ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

მარკოზის სახარების განმარტება

 

თავი მეთხუთმეტე

(თ. 15, მ. 1-15)

და მეყსეულად განთიად ზრახვა-ყვეს მღდელთ-მოძღუართა მათ მოხუცებულთა თანა და მწიგნობართა და ყოველმან კრებულმან. და შეკრეს იესუ და წარიყვანეს და მისცეს იგი პილატეს.

და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფე ჰურიათაჲ? ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მას: შენ იტყჳ.

და შეასმენდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი ფრიად.

ხოლო პილატე კუალად ჰკითხა მას და ჰრქუა: არარას მიუგება? აჰა რაოდენსა შეგწამებენ შენ!

ხოლო იესუ არარაჲ მიუგო, ვიდრემდის უკჳრდაცა პილატეს.

და რაჲ დღესასწაულ მიუტევის მათ ერთი პყრობილი, რომელიცა გამოითხოიან.

ხოლო იყო ვინმე ბარაბა მეშფოთეთა თანა კრული, რომელსა შფოთსა შინა კაცი ეკლა.

და ღაღატ-ყო ერმან მან გამოთხოვად მისა, ვითარცა-იგი მიჰმადლის მათ მარადის.

ხოლო პილატე მიუგო და ჰრქუა მათ: გნებავსა, რაჲთა მიგიტეო თქუენ მეუფჱ ჰურიათაჲ?

რამეთუ იცოდა, ვითარმედ შურითა მისცეს იგი მღდელთა-მოძღუართა მათ.

ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ აღძრეს ერი იგი, რაჲთა ბარაბა მიუტეოს მათ.

ხოლო პილატე მერმეცა მიუგო და ჰრქუა მათ: და რაჲ უკუე გნებავს ყოფად, რომელსა-ესე იტყჳთ მეუფედ ჰურიათად?

ხოლო მათ კუალად ღაღატ-ყვეს და ჰრქუეს: ჯუარს-აცუ ეგე.

ხოლო პილატე ეტყოდა მათ: რაჲ ბოროტი უქმნიეს? და იგინი უმეტესად ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-აცუ ეგე.

ხოლო პილატეს უნდა ერისა მის მომადლებაჲ, მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს სცა შოლტითა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-აცუან. 

ინათა თუ არა, ბჭობა გამართეს მღვდელმთავრებმა უხუცესებთან, მწიგნობრებსა და მთელ სინედრიონთან ერთად. შეკრეს იესო, წაიყვანეს და მისცეს პილატეს.

პილატემ ჰკითხა მას: შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: შენ ამბობ.

მღვდელმთავრები ბევრ რასმე სდებდნენ ბრალად.

ხოლო პილატემ კვლავ ჰკითხა მას: რატომ არაფერს იტყვი პასუხად? ხედავ, რამდენ რასმე გწამებენ?

მაგრამ იესომ ამჯერადაც არა მიუგო რა, ასე რომ, უკვირდა პილატეს.

ხოლო ყოველ დღესასწაულზე ათავისუფ-ლებდა იგი ერთ პატიმარს, რომელსაც სთხოვდა ხალხი.

და იყო მაშინ ვინმე ბარაბა, ბორკილ-დადებული მეამბოხეებთან ერთად, რომლებსაც მკვლელობა ჩაედინათ ამბოხებისას.

მოვიდა ხალხი და დაუწყო იმისი თხოვნა, რასაც პილატე ყოველთვის უსრულებდა მათ.

ხოლო პილატემ მიუგო და უთხრა მათ: თუ გნებავთ გაგითავისუფლებთ იუდეველთა მეფეს.

რადგან იცოდა, რომ მღვდელმთავრებმა შურით გასცეს იგი.

მაგრამ მღვდელმთავრებმა წააქეზეს ხალხი, რათა უმალ ბარაბა გაეთავისუფლებინა მათთვის.

