წიგნი მარკოზისა

თავი 1

- .:. -
წარმოშობა იესო ქრისტესი (მთ. 1,1-7; ლკ. 3,23-38)
ხარება ზაქარიასი, იოანე ნათლისმცემლის მამისა (ლკ. 1,5-23)
ხარება ყრმა მარიამისა (ლკ. 1,26-38)
შობა იოანე ნათლისმცემლისა (ლკ. 1,57-80)
ხარება იოსებისა (მთ. 1,18-25)
შობა იესო ქრისტესი (ლკ. 2,1-7)
თაყვანისცემა მწყემსებისაგან (ლკ. 2,8-20)
წინადაცვეთა და მირქმა იესო ქრიტესი (ლკ. 2,21-38)
თაყვანისცემა მოგვებისაგან (მთ. 2,1-12)
გაქცევა ეგვიპტეში (მთ. 2,13-15)
ჩვილთა ამოწყვეტა ბეთლემში (მთ. 2,16-18)
დაბრუნება ეგვიპტიდან (მთ. 2,19-23)
თორმეტი წლის იესო ტაძარში (ლკ. 2,40-52)
- ·:· -

იოანე ნათლისმცემლის ქადაგება უდაბნოში
(მთ. 3,1-12; ლკ. 3,1-18; ინ. 1,19-28)

1. დასაწყისი სახარებისა იესო ქრისტესი, ძისა ღვთისა.

2. როგორც წერია წინასწარმეტყველებთან: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენი პირის წინაშე, რომელიც გაამზადებს შენს გზას შენ წინაშე (მალაქ. 3,1).

3. ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: გაამზადეთ გზა უფლისა და გამართეთ მისი ბილიკები (ეს. 40,3).

4. იყო იოანე და ნათელსცემდა უდაბნოში და ქადაგებდა ნათლისღებას სინანულისას ცოდვათა მისატევებლად.

5. და გადიოდა მასთან ჰურიასტანის მთელი ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი და ნათელს იღებდნენ ყველანი მისგან მდინარე იორდანეში და აღიარებდნენ თავის ცოდვებს.

6. და იყო იოანე შემოსილი აქლემის ბეწვით და ტყავის სარტყელი ჰქონდა მას წელზე და ჭამდა კალიასა და ველურ თაფლს;

7. და ქადაგებდა და ამბობდა: მოდის ჩემზე ძლიერი ჩემ შემდეგ, ვის წინაშეც არა ვარ ღირსი, მოვიდრიკო და გავხსნა მის ხამლთა თასმები.

8. მე ნათელგეცით თქვენ წყლით, ხოლო იგი ნათელგცემთ თქვენ სულიწმიდით.

ნათლისღება იესო ქრისტესი
(მთ. 3,13-17; ლკ. 3,21-22; ინ. 1,29-34)

9. და იყო, იმ დღეებში მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთიდან და ნათელიღო იოანესგან იორდანეში.

10. და მყისვე, წყლიდან ამოსვლისას, იხილა გახსნილი ცანი და სული, როგორც მტრედი, გადმომავალი მასზე.

11. და ხმა იყო ზეციდან: შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, შენ სათნო ხარ ჩემთვის.

იესო ქრისტეს გამოცდა უდაბნოში
(მთ. 4,1-11; ლკ. 4,1-13)

12. და მაშინვე გაიყვანა სულმა იგი უდაბნოში.

13. და იყო იქ ორმოცი დღე და გამოიცდებოდა სატანისაგან და იყო მხეცებთან და ანგელოზები ემსახურებოდნენ მას.

- .:. -
იესო ქრისტეს პირველი მიმდევრები (ინ. 1,35-51)
იესო ქრისტეს პირველი სასწაული გალილეის კანაში (ინ. 2,1-11)
იესო ქრისტეს პირველი ასვლა იერუსალიმში; ვაჭრების გამოდევნა ტაძრიდან (ინ, 2,13-22)
იესო ქრისტეს საუბარი ნიკოდიმოსთან (ინ. 3,1-21)
იესო ქრისტეს საუბარი სამარიელ დედაკაცთან (ინ. 4,1-43)
- ·:· -

14. ხოლო იოანეს შეპყრობის შემდეგ, მივიდა იესო გალილეაში და ქადაგებდა სახარებას ღვთის სასუფევლისას

15. და ამბობდა: აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა სასუფეველი ღვთისა, შეინანეთ და გწამდეთ სახარება.

