ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

მარკოზის სახარების განმარტება

 

თავი მეთოთხმეტე

(თ. 14, მ. 1-5)

ხოლო იყო პასქაჲ იგი, რომელ არს ვნებაჲ, და უცომოებაჲ, შემდგომად ორისა დღისა. და ეძიებდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი იესუს, ვითარმცა ზაკუვით შეიპყრეს იგი და მოკლეს.

ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, ნუუკუე შფოთი იქმნეს ერისაჲ.

და ვითარცა იყო იესუ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა და ინაჴით-ჯდა იგი, მოვიდა დედაკაცი და აქუნდა ალაბასტრითა ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ, მრავალ-სასყიდლისაჲ, და შემუსრა ალაბასტრი იგი და დაასხა თავსა მისსა.

იყვნეს ვინმე, რომელნი დრტჳნვიდეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲსათჳს იქმნა წარწყმედაჲ ნელსაცხებლისაჲ ამის?

რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად უფროჲს სამასისა დრაჰკნისა და მიცემად გლახაკთა და ჰრისხვიდეს მას.

ორი დღის შემდეგ იყო პასექისა და უფუარობის დღესასწაული. და მღვდელმთავრები და მწიგნობრები ეძებდნენ ხერხს, როგორ შეეპყროთ მზაკვრთბით და მოეკლათ იგი.

მაგრამ ამბობდნენ: ოღონდ არა დღესასწაულზე, რათა ხალხი არ ამბოხდესო.

ხოლო როდესაც ბეთანიაში იყო და ინახად იჯდა სიმონ კეთროვანის სახლში, მოვიდა ქალი, რომელსაც ალებასტრის ჭურჭლით ჰქონდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, გატეხა ჭურჭელი და თავზე დაასხა მას.

ზოგიერთები აღშფოთდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა საჭიროა ნელსაცხებლის ასეთი ფლანგვა?

ვინაიდან შეიძლებოდა სამას დინარზე მეტად გაგვეყიდა და გლახაკთათვის მიგვეცა ფული.

საბჭო ქრისტეს წინააღმდეგ ოთხშაბათს შეიკრიბა. აი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვმარხულობთ ოთხშაბათს. მტრებს სურდათ მოეცადათ, ვიდრე დღესასწაულის ჟამი გაივლიდა, მაგრამ ეს არ იქნეა დაშვებული. უფალმა თავად განსაზღვრა რა თავის ვნება, კეთილ ინება სწორედ პასექის დროს მიეცა თავი ჯვარცმისთვის, რადგანაც თავად იყო ჭეშმარიტი პასექი. აქ უნდა გაგვაკვირვოს უფლის ძლიერებამ. ვინაიდან, როდესაც მტრებს სურდათ შეეპყროთ იგი, მაშინ არ შეეძლოთ, ხოლო როდესაც არ სურდათ, დღესასწაულის მიზეზით, მან თავად მისცა მათ საკუთარი თავი. „და ვითარცა იყო იესუ ბეთიანიას“, სახლსა სიმონ კეთროვანისასა და ინახით-იჯდა იგი, მოვიდა დედაკაცი“ ნელსაცხებელს ახსენებს ოთხივე მახარებელი და ზოგიერთნი ფიქრობენ, რომ ყველა ისინი ერთსა და იმავე დედაკაცს გულისხმობენ. მაგრამ ეს არ არის სამართლიანი: ეს ორი სხვადასხვა დედაკაცია, რომელთაგან ერთს მოიხსენიებს იოანე (12, 3), ეს იგივე ლაზარეს დაა, მეორეს კი დანარჩენი სამი მახარებელი, ხოლო თუ ჩაუკვირდები, აღმოაჩენ, რომ ისინი სამნი იყვნენ. ერთს მოიხსენიებს იოანე, მეორეს - ლუკა (7, 37-38), ხოლო დანარჩენი ორი მახარებელი - მესამეს“.ლუკასთან მოხსენიებული მეძავი იყო და სცხო უფალს მისი ქადაგების დროს, ხოლო მათესთან მოხსენიებულმა იგივე ჰყო, როდესაც მოახლოებული იყო უფლის ვნების ჟამი, ამასთან იგი არ იყო აშკარა მეძავი. უფალი შეიწირავს მის გულმოდგინებას, როგორც ნელსაცხებლებისთვის ასე ბევრის გამღებისა. „იყვნეს ვინმე, რომელნი დრტვინვიდეს“, - შენიშნავს მახარებელი, იოანე ამბობს, რომ დრტვინავდა იუდა (იოანე, 12, 3-5). შეიძება ვიფიქროთ, რომ სხვა მოციქულებიც საყვედურობდნენ დედაკაცს, რამდენადაც ისინი მუდმივად ისმენდნენ ქრისტესგან სწავლებას მოწყალებაზე. მაგრამ იუდა დრტვინავდა დედაკაცზე არა იმ ფიქრით, რითაც დანარჩენები, არამედ ვერცხლისმოყვარეობის გამო, ბილწი ანგარებისდა გამო. ამ მიზეზით, იოანე მხოლოდ მას მოიხსენიებს, როგორც დედაკაცის განმკითხველს ბოროტი განზრახვით. „და გრისხვიდეს მას“, ანუ ბრაზდებოდნენ, საყვედურობდნენ, ლანძღავდნენ.

(თ. 14, მ. 6-9)

ხოლო იესუ ჰრქუა მათ: აცადეთ მაგას, რაჲსა შრომასა შეამთხუევთ? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემ თანა.

რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან. უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც კეთილის-ყოფად მათა, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ.

რომელი აქუნდა, ყო, უსწრო ნელსაც-ხებელითა ცხებად ჴორცთა ჩემთა დასაფლველად ჩემდა.

ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, და რომელიცა-ესე ქმნა, ითქუმოდის საჴსენებელად მაგისა.

ხოლო იესომ თქვა: რას ერჩით, თავი გაანებეთ; მაგან ხომ კეთილი საქმე მიყო.

ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ და როცა ინებებთ, მაშინ შეგიძლიათ შეეწიოთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით.

მან გააკეთა ის, რაც შეეძლო: ჩემს სხეულს წინასწარ სცხო ნელსაცხებელი დასამარხავად.

ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს ქვეყანაზე, სადაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქმება მისი საქმე მისსავე მოსაგონებლად.

უფალი საყვედურობს მოციქულებს იმის გამო, რომ ისინი უდროოს აბრკოლებენ დედაკაცის გულმოდგინებას. „რაისა შრომასა შეამთხვივო?“, - ეუბნება იგი, ხელს კრავთ რა მას შემდეგ, რაც მან უკვე შესწირა ძღვენი? ამასთან ამხელს იუდასაც და ამბობს, მან ეს გააკეთა რათა შევემზადებინე დასაფვლელად და ცხადყოფს მის უსინდისობას, რადგან თითქოს ამით ეუბნება: შენ, სასიკვდილოდ მიმცემელი არ საყვედურობ საკუთარ თავს, ხოლო განა ის იმსახურებს შენგან საყვედურს იმისათვის, რომ ნელსაცხებელი მოიტანა, რათა განვემზადებინე დასაფვლელად და ამასთან, თითქოსდა ღმრთის განსაკუთრებული შთაგონებით? აქ უფალი წარმოსთქვამს ორ წინასწარმეტყველბას: პირველი - რომ სახარება ნაქადაგები იქნება მთელ მსოფლიოში; მეორე - რომ ნაქადაგები იქნება დედაკაცის საქციელზეც. დაე, შერცხვეთ მათ, ვინც ქრისტეს გლახაკებს ამჯობინებს. რადგანაც მე მსმენია ოქროს ოსტატთაგან, რომელნიც ამბობენ, რომ თუკი დავინაწევრებთ საეკლესიო ჭურჭელს და დავურიგებთ გლახაკებს - ცოდვა არ იქნება. დაე ისმინონ, როგორ აფაესებს ქრისტე მისდამი მსახურებას უფრო მეტად, ვიდრე გლახაკთა მსახურებას. სწორედ ოქროს ფეხშუმზე იმყოფება ხოლმე ჭეშმარიტი ხორცი ქრისტესი, ხოლო ბარძიმში - სისხლი ქრისტესი. ამიტომ, როდესაც ვინმეს მიაქვს ეკლესიიდან ძვირფასი ფეხშუმი და აიძულებს ქრისტეს ხორცის დაბრძანებას ცუდ ფეხშუმზე, იმოწმებს რა გლახაებს, დაე იცოდეს, რისი თანამონაწილე ხდება.

