რიცხუთაჲ

11

1. და ერი იგი დრტჳნვიდა ბოროტად წინაშე უფლისა და ესმა უფალსა და განრისხნა გულისწყრომით და აღატყდა ცეცხლი მათ შორის უფლისა მიერ და შეჭამა რაოდენიმე ბანაკისაჲ მის.

2. და ღაღად-ყო ერმან მან მოსესა მიმართ და ილოცა მოსე უფლისა მიმართ და დასცხრა ცეცხლი იგი.

3. და ეწოდა ადგილსა მას "ცეცხლით მოწუა", რამეთუ მუნ აღატყდა მათ შორის ცეცხლი უფლისა მიერ.

4. და ერსა მას უცხოსა, რომელი გამოვიდა ისრაჱლისა თანა, გულმან უთქუა გულისთქმაჲ, დასხდა და ტიროდა, და ძენი ისრაჱლისანიცა მათ თანა, და იტყოდეს: ვინ მცეს ჩუენ ჴორცი და ვჭამოთ.

5. რამეთუ მოვიჴსენეთ ჩუენ თევზი იგი, რომელსა ვჭამდით ჩუენ ეგჳპტეს უსასყიდლოდ და ნესუსა, და მელაპეპონსა, და პრასასა, და ხახუსა და ნიორსა.

6. აწ, ესერა, სული ჩუენი დამდნარ არს, გარნა მანანასა ამას ხოლო თუალნი ჩუენნი მსტუარ არიან.

7. ხოლო მანანაჲ იყო ვითარცა თესლი ქინძისაჲ სპეტაკ და ხილვაჲ მისი - ვითარცა ხილვაჲ მყინვარისაჲ.

8. და განვიდეს ერი იგი, შეკრიგის და დაფქვიან მფქველითა, და მოგალიან ფილთა, და შეგბიან იგი ქოთნითა და შექმნიან ყურბეულად. და იყო გემოჲ მისი, ვითარცა გემოჲ რჩეულისა ზეთიჱაჲ და,

9. რაჟამს გარდამოჴდის ცუარი ბანაკსა მას ზედა, გარდამოჴდის მანანაჲცა იგი მის თანა.

10. და ესმა მოსეს ტირილი იგი მათი ტომად-ტომადისა მათისაჲ თითოეულთაჲ წინაშე კარსა კარვისა თჳსისასა და ტიროდეს. განრისხდა გულისწყრომით უფალი ფრიად და წინაშე მოსესცა იყო ესე ბოროტ.

11. და ჰრქუა მოსე უფალსა: რაჲსათჳს ბოროტი უყავ მსახურსა შენსა და რაჲსათჳს არა ვპოვე მადლი წინაშე შენსა და დამდევ სიმძაფრე ერისაჲ ამის ჩემ ზედა?

12. ნუუკუე მე მუცლად-ვიღე ყოველი ესე ერი, ანუ მე ვშვენ ესენი, რამეთუ მეტყჳ მე: შთაისხენ ეგენი წიაღსა შენსა, ვითარცა აღიქჳს დედამძუძემან მწოვარი ჩჩჳლი და შეიყვანენ იგინი ქუეყანასა მას, რომლისათჳს ეფუცე მამათა მათთა?

13. ვინაჲ ვსცე მე ჴორცი ყოველსა ამას ერსა, რამეთუ ტირან ჩემდამო და მეტყჳან: მეც ჩუენ ჴორცი და ვჭამოთ?

14. ვერ ძალ-მიც მე მარტოსა ტჳრთვად ერი ესე, რამეთუ მძიმე არს ჩემდა სიტყუაჲ ესე.

15. უკუეთუ ესრეთ მიყოფ მე, მომკლა მე მოკლვით, უკუეთუ ვპოვე მე მადლი და წყალობაჲ შენ წინაშე, რათა არა ვიხილო ძჳრი ჩემი.

16. და ჰრქუა უფალმან მოსეს: შემიკრიბენ მე სამეოცდაათნი კაცნი მოხუცებულთაგან ისრაჱლისათა, რომელნი შენ იცნი, ვითარმედ: ესენი არიან მოხუცებულნი ერისანი და მწიგნობარნი მათნი, და მიიყვანენ იგინი კარვად წამებისა, და დგენ მუნ შენ თანა.

17. და მოვიღო სულისა მისგან, რომელ არს შენ თანა და მივსცე მათ ზედა, და შეგეწეოდიან შენ ზედა მოსლვასა მას ერისასა და არა გეტჳრთოს შენ მარტოსა.

18. და ერსა არქუ: განწმიდენით ხვალისა და ჭამეთ ჴორცი. რამეთუ სტიროდით წინაშე უფლისა და იტყოდით: ვინ მაჭამოს ჩუენ ჴორცი? რამეთუ უმჯობე იყო ყოფაჲ ჩუენი ეგჳპტეს, და მოგცეს თქუენ უფალმან ჴორცი ჭამად და ჰჭამდეთ.

