წიგნი მარკოზისა

თავი 9

1. და ეუბნებოდა მათ: ამინ გეუბნებით თქვენ, რომ არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, ვიდრე არ იხილავენ ღვთის სასუფეველს, მომავალს ძალით.

იესო ქრისტეს ფერისცვალება (მთ. 17,1-13; ლკ. 9,38-42)

2. და ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე და აიყვანა ისინი მაღალ მთაზე განმარტოებით და ფერი იცვალა მათ წინაშე;

3. და მისი სამოსი გახდა ბრწყინვალე და თეთრი ძლიერ, როგორც თოვლი, ისე რომ, არ შეუძლია ქვეყანაზე არც ერთ მათეთრებელს ასე გათეთრება.

4. და ეჩვენა მათ ელია მოსესთან ერთად და იყვნენ იესოსთან და საუბრობდნენ.

5. და მიუგო პეტრემ და უთხრა იესოს: რაბი, კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა, გავაკეთოთ სამი კარავი: შენთვის - ერთი, მოსესთვის - ერთი და ელიასთვის - ერთი, -

6. რადგან არ იცოდა, რა ეთქვა, რადგან შეშინებული იყვნენ.

7. და იყო ღრუბელი და დაჩრდილა ისინი და ხმა იყო ღრუბლიდან: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, მაგისი ისმინეთ.

8. და მყისვე მიმოიხედეს და ვერავინ დაინახეს, არამედ მხოლოდ იესო იყო მათთან.

9. და როდესაც ჩამოდიოდნენ ისინი მთიდან, უბრძანა მათ, რომ არავის უთხრან, რაც იხილეს, ვიდრე ძე კაცისა მკვდრეთით არ აღდგება.

10. და ეს სიტყვა დაიმარხეს თავის თავში და კამათობდნენ: რა არის ვიდრე მკვდრეთით არ აღდგება?

11. და ეკითხებოდნენ მას და ეუბნებოდნენ: როგორ ამბობენ მწიგნობრები, რომ ელიას მართებს პირველად მოსვლა? (მალ. 3,24)

12. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: ელია მოვა პირველად და აღადგენს ყოველივეს; და როგორ წერია ძე კაცისაზე, რომ ფრიად ივნება და შეურაცხყოფილი იქნება?

13. არამედ გეუბნებით თქვენ, რომ ელიაც მოვიდა, და გაუკეთეს მას, რაც უნდოდათ, როგორც წერია მასზე.

14. და მივიდა თავის მოწაფეებთან და ნახა მრავალი ხალხი მათ გარშემო და მწიგნობრები კამათობდნენ მათთან.

15. და მაშინვე მთელმა ხალხმა დაინახა იგი და გაოცდა; და მირბოდნენ და ესალმებოდნენ მას.

16. და ჰკითხა მწიგნობრებს: რას ეკამათებოდით მათ?

უტყვი სულით შეპყრობილის (მთვარეულის) განკურნება
(მთ. 17,14-21; ლკ. 9,38-42)

17. და მიუგო მას ერთმა იმ ხალხიდან და უთხრა: მოძღვარო, მოვიყვანე შენთან ჩემი ძე, რომელიც არის უტყვი სულით შეპყრობილი;

18. და სადაც მას შეიპყრობს, დასცემს; და დუჟი გადმოსდის და აღრჭენს კბილებს და შეშდება; და ვუთხარი შენს მოწაფეებს, რომ იგი განედევნათ, და ვერ შეძლეს.

19. და მიუგო მათ და უთხრა: ო, მოდგმავ ურწმუნო, როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე გიტვირთავთ თქვენ? მოიყვანეთ იგი ჩემთან.

20. და მიიყვანეს იგი მასთან. და როცა იხილა იგი არაწმინდა სულმა, მყისვე შეარყია იგი, და დავარდა მიწაზე, გორავდა და დუჟი გადმოსდიოდა.

21. და ჰკითხა მის მამას: რამდენი ხანია, რაც ეს დაემართა მას? ხოლო მან უთხრა: სიყრმიდან;

22. და მრავალგზის ცეცხლშიც ჩააგდო იგი და წყალშიც, რათა დაეღუპა იგი; მაგრამ თუ რამე შეგიძლია, შეგვეწიე ჩვენ და შეგვიწყალე ჩვენ.

23. ხოლო იესომ უთხრა მას: თუ შეგიძლია, ირწმუნო, ყველაფერი შესაძლებელია მორწმუნისათვის.

24. და მყისვე შეღაღადა ყრმის მამამ და აცრემლებულმა უთხრა: მწამს, უფალო, შეეწიე ჩემს ურწმუნოებას.