(თ. 14, მ. 10-11)

და იუდა ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, წარვიდა მღდელთ-მოძღუართა მათ მიმართ, რაჲთა მისცეს იგი მათ.

ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მისგან, განიხარეს და აღუთქუეს მას მიცემად ვეცხლი. და ეძიებდა, ვითარმცა ჟამსა მარჯუესა მისცა იგი მათ.

და იუდა ისკარიოტელი, ერთი თორმეტთაგანი, წავიდა მღვდელმთავრებთან მის გასაცემად.

ხოლო მათ, ეს რომ გაიგეს, გაიხარეს და ვერცხლი აღუთქვეს მას. ის კი ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა გაეცა იგი.

მაშინ, როდესაც დედაკაცმა შესაფერისი პატივი მიაგო ქრისტეს, მოწაფე მტრობს მას და ამასთან ერთი თორმეტთაგანი, ვინაიდან ტყუილად არ არის ნათქვამი: „ერთი ათორმეტთაგანი“, არამედ იმის საჩვენებლად, რომ ისიც ყველაზე უფრო რჩეული მოწაფეთა შორის იყო. რას ნიშნავს გამოთქმა „რაითა მისცეს იგი?“ იმას ნიშნავს, რომ ეცნობებინა მათთვის, როდესაც ქრისტე მარტო იქნებოდა. მას რომ სწავლების დროს დასხმოდნენ თავს - ეშინოდათ, ხალხსი მხრიდან უბედურებას არ სწეოდნენ, ამიტომ იუდამ აღუთქვა მიეცა იგი მათტვის, როდესაც იგი ყველასგან განმარტოვდებოდა.

(თ. 14, მ. 12-15)

და პირველსა მას დღესა უცომოებისასა, ოდეს პასექსა მას დაჰკლვიდეს, ჰრქუეს იესუს მოწაფეთა მისთა: სადა გნებავს, წარვიდეთ და მოგიმზადოთ შენ, რაჲთა სჭამო ვნებაჲ ესე?

და წარავლინნა ორნი მოწაფეთა მისთაგანნი და ჰრქუა მათ: წარვედით ქალაქად, და შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნითა წყალი ზე ედგას, და შეუდეგით მას, ვიდრეცა შევიდეს.

და არქუთ სახლისა უფალსა მას, ვითარმედ: მოძღუარი იტყჳს: სადა არს სავანე, სადა-იგი პასექი მოწაფეთა ჩემთა თანა ვჭამო?

და მან გიჩუენოს თქუენ ქორი დიდი დაგებული და მომზადებული; მუნ მზა-მიყავთ ჩუენ.

უფუარობის პირველ დღეს, როცა სწირავდნენ საპასექე კრავს, მოწაფეებმა უთხრეს: სად გნებავს, წავიდეთ და მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?

გაგზავნა თავისი ორი მოწაფე და უთხრა მათ: წადით ქალაქში და შეგხვდებათ კაცი, რომელსაც დოქით მიაქვს წყალი; მას გაჰყევით.

სადაც შევა, უთხარით იმ სახლის პატრონს: მოძღვარი ამბობს: სად არის დარბაზი, სადაც ჩემს მოწაფეებთსნ ერთად ვჭამ პასექს?

ის გიჩვენებთ ვრცელ დარბაზს, გაწყობილს და გამზადებულს, იქ მოგვიმზადეთ.

უცომოების პირველ დღეს მახარებელი ხუთსაბათს უწოდებს, რომელიც უშუალოდ უსწრებდა წინ პასექის დღესასწაულს, რადგანა პასექის ჭამას იუდეველები იწყებდნენ პარასკევს. მოწაფეები მიდიან და ეკითხებიან: სად წამონ პასექი? აქედან ჩანს, რომ არც ქრისტეს ჰქონია საკუთარი საცხოვრებელი, არც მოწაფეებს ჰქონდათ საკუთარი სახლები; რომ ჰქონოდათ, თავისთან მიიღებდნენ. თავის ორ მოწაფეს, - პეტრეს და იოანეს, როგორც ლუკა ამბობს, იგი უცნობ ადამიანთან აგზავნის, უჩვენებს რა ამით, რომ მას შეეძლო არც ვნებულიყო, თუკი მოინდომებდა. ვინაიდან ის, ვინც უცნობი ადამიანი განაწყო მიეღო იგი, რას აღარ მოახენდა სხვებში? ამასთან, აძლევს მოწაფეებს ნიშანს, თუ როგორ იპოვონ საძიებელი სახლი, კერძოდ: „უბრძანებს გაჰყვნენ ადამიანს, რომელსაც ლაგვნით წყალი მოაქვს. მაგრამ შეიძლება ავხსნათ ეს გადატანითი მნშჲვნელობითაც. „აგვნით წყალი“ მიაქვს მონათლულს. იგი მიდის „სახლში“, რომელიც შეეფერება მის გონით (სულიერ) მდგომარეობას. რამეთუ ნათლობის მატარებელი მიდის სიმშვიდეში ცხოვრების სიტყვით და მშვიდდება ამ მდგომარეობაში, როგორც სახლში. სახლის უფალი არის გონება, რომელიც უჩვენებს „ქორს დიდს“ - ანუ ამაღლებულობას საკუთარი ზრახვებისა. მაგრამ, ეს ქორი „დაგებულია“, ანუ მართალია ამაღლებულია, მაგრამ არა სასტიკი და ამპარტავანი, პირიქით, დაგებულია და მომზადებული სიმდაბლით. სწორედ აქ, ვამბობ, ამგვარ გონებაში, მზადდება პასექი ქრისტესათვის ორი მოწაფის პეტრესა და იოანეს, ანუ ქმედებისა და ჭვრეტის მიერ, რამეთუ პეტრე ფიცხი და ქმედითი იყო, იოანე კი, როგორც ღმრთისმეტყველი - მჭვრეტელი.

(თ. 14, მ. 16-21)

და გამოვიდეს მოწაფენი მისნი და მოვიდეს ქალაქად და პოვეს ეგრეთ, ვითარცა ჰრქუა მათ იესუ, და მოჰმზადეს ვნებაჲ იგი.

და ვითარცა მწუხრი იყო, მოვიდა ათორმეტთა მათ თანა.

და ვითარ ინაჴით-სხდეს და ჭამდეს, ჰრქუა იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე, რომელი ჭამს ჩემ თანა.

ხოლო მათ იწყეს მწუხარებად და სიტყუად მისა თითოეულმან: ნუუკუე მე ვარ? და სხუამან თქჳს: ნუუკუე მე ვარ?

ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ერთმან ათორმეტთაგანმან, რომელმან შთამოყოს პინაკსა ამას ჴელი ჩემ თანა, იგი მიმცემს მე.

ძე სამე კაცისაჲ წარვალს, ვითარცა წერილ არს მისთჳს, ხოლო ვაჲ არს მის კაცისა, რომლისაგან ძე კაცისაჲ მიეცემის; უკეთეს იყო მისა, უკუეთუმცა არა შობილ იყო კაცი იგი.

წავიდნენ მისი მოწაფეები, მივიდნენ ქალაქში და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც უთხრა იესომ, და მოამზადეს პასექი.

მწუხრის ჟამს მივიდა თორმეტთან ერთად.

როცა ინახად ისხდნენ და ჭამდნენ, იესომ თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჭამს, გამცემს მე.

ხოლო ისინი დამწუხრდნენ და სათითაოდ დაუწყეს კითხვა მას: მე ხომ არაო?

მიუგო და უთხრა მათ: ერთი თორმეტთაგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჩაყოფს ხელს ჯამში.

და მართლაც, მიდის ძე კაცისა, როგორც დაიწერა მისთვის; მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა; ერჩია, სულაც არ შობილიყო ის კაცი.

როგორღა იყვნენ ისინი მსხდომარენი, როდესაც სჯული ბრზანებდა ფეხზე დგომელას ეჭამათ პასექი? უნდა ვიფიქროთ, რომ უფალმა ჯერ სჯულით დადგენილი პასექი აღასრულა, ხოლო შემდეგ დაჯდა, რათა თავისი საკუთარი პასექი მიერთმია.მოწაფეები მწუხარენი იქმნენ, როდესაც უფალმა თქვა: „ერთმან თქვენგანმან მიმცემს მე“. მართალია, მათთვის უცხო იყო ეს ცოდვა. მაგრამ შეცბნენ, ვინაიდან უფრო მეტად სჯეროდათ ღმერთისა, მათი გულთა მხილველისა, ვიდრე საკუთარი თავისა. დააკვირდი სიტყვას „წარვალს“, რადგანაც ქრისტეს სიკვდილი მხოლოდ წასვლა იყო და არა სიკვიდილი. „უკეთეს იყო მისა, უკუეთუმცა არა შობის იყო კაცი იგი“. ის ნათქვამია იმ სასჯელზე, რომელსაც გამცემი დაექვემდებარება. რადგან უკეთესია სულაც არ დაიბადო, ვიდრე დაიბადო ტანჯვისათვის. ამრიგად, ამ უკანასკნელის ბედთან მიმართებაში, უკეთესი იქნებოდა, თუკი იუდა სულაც არ იარსებებდა. ვინაიდან უფალმა კეთილი საქმეებისთვის შექმნა იგი, ხოლო რამდენადაც იგი თავად ჩავარდა ასეთ საშინელ ბოროტმოქმედებაში, მართლაც უკეთესი იქნებოდა, თუკი სულაც არ იშვებოდა.

(თ. 14, მ. 22-25)

და ჭამდეს რაჲ იგინი, მოიღო იესუ პური, აკურთხა, განტეხა და მისცა მათ და ჰრქუა: მიიღეთ და ჭამეთ, რამეთუ ესე არს ჴორცი ჩემი.

და მოიღო სასუმელი, ჰმადლობდა და მისცა მათ, და სუეს მისგან ყოველთა.

და ჰრქუა მათ: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა შჯულისაჲ, მრავალთათჳს დათხეული.

ხოლო ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არღარა ვსუა ნაყოფისა ამისგან ამის ვენაჴისა ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა ახალი სასუფეველსა ღმრთისასა.

ჭამისას აიღო პური იესომ, აკურთხა, გატეხა, მისცა მათ და უთხრა: აიღეთ, ჭამეთ; ეს არის ჩემი ხორცი.

აიღო სასმისი, აკურთხა და მისცა მათ; და სვამდნენ ყველანი იმით.

უთხრა მათ: ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული.

ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აღარა ვსვამ ამიერიდან ვაზის ამ ნაყოფისაგან, ვიდრე იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს ღმრთის სასუფეველში.

ზოგიერთნი ამბობენ, რომ იუდა არ ეზიარა წმიდა საიდუმლოებებს, ვინაიდან იგი გამოვიდა მანამ, სანამ უფალი მიართმევდა მათ ამ საიდუმლოებათ. სხვები ამბობენ, რომ პირიქით, უფალმა ეს უმადურიც აზიარა თავის სიწმინდეს. აკურთხა რა, ანუ მადლობდა რა, უფალმა განტეხა პური. ასევე ვიქმთ ჩვენც, როდესაც ლოცვებს წარმოვთქვამთ. „ეს - ეუბნება, - რასაც ახლა თქვენ მიიღებთ ჩემი ხორცია“, რადგანაც პური სახე კი არაა უფლის ხორცისა, არამედ თავად ქრისტეს ხორცი, რადაც პური გარდაიქმნება. და უფალი ამბობს: „პური, რომელი მე მივსცე, ხორცი ჩემი არს“ (ინ. 6,51); არ უთქვამს: სახეა ჩემი ხორცისა, არამედ „ხორცი ჩემი არს“ და კიდევ „უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაჲ...“ (იქვე, 55 მ.). მაგრამ როგორ? შესაძლოა თქვას ვინმემ: ხორცი ხომ არა ჩანს? ეს ჩვენი უძლურებისდა გამოა ადამიანო! რამდენადაც პური და ღვინო არსებითად ჩვეულებრივი ნივთებაა ჩვენთვის, ხოლო რამდენადაც შემოთავაზებული ხორცისა და სისხლის დანახვა აუტანელი იქნებოდა და პირს ვიბრუნებდით მისგან, ამდენად კაცთმოყვარე ღმერთი, ჩვენდამი გულმოწყალების გამო, უნარჩუნებს პურისა და ღვინის სახეს, მაგრამ ისინი გარდაიქმნებიან ხორცისა და სისხლის ძალით. თავის სისხლს ახალი აღთქმის სისხლი უწოდა, ძველი აღთქმისაგან განსხვავებით, ვინაიდან ძველ აღთქმაშიც იყო სისხლი, რომლითაც იპკურებოდა ხოლმე ხალხიცა და სჯულის წიგნებიც. „არღარა ვსუა, - ამბობს ის შემდეგ, - ნაყოფისა ამისგან ამის ვენახისა“ აღდგომამდე (სასუფეველს აქ უწოდებს აღდგომას, რადგანაც მკვდრეთით აღმდგარი, იგი გამეფდა სიკვდილზე). აღდგომის შემდეგ იგი კვლავ ჭამდა და სვამდა თავის მოწაფეებთან ერთად, არწმუნებდა რა ამგვარად, რომ სწორედ ისაა, ვინც ევნო. მაგრამ სვამდა ახალ ღვინოს, ანუ სვამდა ახალი და უჩვეულო წესით, რადგანაც უკვე ჰქონდა არა ვნებული სხეული, რომელსაც საკვები სჭირდებოდა, არამედ უხრწნელი და უკვდავი. შეიძლება ეს ასეც გავიგოთ: ვენახი თავად უფალია, ნაყოფი ვენახისა საიდუმლოების არსი და დაფარული ცოდნაა, რომელსაც თავად შობს, განაბრძნობს რა ადამიანს. ამრიგად „ღმრთის სასუფეველში“ ქრისტე თავის მოწაფეებთან ერთად საიდუმლოებებსა და სიბრძნეს დალევს, გვასწავლის რა ახალ ჭეშმარიტებებს და განგვიცხადებს რა იმას, რაც ახლა დაფარულია.

