წიგნი მათესი

თავი 1

გენეალოგია
(ლკ. 3,23-38.)

1. წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა.

2. აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;

3. ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან; ფარეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი;

4. არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი;

5. სალმონმა შვა ბოოსი რექაბისგან; ბოოსმა შვა იობედი რუთისგან; იობედმა შვა იესე; იესემ შვა დავით მეფე;

6. დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან;

7. სოლომონმა შვა რობოამი; რობოამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა;

8. ასამ შვა იოსაფატი; იოსაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ოზია;

9. ოზიამ შვა იოათამი; იოათამმა შვა ამონი; ამონმა შვა ეზეკია;

10. ეზეკიამ შვა მანასე; მანასემ შვა ამონი; ამონმა შვა იოსია;

11. იოსიამ შვა იექონია და მისი ძმები ბაბილონის ტყვეობაში;

12. ხოლო ბაბილონის ტყვეობის შემდეგ იექონიამ შვა სალათიელი; სალათიელმა შვა ზორობაბელი;

13. ზორობაბელმა შვა აბიუდი; აბიუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი;

14. აზორმა შვა სადოკი; სადოკმა შვა აქიმი; აქიმმა შვა ელიუდი;

15. ელიუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათტანი; მატთანმა შვა იაკობი;

16. ხოლო იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, ვისგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.

17. ყველა თაობა აბრაამიდან დავითამდე - თაობა თოთხმეტი, და დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდე - თაობა თოთხმეტი, და ბაბილონის ტყვეობიდან ქრისტემდე - თაობა თოთხმეტი.

- .:. -
ხარება ზაქარიასი, იოანე ნათლისმცემლის მამისა (ლკ. 1,5-23.)
ხარება ყრმა მარიამისა (ლკ. 1,26-38.)
შობა იოანე ნათლისმცემლისა (ლკ. 1,57-80)
- .:. -

ხარება იოსებისა

18. ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე იყო: დაწინდული იყო დედა მისი, მარიამი, იოსებზე, და მათ შეუღლებამდე აღმოჩნდა იგი მუცლადღებული სულიწმიდისგან.

19. ხოლო იოსები, ქმარი მისი, მართალი იყო და არ უნდოდა მისი გამხელა, განიზრახა ფარულად გაშვება მისი.

20. და როდესაც ამას ფიქრობდა, აჰა, ანგელოზი უფლისა ჩვენებით გამოეცხადა მას და უთხრა: იოსებ, ძეო დავითისაო, ნუ შიშობ, მოიყვანო მარიამი, ცოლი შენი, რადგან მასში დაბადებული სულიწმიდისგან არის.

21. შობს ძეს და უწოდე სახელი მისი იესო, რადგან ის იხსნის თავის ერს მისი ცოდვებისგან.

22. ხოლო ეს ყოველივე მოხდა, რათა აღსრულდეს ნათქვამი უფლისა წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:

23. აჰა, ქალწული მუცლად იღებს და შობს ძეს, და უწოდებენ მის სახელს, ემანუელს, რაც ითარგმნება: ჩვენთან არს ღმერთი. (ეს. 7,14)

24. და გამოიღვიძა იოსებმა ძილისგან და მოიქცა ისე, როგორც უბრძანა მას უფლის ანგელოზმა, და მიიღო თავისი ცოლი.

25. და არ იცოდა იგი, ვიდრე შვა ძე თავისი, პირმშო, და უწოდა სახელი მისი იესო.

 

თავი 2

- .:. -
შობა იესო ქრისტესი (ლკ. 2,1-7)
თაყვანისცემა მწყემსებისგან (ლკ. 2,8-20)
წინადაცვეთა და მირქმა იესო ქრისტესი (ლკ. 2,21-38)
- .:. -

თაყვანისცემა მოგვებისგან

1. ხოლო იესოს შობისას ჰურიასტანის ბეთლემში, ჰეროდე მეფის დროს, აჰა, მოგვები აღმოსავლეთიდან მოვიდნენ იერუსალიმში და თქვეს:

2. სად არის ახლადშობილი მეუფე ჰურიათა? რადგან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რომ თაყვანი ვცეთ მას.

3. ეს რომ გაიგო ჰეროდე მეფემ, შეძრწუნდა და მთელი იერუსალიმი მასთან ერთად.

4. და შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ერის მწიგნობარი და გამოიკითხა მათგან, სად უნდა შობილიყო ქრისტე.