- .:. -
იესო ქრისტეს პირველი უარყოფა ნაზარეთში (ლკ. 4,14-30)
- ·:· -

იესო ქრისტეს დამკვიდრება კაპერნაუმში (მთ. 4,13-17)
სიმონ-პეტრესა და ანდრიას, იაკობისა და იოანეს მოწოდება (მთ. 4,18-22)

16. და როდესაც მიდიოდა გალილეის ზღვის პირას, იხილა სიმონი და ანდრია, ძმა მისი, რომლებიც ისროდნენ ბადეს ზღვაში, რადგან იყვნენ მებადურები.

17. და უთხრა მათ იესომ: მოდით და შემომიდექით მე და გაქცევთ თქვენ კაცთა მებადურებად.

18. და მყისვე დატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას.

19. და ცოტა რომ გაიარა, იხილა იაკობ ზებედესი და იოანე, ძმა მისი; ისინიც ამზადებდნენ ბადეებს ნავში;

20. და მაშინვე უხმო მათ. და მათ დატოვეს თავისი მამა, ზებედე, ნავში მუშებთან და გაჰყვნენ მას.

21. და შევიდნენ კაპერნაუმში; და მაშინვე, შაბათს, შევიდა შესაკრებელში და ასწავლიდა.

22. და განცვიფრებული იყვნენ მისი მოძღვრებით, რადგან ასწავლიდა მათ, როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც მწიგნობრები.

იესო ქრისტეს მიერ ეშმაკეულის განკურნება
(ლკ. 4,33-36)

23. და იყო მათს შესაკრებელში კაცი, არაწმინდა სულით შეპყრობილი, და შეყვირა

24. და თქვა: ეჰა, რა გინდა ჩვენგან შენ, იესო ნაზარეველო? მოხვედი ჩვენს წარსაწყმედად? გიცნობთ შენ, ვინ ხარ, წმინდა ღვთისა.

25. და შერისხა იგი იესომ და უთხრა: გაჩუმდი და გადი მაგისგან!

26. და დაანარცხა იგი არაწმინდა სულმა და იყვირა დიდი ხმით და გავიდა მისგან.

27. და გაოცდა ყველა, ისე რომ, კამათობდნენ ერთმანეთში და ამბობდნენ: ვინ არის ეს? რა არის ეს ახალი მოძღვრება, რომ ძალაუფლებით არაწმინდა სულებსაც უბრძანებს და ემორჩილებიან მას?

28. და გავრცელდა მისი ამბავი მაშინვე გალილეის მთელ შემოგარენში.

იესო ქრისტეს მიერ სიმონ-პეტრეს სიდედრის და სხვათა განკურნება
(მთ. 8,14-17; ლკ. 4,38-41)

29. და მაშინვე გამოვიდა შესაკრებლიდან და მივიდა სიმონისა და ანდრიას სახლში იაკობთან და იოანესთან ერთად.

30. ხოლო სიმონის სიდედრი იწვა ცხელებით და მაშინვე უთხრეს მას მის შესახებ.

31. და მივიდა და მოჰკიდა ხელი და ააყენა იგი; და მყისვე დატოვა იგი ცხელებამ და ემსახურებოდა მათ.

32. ხოლო როცა საღამოვდებოდა, მზე რომ ჩადიოდა, მოჰყავდათ მასთან ყველა ავადმყოფი და ეშმაკეული;

33. და მთელი ქალაქი შეკრებილი იყო კარების წინ.

34. და განკურნა მრავალი ავადმყოფი სხვადასხვა სენისგან და მრავალი ეშმაკი განდევნა; და არ ანებებდა ეშმაკებს თქმას, რომ იცოდნენ, რომ იგია ქრისტე.

იესო ქრისტეს ქადაგება გალილეაში
(ლკ. 4,42-44)

35. და განთიადისას, რიჟრაჟზე, ადგა და გამოვიდა და მივიდა უდაბურ ადგილას და იქ ლოცულობდა.

36. და მისდევდნენ მას სიმონი და ვინც მასთან იყო,

37. და იპოვეს იგი და უთხრეს მას: ყველანი გეძებენ შენ.