(თ. 14, მ. 26-31)

და გალობაჲ წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა.

და ჰრქუა მათ იესუ, ვითარმედ: ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ღამესა ამას, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი, და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი.

არამედ შემდგომად აღდგომისა ჩემისა წარგიძღუე თქუენ გალილეად.

ხოლო პეტრე ჰრქუა მას: დაღათუ ყოველნი დაჰბრკოლდენ, არამედ მე არასადა დავბრკოლდე.

ჰრქუა მას იესუ: ამენ გეტყჳ შენ, ვითარმედ: შენ დღეს ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა მეორედ ჴმობადმდე, სამ-გზის უვარ-მყო მე.

ხოლო პეტრე უმეტესღა უფროჲს იტყოდა: დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრეთვე მსგავსად ყოველნი იტყოდეს.

იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე.

უთხრა მათ იესომ: ამაღამ ყველანი შეცდებით ჩემს გამო; ვინაიდან დაწერილია: დავცემ მწყემსს, და განიბნევიან ცხვრები.

ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ წინ წაგიძღვებით გალილეაში.

პეტრემ უთხრა: შეიძლება ყველანი შეცდნენ, მაგრამ მე - არა.

მიუგო მას იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები: ამაღამ, ვიდრე მამალი მეორედ იყივლებს, სამჯერ უარმყოფ მე.

მაგრამ პეტრე უფრო დაჟინებით ამბობდა: შენთან ერთადაც რომ მიწიოს სიკვდილმა, არ უარგყოფო, და ასევე ამბობდა ყველა.

მადლობდნენ დალევის წინაც, მადლობდნენ დალევის შემდეგაც, რათა ჩვენ გვცოდნოდა, რომ უნდა ვმადლობდეთ და ვუგალობდეთ საკვების მიღების წინაც და საკვების მიღების შემდეგაც. ამით უფალი გვიჩვენებს იმასაც, რომ ჩვენი გულისთვის სიკვდილისა მას არ ეშინია, ასე რომ იგი ადიდებს უფალს მაშინაც, როდესაც სასიკვდილოდ მიდის. ამით, უეჭველია, ჩვენც გვასწავლის არ გავიტეხოთ გული, მწუხარებაში ცავარდნილებმა მრავალთა გადასარჩენად, არამედ ვმადლობდეთ უფალს, რომელიც ჩვენი მწუხარებით ხელს უწყობს მრავალთა გადარჩენას. უფალი მიდის ზეთისხილის მთაზე, რათა იუდეველებს ჰპოვებდნენ და აიყვანდენ რა მას განმარტოებაში მყოფს, შფოთი არ მოეხდინათ ხალხში. ვინაიდან ისინი რომ თავს დასხმოდნენ მას ქალაქში, შესაძლოა ხალხი აღშფოთებულიყო მის გამო. ამ შემთხვევაში კი მტრები, ამ გარეგნულად საპატიო საბაბით, იფიქრებდნენ, თითქოს იგი სამართლიანად მოკლეს, როგორც შფოთის თავი. ქრისტე უწანასწარმეტყველებს მოწაფეებს, რომ ისინიც ცდუნდებიან. ხოლო რათა არ ჩათვალონ ეს აშკარა საყვედურად, ყველას მიმართ, მოჰყავს წინასწარმეტყველ ზაქარიას სიტყვები, რომ ისინი „განიბნევიან“ (ზაქ. 13, 7). დაბოლოს, ნუგეშსაც სცემს მათ: „წარგიძღვებით, - ეუბნება, ანუ შეგხვდებით, - თქვენ გალილეაში“. მაგრამ პეტრე ეპასუხება; რის გამოც ესმის შემდეგი: „ვიდრე ქათმისა მეორედ ხმობადმე, სამ-გზი უვარ მყო-მე“. ასეც მოხდა: მას შემდეგ, რაც პეტრემ უარყო, პირველად იყივლა მამალმა; სემდეგ როდესაც პეტრემ უარყო მეორედ და მესამედ, მამალმა კვლავ იყივლა. სწორედ ამას ნიშნავს სიტყვები: „ვიდრე ქათმისა მეორედ ხმობადმე, სამ-გზი უვარ მყო მე“ გამოხატავდა რა მხურვალე გულმოდგინებას, ყველა სხვა მოწაფეც, პეტრეს მსგავსად, აძლევდა დაპირებას, რომ არ დატოვებდნენ უფალს, რითაც თითქოსდა სიცრუეთ აქცევდნენ თვითარსება ჭეშმარიტების სიტყვას. ამიტომ უფალიც უშვებს და ადამიანური ბუნებაც აღმოაჩენს საკუთარ უძლურებას. რადგანაც უეჭველია, რომ უფალს შეეძლო დაეცვა ისინი, განსაკუთრებით კი პეტრე: მაგრამ დაუშვა, რომ როგორც ისინი, ასევე ჩვენც არ ვყოფილიყავით საკუთარ თავში ასე დარწმუნებულები. „დავსცე მწყემსი“, - ამას ამბობს მამა ღმერთი. რამდენადაც მან დაუშვა ძე ძლეულიყო, ამიტომ ნათვქამია, რომ მისგან იძლია ძლეული მისივე დაშვებით. ხოლო ცხვრები უქოდა მოციქულებს, როგორც უბოროტო ადამიანებს.

(თ. 14, მ. 32-42)

და მოვიდეს დაბასა, რომლისაჲ სახელი გეთსამანიაჲ. და ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: დასხედით აქა, ვიდრემდე ვილოცო.

და წარიყვანნა პეტრე და იაკობ და იოვანე მის თანა, იწყო დასულებად და ურვად.

და ჰრქუა მათ: მწუხარე არს სული ჩემი, ვიდრე სიკუდილადმდე; დაადგერით აქა და იღჳძებდით.

და წარვიდა მცირედ და დავარდა ქუეყანასა და ილოცვიდა: უკუეთუ შესაძლებელ არს, რაჲთა თანა-წარჰჴდეს ჟამი იგი მისგან.

და იტყოდა: აბბა მამაო, ყოველივე შესაძლებელ არს შენ მიერ თანა-წარსლვად სასუმელი ესე ჩემგან, ხოლო არა რაჲ-იგი მე მნებავს, არამედ რაჲცა შენ გნებავს.

და მოვიდა და პოვნა იგინი მძინარენი და ჰრქუა პეტრეს: სიმონ, გძინავსა? და ვერ უძლე ჟამ ერთ მღჳძარებად ჩემ თანა?

იღჳძებდით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა. სული გულს-მოდგინე არს, ხოლო ჴორცნი უძლურ.

და კუალად წარვიდა და ილოცვიდა და იგივე სიტყუაჲ თქუა.

და მოიქცა კუალად და პოვნა იგინი მძინარენი, რამეთუ იყვნეს თუალნი მათნი დამძიმებულ, და არარაჲ იცოდეს, რაჲმცა მიუგეს მას.

და მოვიდა მესამედ და ჰრქუა მათ: დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ. მოიწია დასასრული, და მოვიდა ჟამი. აჰა ესერა მიეცემის ძე კაცისაჲ ჴელთა ცოდვილთასა.

აღდეგით და წარვიდეთ ამიერ. აჰა ესერა მიმცემელი ჩემი მოახლებულ არს.

მივიდნენ იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გეთსემანე, და თავის მოწაფეებს უთხრა: ისხედით მანდ, ვიდრე ვილოცებ.

წაიყვანა პეტრე, იაკობი და იოანე, და დაიწყო მწუხარება და ურვა.