25. ხოლო როცა იხილა იესომ, რომ სწრაფად იკრიბებოდა ხალხი, შერისხა არაწმიდა სული და უთხრა მას: უტყვო და ყრუ სულო, მე გიბრძანებ შენ: გამოდი მაგისგან და აღარასოდეს შეხვიდე მასში!

26. და შეყვირა და ძლიერ დასცა და გავიდა მისგან; და იყო როგორც მკვდარი, ისე რომ, ბევრი ამბობდა: მოკვდა.

27. ხოლო იესომ მოჰკიდა მას ხელი და ააყენა იგი, და ადგა.

28. და როდესაც შევიდა იგი სახლში, მისმა მოწაფეებმა განმარტოებით ჰკითხეს მას: რატომ ჩვენ ვერ შევძელით მისი განდევნა?

29. და უთხრა მათ: ამ მოდგმის გასვლა არაფრით შეიძლება, თუ არა ლოცვითა და მარხვით.

30. და იქიდან გამოვიდნენ და გამოიარეს გალილეა და არ უნდოდა, რომ ვინმეს გაეგო;

31. რადგან ასწავლიდა თავის მოწაფეებს და ეუბნებოდა მათ: ძე კაცისა გადაეცემა კაცთა ხელში და მოკლავენ მას და, როცა მოკვდება, მესამე დღეს აღდგება.

32. ხოლო მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვა და ეშინოდათ, მისთვის ეკითხათ.

ცათა სასუფეველში უპირატესობის შესახებ
(მთ. 18,1-5; ლკ. 9,46-48)

33. და მივიდა კაპერნაუმში. და როდესაც იყო სახლში, ეკითხებოდა მათ: რაზე ბჭობდით ერთმანეთში გზაში?

34. ხოლო ისინი დუმდნენ, რადგან ერთმანეთს ედავებოდნენ გზაში: ვინ არის უფრო დიდი.

35. და დაჯდა და მოუხმო თორმეტს და უთხრა მათ: თუ ვინმეს უნდა, პირველი იყოს, იყოს ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური.

36. და მოიყვანა ყრმა და დააყენა იგი მათ შორის და მოეხვია მას და უთხრა მათ:

37. ვინც ერთ ასეთ ყრმას შეიწყნარებს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს; და ვინც მე შემიწყნარებს, შემიწყნარებს არა მე, არამედ მომავლინებელს ჩემსას.

სამართლის და ცდუნების საზღაური (მთ. 18,6-11; ლკ. 9,49-50)

38. მიუგო მას იოანემ და უთხრა: მოძღვარო, ვნახეთ ვიღაც, ვინც შენი სახელით დევნიდა ეშმაკებს და ჩვენ არ მოგვყვება; და ვუშლიდით მას, რადგან არ მოგვყვება ჩვენ.

39. ხოლო იესომ უთხრა: ნუ დაუშლით მას, რადგან არავინ არის, ვინც მოახდენს სასწაულს ჩემი სახელით და შეძლებს ცუდი თქვას ჩემზე;

40. რადგან, ვინც არ არის ჩვენ წინააღმდეგ, ის ჩვენსკენ არის.

41. ვინც გასმევთ თქვენ სასმის წყალს ჩემი სახელით - რადგან ქრისტესნი ხართ - ამინ გეუბნებით თქვენ, არ დაეკარგება თავისი საზღაური.

42. ხოლო ვინც დააბრკოლებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც სწამს ჩემი, უმჯობესია მისთვის, რომ მოიბას წისქვილის დოლაბი თავის ქედზე და ჩავარდეს ზღვაში.

43. და თუ გაცდუნებს შენ ხელი შენი, მოიკვეთე იგი; უმჯობესია შენთვის, ხეიბარი შეხვიდე საუკუნო ცხოვრებაში, ვიდრე ორი ხელი გქონდეს და შეხვიდე გეენიაში, უშრეტ ცეცხლში,

44. სადაც მათი მატლი არ ილევა და ცეცხლი არ იშრიტება. (ეს. 66,24)

45. და თუ ფეხი შენი გაცდუნებს შენ, მოიკვეთე იგი; უმჯობესია შენთვის, შეხვიდე საუკუნო ცხოვრებაში კოჭლი, ვიდრე ორი ფეხი გქონდეს და ჩავარდე გეენაში, უშრეტ ცეცხლში,

46. სადაც მათი მატლი არ ილევა და ცეცხლი არ იშრიტება.

47. და თუ თვალი შენი გაცდუნებს შენ, ამოიგდე იგი; უმჯობესია შენთვის, ერთი თვალით შეხვიდე ღვთის სასუფეველში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩავარდე ცეცხლის გეენაში,

48. სადაც მათი მატლი არ ილევა და ცეცხლი არ იშრიტება;

49. რადგან ყოველივე ცეცხლით დამარილდება და ყოველი შესაწირავი მარილით დამარილდება.