19. არა დღე ერთ, არცა ორ დღე, არცა ხუთ დღე, არცა ათ დღე, არცა ოც დღე,

20. არამედ ვიდრე თვესა დღეთასა ჰჭამდეთ, ვიდრემდე წარმოჴდეს ცხჳრით თქუენით და გექმნეს თქუენ ნავღელ, რამეთუ ურჩ ექმნენით უფალსა, რომელი არს თქუენ შორის, რამეთუ სტიროდეთ წინაშე მისსა და იტყოდეთ: რაჲსათჳს იყო გამოსლვაჲ ჩუენი ქუეყანით ეგჳპტით?

21. და ჰრქუა მოსე უფალსა: ექუსას ათასი არს მკჳრცხლი ერი ესე, რომელსა ვარ მე მათ ზედა და შენ იტყჳ: ჴორცი ვსცე მათ და ჭამდენ, ვიდრე თთუეთა დღეთამდე?

22. ნუ ცხოვარი და ზროხაჲ დაუკლნენა მათ და კმა-ეყოს მათ, ანუ ყოველნი თევზნი ზღჳსანი შეკრბენ და ეყოს მათ.

23. და ჰრქუა უფალმან მოსეს: ჴელი უფლისა ვერმე კმა-ეყოს ამათ აწვე, ეგერა, სცნა მო-რა-იწიოსა სიტყუაჲ ჩემი ანუ არა?

24. და გამოვიდა მოსე და ეტყოდა ერსა სიტყუასა მას უფლისასა და შეკრიბა სამეოცდაათი კაცი მოხუცებულთაგან ერისათა და დაადგინნა იგინი გარემო კარავსა მას.

25. და გარდამოჴდა უფალი ღრუბლითა და ეტყოდა მოსეს. და მოიღო უფალმან სულისა მისგან, რომელი იყო მის ზედა და მიჰფინა იგი სამეოცდაათთა მათ კაცთა ზედა მოხუცებულთა. და ვითარცა განისუენა სულმან მან მათ ზედა და წინაწარმეტყუელებდეს ბანაკსა მათსა შინა და არღარა შეეძინნეს.

26. და დაშთეს ორნი კაცნი ბანაკსა მას შინა: სახელი ერთისაჲ ელდად და სახელი მეორისაჲ მის - მოლდად. და განისუენა სულმან მან მათ ზედა. და ესენი იყუნეს აღწერილთა მათგანნი და არა მოვიდეს კარვად

27. და წინაწარმეტყუელებდეს ბანაკსა მას შინა. და მორბიოდა ჭაბუკი ერთი და უთხრა მოსეს და ჰრქუა მას: ელდად და მოლდად წინაწარმეტყველებენ ბანაკსა შინა.

28. მიუგო ისო, ძემან ნავესმან, წინაშემდგომელმან მოსესმან რჩეულმან, და ჰრქუა: უფალო მოსე, დააბრკოლენ იგინი.

29. და ჰრქუა მას მოსე: და შენცა მეშურობ მე? და ვინ მომცეს ყოველი ესე ერი წინასწარმეტუელად, რაჟამს მოსცეს უფალმან სული მისი მათ ზედა?

30. ხოლო წარვიდა მოსე და ბანაკი მისი უწინარეს ისრაჱლთასა.

31. და გამოვიდა სული უფლისა და გამოიღო მწყერმარჴილი ზღჳთ და დადვა იგი ბანაკსა მას დღის ერთისაგანსა ამიერ და იმიერ, გარემო ბანაკსა მას, ვითარ ორ წყრთა ქუეყანასა ზედა.

32. და აღდგა ერი იგი მას დღესა დღე ყოველ და ღამე ყოველ, და დღე ყოველ ხვალისაგან და შეკრიბეს მწყერმარჴილი იგი, რომელმან მცირედ შეიკრიბა ათკოროს, რომელ არს სამას გრივ. და დაწჳდეს და განაჴმეს ჴმელად გარეშე ბანაკსა მას.

33. და ჴორცი იგი იყოღა პირსა შინა მათსა და არღა მოკლებულ იყო. და უფალი განრისხნა ერსა მას ზედა და მოსრა ერი იგი წყლულებითა დიდითა ფრიად.

34. და ეწოდა ადგილსა მას „საფლავებ გულისთქმისაჲ“, რამეთუ მუნ დაჰფლეს ერი იგი გულისმთქმელი. და სამარით გულისთქმით წარიძრა ერი იგი ასეროთდ და იყო ერი იგი ასეროთს.

12

1. და იტყოდეს მარიამ და აჰრონ მოსეს ზედა დედაკაცისა მისთჳს ჰინდოჲსა, რამეთუ ცოლი ჰინდოჲ მოიყვანა.

