თჳსისაჲ სიკუდილით მოკუდეს.

18. უკუეთუ ილალებოდინ ორნი მამაკაცნი და სცეს ვინმე მოყუასსა ქვითა, ანუ მჯიღითა და არა მოკუდეს, გარნა დავარდესვე ცხედარსა ზედა.

19. უკუეთუ აღდგეს კაცი იგი და ვიდოდეს გარე კუერთხითა, უბრალო იყოს მცემელი იგი, გარნა უქმებისათჳს მისისა მიაგოს მისდა კურნებისაჲ.

20. ხოლო უკუეთუ ვინმე სცეს მონასა თჳსსა, ანუ მჴევალსა კუერთხითა და მოკუდეს ჴელთა მიერ მისთა, პატიჟი მიეჴადოს,

21. ხოლო უკუეთუ იცხორებოდისღა დღე ერთი, ანუ ორი, არა მიეჴადოს, რამეთუ ვეცხლი მისი არს.

22. უკუეთუ ვინმე იბრძოდინ ორნი კაცნი და დასცეს დედაკაცი მუცელქუმული და განვიდეს ყრმაჲ მისი დაუხატველი, ზღვევით იზღვიოს, ვითარცა ინებოს ქმარმან მის დედაკაცისამან და მისცეს პატივისა თანა.

23. ხოლო უკუეთუ დახატული იყოს, მისცეს სული ნაცულად სულისა,

24. თუალი - ნაცულად თუალისა, კბილი - ნაცულად კბილისა, ჴელი - ნაცულად ჴელისა, ფერჴი - ნაცულად ფერჴისა.

25. დამწუარი - ნაცულად დამწურისა, წყლული - ნაცულად წყლულისა, ნაგუემი - ნაცულად ნაგუემისა.

26. უკუეთუ ვინმე სცეს თუალსა მონისა ანუ მჴევლისა თჳსისასა და დააბრმოს, თავისუფლად განავლინნეს იგინი ნაცულად თუალთა მათთა.

27. უკუეთუ კბილი მონისა ანუ კბილი მჴევლისა თჳსისა აღმოჰფხურას, თავისუფლად განავლინნეს იგინი ნაცულად კბილისა მათისა.

28. უკუეთუ ურქინოს კურომან მამაკაცსა ანუ დედაკაცსა და მოკუდეს, ქვა-დაკრებულ იქმნეს კუროჲ და არა იჭამოს ჴორცი მისი, ხოლო უფალი კუროსა უბრალო იყოს.

29. ხოლო უკუეთუ კურო მრქენალი იყოს უწინარეს გუშინდლისა და უწინარეს ძოღანდლითგან, და უწამებდენ უფალსა მისსა და არა უჩინო-ყოს იგი, ხოლო მოკლას მამაკაცი, ანუ დედაკაცი, კუროჲ ქჳთა განიტჳნოს და უფალი მისი თანა მოკუდეს.

30. ხოლო უკეთუ საჴსარი იგი ზედა ესვას მას, მისცეს საჴსარი სულისა მისისა ყოველთაებრ, რაოდენნი ზედა დაჰსხნენ მას.

31. ხოლო უკუეთუ ძესა ურქინოს, ანუ ასულსა, სამართლისა ამისებრ უყონ მას.

32. ხოლო უკუეთუ მონაჲ დარქინოს კურომან, ანუ მჴევალი, ოცდაათისა ვეცხლისა დიდრაქმაჲ მისცეს უფალსა მათსა და კუროჲ ქჳთა განიტჳნოს.

33. უკუეთუ ვინმე განაღოს ჯურღმული, ანუ აღმოჰკუეთოს ჯურღმული და არა დაბუროს იგი და შთავარდეს მას შინა ზუარაკი, ანუ ვირი,

34. უფალმან ჯურღმულისამან გარდაიჴადოს: ვეცხლი მისცეს უფალსა მათსა, ხოლო მკუდარი მისი იყოს.