38. და უთხრა მათ: მოდით, წავიდეთ მახლობელ დაბა-ქალაქებში, რომ იქაც ვიქადაგო, რადგან ამისთვის მოვედი.

39. და ქადაგებდა მათს შესაკრებლებში მთელ გალილეაში და ეშმაკებს დევნიდა.

კეთროვნის განკურნება
(მთ. 8,2-4; ლკ. 5,12-14)

40. მივიდა მასთან კეთროვანი და ევედრებოდა მას მუხლმოდრეკილი და ეუბნებოდა: თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.

41. ხოლო იესოს შეებრალა და გაიწოდა ხელი, შეახო მას და უთხრა: მნებავს, განიწმინდე!

42. და როდესაც ეს თქვა, მაშინვე მოშორდა მას კეთრი და განიწმინდა.

43. და მკაცრად მიმართა მას და მაშინვე გააგდო იგი

44. და უთხრა მას: იცოდე, არავის არაფერი უთხრა, არამედ წადი და უჩვენე თავი შენი მღვდელს და მიართვი შენი განწმენდისათვის, რაც ბრძანა მოსემ მათთვის დასამოწმებლად.

45. ხოლო როდესაც იგი გამოვიდა, დაიწყო ბევრი ქადაგება და გავრცელება სიტყვისა, ისე რომ, აღარ შეეძლო მას ცხადად ქალაქში შესვლა, არამედ გარეთ, უდაბურ ადგილებში, იმყოფებოდა; და მიდიოდნენ მასთან ყოველი მხრიდან.

 

თავი 2

1. და შევიდა კვლავ კაპერნაუმში რამდენიმე დღის შემდეგ; და გაიგეს, რომ სახლშია.

2. და მაშინვე შეიკრიბნენ ბევრნი, ისე რომ, აღარ იყო ტევა კარის წინაც კი, და ეუბნებოდა მათ სიტყვას.

დავრდომილის განკურნება კაპერნაუმში
(მთ. 9,2-8; ლკ. 5,18-26)

3. და მივიდნენ მასთან და მიიყვანეს დავრდომილი, რომელიც მოჰყავდა ოთხს.

4. და რადგან ვერ შეძლეს მიახლოება მასთან ხალხის გამო, მოხადეს სახურავი სახლს, სადაც იყო იგი, გათხარეს და ჩაუშვეს საწოლი, რომელზეც იწვა დავრდომილი.

5. და იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: შვილო, მოგეტეოს შენ შენი ცოდვები.

6. ხოლო იყო ზოგი მწიგნობართაგანი იქ მჯდომარე და ბჭობდა თავის გულში:

7. რად ამბობს ეს ასე? გმობს; ვის შეუძლია ცოდვების მიტევება, თუ არა მხოლოდ ღმერთს?

8. და მყისვე გულისხმაყო იესომ თავისი სულით, რომ ასე ბჭობდნენ თავის გულში და უთხრა მათ: რად ბჭობთ მაგას თქვენს გულში?

9. რა უფრო ადვილია, თქმა დავრდომილისთვის: მოგეტევა შენ ცოდვები, თუ თქმა: ადექი, აიღე შენი საწოლი და იარე?

10. ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძალაუფლება აქვს ძეს კაცისას ქვეყანაზე ცოდვების მიტევებისა, - უთხრა დავრდომილს:

11. შენ გეუბნები, ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში!

12. და ადგა და მაშინვე აიღო საწოლი და გამოვიდა ყველას წინაშე, ისე რომ, გაოგნდა ყველა და ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: ამგვარი რამ არასოდეს გვიხილავს.

იესოს მიერ მათე მეზვერის მოწოდება
(მთ. 9,9-13; ლკ. 5,27-32)

13. და გავიდა კვლავ ზღვის პირას და მთელი ხალხი მიდიოდა მასთან და ასწავლიდა მათ.

14. და როდესაც გაიარა, იხილა ლევი ალფესი, მჯდომარე საზვერეში, და უთხრა მას: გამომყევი მე. და ადგა და გაჰყვა მას.

15. და იყო, როდესაც ინახით იჯდა იგი მის სახლში, მრავალი მეზვერე და ცოდვილი იჯდა თანამეინახედ იესოსთან და მის მოწაფეებთან, რადგან იყვნენ ბევრნი და მიჰყვებოდნენ მას.