2. და თქუეს: მოსეს ხოლო ნუ ეტყოდაა უფალი, ანუ ჩუენ არა გუეტყოდა? და ესმა ესე უფალსა.

3. და კაცი მოსე მშჳდ იყო ფრიად უფროს ყოველთა კაცთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა.

4. და ჰრქუა უფალმან მეყსეულად მოსეს და აჰრონს და მარიამს: გამოვედით თქუენ სამნივე გარეშე კარვად საწამებელისა, და გამოვიდეს სამნივე იგი კარვად საწამებელისა.

5. და გარდამოჴდა უფალი სუეტითა ღრუბლისაჲთა, და დადგა კართა წინაშე კარვისა მის საწამებელისათა და უწოდა აჰრონს და მარიამს. და განვიდეს ორნივე.

6. და ჰრქუა მათ უფალმან: ისმინნეთ სიტყუანი ჩემნი: უკუეთუ იყოს ვინმე თქუენგანი წინაწარმეტყუელ უფლისა, ჩუენებით გამოვეცხადო მას და ძილსა შინა ვეტყოდი მას.

7. ხოლო არა ვითარცა მოსეს, მსახურსა ჩემსა, სარწმუნო არს,

8. პირისპირ ვეტყოდი მას ხილვით და არა იგავით, დიდებაჲ უფლისა იხილა და ვითარ არა შეიშინით ძჳრისსიტყუად მსახურისა ჩემისა მოსესთჳს?

9. და რისხვაჲ გულისწყრომისა უფლისაჲ ყო მათ ზედა, წარვიდეს.

10. და ღრუბელი იგი განეშოვრა მიერ კარვით და, აჰა, ესერა, მარიამ განკეთრდა, ვითარცა თოვლი და მიჰხედა აჰრონ მარიამს. და იგი განკეთრებულ იყო და

11. ჰრქუა აჰრონ მოსეს: გევედრები, უფალო, ნუ მომაგებ ჩუენ ცოდვისა მისთჳს,

12. რამეთუ უმეცარ ვიქმნენით და შეგცოდეთ შენ, რათა არა იყოს სწორად სიკუდილისა, ვითარცა მორყუნილი, რომელ გამოვალნ საშოჲსაგან დედისა და შეჰჭამს ზოგსა ჴორცთა მისთასა.

13. და ღაღად-ყო მოსე უფლისა მიმართ და თქუა: უფალო, გევედრები შენ, ულხინე ამას.

14. და ჰრქუა უფალმან მოსეს: უკუეთუმცა მამამან მისმან პირსა ჰნერწყვა, არამცა შეიკდიმაა შჳდ დღე? განჴედინ გარეშე ბანაკსა და მისსა შემდგომად შემოვედინ.

15. და განჴადეს მარიამ გარეშე ბანაკსა მას შჳდ დღე. და ერი არა წარიძრა, ვიდრემდე განწმიდნა მარიამ.

13

1. და მისა შემდგომად წარიძრა ერი იგი ასეროთით კერძო და დაიბანაკეს უდაბნოსა მას ფარანისასა.

2. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: წარავლინენ შენ კაცნი.

3. და განიმსტრვედ ქუეყანა იგი ქანანელთაჲ, რომელი მივეც მე ძეთა ისრაჱლისათა სამკჳდრებელად. კაცი თითოჲ ტომისაგან, სახლისაგან მამათა მათთაჲსა, წარავლინნე ყოველნივე იგინი მთავარნი მათგანი.

4. და წარავლინნა იგინი მოსე უდაბნოჲთ ფარანისაჲთ სიტყჳთა უფლისაჲთა, ყოველნი კაცნი მთავარნი ძეთა ისრაჱლისათანი. და ესე არს სახელები მათი:

5. ტოჰმისა რუბენისი - სალამიელ, ძე ზაქურისი.

6. სჳმეონისი ნათესავისაჲ - ზაფატია, ძე სურისი.

7. ძეთაგან იუდაჲსთა - ქალებ, ძე იეფონესი.

8. ძეთაგან ისაქარისთა - გალაამ, ძე იოსეფისი.

9. ძეთაგან ეფრემისთა - ისო, ძე ნავესი.

10. ძეთაგან ბენიამისთა - ფალტი, ძე რაფუჲსი.

11. ძეთაგან ზაბულონისთა - იულიელ, ძე სუდისი. ძეთაგან იოსეფისთა,

12. ძეთა მანასესთა - გადი, ძე სურისი.

13. და ძეთაგან გადისთა - ამისე, ძე გამესი.

14. ძეთაგან ასერისთა - სათურ, ძე მიქაელისი.

15. ძეთაგან ლეფთალემისთა - აბი, ძე იაბისი.

16. ძეთაგან გადისთა - ტოელ, ძე მაქისი.