ხოლო პილატემ მიუგო და კვლავ უთხრა მათ: კი მაგრამ, რა გსურთ, რა ვუყო იმას, ვისაც იუდეველთა მეფეს უწოდებთ?

ისინი კვლავ აყვირდნენ: ჯვარს აცვი იგი!

პილატემ თქვა: რა დააშავა? მაგრამ ისინი უფრო ხმამაღლა აყვირდნენ: ჯვარს აცვი იგი!

მაშინ პილატემ, ხალხის მოსა-მადლიერებლად, გაათავისუფლა ბარაბა, ხოლო იესო გაამათრახებინა და ჯვარზე საცმელად მისცა მათ.

იუდეველებმა უფალი რომაელებს მისცეს; რისთვისაც ტავად რომაელთა ხელში იქნენ ჩაგდებულნი უფლის მიერ. და აღსრულდა წმიდა წერილის სიტყვები: „ვაი უკეთურს, ბოროტეულს, რადგან მოიმკის თავისი ხელის ნამოქმედარს (ესაია, 3, 11).

და კიდევ: „მიეც მათ უფალო საქმეთა მათთაებრ“ (სფ. 27, 4);

და კიდევ: „ვითარსახედ უყავ, ეგრეთ იყოს შენდა“ (აბდია 1, 15).

პილატეს კითხვაზე: „შენ ხარა მეუფე ჰურიათაი?“ უფალი ორაზროვან პასუხს აძლევს. რადგან სიტყვები „შენ იტყვი“ შეიძლება გავიგოთ ასეც: მე არ ვამბობ ამას, არამედ შენ ამბობ. მაგრამ ჰკითხა რა მეორედ, ქრისტემ აღარაფერი არ უპასუხა და ამით გააკვირვა პილატე. რადგანაც პილატეს უკვირდა, რომ იგი, იყო რა გათვითცნობიერებული სჯულში და მჭერმეტყველი და შეეძლო ერთი პასუხით გაექარწყლებინა მის შესახებ მოგონილი ცილისწამება, არაფერს ამბობდა, არამედ პირიქით, მორჩილით იტანდა ბრალდებებს. დააკვირდი იუდეველთა სისხლის მოყვარეობას და პილატეს გაწონასწორებულობას (თუმცაღა ისიც ღირსია გაკიცხვისა, ვინაიდან მტკიცედ არ დადგა მართლისათვის). რამეთუ ისინი ყვიროდნენ: „ჯუარს აცუ ეგე“, ის კი თუმცაღა სუსტად, მაგრამ მაინც ცდილობდა გაეთავისუფლებინა იესო გასამართლებისაგან, ამიტომ კვლავ ეკითხება: რაღა ვუყო იესოს? - ცდილობს რა მისცეს მათ შესაძლებლობა გაუშვან უფალი, როგორც უდანაშაულო, რის გამოც აჭიანურებდა და ცდილობდა გადადებას. ბოლოს, დაემორჩილა რა მათ მოთხოვნას, დაუწყო უფალს ცემა, ანუ დარტყმა თასმებიანი შოლტით, რათა ცხადი ყოფილუყო, რომ მათ მიიღეს იგი, როგორც განსასჯელი გასასამართლებლად და „მისცა მათ, რაითა ჯუარს-აცუან“. რადგან მას უნდოდა გაეკეთებინა ის, რაც სათნოეყოფოდა, რაც ესიამოვნებოდა ხალხს და არა იმის, რაც სათნოეყოფოდა ღმერთს.

(თ. 15, მ. 16-21)

ხოლო სტრატიოტთა მათ შეიყვანეს იგი შინაგან ეზოსა მას, რომელ არს ტაძარი, და შეკრიბეს ყოველივე იგი თესლები.

და შეჰმოსეს მას ძოწეული და დაადგეს შეთხზული ეკალვაგან გჳრგჳნი.

და იწყეს მოკითხვად მისა და იტყოდეს: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო!