5. ხოლო მათ უთხრეს: ჰურიასტანის ბეთლემში, რადგან ასეა დაწერილი წინასწარმეტყველის მიერ:

6. და შენ, ბეთლემ, იუდას ქვეყანავ, არაფრით ხარ უმცირესი იუდას მთავართა შორის, რადგან შენგან გამოვა წინამძღვარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ერს, ისრაელს. (მიქ. 5,2)

7. მაშინ ჰეროდემ ფარულად მოუხმო მოგვებს და გამოჰკითხა მათ დრო ვარსკვლავის გამოჩენისა.

8. და გაგზავნა ისინი ბეთლემში და უთხრა: მიდით და ზედმიწევნით გამოიკითხეთ ყრმის შესახებ, და როცა იპოვით, მაცნობეთ მე, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას.

9. ხოლო ისინი, როდესაც მოუსმინეს მეფეს, წავიდნენ. და აჰა, ვარსკვლავი, რომელიც იხილეს აღმოსავლეთში, წინ უძღოდა მათ, ვიდრე მივიდა და დაადგა იმ ადგილს, სადაც იყო ყრმა.

10. ხოლო მათ, როდესაც იხილეს ვარსკვლავი, ფრიად გახარეს დიდი სიხარულით.

11. და როდესაც შევიდნენ სახლში, იხილეს ყრმა მარიამთან, მის დედასთან; დავარდნენ და თაყვანის სცეს მას; და გახსნეს თავისი საგანძურები და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.

12. და მიიღეს ბრძანება ჩვენებით, რომ არ მიბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, და სხვა გზით წავიდნენ თავის ქვეყანაში.

ლტოლვა ეგვიპტეში

13. ხოლო როდესაც გაშორდნენ ისინი, აჰა, ანგელოზი უფლისა გამოეცხადა ჩვენებით იოსებს და უთხრა: ადექი და წაიყვანე ყრმა და დედა მისი და გაიქეცი ეგვიპტეში, და იყავი იქ, ვიდრე გეტყვი შენ, რადგან სურს ჰეროდეს მოძებნა ყრმისა და დაღუპვა მისი.

14. ხოლო იგი ადგა და წაიყვანა ყრმა და დედა მისი ღამით და წავიდა ეგვიპტეში.

15. და იყო იქ ჰეროდეს აღსასრულამდე, რათა აღსრულდეს ნათქვამი უფლისა წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: ეგვიპტიდან მოვუწოდე ჩემს ძეს. (ოს. 2,1)

ჩვილთა ამოწყვეტა ბეთლემში

16. მაშინ ჰეროდემ ნახა, რომ შერცხვენილი აღმოჩნდა მოგვებისგან, განრისხდა ძლიერ, გაგზავნა და ამოწყვიტა ყველა ყრმა ბეთლემსა და მთელს მის საზღვრებში, ორი წლისა და უმცროსი, იმ დროის მიხედვით, როგორც გამოკითხა მოგვებისგან.

17. მაშინ აღსრულდა ნათქვამი იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:

18. ხმა გაისმა რამაში, გოდება, ტირილი და გლოვა დიდი; რაქილი დასტირის თავის შვილებს და არ უნდა ნუგეშისცემა, რადგან აღარ არიან. (იერ. 31,15.)

დაბრუნება ეგვიპტიდან

19. ხოლო როდესაც აღესრულა ჰეროდე, აჰა, ანგელოზი უფლისა ჩვენებით გამოეცხადა იოსებს ეგვიპტეში

20. და უთხრა: ადექი და წაიყვანე ყრმა და დედა მისი და წადი ისრაელის ქვეყანაში, რადგან დაიხოცნენ, რომლებიც ეძებდნენ ყრმის სულს.

21. ხოლო იგი ადგა და წაიყვანა ყრმა და დედა მისი და მივიდა ისრაელის ქვეყანაში.

22. და როდესაც გაიგო, რომ არქელაოსი მეფობდა ჰურიასტანში, თავისი მამის, ჰეროდეს, ნაცვლად, შეეშინდა იქ მისვლა, ბრძანება მიიღო ჩვენებით, გაშორდა და წავიდა გალილეის მხარეში.

23. და მივიდა და დამკვიდრდა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაზარეთი, რათა აღსრულდეს თქმული წინასწარმეტყველთა მიერ, რომ ნაზარეველი ეწოდება. (მსჯ. 13,5; ეს. 11,1-2.)

- .:. -
თორმეტი წლის იესო ტაძარში (ლკ.2, 40-52.)
- .:. -

 

თავი 3

იოანე ნათლისმცემლის ქადაგება უდაბნოში
(მკ. 1,2-8; ლკ. 3,1-18; ინ. 1,19-28.)

1. იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და ქადაგებდა ჰურიასტანის უდაბნოში

2. და ამბობდა: შეინანეთ, რადგან მოახლოებულია სასუფეველი ცათა.

3. რადგან ეს არის, რაც ითქვა ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, გაამზადეთ გზა უფლისა და გამართეთ მისი ბილიკები. (ეს. 40,3.)

4. ხოლო თავად იოანეს სამოსად ჰქონდა აქლემის ბეწვი და წელზე - ტყავის სარტყელი; და საზრდო მისი იყო კალია და ველური თაფლი.

5. მაშინ გამოდიოდა მასთან იერუსალიმი და მთელი ჰურიასტანი და იორდანის შემოგარენი.

6. და ნათელს იღებდეს იორდანეში და აღიარებდნენ თავის ცოდვებს.

7. და როდესაც იხილა მრავალი ფარისეველი და სადუკეველი, მომავალი ნათლის მისაღებად მისგან, უთხრა მათ: იქედნეთა ნაშობნო, ვინ გიჩვენათ თქვენ გაქცევა მომავალი რისხვისაგან?

8. გამოიღეთ ნაყოფი, ღირსი სინანულისა.

9. და ნუ გგონიათ, რომ ეტყვით თქვენს თავს: მამა გვყავს, აბრაამი, რადგან გეუბნებით თქვენ, რომ შეუძლია ღმერთს, ამ ქვათაგან აღუდგინოს შვილები აბრაამს;

10. რადგან ცულიც უკვე ხეების ძირთან დევს; და ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა.

11. მე ნათელს გცემთ თქვენ წყლით სინანულისთვის; ხოლო ვინც ჩემ შემდეგ მოდის, ჩემზე უძლიერესია, რომლის ხამლთა ტვირთვის ღირსიც არა ვარ; იგი თქვენ ნათელს გცემთ სულიწმიდით და ცეცხლით.

12. მისი ნიჩაბი მის ხელთ არის; განწმენდს თავის კალოს და შეკრებს ხორბალს ბეღელში, ხოლო ბზეს დაწვავს უშრეტი ცეცხლით.

ნათლისღება
(მკ. 1,9-11; ლკ. 3,21-22; ინ. 1,29-34.)

13. მაშინ მოვიდა იესო გალილეიდან იორდანეზე იოანესთან ნათლის მისაღებად მისგან.

14. ხოლო იოანე აჩერებდა მას და ეუბნებოდა: მე მმართებს შენგან ნათლის მიღება და შენ ჩემთან მოდიხარ?

15. მაგრამ იესომ მიუგო და უთხრა მას: დამითმე ახლა, რადგან ასე გვმართებს აღვასრულოთ ჩვენ ყოველი სიმართლე. მაშინ დაუთმო მას.

16. და ნათელიღო იესომ და ამოვიდა მყისვე წყლიდან; და აჰა, გაეხსნა მას ცანი, და იხილა სული ღვთისა, გადმომავალი, როგორც მტრედი, რომელიც ეშვებოდა მასზე.

17. და აჰა, ხმა იყო ცათაგან მეტყველი: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც სათნოა ჩემთვის.

 

თავი 4

იესო ქრისტეს გამოცდა უდაბნოში
(მკ. 1,12-13; ლკ. 4,1-13.)

1. მაშინ იესო აიყვანა უდაბნოში სულმა გამოსაცდელად ეშმაკისაგან.

2. და იმარხულა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე და ბოლოს მოშივდა.

3. მოვიდა მასთან გამომცდელი და უთხრა: თუ ძე ხარ ღვთისა, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცეს.

4. ხოლო მან მიუგო და უთხრა: წერია, რომ არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღვთის პირიდან. (2 შჯ. 8,3.)

5. მაშინ წაიყვანა იგი ეშმაკმა წმინდა ქალაქში და დააყენა იგი ტაძრის სახურავზე

6. და უთხრა მას: თუ ძე ხარ ღვთისა, გადაიგდე თავი ქვევით, რადგან წერია, რომ: თავის ანგელოზებს უბრძანებს შენთვის, და ხელში აგიყვანენ შენ, რომ არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი. (ფს. 90,11-12.)

7. უთხრა მას იესომ: ასევე წერია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი. (2 შჯ. 6,16.)

8. კვლავ წაიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, და უჩვენა მას ამ სოფლის ყველა სამეფო და დიდება მისი.

9. და უთხრა მას: ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დავარდები და თაყვანს მცემ მე.