17. ესე არს სახელები კაცთაჲ მათ, რომელნი წარავლინნა მოსე განხილვად ქუეყანისა მის ქანანელთაჲსა და დასდვა ასეს, ძესა ნავესსა, სახელი მისი ისუ.

18. და წარავლინნა იგინი მოსე უდაბნოჲთ ფარანისაჲთ განმსტრობად ქუეყანისა მის ქანანელთაჲსა და ჰრქუა მათ:

19. აღვედით ამიერ უდაბნოჲთ და აღხჳდეთ თქუენ მთასა მას. და იხილეთ ქუეყანა იგი, რაბამ-რაჲ არს და ერი იგი, რომელ მსხდომ არს მას ზედა, ანუ თუ ძლიერ არს, ანუ თუ უძლურ, ანუ თუ მცირედ არიან, ანუ თუ მრავალ.

20. და ვითარ არს ქუეყანა იგი, რომელსა ზედა დამკჳდრებულ არიან იგინი, გინათუ კეთილ არს, ანუ ბოროტ, ანუ ვითარ არიან ქალაქნი იგი, რომელსა შინა დამკჳდრებულ არიან იგინი, ანუ თუ მოზღუდვილ არიან, ანუ თუ უზღუდო.

21. და რაჲ არს ქუეყანა იგი, ანუ თუ პოხილ არს, ანუ მჭლე, ანუ თუ არს ხე მას ზედა, ანუ თუ არა, და განეკრძალენით და მოიღეთ ნაყოფისა მისგან მის ქუეყანისა. და დღენი იგი იყუნეს დღენი ზაფხულისანი და ჟამი მსთჳსა ყურძნისა.

22. და აღვიდეს და განიმსტურეს ქუეყანა უდაბნოჲთ სინაჲსაჲთ ვიდრე რააბად შესავალთაჲთ ეფრაათისაჲთ.

23. და აღვიდეს უდაბნოჲთ და მოვიდეს ქებრონადმდე და მუნ იყუნეს აქიმან და სესი და თალმი ნათესავნი ენაკისნი. და ქებრონი შჳდით წლით შენებულ იყო უწინარეს ტანისა, რომელ არს ეგჳპტისაჲ.

24. და მოვიდეს იგინი ჴევადმდე ტევნისა და განიმსტურეს იგი და მოჰკუეთეს მიერ რქაჲ და ტევანი ყურძნისაჲ მას ზედა ერთი და წარიღეს იგი მჴრითა აღებით და ბროწეულისაგან და ლეღჳსა.

25. და უწოდეს სახელი ადგილისაჲ მის „ჴევ ტევნის“ - ტევნისა მისთჳს, რომელ მოჰკუეთეს ძეთა ისრაჱლისათა.

26. და მიიქცეს მიერ და განემსტურო ქუეყანა შემდგომად ორმეოცისა დღისა.

27. და წარვიდეს მიერ და მოვიდეს მოსესა და აჰრონისა და ყოვლისა მის კრებულისა ძეთა ისრაჱლისათა - უდაბნოდ ფარანისა, რომელ არს კადსაჲ, და მიუთხრეს მათ სიტყუაჲ ყოველსა მას კრებულსა, და უჩუენეს ნაყოფი იგი ქუეყანისაჲ მის, და უთხრეს მათ და ჰრქუეს მათ:

28. მივიდეთ ჩუენ ქუეყანასა მას, რომელსა მიმავლინენ ჩუენ ქუეყანასა, მდინარესა სძისა და თაფლისასა, და ესე არს, ნაყოფი მისი.

29. არამედ ფიცხელ არს ნათესავი იგი, რომელი მყოფ არს მას ზედა და ქალაქნი ძნელ და მოზღუდვილ და დიდად, და ნათესავიცა ენაკისი ვიხილეთ მუნ.

30. და ამალეკი დამკჳდრებულ არს ქუეყანასა მას სამხრით კერძო და ქეტელი იგი, და ეველი, და იებოლელი და ამორეველი დამკჳდრებულ არიან მთით კერძო. და ქანანელი იგი მკჳდრ არს ზღჳსკიდესა და იორდანით კერძო.

31. და დაადუმა ქალებ ერი იგი მოსესა მიმართ და ჰრქუა მათ: არა, არამედ აღსლვით აღვიდე და დავიმკჳდროთ ქუეყანა იგი, რამეთუ შეძლებით შეუძლოთ მათ.

32. და კაცნი იგი, რომელნი აღსრულ იყუნეს მის თანა, თქვეს: არა აღვიდეთ, რამეთუ ვერ შემძლებელ ვართ აღსლვად ერისა მის, რამეთუ უძლიერეს ჩუენსა არიან ფრიად.

33. და განთქუეს გმობაჲ მის ქუეყანისაჲ, როელ-იგი განიმსტურეს ძეთა მიმართ ისრაელისათა და იტყოდეს: ქუეყანა იგი, რომელ ჩუენ განვლეთ და ვიხილეთ, ქუეყანაჲ იგი შემჭამელი მკჳდრთა მისთაჲ არს და ერი იგი, რომელი ვიხილეთ, მას ზედა, კაცნი ჰასაკგრძელნი არიან მუნ.