და სცემდეს მას თავსა ლერწმითა და ჰნერწყუვიდეს მას და დაიდგნიან მუჴლნი და თაყუანის-სცემედ მას.

და ოდეს განკიცხეს იგი, განსძარცუეს მას ძოწეული იგი და შეჰმოსეს თჳსივე სამოსელი და განიყვანეს იგი, რაჲთა ჯუარს-აცუან.

და პაჰრაკად წარიყვანეს თანა-წარმავალი სიმონ ვინმე კჳრინელი, მომავალი ველით, მამაჲ ალექსანდრესი და როფესი, რაჲთა აღიღოს ჯუარი მისი.

ჯარისკაცებმა შიდა ეზოში, ანუ პრეტორიუმში შეიყვანეს იგი, და შეკრიბეს მთელი რაზმი.

შემოსეს ძოწეულით, დაწნეს ეკლის გვირგვინი და თავზე დაადგეს.

და დაუწყეს მისალმება: გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!

თავზე ამტვრევდნენ ლერწამს, აფურთხებდნენ და მუხლმოყრილნი თაყვანსა სცემდნენ.

ხოლო როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ძოწეული, კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და ჯვარზე საცმელად წაიყვანეს იგი.

და აიძულეს მინდვრიდან მომავალი ერთი კირენელი კაცი, სახელად სიმონი, ალექსანდრესა და რუფუსის მამა, ეტვირთა იესოს ჯვარი.

სამხედრო ფენამ, რომელიც ყოველთვის ერთობოდა თავაწყვეტილი საქციელითა და შეურაცხყოფით, ახლაც თავისი ჩვეული თვისება გამოავლინა. ვინაიდან, თუკი იუდეველები, რომლებმაც ქრისტესგან ამდენი დამოძღვრა მოისმინეს და მისგან ასე ხშირად და ასე ბევრჯერ იღებდნენ წყალობას, ასე ლანძღვადნენ მას, რაღა უნდა ვთქვათ წარმართებზე? ამრიგად, მათ მთელი რაზმი შეკრიბეს, შემოსეს იგი ძოწეულით, როგორც მეფე, რათა დაეცინათ და დაუწყეს ცემა; დიადემის ნაცვლად აიღეს ეკლის გვირგვინი, კვერთხის ნაცვლად კი - ხელჯოხი. ეს ეშმაკის მსახურები აიძულებდნენ, როგორც ნათქვამია, ვინმე გამვლელს, ატაროს მისი ჯვარი. ამასთან, მეორე მახარებელი ამბობს, რომ იესოს თავად მიჰქონდა ჯვარი (იოანე 19, 17). მაგრამ ერთიც იყო და მეორეც. თავიდან რაღაც დრო თავად მიჰქონდა თავის ჯვარი, ხოლო როდესაც მონახეს სხვა, ვისაც შეეძლო წაღება, აიძულეს ეს უკანსკნელი და ჯვარი მან წაიღო. მაგრამ რისთვისაა ნათვქამი ისიც, თუ ვისი მამა იყო ეს ადმიანი? მეტი დამაჯერებლობისთვის. რადგან ის კაცი, ალბათ, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და შეეძლო მოეყოლა ყველაფერი ჯვართან დაკავშირებით. მაშ, შევიმოსოთ ჩვენც ძოწეული, სამეფო სამოსი. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენც უნდა ვიდოდეთ მეფეთა მსგავსად, დავსთრგუნავთ რა გველსა და ღრიანკალს და დავამარცხებთ ცოდვას. ჩვენ ქრისტეანები გვქვია, ანუ ცხებულნი, ისე როგორც მეფეები იწოდებოდნენ ოდესღაც ქრისტიანებად. ამიტომაც, დაე ჩვენი ცხოვრება იყოს არა მონური და მდაბალი, არამედ მეფური და თავისუფალი. ვატაროთ ეკლის გვირგვინი, ანუ ვისწრაფოდ დავიდგათ გვირგვინი მკაცრი, თავშეკავებული, ხორციელი სიამოვნებებისგან თავისუფალი ცხოვრებითა და არა განცრომაში, განებივრებულთა და გრძნობად სიამოვნებებს დაქვემდებარებულით. დაე გავხდეთ „სვიმონი“, რაც მორჩილებას ნიშნავს, და ავიღოთ იესოს ჯვარი, „მაშ მოაკუდინენით უკუე ასონი თქუენნი“ (კოლ. 3, 5).