50. კარგია მარილი. ხოლო თუ მარილი უმარილო გახდება, რითღა შენელდება? არის თქვენში მარილი და მშვიდობით იყავით ერთმანეთში.

- .:. -
სამოცდაათი მოწაფის გამორჩევა და გაგზავნა საქადაგებლად და მათი დაბრუნება (ლკ. 10,1-24)
იესო კარვობის დღესასწაულზე (ინ. 7,2-52)
მრუშობისათვის დაკავებული ქალის განსჯა (ინ. 8,2-11)
იგავი მოწყალე სამარიელზე (ლკ. 10,25-37)
იესო ბეთანიაში მართასა და მარიამის სახლში (ლკ. 10,38-42)
ბრმად შობილის განკურნება (ინ. 9,1-38)
- ·:· -

 

თავი 10

1. და ადგა იქიდან და მივიდა ჰურიასტანის საზღვრებთან, იორდანის გაღმა, და კვლავ შეიკრიბა ხალხი მასთან და, როგორც ჩვეულება ჰქონდა, კვლავ ასწავლიდა მათ.

- .:. -
იგავი დაკარგულ ცხვარზე (მთ. 18,12-14; ლკ. 15,3-7)
იგავი დაკარგულ დრაქმაზე, იგავი უძღებ შვილზე (ლკ. 15,8-32)
იგავი ბატონის ქონების მფლანგველ მნეზე (ლკ. 16,1-15)
იგავი მდიდარსა და ლაზარეზე (ლკ. 16,19-31)
იგავი მოწყალე მეფეზე და უმოწყალო მონაზე (მთ. 18,23-35)
ათი კეთროვნის განკურნება (ლკ. 17,11-19)
იგავი უსამართლო მსაჯულზე, იგავი მეზვერესა და ფარისეველზე (ლკ. 18,1-14)
ლაზარეს მკვდრეთით აღდგენა (ინ. 11,1-46)
იესოს წასვლა ეფრაიმში (ინ. 11,47-54)
- ·:· -

ქმრის მიერ ცოლის გაშვების შესახებ (მთ. 19,3-11)

2. და მივიდნენ ფარისევლები და ეკითხებოდნენ მას: მართებულია, რომ კაცმა ცოლი გაუშვას? - და ცდიდნენ მას.

3. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: რა გამცნოთ თქვენ მოსემ?

4. ხოლო მათ უთხრეს: მოსემ ბრძანა განტევების წერილის დაწერა და გაშვება.

5. და მიუგო იესომ და უთხრა მათ: თქვენი გულქვაობის გამო დაგიწერათ თქვენ ეს მცნება.

6. ხოლო დასაბამიდან შექმნისა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი ღმერთმა; (დაბ. 1,27)

7. ამიტომ დატოვებს კაცი თავის მამას და დედას და შეუერთდება თავის ცოლს.

8. და იქნება ორივე ერთხორცი; ასე რომ, აღარ არიან ორნი, არამედ ერთხორცი. (დაბ. 2,24)

9. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ განაშორებს.

10. და როცა სახლში იყო, მოწაფეებმა ამის შესახებ კვლავ ჰკითხეს მას.

11. და უთხრა მათ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს და სხვას შეირთავს, მრუშობს მასთან;

12. და თუ ცოლი გაშორდება ქმარს და გაჰყვება სხვას, მრუშობს.

იესოს მიერ ბავშვების დალოცვა (მთ. 19,13-15; ლკ. 18,15-17)

13. და მიუყვანეს მას ბავშვები, რათა შეხებოდა მათ, ხოლო მოწაფეები რისხავდნენ მათ, ვისაც მოჰყავდათ.

14. როდესაც იხილა იესომ, განრისხდა და უთხრა მათ: აცადეთ ბავშვებს ჩემთან მოსვლა და ნუ აბრკოლებთ მათ, რადგან ასეთების არის სასუფეველი ღვთისა.

15. ამინ გეუბნებით თქვენ, ვინც არ შეიწყნარებს ღვთის სასუფეველს როგორც ბავშვი, ვერ შევა მასში.

16. და მოეხვია მათ, დაადო ხელი და აკურთხა ისინი.

საუკუნო ცხოვრების მსურველი მდიდარი ჭაბუკი (მთ. 19,16-26; ლკ. 18,18-30)

17. და როცა გამოვიდა გზაზე, მიირბინა ვიღაც მდიდარმა, მუხლი მოუყარა მას და ჰკითხა მას: მოძღვარო სახიერო, რა გავაკეთო, რომ საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდრო?