უთხრა მათ: მწუხარეა ჩემი სული, ვიდრე სიკვდილამდე; იყავით აქ და იფხიზლეთ.

ცოტაზე გაშორდა მათ, მიწაზე დაემხო და ლოცულობდა, რათა, თუკი შესაძლო იყო, ასცდენოდა ეს საათი;

ამბობდა: აბბა, მამაო! ყველაფერი შესაძლებელია შენთვის; ამარიდე ეს სასმისი; თუმცა არა რაც მე მნებავს, არამედ რაც შენ.

დაბრუნებულმა მძინარენი ნახა ისინი და უთხრა პეტრეს: სიმონ, გძინავს? ერთ საათსაც ვერ გასძელი ფხიზლად ყოფნა?

იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში; სული მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური.

კვლავ გაშორდა მათ და იმავე სიტყვებით ილოცა.

როცა დაბრუნდა, კვლავინდებურად მძინარენი ნახა ისინი, ვინაიდან თვალები დამძიმებოდათ, და არ იცოდნენ, რა მიეგოთ მისთვის.

მესამედაც მოვიდა, და უთხრა მათ: ისევ გძინავთ და განისვენებთ? კმარა, მოაწია დრომ: აჰა, მიეცემა ძე კაცისა ცოდვილთა ხელში.

ადექით, წავიდეთ; აჰა მოგვიახლოვდა ჩემი გამცემი.

ქრისტეს ყოველთვის ჰქონდა ჩვეულება ელოცა განმარტოებით, მოგვცა რა მაგალითი იმისა, რომ ჩვენც ლოცვისას, განმარტოება ვეძიოთ. მას თან მხოლოდ ის სამი მოწაფე მიჰყავს, რომლებიც მისი დიდების მოწმენი იყვნენ თაბორზე, რათა მათ იხილეს რა იგი დიდებაში მყოფი, მწუხარებაში მყოფიც იხილონ და ამრიგად, მიხვდნენ, რომ იგი ჭეშმარიტი კაცია და ჩვენს მსგავსად იგლოვს და მწუხარებს, ვინაიდან მან სრულად მიიღო ადამიანი მისი ბუნებრივი თვისებებით, იგლოვს და მჭმუნვარებს, უეჭველია ადამიანური ბუნებით; ჩვენ ადამიანები, ხომ ბუნებით გარემივიქცევით სიკვდილისაგან. ამრიგად, როდესაც ის ამბობს: „ყოველივე შესაძლებელი არს შენ მიერ თანაწარსვლად სასუმელი ესე ჩემგან“, იგი აღმოაჩენს თავისში ადამიანურ თვისებას; მაგრამ შემდეგ დასძენს: „მაგრამ არა რაი-იგი მე მნებავს, არამედ რაიცა შენ გნებავს“, - რითაც გვასწავლის, რომ მიუხედავად ბუნებრივი მოტხოვნილებებისა, ვითხოვოთ ის, რაც ღმერთს სურს. ლოცვის შემდეგ, მიდის რა მოწაფეებთან, იგი იმ სამ მოწაფეს მძინარეს პოულობს; მაგრამ მხოლოდ პეტრეს საყვედურობს, რითაც თითქოსდა ეუბნება: განა შენ არ შემპირდი მომკვდარიყავი ჩემთან ერთად, მაგრამ ერთ საათსაც ვერ შეძელი გეფხიზლა. და განა შენ შეგიძლია არად ჩააგდო სიკვდილი? არამედ მღვიძარენი იყავით და იფხიზლეთ, რათა არ ჩაცვივდეთ განსაცდელში და არ უარმყოთ მე. მართალია, თქვენი სული მზდაა არ უარმყოს, როგორც დამპირდი კიდეც, მაგრამ ხორცი უძლურია, ამიტომ თუკი ღმერთი თქვენი ლოცვის წილ არ მისცემს თქვენს სხეულს ძალას - თქვენ უბედურება გეწევათ. და ისევ, ცოტა მოსცილდა რა მათ, დაიწყო ლოცვა, და იმავე სიტყვებს წარმოსთქვამდა, რასაც ადრე, რათა მეორედ ლოცვისად დაედასტურებინა, რომ არსებითად და ჭეშმარიტად კაცია და ჩნეთვისაც ესწავლებინა ხშირი ლოცვა და არა ისე, რომ ერთხელ ჩავილაპარაკებთ რა ლოცვისას რარაცას, მაშინვე დავუტევოთ იგი; საჭიროა გულმოდგინეთ ვიმეოროთ ლოცვა. იხილა რა მოწაფეები ისევ მძინარენი, უკვე აღარ საყვედურობს მათ, რადგანაც ისინი დამძიმებულნი იყვნენ ძილით. აქედან შეიცანი ადამიანური თავქარიანობა და უძულურება! ჩვენ კი ჩვენთვის შეუძლებელ დაპირებებს ვიძლევთ! მესამედ ქრისტე იმავე მიზეზებით ლოცულობს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. და კვლავაც მიდის მოწაფეებთან, მაგრამ უკვე აღარ ამხელს მათ, თუმცაღა კი ვერ განმტკიცდნენ, არამედ ძილს მისცეს თავი. მაშ - ეუბნება იგი, - „დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ“. ამას შესარცხვენად ეუბნება. რამდენადაც ხედავდა, რომ გამცემი უკვე მოდის, უთხრა კიდეც მათ ასე: დაიძინეთ ამიერითგან და განისვენეთ, აი მტერი უკვე მოდის. ამას ეუბნება (უმეორებს), არცხვენს რა მათ ძილის გამო. ხოლო რომ მართლაც საყვედურის სახით უთხრა ეს, უსმინე რას ამბობს ქვევით: „აღდექით, წარვიდეთ“, ასე იმიტომ კი არ ეუბნება, რომ გაიქცეს, არამედ იმიტომ, რომ შეხვდეს მტრებს. გამოთქმა: „მწუხარე არს სული ჩემი, ვიდრე სიკვდილამდე“. ზოგიერთს ასე ესმის: მე ვმწუხარებ არა იმაზე, რომ უნდა მოვკვდე, არამედ იმაზე, რომ მე ჯვარს მაცვამენ ისრაელიტელნი, ჩემი მოყვასნი, რისთვისაც გაძევებულნი იქნებიან სასუფევლიდან ღმრთისა.

(თ. 14, მ. 43-49)

და მეყსეულად, ვიდრე იგი იტყოდაღა, მოვიდა იუდა ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, და მის თანა ერი მრავალი მახჳლებითა და წათებითა მღდელთ-მოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა.

ხოლო მიეცა მათა სასწაული მიმცემელსა მას მისსა და ჰრქუა მათ: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს, შეიპყართ იგი და წარიყვანეთ კრძალულად.

და მეყსეულად მოვიდა და მოუჴდა მას და ჰრქუა: რაბი! რაბი! და ამბორს-უყო მას.

ხოლო მათ დაასხნეს მას ზედა ჴელნი და შეიპყრეს იგი.

და ერთმან ვინმე წინაშე მდგომელმან იჴადა მახჳლი და სცა მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა მას ყური მისი.

მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით თქუენ მახჳლებითა და წათებითა შეპყრობად ჩემთა.

დღითი-დღე თქუენ თანა ვიყავ ტაძარსა შინა, გასწავებდ, და არა შემიპყართ მე; არამედ რაჲთა აღესრულნენ წიგნნი.

სიტყვა არ დაესრულებინა, რომ მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მასთან ერთად დიდძალი ხალხი მახვილებითა და წათებით მღვდელმთავართა, მწიგნობართა და უხუცესთაგან.