16. და მწიგნობრებმა და ფარისევლებმა, როდესაც ნახეს იგი, რომ მეზვერეებთან და ცოდვილებთან ჭამდა, უთხრეს მის მოწაფეებს: რატომ ჭამს და სვამს მეზვერეებთან და ცოდვილებთან?

17. და გაიგონა იესომ და უთხრა მათ: არ სჭირდებათ მკურნალი ჯანმრთელებს, არამედ ავადმყოფებს; არ მოვსულვარ მოსაწოდებლად მართალთა, არამედ ცოდვილთა.

იოანეს მოწაფეების შეკითხვა მარხვის შესახებ
(მთ. 9,14-17; ლკ. 5,33-39)

18. და როდესაც მარხულობდნენ იოანეს და ფარისეველთა მოწაფეები, მივიდნენ და უთხრეს მას: რატომ მარხულობენ იოანეს და ფარისეველთა მოწაფეები, ხოლო შენი მოწაფეები არ მარხულობენ?

19. და უთხრა მათ იესომ: განა შეუძლიათ ქორწილის ძეებს მარხვა, ვიდრე სიძე არის მათთან? ვიდრე სიძე არის მათთან, არ შეუძლიათ მარხვა.

20. ხოლო მოვა დღეები, როცა წაიყვანენ მათგან სიძეს და მაშინ იმარხულებენ, იმ დღეებში.

21. არავინ ადებს ახალი ნაჭრის საკერებელს ძველ სამოსს, თორემ დაარღვევს ახალი ძველის მთლიანობას და უფრო დაიხევა.

22. და არავინ ასხამს ახალ ღვინოს ძველ თხიერებში, თორემ გახეთქავს ახალი ღვინო თხიერებს და ღვინო დაიღვრება და თხიერები უვარგისი გახდება; არამედ ახალ ღვინოს ახალ თხიერებში ასხამენ.

თავთავების მოწყვეტა და სიტყვა შაბათის შესახებ
(მთ. 12,1-8; ლკ. 6,1-5)

23. და იყო, როდესაც მიდიოდა იგი შაბათს ნათესებში, მისმა მოწაფეებმა დაიწყეს გზად თავთავების წყვეტა.

24. და ფარისევლებმა უთხრეს მას: ნახე, იმას აკეთებენ შაბათს, რაც არ არის მართებული?

25. და მან უთხრა მათ: არასოდეს ამოგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როდესაც დასჭირდა, როცა მოშივდა მას და ვინც მასთან იყო?

26. როგორ შევიდა ღვთის სახლში, აბიათარის მღვდელმთავრობისას და შესაწირავი პურები შეჭამა, რომელთა ჭამაც არ იყო მართებული არავისთვის, მღვდლების გარდა, და მისცა მათაც, ვინც მასთან იყო?

27. და უთხრა მათ: შაბათი კაცისათვის შეიქმნა და არა კაცი - შაბათისათვის.

28. ასე რომ, ძე კაცისა უფალი არის შაბათისაც.

 

თავი 3

გამხმარი ხელის მქონე კაცის განკურნება შაბათის სინაგოგაში
(მთ. 12,10-14; ლკ. 6, 6-11)

1. და შევიდა კვლავ შესაკრებელში; და იყო იქ კაცი, რომელსაც გამხმარი ჰქონდა ხელი.

2. და უთვალთვალებდნენ მას, შაბათს თუ განკურნავდა, რათა დაესმინათ იგი.

3. და უთხრა კაცს, რომელსაც გამხმარი ჰქონდა ხელი: ადექი და დადექი შუაში!

4. და უთხრა მათ: მართებულია შაბათს სიკეთის კეთება, თუ ბოროტების კეთება, სულის ცხონება, თუ დაღუპვა? ხოლო ისინი დუმდნენ.

5. და შეხედა მათ რისხვით და შეწუხებულმა მათი გულქვაობით, უთხრა კაცს: გაშალე შენი ხელი! და გაშალა და აღუდგა მას ხელი.

6. და როდესაც გამოვიდნენ ფარისევლები, მაშინვე ჰეროდიანებთან ბჭობა გამართეს მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი.