35. უკუეთუ ურქინოს კურომან ვისმანმე კუროსა მეზობლისასა და მოკუდეს, განსცეს კუროჲ იგი ცოცხალი და განიყონ ვეცხლი მისი და მომკუდარი იგიცა კუროჲ განიყონ.

36. ხოლო უკუეთუ ცნობილ იყოს, ვითარმედ მრქენალი არს პირველ გუშინდლისა და პირველ ძოღანდლისა და ეწამოს უფლისა მისისადა და არა უჩინო-ეყოს მას, მისცეს კუროჲ ნაცვლად კუროჲსა უფალსა მისსა, ანუ მისცეს ვეცხლი ნაცვლად კუროჲსა, ხოლო მომკუდარი იგი მისდა იყოს.

22

1. უკუეთუ ვინმე მოიპაროს ზუარაკი, ანუ ცხოვარი და დაკლას იგი, ანუ განყიდოს, ხუთნი ზუარაკნი მისცნეს ზუარაკისათჳს და ოთხნი ცხოვარნი ცხოვარისათჳს.

2. ხოლო უკუეთუ ნათხარსა შინა იპოოს მპარავი და მოწყლული მოკუდეს, არა არს ესე კაცის-კლვაჲ.

3. ხოლო უკუეთუ აღმოჰჴდეს მზე მის შინა, თანა-მდებ არს, მოკუედინ. ხოლო უკუეთუ არა აქუნდეს მას, განისყიდენ იგი ნაცულად ნაპარევისა.

4. ხოლო უკუეთუ დაშთეს და იპოოს, ჴელსა შინა მისსა ნაპარევი ვირითგან ვიდრე ცხოვრადმდე, ორ წილად გარდაიჴადოს იგი.

5. უკუეთუ ვინმე მოაძოოს აგარაკი, ანუ ვენაჴი, დაუტეოს საცხოვარი თჳსი ძოვნად აგარაკსა სხჳსასა, მისცეს აგარაკისაგან ნაყოფისაებრ მისისა, ხოლო უკუეთუ ყოველი აგარაკისა მოძოოს, ანუ უმჯობესნი აგარაკისა მისისანი, ანუ უკეთესნი ვენაჴისა მისისანი მისცნეს.

6. უკუეთუ გამოსრულმან ცეცხლმან პოვნეს ეკალნი და მოწუას კალოჲ, ანუ ჴუვილნი, ანუ ველი, აღმატყინებელმან ცეცხლისამან გარდაიჴადოს.

7. უკუეთუ ვინმე მისცეს მოყუასსა ვეცხლი, ანუ ჭურჭელი დასამარხველად და მოპარულ იქმნეს სახლისაგან კაცისა მის, უკუეთუ იპოოს მპარავი, გარდაიჴადოს ორ წილ.

8. ხოლო უკუეთუ არა იპოოს მპარავი, შევიდეს უფალი სახლისაჲ წინაშე ღმრთისა და ფუცოს, ვითარმედ მას არა უზაკუავს ყოველსავე დანადებსა ზედა მოყუსისასა

9. ყოვლისაებრ სიტყჳსა უსამართლოჲსა ზუარაკისათჳს და კაჰრაულისა და ცხოვრისა და შესამოსლისა და ყოვლისა წარწყმედისა სასარჩლოჲსა მის, რაჲცა რაჲმე იყოს იგი და წინაშე ღმრთისა გამოვიდეს საშჯელი ორთავე და მხილებულმან ღმრთისა მიერ ორწილ მიაგოს მოყუასსა.

10. უკუეთუ ვინმე მისცეს მოყუასსა კაჰრაული, ანუ ცხოვარი, ანუ ზუარაკი, ანუ ყოველი საცხოვარი დასამარხველად და მოკუდეს, ანუ დაიმუსროს, ანუ ტყუე იქმნას და ვერვინ ცნას.