ხოლო მის გამცემს ნიშანი მიეცა მათთვის და ეთქვა: ვისაც მე ვეამბორები, ის არის; შეიპყარით და ფრთხილად წაიყვანეთ.

მოსვლისთანავე მიეახლა და უთხრა: რაბი, რაბი! და ეამბორა მას.

ხოლო მათ ხელი სტაცეს და შეიპყრეს იგი.

ერთმა იქ მდგომთაგანმა ხმალი იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა.

მიუგო იესომ და უთხრა მათ: როგორც ავაზაკს, მახვილებითა და წათებით მომიხტით შესაპყრობად.

დღენიადაგ თქვენთან ვიჯექი და გასწავლიდით ტაძარში, და არ შეგიპყრივართ. მაგრამ აღსრულდეს წერილი.

ტყილად არ არის დამატებული: „ერთი ათორმეტთაგანი, არამედ განსასჯელად გამცემისა იმისთვის, რომ იგი, იყო რა ერთი იმ უპირველეს მოციქულთა დასიდან, ბოროტს ზრახავდა თავისი მეუფის წინააღმდეგ. მაგრამ შეხედე მის უგუნურობას, როგორ ფიქრობდა იგი ამბორით დაეფარა თავი უფლისაგან, იმედოვნებდა რა, რომ მეგობრად მიიღებდნენ. თუკი შენ მართლაც მეგობარი ხარ, შენ მტრებთან ერთად რაღატომ მოხვედი? ჭეშმარიტად უაზრო ცბიერებაა! „და ერთმან ვინმემ წინაშე მდგომელმან“ - ეს პეტრე იყო. მარკოზი გაჩუმდა მის სახელზე, რათა არ ეფიქრათ, რომ იგი აქებს პეტრეს, თავის მასწავლებელს, მისი მოშურნეობის გამო ქრისტეს მიმართ. მაგრამ პეტრემ, სხვათაშორის ყური მოაჭრა, მღვდელმთავრის მონას: ამით ხდება მინიშნება იმაზე, რომ იუდეველები ურჩი, დაუმორჩილებელი და უყურადღებო ხალხი იყო წმიდა წერილის მიმართ. სხვაგვარად, მათ რომ ჰქონოდათ ყური მიპყრობილი წერილისადმი, ისინი ჯვარს არ აცვამდნენ უფალს დიდებისა. და ვინმე სხვა მონა კი არ დაჭრა პეტრემ, არამედ მღვდელმთავრისა, რადგანაც მღვდელმთავარნი პირველნი, არ უსმენდა წერილს, იქცნენ რა შურისა და თავისმოყვარეობის მონად. ქრისტე ბრბოს ეუბნება: „ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით თქვენ მახვილითა და წათებითა შეპყრობად ჩემდა!“ მაგრამ ეს მის ღმრთაებრიობაზე მოწმობს. ვინაიდან, როდესაც იგი ასწავლიდა ტაძარში, მათ ვერ შეძლე მისი შეპყრობა, თუმცა მათ ხელში იყო, რამდენადაც ჯერ არ იყო მოწევნული ჟამი მისი ტანჯვისა. როდესაც თავად ისურვა მაშინაც მისცა თავი, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება წერილისა; რომ „კრავივით დასაკლავად მიიყვანეს“ (ისაია, 51, 7). ყოველგვარი კამათის, ყობელგვარი დრტვინვის გარეშე, ნებაყოფლობით გაჰყვა მის წასაყვანად მოსულებს.

(თ. 14, მ. 50-54)

მაშინ მოწაფეთა მისთა ყოველთა დაუტევეს იგი და ივლტოდეს.

და ერთი ვინმე ჭაბუკი მისდევდა მას და შეემოსა არდაგი შიშულივ. ხოლო სხუათა მათ ჭაბუკთა შეიპყრეს იგი.

და მან დაუტევა არდაგი და ივლტოდა მათგან შიშუელი.

და მიიყვანეს იესუ კაიაფაჲს მღდელთ-მოძღურისა. და შეკრბეს ყოველნი მღდელთ-მოძღუარნი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი.

ხოლო პეტრე შორით მისდევდა მას, ვიდრე შინა ეზოდმდე მღდელთ-მოძღურისა, და დაჯდა იგი მსახურთა თანა და ტფებოდა წინაშე ნათელსა ცეცხლისასა.

მაშინ ყველამ მიატოვა ის და გაიქცა.

ერთი ჭაბუკი, რომელსაც შიშველ ტანზე ტილო შემოეხვია, მისდევდა მას, და მეომრებმა შეიპყრეს იგი.

ხოლო მან ტილო შეატოვა ხელში და შიშველი გაექცა მათ.

მიიყვანეს იესო მღვდელმთავართან; და შეგროვდა მასთან ყველა მღვდელმთავარი, მწიგნობარი და უხუცესი.

ხოლო პეტრე შორით მისდევდა, ვიდრე არ შევიდა მღვდელმთავრის ეზოში; მსახურებთან ერთად მიუჯდა ცეცხლს და თბებოდა.

მოწაფენი განიბნინენ, რადგან შეუძლებელი იყო თვითარსება ჭეშმარიტებასა და წინასწარმეტყველებას ეცრუათ. მხოლოდ ერთი ვინმე ჭაბუკი მისდევდა მას, როგორც ჩანს, იმ სახლიდან იყო, სადაც პასექი ჭამეს. ზოგიერთები, სხვათაშორის, ფიქრობენ, რომ ეს იაკობი იყო, უფლის ძმა, მართლად წოდებული, ვინაიდან იგი მთელი თავისი სიცოცხლე მანტიით დადიოდა, უფლის ამაღლების შემდეგ მან მიიღო მოციქულთაგან ეპისკოპოსის ტახტი იერუსალიმში. მანო, ამბობენ, დატოვა რა ზემოთა საფარველი, გაიქცა. არაფერია გასაოცარი იმაში, რომ როდესაც რჩეული მოციქულები გაიქცნენ, მანაც დატოვა უფალი. თუმცა, პეტრე, გამოხატა რა მუხრვალე სიყვარული მასწავლების მიმართ, გაჰყვა ქრისტეს. სჯული ბრძანებდა, რომ იუდეველებს ერთი მღვდელმთავარი ჰყოლოდათ მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, მაშინ მათ მრავალი მღვდელმთავარი ჰყავდათ, რომლებიც ერთი-მეორის მიყოლებით ყიდულობდნენ ძალაუფლებას რომაელთაგან. ამრიგად, მღვდელმთავრებს მახარებელი უწოდებს მათ, ვინც დაჰყვეს რა რაღაც დრო მღვდელმტავრადმ დატოვეს იგი.

(თ. 14, მ. 55-61)

ხოლო მღდელთ-მოძღუარნი იგი და ყოველი კრებული ეძიებდეს იესუჲსთჳს მოწამეთა, რაჲთა მოკლან იგი, და არა ჰპოებდეს.

რამეთუ მრავალნი ცრუსა წამებდეს მისთჳს, და სწორ არა იყვნეს წამებანი მათნი.

და სხუანი ვინმე აღდგეს და ცრუსა წამებდეს მისთჳს და იტყოდეს,

ვითარმედ: ჩუენ გუესმა მაგისგან სიტყუაჲ, ვითარმედ: მე დავარღჳო ტაძარი ესე ჴელით-ქმნული და მესამესა დღესა აღვაშენო სხუაჲ, ჴელით-უქმნელი.

და არცა ესრეთ ერთ იყვნეს წამებანი მათნი.