10. მაშინ უთხრა მას იესომ: გამშორდი, სატანა, რადგან წერია: უფალ ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე. (2 შჯ. 6,13.)

11. მაშინ დატოვა იგი ეშმაკმა, და აჰა, ანგელოზები მივიდნენ და ემსახურებოდნენ მას.

- .:. -
იესო ქრისტეს პირველი მიმდევრები (ინ. 1,35-51.)
იესო ქრისტეს პირველი სასწაული გალილეის კანაში (ინ. 2,1-11.)
იესო ქრისტეს პირველი ასვლა იერუსალიმში; ვაჭრების გამოდევნა ტაძრიდან (ინ. 2,13-22.)
საუბარი ნიკოდიმოსთან (ინ. 3,1-21.)
- .:. -

12. ხოლო როდესაც გაიგო იესომ, რომ იოანე შეიპყრეს, გაშორდა და წავიდა გალილეაში.

- .:. -
იესო ქრისტეს საუბარი სამარიელ დედაკაცთან (ინ. 4,1-43.)
იესო ქრისტეს პირველი უარყოფა ნაზარეთში (ლკ. 4,14-30.)
- .:. -
იესო ქრისტეს დამკვიდრება კაპერნაუმში (მკ. 1,14-15.)
- .:. -

13. და დატოვა ნაზარეთი, მივიდა და დამკვიდრდა ზღვისპირა კაპერნაუმში, ზაბულონისა და ნეფთალემის საზღვრებში;

14. რათა აღსრულდეს ნათქვამი ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:

15. ქვეყანა ზაბულონისა და ქვეყანა ნეფთალემისა, გზა ზღვისა იორდანის გაღმა, გალილეა წარმართთა;

16. ერმა, რომელიც იჯდა ბნელში, იხილა ნათელი დიდი და რომლებიც ისხდნენ ბნელსა და სიკვდილის ჩრდილში, ნათელი ამოუბრწყინდა მათ. (ეს. 9,1-2.)

17. ამიერიდან დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: შეინანეთ, რადგან მოახლოებულია სასუფეველი ცათა.

პეტრეს, ანდრიას, იაკობისა და იოანეს მოწოდება
(მკ. 1,16-20.)

18. და როდესაც მიდიოდა იესო გალილეის ზღვის პირას, იხილა ორი ძმა: სიმონი, რომელსაც ეწოდა პეტრე, და ანდრია, მისი ძმა, ისროდნენ ბადეებს ზღვაში, რადგან იყვნენ მებადურები;

19. და უთხრა მათ: მოდით, შემომიდექით მე, და გაქცევთ თქვენ კაცთა მებადურებად.

20. ხოლო მათ მყისვე დატოვეს თავისი ბადეები და გაჰყვნენ მას.

21. როდესაც  იქიდან წამოვიდა, იხილა სხვა ორი ძმა: იაკობ ზებედესი და იოანე, მისი ძმა, ნავში, ზებედესთან, მათს მამასთან ერთად, რომლებიც ბადეებს ამზადებდნენ, და უხმო მათ.

22. ხოლო მათ მყისვე დატოვეს ნავი და თავისი მამა და გაჰყვნენ მას.

სასწაულები და კურნებანი გალილეაში
(ეშმაკეულის, პეტრეს სიდედრის, კეთროვნის, განრღვეულისა და სხვა მრავალთა განკურნება)
(მთ. 8,2-4; 14-18; მკ. 1,21-2,12; ლკ. 4,31-5,26; ინ. 4,46-54.)

23. და დადიოდა იესო მთელს გალილეაში, ასწავლიდა მათს შესაკრებლებში და ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყველა სენსა და ყველა უძლურებას ერში.

24. და განითქვა მისი ამბავი მთელს ასურეთში, და მოჰყავდათ მასთან ყველა ავადმყოფი, სხვადასხვა სენით და სატკივარით შეპყრობილნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი და დავდრომილნი, და განკურნა ისინი.

25. და მისდევდა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან და ჰურიასტანიდან და იორდანის გაღმიდან.

- .:. -
მათეს მოწოდება (მთ. 9,9-13; მკ. 2,13-17; ლკ. 5,27-32.)
განრღვეულის განკურნება ბეთეზდაში (ინ. 5, 2-18.)
- .:. -
 

თავი 5

ქადაგება მთაზე
(ლკ. 6,20-49.)

1. როდესაც იხილა ხალხი, ავიდა მთაზე, დაჯდა იგი და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები.

2. და გახსნა თავისი პირი, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა:

ცხრა ნეტარება
(ლკ. 6,20-23.)