11. ფიცი ღმრთისაჲ იყოს შორის ორთავე, ვითარმედ მას არა რაჲ უზაკუავს რაჲთურთით დანატეობისა მისთჳს მოყუსისა და ესრეთ შეიწყნაროს იგი უფალმან, არა მისცეს.

12. ხოლო უკუეთუ მოიპაროს მის მიერ, უზღოს უფალსა მისსა.

13. ხოლო უკუეთუ მჴეცის შესაჭმელ იქმნეს, მიიყუანოს უფალი მისი ნამჴეცავსა მას ზედა და არა უზღოს.

14. უკუეთუ ვინმე ითხოოს მოყუსისაგან და დაიმუსროს, ანუ მოკუდეს, ანუ მჴეცის შესაჭმელ იქმნეს, ხოლო უფალი მისი არა იყოს მის თანა, უზღოს მას.

15. ხოლო უკუეთუ უფალი მისი მუნ იყოს, არა უზღოს. ხოლო უკუეთუ. მიზდური იყოს, ეყოს მას ნაცულად მიზდისა მისისა.

16. უკუეთუ ვინმე შეაცთუნოს ქალწული დაუწინდებელი და დაწვეს მის თანა, მიყვანებით მიიყვანოს იგი თავისა თჳსისა ცოლად.

17. ხოლო უკუეთუ განფრთხობით განიფრთხოს და არა ენებოს მამასა მისსა მიცემად მისდა ცოლად, ვეცხლი მისცეს მამასა მისსა, რაოდენი მოღებად არს ქალწულთაგან.

18. მწამლველთა არა მიჰხედნეთ.

19. ყოველი, რომელი დაწვეს პირუტყჳსა თანა, სიკუდილით მოკუედინ.

20. მემსხუერპლე ღმერთთა მოსპოთ თჳნიერ მხოლოჲსა ღმრთისა.

21. მწირი არა განაბოროტოთ, არცა აჭირვოთ მას, რამეთუ იყვენით თქუენცა მწირ ქუეყანასა ეგჳპტისასა.

22. ყოველი ქურივი და ობოლი არა დაჰქენჯნოთ.

23. ხოლო უკუეთუ ქენჯნით დაჰქენჯნნეთ იგინი და იწყონ ჴმობად ჩემდამო, სმენით ვისმინო ჴმისა მათისა.

24. და განვრისხნე გულისწყრომით თქუენდა მომართ და მოგწყჳდნე თქუენ მახჳლითა და იყვნენ ცოლნი თქუენნი ქურივ და შვილნი თქუენნი ობოლ.

25. უკუეთუ ვეცხლი ისესხოს ძმამან შენგან, რომელი იყოს გლახაკ, არა იყო მაჭირვებელ მისსა, არა დასდვა მას ვახში.

26. უკუეთუ წინდად დაიწინდო სამოსელი მოყუასისაჲ, უკენსცე იგი უწინარეს მზის დასლვისა.

27. რამეთუ იგი ხოლო მარტო არს შესამოსელი მისი, ესე არს სამოსელი უშუერებისა მისისა, რომლითა დაიძინის და უკუეთუ ჴმა-ყოს ჩემდა მომართ, მე ვისმინო მისი, რამეთუ მოწყალე ვარ.

28. ღმერთთათჳს ძჳრი არა სთქუა და მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ძჳრი.

29. დასაბამნი კალოსა და საწნეხელისანი არა დააკლნე, პირმშონი ძეთა შენთანი მომცე მე.

30. ესრეთ უყო ზუარაკსა შენსა და ცხოვარსა შენსა და კაჰრაულსა შენსა, შჳდღა დღეთა იყოს დედისა თანა, ხოლო დღესა მერვესა მომცე მე იგი.

31. და კაცნი წმიდანი იყვნეთ და ჴორცი ნამჴეცავი არა შჭამოთ, ძაღლსა მიუგდოთ იგი.

23

1. არა შეიწყნარით სასმენელი ამაო, არა დაშჯდე ცრუჲსა თანა ყოფად მოწამედ ცრუდ.