(თ. 15, მ. 22-28)

და მოიყვანეს იგი გოლგოთას, ადგილსა, რომელ არს გამოთარგმანებით: თხემისა ადგილი.

და მისცემდეს მას სუმად შემურვილსა ღჳნოსა, ხოლო მან არა მიიღო.

და ჯუარს-აცუეს იგი და განიყოფდეს სამოსელსა მისსა და განიგდებდეს მას ზედა წილსა, ვინ-ძი რაჲ აღიღოს.

ხოლო იყო ჟამი მესამე, და ჯუარს-აცუეს იგი.

და იყო ზედაწერილი ბრალისა მისისაჲ ესრეთ დაწერილი: ესე არს მეუფჱ ჰურიათაჲ.

და მის თანა ჯუარს-აცუნეს ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით და ერთი მარცხენით მისა.

და აღესრულა წერილი იგი, რომელი იტყჳს, ვითარმედ: უსჯულოთა თანა შეირაცხა.

მიიყვანეს იგი იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს.

და მისცეს მას სასმელად მურნარევი ღვინო, მაგრამ არ მიიღო.

ჯვარს აცვეს იგი და წილისყრით გაიყვეს მისი სამოსი: ვის რა შეგვხვდებაო.

ხოლო იყო მესამე საათი, როცა ჯვარს აცვეს იგი.

და მისი ბრალი ამ წარწერით იყო გადმოცემული: იუდეველთა მეფე.

მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მის მარჯვნივ და მეორე - მარცხნივ.

და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხაო.