და აღდგა მღდელთ-მოძღუარი იგი შორის და ჰკითხა იესუს და ჰრქუა: არარას მიუგება, რასა-ესე შეგწამებენ შენ?

ხოლო იესუ დუმნა და არარაჲ მიუგო მათ. და მერმე ჰკითხვიდა მას მეორედ მღდელთ-მოძღუარი იგი და ეტყოდა: შენ ხარა ქრისტე, ძე კურთხეულისაჲ?

მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი მოწმეებს ეძებდნენ იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ პოულობდნენ.

რადგან ბევრი იყო ცრუმოწმე, მაგრამ მათი მოწმობანი არ ემთხვეოდნენ ერთმანეთს.

ზოგიერთი ადგა, ცრუმოწმობდა მის წინააღმდეგ და ამბობდა:

ჩვენ გვსმენია მაგის ნათქვამი: დავანგრევ ამ ხელთქმნილ ტაძარს და სამ დღეში ახალს ავაგებ, ხელთუქმნელსო.

მაგრამ არც ეს მათი მოწმობანი ემთხვეოდა ერთმანეთს.

მაშინ შუაში ჩადგა მღვდელმთავარი და ჰკითხა იესოს: რატომ არაფერს იტყვი პასუხად, ესენი რომ მოწმობენ შენს წინააღმდეგ?

ხოლო ის დუმდა და არაფერი მიუგო მათ. მაშინ კვლავ ჰკითხა მღვდელმთავარმა: შენ ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა?

ადამიანები, რომლებიც თავად არიან განსჯის ღირსნი, არა იმისათვის, რომ შეიცნობს რა ჭეშმარიტებას, ირწმუნოს იგი, არამედ იმისათვის, რომ ჰქონდეს რაიმე საბაბი მის განსასჯელად. სიტყვებს „შენ ხარ ქრისტე“ (ცხებული) - იგი უმატებს „ძე კურთხეულისა“. რადგან მარავლნი იყვნენ ცხებულნი, რამდენადაც ამ სახელით იწოდებიან მეფეებიც, მღვდელმთავრებიც, მაგრამ არცერთი მათგან არ იყო ძე ღმრთისა, მარადის კურთხეულისა და დიდებულისა. იესუმ მიუგო, „მე ვარ“ თუმცა იცოდა, რომ ისინი არ ირწმუნებდნენ, იძულებული იყო ეპასუხა, რათა შემდეგ არ შეძლებოდათ თქმა, მისგან პირდაპირი მოწმობა არ მოგვისმენია თავის თავზე, ვირწმუნებდითო. ამიტომაც, სასჯელით მით უფრო დიდი იქნება, რომ მათ მოისმინეს რა ეს მოწმობა, მაინც არ ირწმუნეს. „ამიერითგან იხილოთ, - ამბობს ის, - ძე კაცისაი მარჯვენით მჯდომარე ძლიერებითა“, ანუ მამისა („ძლიერებას“ აქ უწპდებს მამას). ვინაიდან იგი კვლავ მოვა არა უსხეულოდ, არამედ იმგვარად, რომ მისმა ჯვარცმელებმა, მისი ხილვა და ცნობა შეძლონ. ამასთან, მღვდელმთავარმა შეასრულა ჩვეულება (დაი პო სამოსელი), რადგან როდესაც იუდეველბს რაიმე უბედურება ან მწუხარება შეხვდებოდათ, ისინი სამოსელს დაიპობდნენ ხოლმე. ამ შემთხვევაში მღვდელმთავარმა დაიპო სამოსელი იმის ნიშნად, რომ იესომ თითქოსდა ღმრთის გმობა წარმოსთქვა და ამრიგად, დიდი ბოროტება აღესრულა. საკმარისია ამასთან ავითთან ერთად ვთქვათ: „განირყვნეს და არა შეინანეს“ (ფს. 34, 15). მაგრაგ ეს დაპობა, იყო აგრეთვე სახე იუდაური მღვდელმთავრობის დაპობისა და გაუქმებისა, თუმცაღა მღვდელმთავარი ვერ აცნობიერებდა ამას. ამგვარად, როდესაც მღვდელმთავრებმა შესაბამისი სასჯელი გამოუტანეს მას (ქრისტეს), მაშინ მსახურები, სახე დაუფარეს რა, სცემდნენ მას და ეუბნებოდნენ „გვიწინასწარმეტყუელბდა ჩუენ“, ვინ დაგარტყა შენ? და თუკი უფალმა ამდენი დაითმინა ჩვენთვის, მაშინ, ჩვენ რამდენის დათმენაღა გვმართებს მისი გულისთვის, რათა შესაფერისად მიუძღოთ მეუფეს? ო, ეს შემაძრწუნებელია!

(თ. 14, მ. 62-65)

ხოლო იესუ მიუგო მას, ვითარმედ: მე ვარ. და ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაჲ მარჯუენით მჯდომარე ძლიერებათა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა.

ხოლო მღდელთ-მოძღუარმან მან დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა: რაჲსაღა გჳჴმან მოწამენი?

გესმა ყოველთა გმობაჲ მაგისგან. ვითარ გნებავს თქუენ? მაშინ ყოველთა დასაჯეს იგი თანა-მდებად სიკუდილისა.

და იწყეს ვიეთმე ნერწყუვად მისა და დაბურვად პირსა მისსა და ჴურთითა ცემად მისა და ეტყოდეს: გჳწინაწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?

და მსახურთა მათ მოიყვანეს იგი ყურიმლის ცემად. იესომ მიუგო: მე ვარ. იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის ღრუბლებით.

მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსი და თქვა: რაღად გვინდა მოწმენი?

ხომ მოისმინეთ ღვთის გმობა? რას იტყვით? მაშინ ყველამ სიკვდილის ღირსად სცნო იგი.

ზოგიერთებმა დაუწყეს ფურთხება, სახეს უფარავდნენ, ურტყამდნენ და ეუბნებოდნენ: გვიწინასწარმეტყველე. მსახურები კი ყვრიმალში სცემდნენ მას.