7. ხოლო იესო თავის მოწაფეებთან ერთად გაშორდა მათ და წავიდა ზღვისკენ; და მრავალი ხალხი გაჰყვა მას გალილეიდან და ჰურიასტანიდან

8. და იერუსალიმიდან და იდუმეიდან და იორდანის გაღმიდან და ტვიროსისა და სიდონის მხარიდან; და ძალიან ბევრი, ვინც გაიგო, რასაც აკეთებდა, მივიდა მასთან.

9. და უთხრა თავის მოწაფეებს, რომ ნავი გაემზადებინათ მისთვის, ხალხის გამო, რათა არ შეევიწროებინათ იგი;

10. რადგან მრავალი განკურნა, ამიტომ ზედ აწყდებოდნენ მას, რათა შეხებოდნენ, ვინც უძლურებაში იყო.

11. და არაწმინდა სულები, როცა ხედავდნენ მას, ვარდებოდნენ მის წინ, ღაღადებდნენ და ამბობდნენ: შენ ხარ ძე ღვთისა.

12. და ძლიერ შერისხა ისინი, რათა არ გაეცხადებინათ იგი.

თორმეტი მოწაფის გამორჩევა სამოციქულო მოღვაწეობისთვის
(მთ. 10,1-42; ლკ. 9,1-6)

13. და ავიდა მთაზე და მოუწოდა მათ, ვინც მას უნდოდა, და მივიდნენ მასთან.

14. და დაადგინა თორმეტი, რათა ყოფილიყვნენ მასთან და გაეგზავნა ისინი საქადაგებლად

15. და ჰქონოდათ ძალაუფლება ეშმაკთა განდევნისა;

16. და დაარქვა სახელი სიმონს, პეტრე;

17. და იაკობ ზებედესას და იოანეს, იაკობის ძმას, დაარქვა მათაც სახელები, ბანერგესი, რაც არის ძენი ქუხილისა.

18. ანდრიას და ფილიპეს, ბართლომეს და მათეს, თომას და იაკობ ალფესას, თადეოზსა და სიმონ კანანელს

19. და იუდა ისკარიოტელს, რომელმაც მისცა იგი.

- .:. -
ქადაგება მთაზე (მთ. 5,1-8,1; ლკ. 6,20-49)
ასისთავის მსახურის განკურნება კაპერნაუმში (მთ. 8,5-13; ლკ. 7,1-10)
ქვრივი დედაკაცის გარდაცვლილი ძის აღდგენა ნაინში (ლკ. 7,11-17)
იოანე ნათლისმცემლის მიერ მოწაფეების გაგზავნა იესოსთან (მთ. 11,2-19; ლკ. 7,18-35)
იესო სიმონ ფარისევლის სახლში (ლკ. 7,36-50)
- ·:· -

20. და მივიდნენ სახლში და შეიკრიბა კვლავ ხალხი, ისე რომ, ვერ შეძლეს მათ პურის ჭამაც.

ფარისეველთაგან იესოსთვის სახელის გატეხის მცდელობის მხილება
(მთ. 12,24-37; ლკ. 11,14-26)

21. და გაიგეს მისიანებმა და გამოვიდნენ მის შესაპყრობად, რადგან ამბობდნენ, რომ შეიშალა.

22. და მწიგნობრები, რომლებიც იერუსალიმიდან იყვნენ ჩამოსულნი, ამბობდნენ: ბელზებული არის მასთან და ეშმაკთა მთავრით განდევნის ეშმაკებს.

23. და მოუხმო მათ და იგავებით ეუბნებოდა: როგორ შეუძლია სატანას სატანის განდევნა?

24. და თუ სამეფო თავის თავში გაიყოფა, ვერ შეძლებს დგომას ის სამეფო.

25. და თუ სახლი თავის თავში გაიყოფა, ვერ შეძლებს ის სახლი დგომას;

26. და თუ სატანა აღუდგა თავის თავს და გაიყო, ვერ შეძლებს დგომას, არამედ აღსასრული დაუდგა.

27. არავის შეუძლია შესვლა ძლიერის სახლში და მისი ქონების გატაცება, თუ ჯერ ძლიერს არ შეკრავს, და მაშინღა გაძარცვავს მის სახლს.