18. ხოლო იესომ უთხრა მას: რად მეძახი მე სახიერს? არავინ არის სახიერი, არამედ მხოლოდ ღმერთი.

19. მცნებები იცი: არ მოკლა, არ იმრუშო, არ მოიპარო, ცილი არ დასწამო, არ დაჩაგრო, პატივი ეცი შენს მამას და შენს დედას. (გამ. 12,17)

20. ხოლო მან მიუგო და უთხრა მას: მოძღვარო, ამ ყველაფერს ვიცავდი ჩემი სიჭაბუკიდან.

21. ხოლო იესომ შეხედა და შეუყვარდა იგი და უთხრა მას: ერთიღა გაკლია შენ; წადი, რაც გაქვს, გაყიდე და მიეცი გლაკახებს და გექნება საუნჯე ცაში; და მოდი და გამომყევი მე და აიღე შენი ჯვარი.

22. ხოლო იგი დაღონდა ამ სიტყვის გამო და წავიდა დამწუხრებული, რადგან დიდი ქონება ჰქონდა.

23. და მიმოიხედა იესომ და უთხრა თავის მოწაფეებს: როგორი ძნელია მათთვის, ვისაც სიმდიდრე აქვს, ღვთის სასუფეველში შესვლა!

24. ხოლო მოწაფეები გაოცდნენ მის სიტყვებზე და იესომ კვლავ მიუგო და უთხრა მათ: შვილებო, როგორი ძნელია მათთვის, ვინც სიმდიდრეს არის მინდობილი, ღვთის სასუფეველში შესვლა!

25. უფრო ადვილია, აქლემი ნემსის ყუნწში გავიდეს, ვიდრე მდიდარი ღვთის სასუფეველში შევიდეს.

26. ხოლო ისინი უფრო მეტად განცვიფრდნენ და ეუბნებოდნენ ერთმანეთს: და ვის შეუძლია ცხონება?

27. შეხედა მათ იესომ და უთხრა: კაცთათვის შეუძლებელია, მაგრამ არა ღვთისათვის, რადგან ყოველივე შესაძლებელია ღვთისათვის.

28. დაიწყო პეტრემ საუბარი მასთან: აჰა, ჩვენ დავტოვეთ ყველაფერი და გამოგყევით შენ.

29. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ამინ გეუბნებით თქვენ, არავინ არის, ვინც დატოვა სახლი ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან მამულები ჩემთვის და სახარებისთვის,

30. რომ არ მიიღოს ასწილად ახლა, ამ დროს, სახლი და ძმები და დები და მამა და დედა და შვილები და მამულები დევნის შემდეგ, და მომავალ საუკუნეში - ცხოვრება საუკუნო.

31. ხოლო მრავალი პირველი იქნება უკანასკნელი და უკანასკნელი - პირველი.

- .:. -
იგავი ვენახის მუშაკებზე და მათს საზღაურზე (მთ. 20,1-16)
- ·:· -

იესოს მიერ წინასწარი უწყება თავის სიკვდილზე და ცათა სასუფეველში უპირატესობის შესახებ (მთ. 17-28; ლკ. 18,31-34)

32. და როცა იყვნენ გზაში და ადიოდნენ იერუსალიმში, წინ უძღოდა მათ იესო, და გაოცებულნი იყვნენ; ხოლო ვინც მიჰყვებოდა, ეშინოდა. და წამოუყვანა კვლავ თორმეტნი და დაუწყო მათ საუბარი იმაზე, რაც მას უნდა შემთხვეოდა:

33. აჰა, ავდივართ იერუსალიმში და ძე კაცისა გადაეცემა მღვდელმთავრებს და მწიგნობრებს და მიუსჯიან მას სიკვდილს და გადასცემენ მას წარმართებს;

34. და დასცინებენ მას და გვემენ მას და აფურთხებენ მას და მოკლავენ და მესამე დღეს აღდგება.

35. და მივიდნენ მასთან იაკობი და იოანე, ზებედეს ძეები, და უთხრეს მას: მოძღვარო, გვინდა, რომ, რასაც გთხოვთ, გაგვიკეთო ჩვენ.

36. ხოლო მან მიუგო მათ: რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ თქვენ?

37. ხოლო მათ უთხრეს მას: მოგვეცი ჩვენ, რომ ერთი შენ მარჯვნივ და ერთი შენ მარცხნივ დავსხდეთ შენს დიდებაში.

38. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ, შესვათ სასმისი, რომელსაც მე ვსვამ ან ნათელიღოთ ნათლისღებით, რომლითაც მე ნათელვიღებ?