34. და მუნ ვიხილენით გმირნიცა და ვიყვენით ჩუენ მათ წინაშე, ვითარცა მკალნი, არამედ ესრეთ ვიყვენით მათ წინაშე.

14

1. და აღიღო ყოველმან მან კრებულმან და მოსცეს ჴმაჲ და ტიროდა ყოველი იგი ერი ღამე ყოელ.

2. და დრტჳნვიდეს მოსესთჳს და აჰრონისთჳს ყოველნი ძენი ისრაჱლისანი. და ჰრქუეს მათ ყოველმან მან კრებულმან: მო-თუმცა-მწყდარ ვიყვენით ჩუენ ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, და უდაბნოსა ამას თუმცა მოვწყედით.

3. და რაჲსათჳს შევჰყავთ ჩუენ უფალსა ქუეყანასა მას დაცემად ბრძოლითა, ცოლნი ჩუენნი და ყრმანი იყუნენ აღსაჭრელ, აწ უმჯობეს არს ჩუენდა მიქცევაჲ ეგჳპტედვე.

4. და ჰრქუა მოყუასმან მოყუასსა: დავიდგინოთ ერისთავი და შევიქცეთ ეგჳპტედვე.

5. და დავარდეს მოსე და აჰრონ პირსა ზედა თჳსსა წინაშე ყოვლისა კრებულისა ძეთა ისრაჱლისათა.

6. ხოლო ისუ, ძემან ნავესმან, და ქალებ, ძემან იეფონესმან, რომელთა განემსტურო ქუეყანა, დაიპეს სამოსელი მათი.

7. და ეტყოდეს ყოველსა მას კრებულსა ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუეს: ქუეყანა, რომელი განვიხილეთ, კეთილ არს დიდად ფრიად.

8. უკუეთუ სათნო უჩნდეთ ჩუენ უფალსა, შეგჳყვანნეს ჩუენ მას და მოგუცეს ჩუენ იგი, რომელ-იგი არს გამომადინებელი სძისა და თაფლისაჲ.

9. არამედ უფლისაგან ნუ განსდგებით, ხოლო თქვენ ნუ გეშინინ ერისა მისთჳს მის ქუეყანისა, რამეთუ შესაჭმელ ჩუენდა არიან იგინი, რამეთუ განიშოვრა მათგან ჟამი, ხოლო უფალი ჩუენ შორის არს. ნუ გეშინინ მათგან.

10. ხოლო კრებულმან მან თქუა მათი ქვისა დაკრებაჲ, ხოლო დიდებაჲ უფლისა გამოჩნდა ღრუბელსა შინა კარავსა მას ზედა წამებისასა ყოველისა შორის ძეთა ისრაჱლისათა.

11. ჰრქუა უფალმან მოსეს: ვიდრემდის ხოლო განმარისხებდეს მე ერი ესე, ვიდრემდე არა ჰრწამს ჩემი ყოველთა ამათ სასწაულთა, რომელთა უყოფ მათ შორის?

12. მაცადე და მოვსრა ეგე სიკუდილითა და წარვწყმიდნე ეგენი, გყო შენ და სახლი მამისა შენისაჲ ნათესავად დიდად უფროჲს მათსა.

13. ჰრქუა მოსე უფალსა: ესმეს სამე ეგჳპტელთა, რამეთუ გამოიყვანე ძალითა შენითა ერი ესე მათგან.

14. არამედ ყოველთა მკჳდრთაცა ამის ქუეყანისათა ასმიეს, რამეთუ შენ ხარ უფალი ერსა ამას შორის, რამეთუ თუალთა წინაშე პირისპირ იხილვები შენ, უფალი, და ღრუბელი წმიდაჲ შენი ზედა-ადგს მათ და სუეტითა ღრუბლისაჲთა ხუალ წინაშე მათსა დღისი და სუეტითა ცეცხლისაჲთა ღამე.

15. და მოსრაა ერი ესე, ვითარცა კაცი ერთი და თქუან წარმართთა, რავდენთა ასმიეს სახელი შენი.

16. რამეთუ ვერ უძლო შეყვანებად უფალმან ერი ესე ქუეყანასა მას, რომლისათჳს ეფუცა მათ და დასცნა იგინი უდაბნოსა მას ზედა.

17. აწ ამაღლდეს ჴელი შენი, უფალო ვითარცა-იგი სთქუ.

18. სულგრძელ, დიდად მოწყალე, ჭეშმარიტ, მომტევებელ უსჯულოებათა, სიცრუვეთა და ცოდვათა და განწმედით არა განიწმიდის თანამდები იგი მაგის ცოდვაჲ მამათაჲ შვილთა ვიდრე სამად და ოთხად ნათესავადმდე.