28. ამინ გეუბნებით თქვენ, რომ ყველაფერი მიეტევებათ ადამიანთა ძეებს, ცოდვა და გმობა, რამდენსაც უნდა გმობდნენ;

29. ხოლო ვინც დაგმობს სულიწმიდას, არა აქვს მიტევება უკუნისამდე, არამედ ღირსია საუკუნო სასჯელისა;

30. რადგან თქვეს: არაწმინდა სული არის მასთან.

იესოსთან დედის და ძმების მისვლა სასაუბროდ
(მთ. 12,46-50; ლკ. 8,19-21)

31. და მივიდნენ დედა მისი და ძმები და გარეთ დადგნენ და შეაგზავნეს მასთან და უხმობდნენ მას.

32. და ისხდა მის გარშემო ხალხი და უთხრეს მას: აჰა, დედა შენი და შენი ძმები გარეთ გეძებენ შენ.

33. და მიუგო მათ და უთხრა: ვინ არის დედა ჩემი ან ძმები ჩემი?

34. და გადახედა თავის გარშემო მსხდომთ და უთხრა: აჰა, დედა ჩემი და ჩემი ძმები.

35. რადგან, ვინც აღასრულებს ღვთის ნებას, ის არის ძმა ჩემი და და ჩემი და დედა ჩემი.

 

თავი 4

1. და კვლავ დაიწყო სწავლება ზღვის პირას; და შეიკრიბა მასთან უამრავი ხალხი, ისე რომ, იგი ავიდა და ჩაჯდა ნავში, ზღვაზე და მთელი ხალხი ზღვის პირას, მიწაზე იდგა.

იგავი მთესველზე
(მთ. 13,3-17; ლკ. 8,4-9)

2. და ასწავლიდა მათ იგავებით ბევრს და ეუბნებოდა მათ თავისი სწავლებისას:

3. ისმინეთ: აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად.

4. და იყო, თესვისას ზოგი დავარდა გზასთან და მივიდნენ ფრინველები და შეჭამეს იგი;

5. და სხვა დავარდა კლდოვანზე, სადაც არ იყო ბევრი მიწა, და მყისვე აღმოცენდა, რადგან არ ჰქონდა მიწას სიღრმე;

6. და როდესაც ამოვიდა მზე, დაჭკნა და, რადგან არ ჰქონდა ფესვი, გახმა;

7. და სხვა ჩავარდა ეკლებში და ამოვიდა ეკლები და მოაშთო იგი და ნაყოფი ვერ გამოიღო;

8. და სხვა დავარდა კარგ მიწაზე და იძლეოდა ნაყოფს, რომელიც აღმოცენდებოდა და იზრდებოდა, და გამოჰქონდა ერთი ოცდაათად და ერთი - სამოცად და ერთი - ასად;

9. და ეუბნებოდა: ვისაც აქვს ყურები სასმენად, ისმინოს.

10. და როდესაც იყო მარტო, ჰკითხეს მას, ვინც მის გარშემო იყო იმ თორმეტთან ერთად, იგავებზე;

11. და ეუბნებოდა მათ: თქვენთვის მოცემულია საიდუმლო ღვთის სასუფევლისა, ხოლო მათთვის, გარეშეთათვის, ყველაფერი იგავებით ითქმება.

12. ისე რომ, ხედვით ხედავენ და არ ხედავენ და სმენით ისმენენ და არ ესმით, რომ არ მოიქცნენ და არ მიეტეოთ მათ ცოდვები (ეს. 6,9).

13. და უთხრა მათ: არ იცით ეს იგავი? და როგორ გაიგებთ ყველა იგავს?

განმარტება იგავისა მთესველზე
(მთ. 13,18-23; ლკ. 8,11-15)

14. მთესველი სიტყვას თესავს.

15. ხოლო ესენი არიან, რომლებიც გზასთან არიან, სადაც ითესება სიტყვა და, როდესაც ისმენენ, მყისვე მოდის სატანა და ართმევს სიტყვას, დათესილს მათს გულში.

16. და ესენი არიან კლდოვანზე დათესილნი, რომლებიც, როდესაც ისმენენ სიტყვას, მყისვე სიხარულით იღებენ

17. და არა აქვთ ფესვი თავის თავში, არამედ დროებითნი არიან; როცა იქნება გაჭირვება ან დევნა ამ სიტყვის გამო, მყისვე დაბრკოლდებიან.