2. არა იყო მრავალთა თანა სიბოროტესა ზედა, არა შეეძინო სიმრავლესა თანა მიდრეკად მრავალთა თანა, ვითარმცა მისდრიკე საშჯელი.

3. და დავრდომილი არა შეიწყალო საშჯელსა შინა.

4. და უკუეთუ შეემთხჳო ზროხასა მტერისა შენისასა, ანუ კარაულსა მისსა შეცთომილსა, მომაქცეველმან მისმან კუალად აგნე მას.

5. ხოლო უკუეთუ იხილო კარაული მტერისა შენისა დაცემული ტჳრთსა შინა მისსა, არა თანაწარჰჴდე მას, არამედ შეეწიო მას მის თანა.

6. არა გარდაჰგულარძნო სამართალი დავრდომილისაჲ საშჯელსა შინა მისსა.

7. ყოვლისაგან სიტყჳსა ცრუჲსა განეშორო, უბრალოჲ და მართალი არა მოაკუდინო და უღმრთოჲ არა განამართლო ქრთამისათჳს.

8. და ქრთამი არა მიიღო, რამეთუ ქრთამი დააბრმობს თუალთა მხედველთასა და განაბოროტებს სიტყუათა მართალთა.

9. და მწირი არა შეაწუხოთ, არცა შეაურვოთ, რამეთუ თქუენ უწყით სული მწირისაჲ, რამეთუ თქუენცა მწირ იყვენით ქუეყანასა ეგჳპტისასა.

10. ექუს წელ სთესვიდე ქუეყანასა შენსა და შეჰკრებდე ნაშრომთა მისთა.

11. ხოლო მეშჳდესა წელსა განტევებაჲ ჰყო და განუსუენო მას და ჭამდენ გლახაკანი ნათესავისანი, ხოლო დანაშთომთა მისთა ჭამდენ მჴეცნი ველურნი. ესრეთ უყო ვენაჴსა შენსა და ზეთის ხილოანსაცა შენსა.

12. ექუს დღე იქმოდი საქმესა შენსა, ხოლო დღესა მეშჳდესა განისუენო, რათა განისუენოს ჴარმან შენმან და კარაულმან შენმან და რათა ილხინოს ძემან მჴევლისა შენისამან და მწირმან.

13. ყოველნი რაოდენნი ვთქუენ თქუედა მომართ, დაიმარხენით და სახელი ღმრთისა სხუათა არა მოიჴსენოთ, არცა ისმეს პირთაგან თქუენთა.

14. სამთა ჟამთა წელიწადისათა იდღესასწაულოთ ჩემდა.

15. დღესასწაული უცომოთაჲ დაიმარხეთ, შჳდთა დღეთა შჭამდეთ უცომოსა ვითარ-იგი გამცენ შენ ჟამსა თთჳსა ახალთაჲსასაჲ, რამეთუ მას შინა გამოხუედ ეგჳპტით. არა მეჩუენო ცალიერი წინაშე ჩემსა.

16. და დღესასწაული მკისა პირველისა ნაშრომთასაჲ ჰყო საქმეთა შენთა, რომელნიცა სთესნე აგარაკსა შენსა და დღესასწაული დასასრულისაჲ განსლვასა წელიწდისასა, შეკრებასა საქმეთა შენთასა აგარაკისაგან შენისა.

17. სამთა ჟამთა წელიწდისათა ეჩუენოს ყოველი წული შენი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.

18. არა აკუმივო ცომითა სისხლი საკუმეველისა ჩემისა, არცა დაიძინოს ცმელმან დღესასწაულისა ჩემისამან განთიადმდე.

19. დასაბამნი პირველთა ნაშრომთა ქუეყანისა შენისათანი შეიხუნე სახლად უფლისა ღმრთისა შენისა, არა შეაგბო კრავი სძითა დედისა მისისათა.