39. ხოლო მათ უთხრეს მას: შეგვიძლია. ხოლო იესომ უთხრა მათ: სასმისს, რომელსაც მე ვსვამ, შესვამთ და ნათლისღებით, რომლითაც მე ნათელვიღებ, ნათელიღებთ,

40. ხოლო დაჯდომა ჩემ მარჯვნივ ან მარცხნივ არ არის ჩემი მისაცემი, არამედ ვისთვისაც გამზადებულია.

41. და როცა გაიგონა იმ ათმა, დაიწყო შერისხვა იაკობისა და იოანესი.

42. ხოლო იესომ მოუხმო და უთხრა მათ: იცით, ვიზეც ფიქრობენ, რომ მთავარია წარმართთა, ბატონობს მათზე და მათი დიდებულები ხელმწიფობენ მათზე.

43. ხოლო ასე ნუ იქნება თქვენ შორის, არამედ, ვისაც უნდა დიდი იყოს თქვენ შორის, იყოს თქვენი მსახური,

44. და ვისაც უნდა, თქვენ შორის იყოს პირველი, იყოს ყველას მონა;

45. რადგან ძე კაცისა არ მოვიდა, რომ ემსახურონ, არამედ ემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად.

ბრმა ბარტიმეოსის განკურნება იერიქოში (მთ. 20,29-34; ლკ. 18,35-43)

46. და მივიდნენ იერიქოში. და როცა გამოდიოდა იგი თავის მოწაფეებთან ერთად იერიქოდან და დიდძალი ხალხი მათთან ერთად, ძე ტიმესი, ბარტიმეოსი, ბრმა, იჯდა გზის პირას სამათხოვროდ.

47. და როცა გაიგონა, რომ იესო ნაზარეველია, დაიწყო ღაღადება და ამბობდა: იესო, ძეო დავითისაო, შემიწყალე მე.

48. და რისხავდა მას ბევრი, რათა დადუმებულიყო; ხოლო ის უფრო მეტად ღაღადებდა: ძეო დავითისაო, შემიწყალე მე.

49. და შეჩერდა იესო და თქვა: მოუმხეთ მას. და მოუხმეს ბრმას და უთხრეს მას: გამხნევდი, ადექი, გიხმობს შენ.

50. ხოლო მან დააგდო თავისი სამოსი, ადგა და მივიდა იესოსთან.

51. და მიუგო მას იესომ და უთხრა: რა გინდა, რომ გაგიკეთო შენ? ხოლო ბრმამ უთხრა მას: რაბუნი, რომ ამეხილოს თვალები.

52. და იესომ უთხრა მას: წადი, შენმა რწმენამ გიხსნა შენ. და მაშინვე აეხილა და გაჰყვა მას გზაზე.

- .:. -
იგავი ათ მნეზე (ლკ. 19,11-28)
ზაქეს მოქცევა (ლკ. 19,1-10)
იესო ბეთანიაში, ლაზარეს სახლში და მარიამის მიერ ნელსაცხებლის ცხება (მთ. 26,6-13; ლკ. 14,3-9; ინ. 19,2-11)
- ·:· -

 

თავი 11

იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში
(მთ. 21,1-11; ლკ. 19,28-44; ინ. 12,12-19)

1. და როდესაც მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ბეთბაგეს და ბეთანიას ზეთისხილის მთასთან, გაგზავნა თავისი ორი მოწაფე

2. და უთხრა მათ: წადით დაბაში, რომელიც არის თქვენ პირდაპირ და, როგორც კი შეხვალთ მასში, იპოვით დაბმულ კვიცს, რომელზეც კაცთაგან არავინ მჯდარა; ახსენით იგი და მომიყვანეთ.

3. და თუ ვინმე გეტყვით თქვენ: რას აკეთებთ ამას? უთხარით: უფალს სჭირდება. - და მაშინვე გამოგზავნის მას აქ.

4. და წავიდნენ და იპოვეს კვიცი, დაბმული კართან, გარეთ, ქუჩაში და ახსნეს იგი.

5. და ზოგიერთები, იქ მდგომთაგან, ეუბნებოდნენ მათ: რას აკეთებთ, რატომ ხსნით კვიცს?

6. ხოლო მათ უთხრეს, როგორც უბრძანა იესომ, და გაუშვეს ისინი.

7. და მიიყვანეს კვიცი იესოსთან და დადეს მასზე თავისი სამოსი და დაჯდა მასზე.

8. და ბევრი თავის სამოსს უფენდა გზაზე, ხოლო სხვები ჭრიდნენ რტოებს ხეებიდან და უფენდნენ გზაზე.