არსებობს ჩვემადე წმიდა მამებისგან მოღწეული გადმოცემა, რომ გოლგოთაზე დასაფლავებული იყო ადამი. უფალი აქ ეცმის ჯვარს, ადამის დაცემისა და სიკვიდლისაგან კურნების მომნიჭებელი, რათა იქვე აღესრულოს სიკვდილის რღვევა, სადა იყო საწყისი სიკვიდლისა. „და მისცემდა მას სუმად შემურვილსა ღვინოსა“. მაგრამ გუნდრუკუ ყველაზე უფრო მწარე სითხეა; მასასადამე ეს უფალს დაცინვის მიზნით მისცეს. მეორე მახარებელი ამბობს, რომ უფალს მისცეს ძმარი ნაღველთან შეზავებული (მათე; 27, 34), ხოლო მესამე - რომ მას კიდევ რაღაც მიუტანეს. მაგრამ ამაში არ არის წინააღმდეგობა; მაშინდელი განუკითხაობის პიპობებში ერთს ეს მოჰქონდა, სხვებს - სხვა რამ: ერთს ძმარი ნაღველში აღზავებული, მეორეს - ღვინო გუნდრუკით. შეიძლება ისიც ყოფილიყო, რომ ღვინო ამჟავებული იყო, ხოლო გუნდრუკი დამწარებული, და მაშასადამე, მახარებელები თანხმდებიან ერთმანეთს შორის, როდესაც ერთი მათგანი საუბრობს ღვინოზე გუნდრუკით, ხოლო მეორე - ნაღველთან შეზავებულ ძმარზე. რამეთუ ღვინოსთვის ძმარი ეწოდებინათ, ხოლო გუნდრუკისთვის ნაღველი, პირველი - თავისი სიმჟავის გამო, მეორე - სიმწარის. ამის მსგავსად, როდესაც ერთი ამბობს, რომ „მისცემდეს მას სუმად შემურვილსა ღვინოსა, ხოლო მან არ მიიღო“, არ ეწინაარმდეგება მეორეს, რომელიც ამბობს: „გემოი რაი იხილა არა უნდა სუმის“. ვინაიდან როდესაც ნათქვამია, რომ „არ მიიღო“, ამით ნათლად არის ნაჩვენები, რომ არ დაულევია. და წილს იყრიდნენ მის სამოსზე აგრეთვე დაცინვის მიზნით, ანუ იყოფდნენ რა ერთმანეთს შორის ვითომდა მეფობის სამოსს, მაშინ როდესაც იგი ღარიბული იყო. დაწერეს მისი ბრალდებაც, რისთვისაც ჯვარს აცვეს უფალი: „მეუფე ჰურიათაი“, რათა დაემცირებინათ მისი დიდება, როგორც აღმაშფოთებელი ადამიანისა და საკუთარი თავის მეფედ გამომცხადებლისა, რათა ყველა გამვლელს, არათუ არ შესცოდებოდა იგი, არამედ პირიქით, ემტრო მისთვის, როგორც მეფის ძალაუფლების მიმითვისებლობისთვის. მაგრამ როგორ ამბობს მარკოზი, რომ ქრისტე მესამე სააათს აცვეს ჯვარს, ხოლო მათე - რომ ბნელი - დადგა მეექვსე საათიდან? შეიძლება ითვას, რომ მესამე სააათს ჯვარს აცვეს, ხოლო მეექვსე საათიდან სიბნელე დადგა და გრძელდებოდა ცხრა საატამდე. ავაზაკებთან ერთადაც იმიტომ აცვეს ჯვარს, რომ ხალხს ცუდი წარმოდგენა ჰქონოდა მასზე, თითქოს ისიც ბოროტმოქმედი იყო. მაგრამ, ეს ღმრთის წინასწარგანზრახულობით მოხდა. რადგანაც, ერთი მხრივ, არსრულდა წინასწარმეტყველება: „უსჯულოთა თანა შეირაცხა“ (ისაია 53, 12), მეორე მხრივ, ორი ავაზალი იყო სახე ორი ხალხისა: - იუდეველბისა და წარმართებისა. ორივე ეს ხალხი იყო სჯულის დამარღვეველი: წარმართები - როგორც ბუნებრივი სჯულის გარდამავალნი, ხოლო იუდეველები - გარდამავალნი როგორც ამ სჯულისა, ისე დაწერილისა, რომელიც მათ ღმერთმა მისცა. მაგრამ წარმართი ხალხი კეთილგონიერი ავაზაკი აღმოჩნდა. ამ ორ ხალხს შორის ჯვარს ეცმის უფალი, რამდენადაც იგი არის ლოდი, რომელიც თავისში გვაერთიანებს.

(თ. 15, მ. 29-32)

და თანა-წარმავალნი იგი ჰგმობდეს მას და ყრიდეს თავთა და იტყოდეს: ეჰა, რომელი დაარღუევდ ტაძარსა ამას და მესამესა დღესა აღაშჱნებდ,

იჴსენ თავი თჳსი და გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით.

ეგრეთვე მღდელთ-მოძღუარნი იგი იმღერდეს მწიგნობართა თანა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უც ცხოვნებად ქრისტესა, მეუფესა ისრაჱლისასა!

გარდამოჴედინ აწ ჯუარით, რაჲთა ვიხილოთ და გურწმენეს. და მის თანა ჯუარ-ცმულნიცა იგი ეგრეთვე აყუედრებდეს მას. 

ხოლო გამვლელნი აგინებდნენ, თავებს აქნევდნენ და ამბობდნენ: ეჰა, ტაძრის დამრღვევო და სამ დღეში აღმშენებელო!

იხსენი შენი თავი; ჩამოდი ჯვრიდან!