3. ნეტარნი არიან გლახაკნი სულით, რადგან მათია სასუფეველი ცათა.

4. ნეტარნი არიან მგლოვიარენი გულით, რადგან იგინი ნუგეშცემულნი იქნებიან.

5. ნეტარნი არიან მშვიდნი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას.

6. ნეტარნი არიან, რომელთაც შიათ და სწყურიათ სიმართლე, რადგან ისინი გაძღებიან.

7. ნეტარნი არიან მოწყალენი, რადგან ისინი შეწყალებულნი იქნებიან.

8. ნეტარნი არიან წმინდანი გულით, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ.

9. ნეტარნი არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან ისინი ღვთის ძეებად იწოდებიან.

10. ნეტარნი არიან დევნილნი სიმართლისათვის, რადგან მათია სასუფეველი ცათა.

11. ნეტარნი ხართ თქვენ, როცა გლანძღავენ და გდევნიან და სიცრუით ამბობენ ყოველგვარ ბოროტს თქვენ მიმართ ჩემ გამო;

12. გიხაროდეთ და მხიარულნი იყავით, რადგან საზღაური თქვენი დიდია ცაში, რადგან ასევე დევნეს წინასწარმეტყველნი, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ.

მოციქულთა წოდების ღირსების შესახებ

13. თქვენ ხართ მარილი ქვეყნისა. ხოლო თუ მარილი გამტკნარდა, რითღა დამარილდება? აღარფრად გამოდგება მერე, თუ არ გადასაყრელად გარეთ და გასათელად კაცთაგან.

14. თქვენ ხართ ნათელი სოფლისა. არ შეუძლია დაფარვა ქალაქს, მთაზე გაშენებულს.

15. არც ანთებენ სანთელს და დგამენ მას საწყაოს ქვეშ, არამედ სასანთლეზე, და უნათებს იგი ყველას, ვინც სახლში არის.

16. ასე ბრწყინავდეს ნათელი თქვენი კაცთა წინაშე, რათა იხილონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ მამა თქვენი ზეცათა.

სჯულის მცნებათა უცვლელობის შესახებ

17. ნუ გგონიათ, რომ მოვედი დასარღვევად სჯულისა ან წინასწარმეტყველთა; მოვედი არა დასარღვევად, არამედ აღსასრულებლად.

18. ამინ გეუბნებით თქვენ: ვიდრე არ გადავა ცა და ქვეყანა, ერთი იოტა ან წერტილი ერთი არ გადავა სჯულისგან და წინასწარმეტყველთაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.

19. თუ ვინმე დაარღვევს ერთ ამ მცნებათაგან უმცირესს და ასე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი ეწოდება მას ცათა სასუფეველში. ხოლო ვინც შეასრულებს და ასწავლის, მას დიდი ეწოდება ცათა სასუფეველში.,

20. რადგან გეუბნებით თქვენ, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.

ძველი სჯულის მცნებათა სულიერი განმარტება

21. გსმენიათ, რომ ითქვა ძველთა მიმართ: არ მოკლა; ხოლო ვინც მოკლავს, ღირსია სასჯელისა.

22. ხოლო მე გეუბნებით თქვენ, რომ ყველა, ვინც განურისხდება თავის ძმას უმიზეზოდ, ღირსია სასჯელისა. და ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა, განსასჯელია სამსჯავროზე; და ვინც ეტყვის: უგუნურო, ღირსია გეენის ცეცხლისა.

23. ამიტომ, თუ მიგაქვს შენი ძღვენი სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენი ძმა გულძვირად არის შენზე,

24. დატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოს წინ, წადი და პირველად შეურიგდი შენს ძმას, და მაშინ მიდი და მიიტანე შენი ძღვენი.

25. იყავი კეთილმცნობელი შენი მომჩივნისა უმალ, ვიდრე ხარ გზაზე მასთან ერთად, რომ არ გადაგცეს შენ მომჩივანმა მსაჯულს და მსაჯულმა - მსახურს; და საპყრობილეში არ ჩავარდე.

26. ამინ გეუბნები შენ: ვერ გამოხვალ იქიდან, ვიდრე არ მისცემ უკანასკნელ კოდრანტს.

27. გსმენიათ, რომ ითქვა ძველთა მიმართ: არ იმრუშო;

28. ხოლო მე გეუბნებით თქვენ, რომ ყოველმა, ვინც გულისთქმით შეხედა დედაკაცს, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში.

