პასუხები საინტერესო შეკითხვებზე

როგორც ცნობილია, „საქმე მოციქულთაში“ ვინმე ანანია გაყიდის კუთვნილ მიწას, თანხის ნაწილს ეკლესიაში მიიტანს, ხოლო დანარჩენს თავისთვის გადამალავს, რისთვისაც წმიდა პეტრე მოციქული მას სასტიკ განაჩენს გამოუტანს. მაინტერესებს, რატომ არ მისცა წმიდა პეტრემ ანანიას სინანულის საშუალება?

ამ კითხვაზე რომ ვუპასუხოთ, აუცილებელია, ყურადღება მივაქციოთ იმ გარემოს, რომელშიც წმ. მოციქულებს უხდებოდათ მოღვაწეობა. სამოციქულო ეპოქა ეკლესიისათვის, ყველაფერთან ერთად, იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ დროს, ახალი მორწმუნეების რაოდენობის მიუხედავად, ეკლესიაში იყო განსაკუთრებულად გულწრფელი დამოკიდებულება. ადამიანს ქრისტე ღმერთმა სიცოცხლე აჩუქა, სიკვდილის ხელმწიფება გააუქმა და ჯერ არნახული ერთობისაკენ მოუწოდა. ეს მოწოდება არ ყოფილა ოდენ ლიტონი სიტყვები, რომელიც მაცხოვრის წმინდა ბაგეთაგან ესმა ადამიანს. მოწოდება ერთობისაკენ იყო აბსოლუტურად ქმედითი. ეს ქმედითობა რომ განხორციელებულიყო, სხვა ყველაფერთან ერთად, აუცილებელი იყო ის, რომ ადამიანები ერთად ყოფილიყვნენ ქრისტეში, ანუ მათ ერთობა ეძებნათ არა სხვაგან, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეში. ამის განხორციელება კი ოდენ ეკლესიაში იყო შესაძლებელი. შესაბამისად, ეკლესია გახლდათ მაცხოვრის მიერ დაარსებული ის შესაკრებელი, სადაც ადამიანები, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ ღმერთთან და მოყვასთან ერთობისა, უნდა მოსულიყვნენ წრფელი გულით და ასე განეხორციელებინათ ეს სურვილი ერთობისა. ეკლესიის მოწყობას თავისი წესი და რიგი ჰქონდა. ეს წესი, გარდა გარეგნული წესებისა და კლიროსის წევრებსა და უშუალოდ მრევლს შორის ურთიერთობის მოწესრიგებისა, ისევე, როგორც დღეს, ზრუნავდა იმაზეც, რომ მორწმუნეებს სუფთა გული ჰქონოდათ, როგორც ღმერთთან, ასევე მოყვასთან ურთიერთობაში. როგორც ვიცით, მაცხოვარმა ღვთის ხილვის ერთადერთ საშუალებად, ნეტარებების გადმოცემისას, სწორედ ადამიანის წმინდა გული დასახა. შესაბამისად, ეკლესიაში თავიდანვე უდიდესი ყურადღება ექცეოდა არა მხოლოდ მორწმუნის გარეგნულ, არამედ შინაგან ურთიერთობასაც ღმერთთან. ერთი პრეცედენტის დაშვებაც იმისა, რომ ღმერთთან შესაძლებელია პირმოთნე და არაგულწრფელი დამოკიდებულება, ძირშივე შელახავდა სამოციქულო ავტორიტეტს. ამდენად ანანიას საქციელი მხოლოდ ეკლესიის ერთი წევრის უბრალო, გულუბრყვილო ქმედება კი არ იყო, რომელიც მხოლოდ მას ეხებოდა, არამედ ეს იყო ეკლესიის შინაგანი წესრიგის წინააღმდეგ მიმართული იერიში, რომლის მოგერიებაც აუცილებლად მიიჩნია წმიდა პეტრემ. მკვეთრი ქმედება, რომელიც წმიდა მოციქულმა განახორციელა, არ იყო ოდენ ერთი პიროვნების მკაცრი დასჯა, არამედ ეს იყო მკაფიო პასუხი ყველა იმ სამომავლო შეტევაზე, რომლის გახორციელებასაც ადამის მოდგმის მტერი გეგმავდა საღვთო კრებულის წინააღმდეგ. ყოველივე ამას ადასტურებს თავად მოციქულის მიმართვაც ანანიასადმი: „განა შენი არ იყო, სანამდის გქონდა და რაც გაყიდვით აიღე, განა შენვე არ გეპყრა ხელთ? მაშ, რაღად ჩაიდე გულში ეს საქმე? ხალხს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს“ (საქმე V, 4). ამ პასუხიდან კარგად ჩანს, რომ წმ. პეტრემ ანანიას ცოდვის შესახებ გამოცხადება თავად ღვთისაგან მიიღო. აქედან გამომდინარე, წმ. მამები ასკვნიან იმას, რომ ღმერთმა იცოდა ანანიას დამოკიდებულება სინანულისადმი. შემოქმედმა იცოდა, რომ ანანია არ შეინანებდა. შესაბამისად, არც სინანულისათვის დროის მიცემას ჰქონდა აზრი. ანანია იმავე სნეულებით იყო შეპყრობილი, რომელმაც იუდა ისკარიოტელი მაცხოვრის გაცემამდე მიიყვანა. ეს სიცრუე და ვერცხლისმოყვარეობაა. ამდენად, წმ. პეტრე მოციქული გადაჭრით აფრთხილებს ახალგაზრდა ქრისტიანებს, რომ მოერიდონ ამ დამღუპველ სენს. აღნიშნულიდან გამომდინარე კი ჩანს, რომ ანანიას შინაგანი განწყობის ცნობასთან ერთად, წმ. პეტრემ სასჯელის შესახებაც მიიღო გამოცხადება და შესაბამისად, ღვთის განჩინების ჩხრეკა არ არის მართებული.

მოამზადა სასულიერო აკადემიის პედაგოგმა
გიორგი გვასალიამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №32, 2005 წ.