19. მიუტევე ცოდვაჲ ერსა მას დიდისაებრ წყალობისა შენისა, ვითარცა-იგი მალხინებელ ექმენ ეგჳპტელთაგან ვიდრე აქამდე.

20. ჰრქუა უფალმან მოსეს: მალხინებელ ვარ მაგითა სიტყჳთა შენითა,

21. არამედ ცხოველ ვარ მე, და ცხოველ არს სახელი ჩემი და აღავსოს დიდებამან უფლისამან ყოველი ქუეყანა,

22. რამეთუ ყოველთა მაგათ კაცთა, რომელთა უხილავს დიდებაჲ ჩემი და სასწაულნი, რომელნი ვყვენ ეგჳპტეს და უდაბნოსა ამას და განმცადეს მე ესე ათგზის, არა ისმინეს ჴმისა ჩემისა.

23. უკუეთუ მაგათ იხილონ ქუეყანა იგი, რომლისათჳს ვეფუცე მამათა მათთა, არამედ შვილთა მათთა, რომელ არა იციან ჩემ თანა აქა, რომელთა არა იციან კეთილი და ბოროტი, ყოველსა ჭაბუკსა უმეცარსა, ამათ მისცე ქუეყანა იგი, ხოლო რომელთა განმარისხეს, არა იხილონ იგი.

24. ხოლო მონა ჩემი ქალებ, რამეთუ იყო სული სხუაჲ მის ზედა და შემომიდგა მე, შევიყვანო იგი ქუეყანასა მას, რომელსა შევიდა მუნ და ნათესავმან მისმან დაიმკჳდროს.

25. ხოლო ამალეკი და ქანანელი შენ არიან ღელსა შინა, ხვალე მოიქეცით თქუენ და იტრენით უდაბნოდ გზასა ერჳთრისა ზღჳსასა.

26. მიუგო უფალმან მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:

27. ვიდრემდის ვითავსებდე კრებულსა ამას უკეთურსა, იგინი დრტჳნვენ წინაშე ჩემსა, დრტჳნვა ძეთა ისრაჱლისათა თქუენთჳს მესმა.

28. ვარქუ მათ: ცხოველ ვარ მე, იტყჳს უფალი, არამედ ვითარცა იტყოდეთ ყურთა ჩემთა, ეგრე გიყო თქუენ.

29. უდაბნოსა ამას დაცჳვენ ძვალნი თქუენნი, ყოველივე ხილვაჲ თქუენი და აღრაცხილნი იგი თქუენნი ოცით წლითგანი დამართ, რომელნი დრტჳნვიდეს ჩემთჳს.

30. უკუეთუ თქუენ შეხჳდეთ ქუეყანასა მას, რომელსა მიმიყოფიეს ჴელი ჩემი დამკჳდრებად თქუენდა მას ზედა, გარნა ქალები იეფონესი და ისო ნავესი.

31. და ყრმათა მათ, რომელთა აქრუთ: მიმოდასატაცებელ იყვენით, შევიყვანნე იგინი ქუეყანასა მას და დაიმკჳდრონ ქუეყანა იგი, რომლისაგან განსდეგით.

32. და ძვალნი თქუენნი იყუნენ მძორ უდაბნოსა ზედა.

33. და ძენი თქუენნი მოსჭამდენ უდაბნოსა ამას ორმეოც წელ და აღასრულონ სიძვაჲ თქუენი, ვიდრემდის არა განკაფდენ ძვალნი თქუენნი უდაბნოსა ზედა.

34. მსგავსად რიცხუსა მას დღეთაჲსა, რაოდენსა მოიხილეს ქუეყანა იგი ორმეოცსა წელსა, დღე _ წელიწდისა წილ და მოიხუნეთ ცოდვანი თქუენნი ორმეოც წელ და გულისხმა-ჰყოთ რისხვაჲ გულისწყრომისა ჩემისა.

35. მე, უფლმან, ვთქჳ: უკუეთუ არა ესრეთ უყო კრებულსა ამას უკეთურსა, რომელ აღდგომილ არს ჩემ ზედა. უდაბნოსა ამას აღესრულნენ და მოსწყდენ.

36. და კაცნი იგი, რომელ წარავლინნა მოსე მოხილვად მის ქუეყანისა, მოვიდეს, იდრტჳნეს მისთჳს კრებულსა თანა თქუმად სიტყუასა ბოროტსა მის ქუეყანისათჳს.

37. მოსწყდეს კაცნი იგი, რომელთა თქუეს მის ქუეყანისათჳს ძჳრი, გუემითა ბოროტითა წინაშე უფლისა.

38. ისო ნავესი და ქალებ იეფონესი ცხოვნდეს კაცთა მათგან, რომელ წარვიდეს მოხილვად მის ქუეყანისა.