9. და ვინც წინ უძღოდა და ვინც უკან მიჰყვებოდა, ღაღადებდა და ამბობდა: ოსანა, კურთხეულია მომავალი უფლის სახელით! (ფს. 118,25)

10. კურთხეულია ჩვენი მამის, დავითის, უფლის სახელით მომავალი მეუფება; ოსანა მაღალთა შინა! (ფს. 148,1; იობ. 16,19)

11. და შევიდა იესო იერუსალიმში, ტაძარში, და გადახედა ყველაფერს. უკვე საღამო ხანი იყო და გავიდა ბეთანიაში თორმეტთან ერთად.

უნაყოფო ლეღვის ხის გახმობა (მთ. 21,18-22)
იესოს მიერ ვაჭრების ტაძრიდან განდევნა (მთ. 21,12-17; ლკ. 20, 45-47)

12. და მომდევნო დღეს, როცა გამოდიოდნენ ისინი ბეთანიიდან, მოშივდა.

13. და დაინახა შორიდან ლეღვის ხე, რომელსაც ჰქონდა ფოთლები. მივიდა, რომ იქნებ რამე ეპოვა მასზე და, როცა მივიდა მასთან, ვერაფერი იპოვა, გარდა ფოთლებისა, რადგან არ იყო ლეღვის დრო;

14. და უთხრა მას და თქვა: ნუღარავინ შეჭამს უკუნისამდე შენგან ნაყოფს. და ესმოდათ მის მოწაფეებს.

15. და მივიდნენ იერუსალიმში. და შევიდა იესო ტაძარში და დაიწყო გამოყრა, ვინც ყიდდა და ყიდულობდა ტაძარში; და მეკერმეთა მაგიდები და მტრედის გამყიდველთა დასასხდომლები დაამხო;

16. და არ უშვებდა, რომ ვინმეს გამოეტარებინა ნივთი ტაძრის გავლით.

17. და ასწავლიდან და ეუბნებოდა მათ: არ წერია, რომ ჩემს სახლს სალოცავი სახლი ეწოდოს ყველა წარმართის მიერ? ხოლო თქვენ გიქცევიათ იგი ავაზაკთა გამოქვაბულად. (ეს. 56,7; იერ. 7,11)

18. და ესმოდათ მღვდელმთავრებს და მწიგნობრებს და ეძებდნენ, როგორ დაეღუპათ იგი; და ეშინოდათ მისი, რადგან მთელი ხალხი განცვიფრებული იყო მისი მოძღვრებით.

19. და როცა მოსაღამოვდა, გავიდა ქალაქგარეთ.

20. და როდესაც ჩაიარეს, განთიადისას, ნახეს ლეღვის ხე, გამხმარი ძირიდან.

21. და გაახსენდა პეტრეს და უთხრა მას: რაბი, აჰა, ლეღვის ხე, რომელიც დაწყევლე, გახმა.

22. და მიუგო იესომ და უთხრა მათ:

23. თუ გაქვთ რწმენა ღვთისა, ამინ გეუბნებით თქვენ, რომ, ვინც ეტყვის ამ მთას: აღმოიფხვერი და ჩავარდი ზღვაში, - და არ დაეჭვდება თავის გულში, არამედ ირწმუნებს, რომ, რასაც ამბობს, მოხდება, იქნება ისე.

24. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყველაფერს, რასაც ლოცვისას ითხოვთ, გწამდეთ, რომ მიიღებთ, და იქნება თქვენთვის.

25. და როდესაც დგეხართ და ლოცულობთ, მიუტევეთ, თუ გაქვთ რამე ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა ზეციერმა მამამაც მოგიტეოთ თქვენ თქვენი შეცოდებები.

26. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ, არც მამა თქვენი ზეციერი მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.

იესო ქრისტეს მიერ მღვდელმთავართა და უხუცესთა მხილება (მთ. 21,23-27; ლკ. 20,1-8)

27. და მივიდნენ კვლავ იერუსალიმში. და როდესცა დადიოდა იგი ტაძარში, მივიდნენ მასთან მღვდელმთავრები და მწიგნობრები და უხუცესები

28. და ეუბნებოდნენ მას: რომელი ძალაუფლებით აკეთებ ამას? ან ვინ მოგცა შენ ეს ძალაუფლება, რომ ამას აკეთებ?

29. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მათ: გკითხავთ მეც თქვენ ერთ სიტყვას და მიპასუხეთ მე და გეტყვით თქვენ, რომელი ძალაუფლებით ვაკეთებ ამას:

30. ნათლისცემა იოანესი ზეციდან იყო თუ კაცთაგან? მიპასუხეთ მე.

31. ხოლო ისინი ბჭობდნენ თავისთვის და ამბობდნენ: თუ ვიტყვით: ზეციდან, გვეტყვის: რატომ არ ირწმუნეთ მისი?

32. მაგრამ თუ ვიტყვით: კაცთაგან, გვეშინია ხალხისა, რადგან ყველამ იცის, რომ იოანე ჭეშმარიტად წინასწარმეტყველი იყო.