20. და აჰა, მე წარვავლენ ანგელოზსა ჩემსა წინაშე პირსა შენსა, რათა დაგიცვას შენ გზასა ზედა, რათა შეგიყვანოს შენ ქუეყანასა, რომელი განგიმზადე შენ.

21. ეკრძალე თავსა შენსა და ისმინე მისი. და ნუ ურჩ ექმნები მას, რამეთუ არა გრიდოს შენ, რამეთუ სახელი ჩემი არს მას ზედა.

22. უკუეთუ სმენით ისმინოთ ჴმისა ჩემისა და ჰყუნეთ ყოველი, რაოდენნიცა გრქუნე თქუენ. უკუეთუ ისმინნე სიტყუანი ჩემნი და ჰყვნე ყოველნი, რაოდენთა გეტყოდე შენ, მტერ ვექმნე მტერთა შენთა ღა წინა-აღუდგე წინააღმდგომთა შენთა.

23. რამეთუ ვიდოდის ანგელოზი ჩემი წინამძღურად შენდა და შეგიყვანოს შენ აღმორეველისა მიმართ და ქეტელისა და ფერეზელისა და ქანანელისა და გერგესეველისა და ეველისა და იებოსელისა და აღვჴოცნე იგინი.

24. არა თაყუანი-სცე ღმერითა მათთა, არამედ დამჴობით დაამჴუნე იგინი და შემუსრვით შეჰმუსრნე სუეტნი მათნი.

25. და ჰმსახურო უფალსა ღმერთსა შენსა და ვაკურთხო პური შენი და ღჳნოჲ შენი და წყალი შენი და გარე-მოვაქციო ყოველი დაჴსნილობაჲ შენგან.

26. არა იყოს უბიწოჲ, არცა ბერწი ქუეყანასა შენსა ზედა, რიცხჳ დღეთა შენთა აღვავსო.

27. და შიში ჩემი წარვავლინო წინამძღურად შენდა და განვაცჳბრნე ყოველნი წარმართნი, რომელთაცა მიერ შენ განხჳდე მათ მიერ და მოგცნე წინააღმდგომნი შენნი მეოტად.

28. და წარვავლინნე ბზიკნი უპირატეს შენსა და განასხნეს აღმორეველნი და ეველნი და ქანანელნი და ქეტელნი შენგან და ფერეზელნი და გერგესეველნი და იებოსელნი.

29. არა განვჴადნე იგინი პირისაგან შენისა წელიწადსა ერთსა, რათა არა დაშთეს ქუეყანა ოჴრად და მრავალ იქმნენ შენ ზედა მჴეცნი მის ქუეყანისანი.

30. მცირედ-მცირედ განვჴადნე იგინი შენგან, ვიდრემდის აღორძინდე და დაიმკჳდრო ქუეყანაჲ.

31. და დავსხნე საზღვარნი შენნი ზღჳთ მეწამულით ვიდრე ფილისტიმისათ და უდაბნოჲთ ვიდრე მდინარედ დიდად ევფრატადმდე და მოგცნე ჴელთა თქუენთა მსხდომარენი ქუეყანასა მას ღა განვასხნე იგინი შენგან.

32. არა დასდვა მათ თანა და ღმერთთა მათთა თანა აღთქუმაჲ.

33. და არა დაადგრენ ქუეყანასა შენსა, რათა არა შემცოდე-გყონ შენ ჩემდა მომართ, რამეთუ უკუეთუ ჰმსახურო ღმერთთა მათთა, იგინი იყვნენ შენდა შესაბრკოლებელ.

24

1. და მოსეს ჰრქუა: აღმოვედით ჩემდა შენ და აჰრონ და ნადაბ და აბიუდ და სამეოცდაათნი მოხუცებულთაგან ისრაჱლისათა და თაყუანის-სცენ შორით უფალსა.

2. და მიეახლოს მოსე ხოლო ღმერთსა, ხოლო იგინი არა მიეახლნენ და ერი არა თანააღმოვიდეს მათ თანა.