18. და ესენი არიან ეკლებში დათესილნი, რომლებიც სიტყვას ისმენენ,

19. და ამსოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმები შედიან და აშთობენ სიტყვას და უნაყოფო ხდება.

20. და ესენი არიან კარგ მიწაზე დათესილნი, რომლებიც ისმენენ სიტყვას და იღებენ და გამოაქვთ ნაყოფი: ერთი - ოცდაათად და ერთი - სამოცად და ერთი - ასად.

21. და უთხრა მათ: განა მოაქვთ სანთელი, რომ საწყაოს ქვეშ დადგან ან სარეცლის ქვეშ? განა სასანთლეზე არ დგამენ?

22. რადგან არ არის საიდუმლო, რომელიც არ გაცხადდება, არც იქნება დაფარული, არამედ მოვა გაცხადებულად.

23. თუ ვინმეს აქვს ყურები სასმენად, ისმინოს.

24. და ეუბნებოდა მათ: იხილეთ, რაც გესმით: რა საწყაოთიც მიუწყავთ, მოგეწყვებათ თქვენ და შეგემატებათ თქვენ, რომლებიც ისმენთ.

25. რადგან, ვისაც აქვს, მიეცემა მას და, ვისაც არა აქვს, რაც აქვს, წაერთმევა მას.

ღვთის სასუფევლის საიდუმლო

26. და ეუბნებოდა: ისეა სასუფეველი ღვთისა, კაცი რომ აგდებს თესლს მიწაში

27. და იძინებს და დგება ღამით და დღისით და თესლი აღმოცენდება და იზრდება ისე, რომ არ იცის მან,

28. რადგან მიწას თავისთავად გამოაქვს ნაყოფი: პირველად - ღერო, შემდეგ - თავთავი, შემდეგ - სავსე ხორბალი თავთავში.

29. ხოლო როცა დამწიფდება ნაყოფი, მაშინვე გზავნის ნამგალს, რადგან დადგა მკა.

იგავი მდოგვის მარცვალზე
(მთ. 13, 31-32)

30. და ამბობდა: რას ვამსგავსოთ სასუფეველი ღვთისა? რომელი იგავი მივუსადაგოთ მას?

31. როგორც მდოგვის მარცვალი, რომელიც, როცა ითესება მიწაზე,  მცირეა ყველა თესლზე, რაც არის ქვეყანაზე,

32. და როდესაც ითესება, ამოდის და ხდება ყველა მხალზე უფრო დიდი და გამოიღებს დიდ რტოებს, ისე რომ, შეეძლებათ მის ჩრდილქვეშ ცის ფრინველებს დაბუდება.

33. და მრავალი ასეთი იგავით ეუბნებოდა მათ სიტყვას, როგორც შეეძლოთ მოსმენა.

34. და იგავის გარეშე არაფერს ეუბნებოდა მათ, ხოლო თავის მოწაფეებს ცალკე განუმარტავდა ყველაფერს.

35. და უთხრა მათ იმ დღეს, როდესაც მოსაღამოვდა: გავიდეთ გაღმა.

იესოს მიერ ზღვისა და ქარის დამორჩილება
(მთ. 8,24-27; ლკ. 8,22-25)

36. და გაუშვეს ხალხი და წაიყვანეს იგი, როგორც იყო ნავში, და სხვა ნავებიც, რომლებიც იყო მასთან.

37. და იყო დიდი ქარიშხალი და ტალღები ვარდებოდა ნავში, ისე რომ, უკვე ივსებოდა ნავი.

38. და იყო თვითონ კიჩოზე და ნავის თავში ეძინა. და გააღვიძეს იგი და უთხრეს მას: მოძღვარო, არ გაწუხებს შენ, რომ ვიღუპებით?

39. და გაიღვიძა და შერისხა ქარი და უთხრა ზღვას: დადუმდი, დაწყნარდი! და დაცხრა ქარი და დადგა დიდი მყუდროება.

40. და უთხრა მათ: რატომ ხართ ასე სულმოკლენი? როგორ არა გაქვთ რწმენა?

41. და შეეშინდათ დიდი შიშით და ეუბნებოდნენ ერთმანეთს: ვინ არის ეს, რომ ქარიც და ზღვაც ემორჩილებიან მას?