ასევე მღვდეღმთავრები, მწიგნობრებთან ერთად, დასცინოდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: სხვები იხსნა და თავის ხსნა კი არ შეუძლია;

ქრისტე, მეფე ისრაელისა, დე, ჩამოვიდეს ახლა ჯვრიდან, რათა ვიხილოთ და ვიწამოთ. და მასთან ერთად ჯვარცმულნი აგინებდნენ მას.

„თანა-წარმავალნი“, ანუ იმ გზით გამვლელები, სადაც უფალი აქცევს ჯვარს, ისინიც, ამბობს მახარებელი, გმობდნენ უფალს, საყვედურობდნენ რა მას, როგორც მატყუარას. რამდენადაც უფალი სასწაულმოქმედებით, მრავალთა მხსნელი იყო, გამვლელთა მსგავსად მღვდელმთავრებიც ამბობდნენ: სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია? ამას ამბობდნენ, რადგან დასცინოდნენ მის სასწაულებს და თვლიდნენ მათ მოჩვენებით მოვლენებად. მაგრამ იმისთვის, რომ ეთქვათ „გარდამოხედი აწ ჯუარით“, ეშმაკი აღძრავს მათ. რამდენადაც ბოროტების მეუფემ იცოდა, რომ ჯვრით მოხდება გამოხსნა, კვლავ აცუდენბდა უფალს, რათა მისი ჯვრიდან ჩამოსვლის შემთხვევაში, დარწმუნებულიყო, რომ ის არაა ძე ღმრთისა და რომ ამგვარად დარღვეულიყო ადამიანთა ჯვრით გამოხსნა. მაგრამ ჭეშმარიტად ძე ღმრთისა იყო იგი და სწორედ ამიტომ, არ ჩამოვიდა ჯვრიდან. პირიქით, რამდენადაც იცოდა, რომ ეს ადამიანთა გამოხსნისათვის ხდებოდა, მან გადაწყვიტა კიდეც ჯვარცმულიყო, თავიდან ორივენი აყვედრებდნენ მას. შემდეგ, ერთმა მათგანმა აღიარა მისი უდანაშაულობა და მეორესაც კი შეაგონებდა, როდესაც იგი გმობდა.

(თ. 15, მ. 33-37)

და ვითარცა იყო ჟამი მეექუსე, ბნელი იყო ყოველსა ქუეყანასა ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე.

და მეცხრესა ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ელოი, ელოი, ლიმა საბაქთანი? რომელ არს თარგმანებით: ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტეობ მე?

და რომელთამე წინაშე მდგომელთა ესმა და იტყოდეს: აჰა ელიას ხადის.

და მირბიოდა ერთი და აღავსო ღრუბელი ძმრითა და დაადგა ლერწამსა და ასუმიდა და იტყოდა: უტევეთ, ვიხილოთ, უკუეთუ მოვიდეს ელია გარდამოჴსნად მაგისა.

ხოლო იესუ ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული. 

ხოლო მეექვსე საათის დამდეგს მეცხრე საათამდე წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა.

მეცხრე საათს ხმამაღლა შეღაღადა იესომ: ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი? რაც თარგმანით ნიშნავს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე?

ზოგიერთმა იქ მდგომმა გაიგონა ეს და თქვა: აჰა, ელიას უხმობსო.

ერთი კი გაიქცა, ძმრით გაჟღენთა ღრუბელი, ლერწამზე წამოაგო, სასმელად მისცა და ამბობდა: მოიცათ, ვნახოთ, მოვა თუ არა ელია მის ჩამოსახსნელად.

ხოლო იესომ კვლავ შეღაღადა ხმამაღლა და განუტევა სული.