29. თუ თვალი შენი მარჯვენა გაცდუნებს შენ, ამოიღე იგი და განაგდე შენგან, რადგან უმჯობესია შენთვის, წარწყმდეს ერთი შენი ასოთაგანი და არა მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში.

30. და თუ შენი მარჯვენა ხელი გაცდუნებს შენ, მოიკვეთე იგი და განაგდე შენგან, რადგან უმჯობესია შენთვის, წარწყმდეს ერთი შენი ასოთაგანი და არა მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში.

31. ნათქვამია: ვინც გაუშვებს თავის ცოლს, მისცეს მას განტევების წერილი;

32. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი, ვინც გაუშვებს თავის ცოლს, სიძვის მიზეზის გარეშე, ამრუშებს მას; და ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.

33. კიდევ გსმენიათ, რომ ითქვა ძველთა მიმართ: არ დაიფიცო ტყუილად, არამედ შეუსრულე უფალს შენი ფიცი.

34. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ნუ დაიფიცებთ სრულიად: ნურც ცას, რადგან ტახტია ღვთისა;

35. ნურც ქვეყანას, რადგან კვარცხლბეკია მის ფეხთა; ნურც იერუსალიმს, რადგან ქალაქია დიდი მეუფისა;

36. ნურც შენს თავს დაიფიცებ, რადგან არ შეგიძლია არც ერთი თმის გათეთრება ან გაშავება.

37. არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ჰო - ჰო და არა - არა. ხოლო ამაზე მეტი უკეთურისგან არის.

38. გსმენიათ, რომ ითქვა: თვალი თვალის წილ და კბილის კბილის წილ.

39. ხოლო მე გუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს; არამედ თუ ვინმე გაგარტყამს შენ მარჯვენა ყვრიმალში, მიუშვირე მას მეორეც.

40. და ვინც მოინდომებს შენთვის მსჯავრის დადებას და შენი პერანგის წართმევას, დაუტოვე მას სამოსიც.

41. და ვინც გაიძულებს შენ, წაჰყვე ერთ მილზე, გაჰყევი მას - ორზე;

42. ვინც გთხოვს შენ, მიეცი; და ვისაც უნდა სესხება შენგან, პირს ნუ იბრუნებ.

43. გსმენიათ, რომ ითქვა: შეიყვარე მოყვასი შენი და მოიძულე მტერი შენი.

44. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტრები; აკურთეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც მძლავრობს თქვენზე და გდევნით თქვენ;

45. რათა იყოთ თქვენ შვილები თქვენი ზეცათა მამისა; რადგან თავისი მზე ამოჰყავს ბოროტებსა და კეთილებზე და აწვიმებს მართლებსა და ცრუებზე.

46. რადგან თუ გეყვარებათ მხოლოდ თქვენი მოყვარენი, რა საზღაური გაქვთ? განა მეზვერეებიც ამას არ აკეთებენ?

47. და თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მეგობრებს, განსაკუთრებულს რას აკეთებთ? განა წარმართებიც ასე არ აკეთებენ?

48. იყავით თქვენ სრულნი, როგორც სრულია მამა თქვენი ზეცათა.

 

თავი 6

ქველმოქმედების შესახებ

1. ერიდეთ, თქვენი კეთილი საქმე არ აკეთოთ კაცთა წინაშე მათ დასანახად, თუ არა, საზღაური არ გექნებათ თქვენი ზეცათა მამისაგან.

2. ამიტომ როცა აკეთებ კეთილ საქმეს, ნუ გაახმაურებ შენ გარშემო, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ შესაკრებლებსა და უბნებში, რათა იდიდონ კაცთაგან. ამინ გეუბნებით თქვენ: იღებენ თავის საზღაურს.

3. ხოლო შენ, როცა აკეთებ კეთილ საქმეს, ნუ ეცოდინება შენს მარცხენას, რას აკეთებს შენი მარჯვენა.

4. რათა იყოს შენი კეთილი საქმე ფარული; და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულად, მოგაგებს შენ ცხადად.

ლოცვის შესახებ

5. და როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რადგან უყვართ შესაკრებლებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა კაცთა დასანახად. ამინ გეუბნებით თქვენ: იღებენ თავის საზღაურს.

6. ხოლო შენ, როცა ლოცულობ, შედი შენს საგანძურში, დახურე შენი კარი და ილოცე შენი მამის მიმართ, რომელიც არის დაფარული. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულად, მოგაგებს შენ ცხადად.

7. ხოლო ლოცვისას მრავალს ნუ იტყვით, როგორც წარმართნი, რადგან ჰგონიათ, რომ თავისი მრავალმეტყველებით იქნებიან შესმენილნი.