3. ხოლო შევიდა მოსე და მიუთხრნა ერსა ყოველნი სიტყუანი ღმრთისანი და სამართალნი. და მიუგო ყოველმან ერმან ერთითა ჴმითა მეტყუელმან: ყოველნი სიტყუანი, რომელთა იტყოდა უფალი, ვყვნეთ და ვისმინნეთ.

4. და დაწერნა მოსე ყოველნი სიტყუანი უფლისანი, აღიმსთო მოსე განთიად და აღაშენა საკურთხეველი ქუეშე მთასა მას და დასხნა ათორმეტნი ქვანი ათორმეტთაებრ ტომთა ისრაჱლისათა.

5. და წარავლინნა ჭაბუკნი ძეთა ისრაჱლისათანი და მოიხუნეს ყოვლად დასაწველნი და ამსხუერპლნეს მსხუერპლად მაცხოვარებისად ღმერთსა ჴბონი.

6. და მოიღო მოსე ზოგი იგი სისხლისა მის და შთაასხა ტაკუკსა, ხოლო ზოგი იგი აპკურა საკურთხეველსა.

7. და მოიღო წიგნი აღთქუმისაჲ და წარიკითხა ყურთა მიმართ ერისათა. და თქუეს: ყოველი, რაოდენი თქუა უფალმან, ვყოთ და ვისმინოთ.

8. ხოლო მოიღო მოსე სისხლი, აპკურა ერსა და თქუა: აჰა სისხლი აღთქუმისა, რომელი აღთქუმა-ყო ღმერთმან თქუენდა მომართ ყოველთა ამათ სიტყუათათჳს.

9. და აღვიდა მოსე და აჰრონ და ნადაბ და აბიუდ და სამეოცდათნი მოხუცებულთაგან ისრაჱლისათა.

10. და იხილეს ადგილი, რომელსა დგა მუნ ღმერთი ისრაჱლისა და ქუეშე ფერჴთა მისთა, ვითარცა ნაქმარი ქვისა საპფირონისაჲ და ვითარცა სახე სამყაროჲსა ცისაჲ სიწმიდითა.

11. და რჩეულთაგანი ისრაჱლისათა არა ჴუებულ იქმნა არცა ერთი, და იხილეს ადგილი ღმრთისაჲ და ჭამეს და სუეს.

12. და ჰრქუა უფალმან მოსეს: აღმოვედ ჩემდა მომართ მთად და იყავ მუნ და მიგცნე შენ ფიცარნი ქვისანი, შჯული და მცნებანი, რომელნი დავწერენ შჯულისდებად მათდა.

13. და აღდგა მოსე და ისო, წინაშემდგომი მისი, აღვიდეს მთასა ღმრთისასა.

14. და მოხუცებულთა ჰრქუა: და დაყუდენით მანდა, ვიდრემდის მოვიქცეთ თქუენდა მომართ და აჰა, აჰრონ და ორ თქუენ თანა, უკუეთუ რაჲმე დაემთხჳოს საშჯელი, მივიდოდე მათდა მიმართ.

15. და აღვიდა მოსე მთად და დაფარა ღრუბელმან მთაჲ.

16. და გარდამოჴდა დიდებაჲ ღმრთისაჲ მთასა ზედა სინასა და დაფარა იგი ღრუბელმან ექუს დღე. და უწოდდა უფალი მოსეს დღესა მეშჳდესა საშუალით ღრუბლისათ.

17. ხოლო სახე დიდებისა უფლისაჲ ვითარცა ცეცხლი მოტყინარე თხემსა ზედა მთისასა წინაშე ძეთა ისრაჱლისათა.

18. და შევიდა მოსე საშუალ ღრუბლისა და აღვიდა მთად და იყო მუნ მთასა ზედა ორმეოცთა დღეთა და ორმეოცთა ღამეთა.

25

1. და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ მეტყუელი:

2. არქუთ ძეთა ისრაჱლისათა და მიიხუენით ჩემთჳს დასაბამნი ყოველთაგან ნაყოფთა, რომელთაცა სთნდეს გულსა, მიიხუენით დასაბამნი ჩემთჳს.