39. ეტყოდა მოსე სიტყუათა ამათ ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა. და იგლოვდა ერი იგი ფრიად.

40. აღიმსთუეს განთიად, აღვიდეს თავსა ზედა მთისასა და თქუეს: აჰა, ესერა, ჩუენ წარვიდეთ ადგილსა, რომელსა თქუა უფალმან, რამეთუ ვცოდეთ.

41. ჰრქუა მოსე: რად გარდახვალთ სიტყუათა უფლისათა, არა წარგემართოს თქუენ.

42. ნუ აღხვალთ, არა არს უფალი თქუენ თანა. დაეცნეთ წინაშე პირსა მტერთასა.

43. რამეთუ ამალეკი და ქანანელი მუნ წინაშე თქუენსა არს და დაეცნეთ მახჳლითა მისთჳს, რამეთუ უკუნ თუ იქეცით ურჩებით უფლისაგან. და არა იყოს უფალი თქუენ თანა.

44. და იძულებით აღჴდეს თავსა ზედა მის მთისასა, ხოლო კიდობანი იგი სჯულისა უფლისა და მოსე არა იძრნეს ბანაკით.

45. და მოჴდა ამალეკი და ქანანელი, რომელ ჯდა მას მთასა შინა, სძლეს მათ და მოსრნეს იგინი ერთადმდე.

46. და მოიქცეს ბანაკად.

15

1. ეტყოდა უფალი მოსეს, ჰრქუა:

2. არქუ შენ ძეთა ისრაჱლისათა: რაჟამს შეხჳდეთ ქუეყანასა მას მკჳდრობისა თქუენისასა, რომელ მე მიგცე თქუენ,

3. ჰყოთ მრგულიად დასაწველადი უფლისა, ანუ მსხუერპლი განდიდებად შესაწირავნისა, ანუ ნებსით აღნათქუემისა, ანუ დღესასწაულთა თქუენთა ყოფად სულად სულნელად უფლისა, ანუ ზროხათაგან, ანუ ცხოვართა.

4. მოართუას შემწირველმან შესაწირავი თჳსი უფალსა სამინდოჲსა მეათე გრივისა აღსუარული ზეთითა მეოთხითა ნაწილითა დორაკისაჲთ.

5. და ღჳნო შესაწირავად მეოთხე ნაწილი დორაკისაჲ ჰყოთ მრგულიად დასაწველსა ზედა, ანუ მსხუერპლსა ზედა კარავსა ერთსა ჰყო ესოდენ შესაწირავად სულნელად სულნელებისად უფლისა.

6. ვერძსა ოდეს ჰყოფდე მრგულიად დასაწველად, ანუ მსხუერპლად შესაწირავად სამინდოჲ ორი ათეული აღსუარული ზეთითა მესამითა ნაწილითა დორაკისაჲთა.

7. და ღჳნო შესაწირავად მესამე ნაწილი შესწიროთ უფლისა,

8. უკუეთუ ზროხასა ჰყოფდეთ მრგულიად დასაწველად, ანუ მსხვერპლად განდიდებად აღნათქუემისა საჴსრად უფლისა მიმართ.

9. და ყოს ზუარაკსა ზედა შესაწირავად სამინდოჲ სამი ათეული აღსუარული ზეთითა ზოგითა დორაკისაჲთა.

10. და ღჳნო შესაწირავად კერძო დორაკი სულნელად უფლისა.

11. ესრე ყოს.

12. ზუარაკსა თანა ერთსა, ანუ კრავსა ცხოვართასა, ანუ თხათასა მსგავსად რიცხუთა მათ, რომელ ჰყოთ, ესრეთ ჰყოთ ერთსა მას ზედა, ვითარცა არს რიცხჳ მათი.

13. ყოველმან მკჳდრმან ყოს ესე შესაწირავად სულნელად უფლისა, უკუეთუ მოქცეული თქუენ შორის იყოს, მოვიდეს ქუეყანასა თქუენსა, ანუ ვინ იყოს ქუეყანასა შორის ნათესავთა შინა თქუენთა. და ჰყოფდე შესაწირავსა სულად სულნელებისად უფლისა.

14. ვითარცა ჰყოთ თქუენ, ესრეთ ყოს კრებულმან უფლისამან.

15. სჯული ერთი იყავნ თქუენი და მოქცეულთაჲ, რომელ შემყოფი იყუნენ თანა სჯულად საუკუნოდ, იყავნ ნათესავთა თქუენთა, ვითარცა თქუენ, ეგრე მოქცეული იგი იყოს წინაშე უფლისა. სჯული ერთი იყავნ და სამართალი ერთი იყავნ თქუენ შორის.

16. ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

17. ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ:

18. რაჟამს შეხჳდეთ ქუეყანასა მას, რომელსა შეგიყვანნე თქუენ მუნ.