სიბნელე იყო არა ერ ადგილას, არამედ მთელს დედამიწაზე. ეს (მთვარის) მოკლების დრო რომ ყოფილიყო, კიდევ შეიძებოდა ეთქვა ვინმეს, ეს ბუნებრივი დაბნელებააო.მაგრამ ახლა თვის მეთოთხმეტე დღე იდგა, როცა ბუნებრივი დაბენელება შეუძლებელია. წინასწარმეტყველურ წამოძახილს უფალი ებრაულად წარმოსთქვამს, უჩვენებს რა ამით, რომ იგი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე პატივს მიაგებს ებრაულს. „რაისათვის დამიტოებ მე?“ - წარმოსთქვამს ის ადამიანური ბუნების სახელით თიტქოსდა ამბობს: უფალო, რატომ დამიტევე მე ადამიანი, რათა ჩემთვის უფლის ჯვარცმა გამხდარიყო საჭირო? რადგანაც დატოვებულნი ვიყავით ჩვენ, ადამიანები, ხოლო იგი არასოდეს ყოფილა დატოვებული მამისა მიერ. ისმინე, რას ამბობს თავად: „არა ვარ მე მარტოი, არამედ მამაი ჩემი ჩემთან არს“ (იოანე 16, 32). ანდა, ამბობს ებრაელთა მაგივრადაც, რამდენადაც ხორციელად თავადაც ებრაელი იყო“ „რაისათვის დამიტიობ მე“, ანუ ებრაელ ხალხს, რათა მან ჯვარს აცვას შენი ძე? როგორც ჩვეულებრივ ვამბობთ ხოლმე: ღმერთი შეიმოსა ჩემით , ნაცვლად - ადამიანური ბუნებისა, ასევე აქაც, გამოთქმაში, „დამიტეობ მე“, უნდა ვიგულისხმოთ - ჩემი ადამიანური ბუნება, ან ჩემი იუდეველი ხალხი. „და მირბიოდა ერთი და აღავსო ღრუბელი ძმრითა და დაადგა ლერწამსა ასუმდა“, რათა ძმრის სიმწარეს მალე მოეკლა იგი. იესომ განუტევა სული, შესძახა რა ხმამაღლა, თითქოსდას მოუწოდებდა სიკვიდილს, როგორც მეუფემ და თავისივე ძალაუფლებით აღსრულებულმა. ხოლო როგორი იყო ეს შეძახილი, აღნიშნა ლუკამ: „მამაო, ხელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა“. (ლუკა 23, 46). ამით უფალმა ჰყო ისიც ჩვენთვის, რომ წმინდანთა სულები ღმრთის ხელში გადაეცემიან. რამდენადაც მანამდე, ყველას სული ჯოჯოხეთში იმყოფებოდა, სანამ არ მოვიდოდა მქადაგებელი ტყვექმნილთა განტევებისა.

(თ. 15, მ. 38-41)

და კრეტსაბმელი იგი ტაძრისაჲ მის განიპო ორად, ზეითგან ვიდრე ქუედმდე.

და ვითარცა იხილა ასისთავმან მან, რომელი დგა წინაშე მისსა, რამეთუ ესრეთ ღაღატ-ყო და განუტევა სული, თქუა: ჭეშმა-რიტად კაცი ესე ძე ღმრთისაჲ იყო.

ხოლო იყვნეს დედანიცა, რომელნი შორით ხედვიდეს, რომელთა თანა იყო მარიამ მაგდალენელი და მარიამ იაკობისი მცირისაჲ და იოსეს დედაჲ და სალომე,

რომელნი, ოდეს იყო გალილეას, შეუდგეს მას და ჰმსახურებდეს, და სხუანი მრავალნი, რომელნი მის თანა აღსრულ იყვნეს იერუსალჱმდ. 

მაშინ, ზემოდან ქვემომდე, შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა.

როცა მის პირდაპირ მდგარმა ასისთავმა დაინახა, რომ ასე შეღაღადა და განუტევა სული, თქვა: ჭეშმარიტად ეს კაცი ძე იყო ღმრთისა.