3. და ესე არს ნაყოფი, რომელი მიიღო მათგან: ოქროჲ, ვეცხლი, რვალი,

4. ჳაკინთი, პორფირი, ძოწეული ორკეცი, და ბისონი ძახილი და ბალანი თხათაჲ,

5. და ტყავნი მეწამულ-ქმნილნი და ტყავნი ჳაკინტინი და შეშანი ულპოლველნი,

6. ზეთი და სასაკუმევლე, ნელსაცხებელი და საკუმეველი,

7. და ქვანი სარდიონნი და ქვანი საწახნაგებელნი სამჴართათჳს და პოდირისაჲ.

8. და მიქმნე მე სიწმიდე და გეჩუენებოდი თქუენ შორის.

9. და მიქმნე მე ყოვლისა მისებრ, რაოდენი მე გიჩუენო შენ მთასა ზედა მაგალითი კარვისაჲ და მაგალითი ჭურჭელთა მისთაჲ.

10. ეგრეთ ჰქმნა. და ჰქმნა კიდობანი წამებისა ძელთაგან ულპოლველთა ორი წყრთა და ნახევარი სიგრძე და წყრთა და ნახევარი სივრცე მისი და წყრთა და ნახევარი სიმაღლე მისი.

11. და ოქრომოსილ-ჰყო იგი ოქროჲთა წმიდითა შინათ და გარეთ, ოქრომოსილ-ჰყო იგი და ჰყვნე თხზულნი ოქროჲსანი ქცეულნი გარემოჲს მისსა.

12. და განშჭედნე იგინი ოთხად ბეჭდად ოქროსად და დაჰსხნე ოთხთა კიდეთა ზედა ორნი ბეჭედნი ერთსა კიდესა ზედა და ორნი ბეჭედნი სხუასა კიდესა ზედა.

13. და ჰქმნე აღსაღებელნი ძელთაგან ულპოლველისა და ოქრომოსილ-ჰყვნე იგინი ოქროჲთა.

14. და განუხუნე აღსაღებელნი იგი ბეჭედთა შინა, რომელნი არიან კიდეთა ზედა კიდობნისათა აღებად კიდობნისა მათ მიერ.

15. ბეჭედთა შინა კიდობნისა მის აღთქმისათა იყვნენ აღსაღებელნი შეურრყეველ.

16. და შთაჰსხნე კიდობანსა შინა წამებანი, რომელნიცა მოგცნე შენ.

17. და ჰქმნა სალხინებელი ზედა დასადებელი ოქროჲსა წმიდსაჲ ორი წყრთა და ნახევარი სიგრძე მისი და წყრთა და ნახევარი სივრცე მისი.

18. და ჰქმნე ორნი ქერობინნი ოქროჲსანი წახნაგებულნი და დაჰსხნე იგინი ორკერძოთაგანვე კიდეთა სალხინებელისათა.

19. და იქმნნენ ქერობინი ერთი კიდისა ამისგან და ქერობინი ერთი კიდისაგან მეორისა სალხინებელისა მის.

20. და ჰქმნნე ორნი ქერობინნი ორთა ზედა კიდეთა მისთა, იყვნენ ქერობინნი განმპყრობელნი ფრთეთანი ზედა კერძო მაგრილობელნი ფრთეებითა მათითა სალხინებელსა ზედა და პირნი მათნი ურთიერთას მიმართ სალხინებელისა მიმართ, იყვნენ პირნი ქერობინთანი. და დასდვა სალხინებელისა კიდობანსა ზედა ზენათ.

21. და კიდობანსა შინა დაჰსხნე საიდუმლონი, რომელნიცა მიგცნე შენ.

22. და გეცნობო მე შენ მუნით და გეტყოდი შენ ზენა კერძოჲთ, სალხინებლისათ საშუალ ორთა ქერობინთასა, რომელნი არიან კიდობანსა ზედა წამებისასა, ყოველთა მათებრ, რაოდენნიცა გამცენ შენ ძეთა მიმართ ისრაჱლისათა.