33. და მიუგეს და უთხრეს იესოს: არ ვიცით. და მიუგო იესომ და უთხრა მათ: არც მე გეტყვით თქვენ, რომელი ძალაუფლებით ვაკეთებ ამას.

- .:. -
იგავი ორ შვილზე (მთ. 21,28-32)
- ·:· -

 

თავი 12

იგავი ბოროტ მევენახეებზე (მთ. 21,33-46; ლკ. 20,9-19)

1. და დაიწყო მათთან იგავებით ლაპარაკი: ერთმა კაცმა გააშენა ვენახი და შემოავლო ღობე, ამოთხარა საწნახელი და ააშენა გოდოლი და გადასცა იგი მოწათმოქმედებს და წავიდა.

2. და დრო რომ მოვიდა, გაგზავნა მიწათმოქმედებთან მონა, რათა მიწათმოქმედთაგან მიეღო ვენახის ნაყოფი.

3. ხოლო მათ შეიპყრეს იგი, სცემეს და გაუშვეს ცარიელი.

4. და კვლავ გაგზავნა მათთან სხვა მონა; და მასაც ქვით გაუტეხეს თავი და გაუშვეს შეურაცხყოფილი.

5. და სხვა გაგზავნა და ისიც მოკლეს; და ბევრ სხვასაც - ზოგს სცემდნენ, ხოლო ზოგს კლავდნენ.

6. ერთი ძე ჰყავდა, საყვარელი; ბოლოს გაგზავნა იგიც მათთან და თქვა: მოერიდებათ ჩემი ძისა.

7. ხოლო იმ მიწათმოქმედებმა უთხრეს ერთმანეთს: ეს არის მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ იგი და ჩვენი იქნება მემკვიდრეობა.

8. და შეიპყრეს და მოკლეს იგი და გადააგდეს იგი ვენახის გარეთ.

9. ახლა რას იზამს ვენახის პატრონი? მივა და ამოწყვეტს მიწათმოქმედებს და მისცემს ვენახს სხვებს.

10. არც ეს დაწერილი ამოგიკითხავთ: ლოდი, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, იგი იქცა თავკიდურად;

11. უფლის მიერ იყო ეს და საკვირველია ჩვენს თვალში? (ფს. 117,22-23)

12. და ცდილობდნენ მის შეპყრობას და ეშინოდათ ხალხისა, რადგან იცოდნენ, რომ მათთვის თქვა იგავი. და დატოვეს იგი და წავიდნენ.

- .:. -
იგავი მეფის ძის ქორწილზე (მთ. 22,1-14; ლკ. 14,16-24)
- ·:· -

ფარისეველთა მზაკვრული შეკითხვა კეისრისათვის ხარკის მიცემის შესახებ (მთ. 22,15-22; ლკ. 20,20-26)

13. და გაგზავნეს მასთან ზოგიერთი ფარისეველთაგან და ჰეროდიანთაგან, რათა დაეჭირათ იგი სიტყვაში.

14. ხოლო ისინი მივიდნენ და უთხრეს მას: მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი ხარ და არ პირმოთნეობ შენ არავისთან; რადგან არ უყურებ კაცის სახეს, არამედ ჭეშმარიტად ღვთის გზას ასწავლი. მართებულია ხარკის მიცემა კეისრისთვის თუ არა? მივცეთ თუ არ მივცეთ?

15. ხოლო მან იცოდა მათი თვალთმაქცობა და უთხრა მათ: რად მცდით მე? მომიტანეთ მე დინარი, რომ ვნახო.

16. ხოლო მათ მიუტანეს. და უთხრა მათ: ვისია ეს გამოსახულება და წარწერა? ხოლო მათ უთხრეს მას: კეისრისა.

17. და მიუგო იესომ და უთხრა მათ: კეისრისა მიეცით კეისარს და ღვთისა - ღმერთს. და უკვირდათ მისგან.

სადუკეველთა შეკითხვა მკვდრეთით აღდგომის შესახებ (მთ. 22,23-33; ლკ. 20,27-38)

18. და მივიდნენ მასთან სადუკევლები, რომლებიც ამბობდნენ: აღდგომა არ არის, - და ეკითხებოდნენ მას და ეუბნებოდნენ:

19. მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა ჩვენ: თუ ვინმეს ძმა მოუკვდება და დარჩება ცოლი და შვილი არ დარჩება, მოიყვანოს მისმა ძმამ მისი ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის ძმას. (2სჯ. 25,5)

20. შვიდი ძმა იყო; და პირველმა მოიყვანა ცოლი და მოკვდა და არ დატოვა თესლი;

21. და მეორემ მოიყვანა იგი და მოკვდა და არც მან დატოვა თესლი; და მესამემაც - ასევე;

22. და მოიყვანა იგი შვიდივემ და არ დატოვეს თესლი. ყველაზე ბოლოს მოკვდა დედაკაციც.