19. რაჟამს სჭამდეთ პურსა მის ქუეყანისასა, გამოჰყოთ შესაწირავად ზე საყოფელად უფლისა პირველი თბისა თქუენისა.

20. პური შესაწირავად გამოჰყოთ იგი, ვითარცა შესაწირავი კალოჲსაჲ.

21. ეგრე გამოჰყოთ იგი თჳსნიერი თბეთა თქუენთაჲ და მისცეთ უფალსა შესაწირავად ნათესავთა თქუენთა.

22. და რაჟამს შესცოდოთ და არა ჰყუნეთ ყოველნი მცნებანი ესე, რომელ ჰრქუა უფალმან მოსეს,

23. ვითარცა ბრძანა უფალმან თქუენდამო ჴელითა მოსესითა, მიერ დღითგან, რომლითგან ბრძანა უფალმან თქუენდამო და მიმდემი ნათესავთა თქუენთა.

24. იყოს თუ ვინმე თუალთაგან კრებულისათა, განვარდეს არანებსით. და ყოს ყოველმან კრებულმან ზუარაკი ერთი უბიწოჲ მრგულიად დასაწველად სულნელად უფლისა და მსხუერპლი მისი და შესაწირავი სულად სულნელად მსგავსად ბრძანებისა და წალი თხათაგანი ერთი ცოდვისათჳს.

25. და ლხინება-ყოს მღდელმან ყოვლისა ცოდვისა კრებულისა ძეთა ისრაჱლისათა, მიეტეოს მას, რამეთუ არანებსით არს და მათ მოიღეს შესაწირავი მათი მსხუერპლად უფლისა ცოდვისა მათისათჳს წინაშე უფლისა არანებსითთა მათთჳს.

26. და მიეტეოს ყოველსა კრებულსა ძეთა ისრაჱლისსა და მოქცეულსაცა, რომელ შემოყოფილ იყოს თქუენდა, რამეთუ ყოვლისა ერისა არანებსით იყო.

27. უკუეთუ სულმან ერთმან ცოდოს არანებსით, შეწიროს თხაჲ ერთი წელიწდეული ცოდვათათჳს.

28. ულხინოს მღდელმან სულსა მას არანებსით შეცოდებულსა წინაშე უფლისა, ლხინება-ყოს მისთჳს.

29. ძეთა ისრაჱლისათა და მოქცეულთაჲ, რომელნი შეყოფილ იყუნენ მათა, სჯული ერთი იყავნ, რომელმან ქმნეს რაჲმე არანებსით.

30. და თავმან, რომელმან ქმნას ჴელითა ამპარტავანებისათა მკჳდრთაგანმან, ანუ მოქცეულმან, ღმერთი განარისხოს, მოისპოს იგი ერისაგან თჳსისა.

31. რამეთუ სიტყუაჲ უფლისა გარდააქცია და მცნებანი მისნი განაქარვნა. და მოჴოცით მოიჴოცოს სული იგი ერისაგან თჳსისა, რამეთუ ცოდვა მისი მას შინა.

32. და იყუნეს ძენი ისრაჱლისანი უდაბნოსა მას. პოვეს კაცი, რომელ კრებდა შეშასა დღესა შაბათსა.

33. მოჰგუარეს იგი კრებასა შეშისასა, რომელთა პოვეს, მოსეს და აჰრონს და ყოველთა კრებულთა ისრაჱლისათა.

34. და შესუეს იგი საპყრობილესა, რამეთუ ვერ გულისხმა-ყვეს, რაჲმცა უყონ მას.

35. ეტყოდა უფალი მოსეს - სიკუდილით მოკუედინ კაცი იგი, განტჳნეთ ქვითა ყოველმან კრებულმან გარეშე ბანაკსა.

36. და გამოიყვანა იგი ყოველმან კრებულმან გარეშე ბანაკსა და დაჰკრიბეს ქვაჲ, ვითარცა ჰრქუა უფალმან მოსეს და ჰრქუა:

37. ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ:

38. იქმნედ მათ ფესჳ ყურთა ზედა სამოსლისა მათისათა ნათესავთა მათთა და დაახჳოთ ფესუთა მათ ზედა კიდეთასა საწვალი იაკინთისაჲ.

39. და იყოს იგი თქუენდა ფესუთა მათ ზედა და იხილოთ იგი და მოგეჴსენენ ყოველნი მცნებანი უფლისანი, ჰყუნეთ იგინი და არღარა მისდრკეთ უკუანა გონებათა და თუალთა თქუენთა, რომლითა-იგი თქუენ ისიძავთ უკუანა მათსა.

40. რათა მოიჴსენოთ და ჰყოთ ყოველი მცნებაჲ ჩემი, იყუნეთ წმიდა ღმრთისა თქუენისა.

41. რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანენ ქუეყანით ეგჳპტით ყოფად თქუენდა ღმერთად, მე უფალი ღმერთი თქუენი.