8. ამიტომ ნუ ემსგავსებით მათ, რადგან იცის მამამ თქვენმა, რა გჭირდებათ, ვიდრე ითხოვთ თქვენ მისგან.

9. ხოლო თქვენ ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმინდა იყოს სახელი შენი;

10. მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი როგორც ცაში, ასევე ქვეყანაზე;

11. პური ჩვენი არსობისა მოგვეცი ჩვენ დღეს;

12. და მოგვიტევე ჩვენ ვალები ჩვენი, როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს მოვალეებს;

13. და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენი ჩვენ ბოროტისაგან. რადგან შენია სუფევა, ძალა და დიდება საუკუნეთა მიმართ; ამინ.

14. რადგან თუ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, მოგიტევებთ თქვენც მამა თქვენი ზეცათა.

15. ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, არც მამა თქვენი მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.

მარხვის შესახებ

16. და როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, მჭმუნვარე, რადგან იმწუხრებენ თავის სახეებს, რომ ეჩვენონ ადამიანებს მმარხველად. ამინ გეუბნებით თქვენ: იღებენ თავის საზღაურს.

17. ხოლო შენ, როცა მარხულობ, იცხე თავზე და დაიბანე პირი შენი,

18. რომ არ ეჩვენო ადამიანებს მმარხველად, არამედ მამას შენსას, რომელიც არის დაფარული; და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულად, მოგაგებს შენ ცხადად.

უანგარობის შესახებ

19. ნუ შეკრებთ თქვენთვის საუნჯეს ქვეყანაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს, და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ.

20. არამედ შეკრიბეთ თქვენთვის საუნჯე ზეცაში, სადაც არც ჩრჩილი, არც ჟანგი სპობს და არც ქურდები თხრიან და იპარავენ.

21. რადგან სადაც არის თქვენი საუნჯე, იქ იქნება თქვენი გულიც.

22. სანთელი სხეულისა არის თვალი. ამიტომ თუ თვალი შენი წრფელი იქნება, მთელი შენი სხეული ნათელი იქნება.

23. ხოლო თუ თვალი შენი ბოროტი იქნება, მთელი შენი სხეული ბნელი იქნება. ამიტომ თუ ნათელი, რომელიც შენშია, ბნელია ბნელი რამდენიღა იქნება?

24. არავის შეუძლია ორი ბატონის მონობა: ან ერთს მოიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს დაემორჩილება და მეორეს შეურაცხყოფს. არ შეგიძლიათ ღმერთის მონობა და მამონასი.

25. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ჭამოთ და რა სვათ; ნურც თქვენი სხეულისათვის, რა შეიმოსოთ. განა სული უფრო მეტი არ არის საზრდოზე და სხეული - სამოსელზე?

26. შეხედეთ ცის ფრინველებს, რადგან არ თესენ, არც მკიან, არც აგროვებენ ბეღლებში და მამა თქვენი ზეცათა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე უმჯობსენი არა ხართ?

27. რომელი თქვენგანი იზრუნებს და შეძლებს მოუმატოს თავის სიმაღლეს ერთი წყრთა?

28. და სამოსისთვის რას ზრუნავთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორც იზრდებიან: არ შრომობენ, არც ართავენ.

29. ხოლო გეუბნებით თქვენ, რომ არც სოლომონი შემოსილა მთელი თავისი დიდებისას, როგორც ერთი ამათგანი.

30. ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეში ჩააგდებენ, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არა, მცირედმორწმუნენო?

31. ამიტომ ნუ ზრუნავთ და ამბობთ: რა ვჭამოთ ან რა ვსვათ, ან რა შევიმოსოთ?

32. რადგან ყოველივე ამას წარმართები ეძიებენ. რადგან იცის თქვენმა ზეციერმა მამამ, რომ გჭირდებათ ეს ყოველივე.

33. ხოლო ეძიეთ პირველად სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი, და ეს ყოველივე შეგემატებათ თქვენ.

34. ამიტომ ნუ ზრუნავთ ხვალისათვის, რადგან ხვალე იზრუნებს თავისთვის.

35. საკმარისია დღისთვის ბოროტება მისი.

 

თავი 7

განკითხვის შესახებ

1. ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ.

2. რადგან რა განკითხვითაც განიკითხავთ, იმითვე განიკითხებით, და რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვებათ თქვენ.

3. რად ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში და შენს თვალში დირეს არ განიცდი?

4. ან როგორ ეტყვი შენს ძმას: მაცალე და ამოვიღებ ბეწვს შენი თვალიდან, და აჰა, დირეა შენს თვალში?