23. და ჰქმნე ტაბლაჲ ძელთაგან ულპოლველისა ორი წყრთა სიგრძით და წყრთაჲ სივრცით და წყრთა და ნახევარი სიმაღლე მისი.

24. და აქმნნე მას კიდენი ოქროჲსა წმიდისანი თხზვით გარემო.

25. და აქმნე მას გჳრგჳნი ოთხგოჯეული გარემოჲს და აქმნე ქუეით თხზული გარემოჲს გჳრგჳნისა.

26. და აქმნე მას ოთხნი ბეჭედნი ოქროჲსანი და დაასხნე ბეჭედნი იგი ოთხთა ზედა კერძოთა ფერჴთა მისთასა.

27. გჳრგჳნსა ქუეშე, და იყვნენ ბეჭედნი იგი შესაცუმელად აღსაღებელთა მათ, რათა აღიღებოდის მათ მიერ ტაბლაჲ იგი.

28. და ჰქმნნე აღსაღებელნი იგი ძელთაგან ულპოლველთა და ოქროჲთა, მოსილ-ჰყვნე იგინი ოქროჲთა წმიდითა და აღიღებოდის მათ მიერ ტაბლაჲ იგი.

29. და ჰქმნე პინაკები მისი და ფიალები და ტაკუკები და ბარძიმები და შთასაყოფელები, რომლითა შესწირვიდე მათ მიერ, ოქროჲსაგან წმიდისა ჰქმნნე იგინი.

30. დააგნე ტაბლასა ზედა პურნი საწინაშონი წინაშე ჩემსა მარადის.

31. და ჰქმნე სასანთლე ოქროჲსაგან წმიდისა, წახნაგებულად ჰქმნე სასანთლე. ღერი მისი და ლელწმის სახენი და ტაკუკნი და ბირთჳს სახენი და შროშანნი მისგან იყვნენ.

32. და ექუსნი ლელწმის სახენი გამოვიდოდინ გუერდთაგან: სამნი ლელწმის სახენი სასანთლისანი გუერდისაგან მისისა ერთისა და სამნი ლელწმის სახენი გუერდისაგან მეორისა.

33. და სამნი ტაკუკნი დაწესებულნი ნიგუზის მსგავსნი: ერთი ლელწმის სახე, ერთსა - ბირთჳს სახესა და შროშანსა და სამნი ტაკუკნი დაწესებულნი ნიგუზის მსგავსნი: ერთი ლელწმის სახე, ერთსა - ბირთჳს სახესა და შროშანსა, ესრეთ ექუსთა ლელწმის სახეთა გამომავალთა სასანთლისაგან.

34. და სასანთლესა მას ოთხნი ტაკუკნი დაწესებულნი ნიგუზის მსგავსნი ბირთჳს სახენი და შროშანნი მისნი.

35. ბირთჳს სახე ქუეშე: ორთა ლელწმის სახეთა მისგან და ბირთჳს სახე ქუეშე ორთა ლელწმის სახეთა მისგან, ესრეთ ექუსნი ლელწმის სახენი გამომავალნი სასანთლისაგან.

36. ბირთჳს სახენი და ლელწმის სახენი მისგან იყვნენ ყოველი წახნაგებული, ერთისაგან ოქროჲსა წმიდისა.

37. და ჰქმნე სასანთლენი მისნი შჳდნი და ზედა დაჰსხნე სანთელნი მისნი და ნათობდენ ერთისაგან პირისა.

38. და მოსაყოფელი მისი და ქუეშე შესადგმელი მისი ოქროჲსაგან წმიდისა.

39. ტალანტისაგან ოქროჲსა წმიდისა ჰქმნნე ყოველნი ესე ჭურჭელნი.

40. იხილე, ჰქმნე წესისაებრ ჩუენებულისა შენდა მთასა ზედა.