მღვდელმთავარი ისევე ეკითხება იესოს, არა იმისათვის, რომ შეიცნობს რა ჭეშმარიტებას, ირწმუნოს იგი, არამედ იმისათვის, რომ ჰქონდეს რაიმე საბაბი მის განსასჯელად. სიტყვებს „შენ ხარ ქრისტე“ (ცხებული) - იგი უმატებს „ძე კურთხეულისა“. რადგან მრავალნი იყვნენ ცხებულნი, რამდენადაც ამ სახელით იწოდებოდნენ მეფეებიც, მღვდელმთავრებიც, მაგრამ არცერთი მათგანი არ იყო ძე ღმრთისა, მარადის კურთხეულისა და დიდებულისა. იესომ მიუგო, „მე ვარ“ თუმცა იცოდა, რომ ისინი არ ირწმუნებდნენ, იძულებული იყო ეპასუხა, რათა შემდეგ არ შესძლებოდათ თქმა, მისგან პირდაპირი მოწმობა რომ მოგვესმინა თავის თავზე, ვირწმუნებდითო. ამიტომაც სასჯელიც მით უფრო დიდი იქნება, რომ მათ მოისმინეს რა ეს მოწმობა, მაინც არ ირწმუნეს. „ამიერითგან იხილოთ, - ამბობს ის, - ძე კაცისაჲ მარჯუენით მჯდომარე ძლიერებათა“, ანუ მამისა („ძლიერებას“ აქ უწოდებს მამას). ვინაიდან იგი კვლავ მოვა არა უსხეულოდ, არამედ იმგვარად, რომ მისმა ჯვარმცმელებმა, მისი ხილვა და ცნობა შეძლონ. ამასთან, მღვდელმთავარმა შეასრულა ჩვეულება (დაიპო სამოსელი), რადგან როდესაც იუდეველებს რაიმე უბედურება ან მწუხარება შეხვდებოდათ, ისინი სამოსელს დაიპობდნენ ხოლმე. ამ შემთხვევაში მღვდელმთავარმა დაიპო სამოსელი იმის ნიშნად, რომ იესომ თითქოსდა ღმრთის გმობა წარმოსთქვა და ამრიგად, დიდი ბოროტება აღესრულა. საკმარისია ამაზე დავითთან ერთად ვთქვათ: „განირყვნეს და არა შეინანეს“ (ფს. 34, 15). მაგრამ ეს დაპობა, იყო აგრეთვე სახე იუდაური მღვდელმთავრობის დაპობისა და გაუქმებისა, თუმცაღა მღვდელმთავარი ვერ აცნობიერებდა ამას. ამგვარად, როდესაც მღვდელმთავრებმა შესაბამისი სასჯელი გამოუტანეს მას (ქრისტეს), მაშინ მსახურები, სახე დაუფარეს რა, სცემდნენ მას და ეუბნებოდნენ „გჳწინასწარმეტყუელებდ ჩუენ“, ვინ დაგარტყა შენ? და თუკი უფალმა ამდენი დაითმინა ჩვენთვის, მაშინ, ჩვენ რამდენის დათმენაღა გვმართებს მისი გულისთვის, რათა შესაფერისად მიუზღოთ მეუფეს? ო ეს შემაძრწუნებელია!

(თ. 14, მ. 66-72)

და იყო რაჲ პეტრე ეზოსა მას შინა, მოვიდა ერთი მჴევალთაგანი მღდელთ-მოძღურისათაჲ.

და ვითარცა იხილა იგი, ტფებოდა რაჲ, მიჰხედა მას და ჰრქუა: შენცა იყავ იესუჲს თანა ნაზარეველისა.

ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: არა ვიცი და არცა უწყი, რასა-ეგე იტყჳ შენ. და გამოვიდა პეტრე გარეშესა მას ეზოსა, და ქათამმან ჴმა-ყო.

და კუალად იხილა იგი მჴევალმან მან და იწყო სიტყუად წინაშე მდგომარეთა მათ, ვითარმედ: ესეცა მათგანივე არს.

ხოლო მან კუალად უვარ-ყო. და შემდგომად მცირედისა ჟამისა წინაშე მდგომელნი იგი ეტყოდეს პეტრეს: ჭეშმარიტად მათგანი ხარ და რამეთუ გალილეველ ხარ, სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს.

ხოლო პეტრე იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი ესე, რომელსა იტყჳთ.

და მეყსეულად მეორედ ქათამმან იყივლა, და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: პირველ ქათმისა ჴმობადმდე მეორედ სამ-გზის უვარ-მყო მე. და იწყო ტირილად.

ხოლო, როცა პეტრე ქვემოთ, ეზოში იყო, მოვიდა მღვდელმთავრის ერთი მხევალი

და, ცეცხლს მიფიცხებული პეტრე რომ დაინახა, დააკვირდა და უთხრა მას: შენც ხომ იესო ნაზარეველთან იყავი?

მაგრამ მან უარყო და თქვა: არ ვიცი, არ მესმის, რას ამბობ; ეზოდან გავიდა, და იყივლა კიდეც მამალმა.

მხევალმა კვლავ შეასწრო თვალი და იქვე მდგომთ უთხრა: ესეც ერთი მათგანიაო.

მან კვლავ უარყო. ცოტა ხნის შემდეგ იქვე მდგომებმაც უთხრეს პეტრეს: მართლაც ერთი მათგანი ხარ, რადგან კილოზე გეტყობა, რომ გალილეველი უნდა იყო.

ხოლო ის მოჰყვა წყევლას და ფიცს: არ ვიცნობ იმ კაცს, ვისზედაც მელაპარაკებითო; და მეორედ იყივლა მამალმა.

გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი: მამლის მეორე ყივილამდე სამფჯერ უარმყოფო, და ტირილი დაიწყო.

და თუმცა პეტრე ყველაზე უფრო მხურვალე იყო, მაინც უძლური აღმოჩნდა და უარყო უფალი, შიშით შეპყრობილმა, ხოლო ამგვარი შიში მას მოახლემ მოჰგვარა! ღმერთმა კი, განსაკუთრებული წინასწარგანზრახულების გამო დაუშვა მასზე, რომ დაეთმინა ეს, რათა თავი არ აემაღლებინა და თანაგრძნობ, ით მოჰკიდებოდა მათ, ვინც დაეცნენ, იწვენვდა რა საკუთარ თავზე სიღრმეს ადამიანური უძულურებისა. რაც შეეხება იმას, ერთი მონა იყო, რომელმაც პეტრე ამხილა, თუ იყო სხვაც, მათე ამბობს, რომ სხვაც იყო, ხოლო მარკოზი - რომ პეტრე ორივე შემთხვევაში, ერთი და იმავე მონამ ამხილა. მაგრამ ეს სრულიადაც არ არის ჩვენი დამაბრკოლებელი სახარების ჭეშმარიტებასთან მიმართებაში. ვინაიდან აქ წინააღმედეგობა მახარებელთა შორის, არ შეეხება რაიმე მთავარსა და ჩვენი სხნისთვის აუცილებელს. ხომ არ უთქვამს ერთს, რომ უფალი ჯვარს აცვეს, ხოლო მეორეს, რომ იგი არ აცვეს ჯვარს. ამრიგად, პეტრემ, შეიპყრა რა შიშმა და დაივიწყა უფლის სიტყვები - „რომელმან უარმყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა“ (მათე თ. 10, მ. 33), - უარყო ქრისტე, მაგრამ, სინანულმა და ცრემლებმა, კვლავაც დაუბრუნეს იგი ქრისტეს. რადგან ნატქვამია: „და იწყო ტირილად“. ანუ აიფარა რა სახეზე ხელები, მწარედ იწყო ტირილი. მათემ (საუბრობდა რა პეტრეს მიერ უარყოფაზე) გაურკვევლად თქვა: „ვიდრე ქათმისა ხმობადმდე“. მარკოზმა ეს ახსნა: „ვიდრე ქათმის მეორედ ხმობადმე“. მამლები ჩვეულებრივ პირველად აკეთებენ რამოდენიმე შეძახილს, შემდეგ იძინებენ, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ ისევ იწყებენ ყივილს. ამიტომ, მათეს მიერ ნათქვამის აზრი ასეთია: „ვიდრე ქათმისა ხმობადმე“, ანუ სანამ მოასწრებდეს პირველად თავისი ყივილის დამთავრებას, „სამ-გზის უვარ-მყო მე“. დაე, შერცხვეთ ნოვატიანელებს, რომლებიც არ იღებენ ნათლობის სინანულს და წმიდა საიდუმლოებებთან ზიარების შემდეგ შემცოდეთ. აი პეტრე, რომელმაც უკვე წმიდა ხორცთან და სისხლთან ზიარების შემდეგ უარყო, კვლავ იქმნა მიღებული მოციქულთა შორის. ამიწნდანთა დაცემა იმიტომაც არის აღწერილი, რომ როდესაც ჩვენ ჩვენი უყურადღებობის გამო ვეცემით, მათ მაგალითს მივხედოთ და სინანულით ვეცადოთ გამოსწორებას.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16