5. თვალთმაქცო, ამოიღე პირველად დირე შენი თვალიდან, და მაშინ დაინახავ, როგორ ამოიღო ბეწვი შენი ძმის თვალიდან.

დარიგება სიწმინდის დაცვაზე,
ჭეშმარიტების ძიებასა და რწმენით ცხოვრებაზე

6. ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს, ნურც წინ დაუფენთ თქვენს მარგალიტებს ღორებს, რომ არ გათელონ ისინი თავისი ფეხებით და მოგიბრუნდნენ და დაგლიჯონ თქვენ.

7. ითხოვეთ და მოგეცემათ თქვენ; ეძიეთ და იპოვეთ; აკაკუნეთ და გაგეღებათ თქვენ.

8. რადგან ყველა, ვინც ითხოვს, იღებს; და ვინც ეძიებს, პოულობს; და ვინც აკაკუნებს, გაეღება.

9. ან ვინ არის თქვენ შორის კაცი, რომელიც, თუ სთხოვს თავისი ძე პურს, განა ქვას მისცემს მას?

10. და თუ თევზს სთხოვს, განა გველს მისცემს მას?

11. თუ თქვენ, უკეთურებმა იცით კეთილი მისაცემის მიცემა თქვენი შვილებისათვის, რამდენად უფრო მამა თქვენი ზეცათა მისცემს კეთილს იმათ, ვინც სთხოვს მას?

12. ყოველივე, რაც გინდათ, რომ გაგიკეთონ თქვენ ადამიანებმა, ასევე თქვენც გაუკეთეთ მათ, რადგან ეს არის სჯული და წინასწარმეტყველნი.

ვიწრო და ფართო გზის შესახებ

13. შედით ვიწრო ბჭით, რადგან ვრცელია ბჭე და ფართოა გზა, რომელსაც მიჰყავს წარსაწყმედად, და მრავალნი არიან, რომლებიც დადიან მასზე.

14. რა ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მიჰყავს ცხოვრებისაკენ, და მცირედნი არიან, რომლებიც პოულობენ მას.

სიმართლისა და სიცრუის ერთმანეთისგან გარჩევის შესახებ

15. ერიდეთ ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც მოდიან თქვენთან ცხვრის სამოსით, ხოლო შინაგანად არიან მტაცებელი მგლები.

16. თავისი ნაყოფით შეიცნობთ მათ. განა კრეფენ ეკლისგან ყურძენს ან ნარისგან ლეღვს?

17. ასევე ყოველი კეთილი ხე კარგ ნაყოფს გამოიღებს, ხოლო უვარგისი ხე უკეთურ ნაყოფს გამოიღებს.

18. არ შეუძლია კეთილ ხეს უკეთური ნაყოფის გამოღება, არც უვარგის ხეს კარგი ნაყოფის გამოღება.

19. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კარგ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა.

20. ასე რომ, მისი ნაყოფით შეიცნობთ მათ.

ღვთის ნებასთან თანხმობის აუცილებლობა ცხონებისათვის

21. ყველა, ვინც მეუბნება მე: უფალო, უფალო, არ შევა ცათა სასუფეველში, არამედ ვინც ასრულებს ჩემი ზეცათა მამის ნებას.

22. მრავალი მეტყვის მე იმ დღეს: უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით, და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?

23. და მაშინ გამოვუცხადებ მათ, რომ არასდროს გიცნობდით თქვენ. გამშორდით მე ყველა უსჯულოების მოქმედი.

გონიერებისა და უგუნურების საზომი

24. ამიტომ ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, ვამსგავსებ მას გონიერ კაცს, რომელმაც ააშენა თავისი სახლი კლდეზე.

25. და წამოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარეები, დაჰბერეს ქარებმა და ეკვეთნენ იმ სახლს, და არ დაეცა, რადგან დაფუძნებული იყო კლდეზე.

26. და ყველა, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და არ ასრულებს მათ, ემსგავსება უგუნურ კაცს, რომელმაც ააშენა თავისი სახლი ქვიშაზე.

27. და წამოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარეები, დაჰბერეს ქარებმა და ეკვეთნენ იმ სახლს და დაეცა. და იყო მისი დაცემა დიდი.

28. და იყო, როცა დაასრულა იესომ ეს სიტყვები, განცვიფრებული იყო ხალხი მისი მოძღვრებით.

29. რადგან იგი ასწავლიდა მათ, როგორც ძალაუფლების მქონე,

30. და არა როგორც მათი მწიგნობრები და ფარისევლები.