23. აღდგომისას, როცა აღდგებიან, რომელი მათგანის ცოლი იქნება, რადგან შვიდივეს ჰყავდა იგი ცოლად?

24. და მიუგო იესომ და უთხრა მათ: განა იმიტომ არ ცდებით, რომ არ იცით წერილი, არც ძალა ღვთისა?

25. რადგან, როცა მკვდრეთით აღდგებიან, არც ქორწინდებიან, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში.

26. ხოლო იმის შესახებ, რომ მკვდრები აღდგებიან, არ ამოგიკითხავთ მოსეს წიგნში, მაყვლოვანთან როგორ უთხრა მას ღმერთმა და თქვა: მე ვარ ღმერთი აბრაამისა და ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა? (გამ. 3,6)

27. არ არის ღმერთი მკვდართა, არამედ ცოცხალთა; ხოლო თქვენ ძლიერ ცდებით.

მწიგნობრების შეკითხვა პირველი მცნების შესახებ (მთ. 22,34-40)

28. და მივიდა მასთან ერთი მწიგნობართაგანი, რომელსაც ესმოდა მათი კამათი. როცა ნახა, რომ კარგად უპასუხა მათ, ჰკითხა მას: რომელია ყველაზე პირველი მცნება?

29. ხოლო იესომ მიუგო მას: ყველაზე პირველი მცნება არის: ისმინე, ისრაელო, უფალი ღმერთი თქვენი უფალი ერთია;

30. და შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით. ეს არის პირველი მცნება (2სჯ. 6,5)

31. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. ამაზე დიდი სხვა მცნება არ არის. (ლევ. 19,18)

32. და უთხრა მას მწიგნობარმა: კეთილი, მოძღვარო, ჭეშმარიტად თქვი, რომ ერთია ღმერთი და არ არის სხვა მის გარდა; (ეს. 45,21)

33. და რომ გიყვარდეს იგი მთელი გულით და მთელი გონებით და მთელი სულით და მთელი ძალით; და რომ გიყვარდეს მოყვასი, როგორც თავი შენი, მეტია ყოველგვარ ყოვლადდასაწველზე და შესაწირავზე.

34. და ნახა იესომ, რომ გონივრულად მიუგო და უთხრა მას: არა ხარ შორს ღვთის სასუფევლისაგან. და ვერავინ ვეღარ იკადრა, ეკითხა მისთვის.

იესოს შეკითხვა ქრისტეს ძეობის შესახებ (მთ. 22,41-46; ლკ. 20,41-44)

35. და მიუგო იესომ და უთხრა, როცა ასწავლიდა ტაძარში: როგორ ამბობენ მწიგნობრები: ქრისტე ძე არის დავითისა?

36. რადგან თვითონ დავითმა თქვა სულიწმიდით: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემ მარჯვნივ, ვიდრე დავცემ შენს მტრებს შენ ფეხქვეშ. (ფს. 109,1)

37. თვით დავითი ეძახის მას უფალს და როგორ არის მისი ძე? და ბევრი ხალხი უსმენდა მას სიამოვნებით.

იესოს მიერ ფარისეველთა და მწიგნობართა უკანასკნელი მხილება (მთ. 23,1-39; ლკ. 20,45-47)

38. და ეუბნებოდა მათ თავისი სწავლებისას: უფრთხილდით მწიგნობრებს, რომლებსაც სურთ შესამოსლებით სიარული და მისალმება მოედნებზე

39. და წინ დასხდომა შესაკრებლებში და ინახით სხდომა ნადიმებზე.

40. ვინც ჭამს ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად ხანგრძლივად ლოცულობს, ის მიიღებს უმეტეს სასჯელს.

ქვრივის ორი ლეპტა (ლკ. 21,1-4)

41. და დაჯდა იესო განძის საცავის წინ და უყურებდა, როგორ დებდა ხალხი რვალს განძის საცავში. და მრავალმა მდიდარმა დადო ბევრი.

42. და მოვიდა ერთი გლახაკი ქვრივი და დადო ორი ლეპტა, რომელიც არის კოდრანტი.

43. და მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა მათ: ამინ გეუბნებით თქვენ, რომ ამ გლახაკმა ქვრივმა ყველაზე მეტი დადო განძის საცავში;

44. რადგან ყველამ თავისი მომეტებულიდან დადო, ხოლო ამან თავისი ნაკლულევანებიდან ყველაფერი, რაც ჰქონდა, დადო - მთელი თავისი საცხოვრებელი.