იყვნენ იქ შორიდან მაცქერალი ქალებიც, მათ შორის, მარიამ მაგდალელი, მარიამი, იაკობ მცირისა და იოსეს დედა, და სალომე,

რომლებიც თან დაჰყვებოდნენ, როცა გალილეაში იყო, და ემსახურებოდნენ მას; და სხვაც მრავალი, მასთან ერთად ამოსული იერუსალიმს.

კრეტსაბმელი ორად განიპო იმის ნიშანად, რომ სულიწმიდის მადლმა დატოვა ტაძარი, რომ „წმიდათა წმიდა“ გახდება ხილული და ყველასთვის ხელმისაწვდომი, როგორც ეს აღსრულდა კიდეც, როდესაც რომაელები შემოვიდნენ და რომ თავად ტაძარიც მწუხარებს. როგორც ჩვეულებრივი იუდეველები იქცეოდნენ მწუხარებისას და დაიპობდნენ ხოლმე თავიანთ სამოსელს, ასევე ტაძარმაც, ვითარცა სულიერმა, იგივე უჩვენო შემოქმედის ვნების ჟამს, დაიპო რა თავისი სამოსელი. მაგრამ ეს სხვა რამესაც აღნიშნავს. ჩვენი ხორცი არის კრეტსაბმელი ჩვენი ტაძრისა, ანუ გონებისა, რომელიც ხორცს ჰქონდა სულზე, განიპო ქრისტეს ვნებებით „ზეითგან, ვიდრე ქუემდე“, ანუ ადამიდან მოყოლებული, უკანასკნელ ადამიანამდე. ვინაიდან ადამიც განათლდა ქრისტეს ვნებებით და მისი სხეული უკვე აღარ ექვემდებარება წყევლასა და ხრწნას; პირიქით, ყველანი ჩვენ პატივდებულნი ვართ უხრწნელებით. „ასისთავმა“ ანუ ასისთავის მეტაურმა, იხილა რა, რომ იგი ასე ძალმოსილად აღესრულა, გაუკვირდა და აღიარა. დააკვირდი, როგორ შეიცვალა წესრიგი. იუდელები კლავენ, წარმართი აღიარებს; მოწაფეები განიბნევიან, დედაკაცები რჩებიან. „იყვნეს, - ამბობს მახარებელი, - დედანიცა...“რომელთა თან იყო მარიამ მაგდალინელი და მარიამ იაკობისი მცირისაი და იოსეს დედაი“, ანუ ღმრთისმშობელი, რომელიც მათთვის დედა იყო. რამდენადაც იგი იოსებზე იყო დაწინდული, ხოლო იაკობი და იოსე, იოსების შვილები იყვნენ, იგი მათ დედად იწოდება, როგორც დედინაცვალი, ისევე როგორც იოსების ცოლად იწოდებდა საცოლიდ სახით. აქვე იყო სალომე, ზებედეს ძეთა დედა და მრავალი სხვა. მახარებელმა მხოლოდ უმთავრესნი ახსენა.

(თ. 15, მ. 42-47)

და ვითარცა შემწუხრდებოდა, – რამეთუ პარასკევი იყო, რომელ არს უწინარეს შაბათისა, –

მოვიდა იოსებ არიმათიელი, შუენიერი მზრახველი, რომელი-იგიცა მოელოდა სასუფე-ველსა ღმრთისასა, იკადრა და შევიდა პილატესა და მოითხოვა გუამი იესუჲსი.

ხოლო პილატეს დაუკჳრდა, უკუეთუ აწვე მოკუდა, და მოუწოდა ასისთავსა მას და ჰკითხა, უკუეთუ ადრევე მოკუდა.

და ისწავა ასისთავისა მისგან ესე და მიჰმადლა გუამი მისი იოსებს.

და მან იყიდა არდაგი და გარდამოჰჴსნა იგი ჯუარისა მისგან და წარგრაგნა იგი არდაგითა მით და დადვა იგი საფლავსა, რომელი იყო გამოკუეთილ კლდისაგან, და მიაგორვა ლოდი კარსა ზედა მის საფლავისასა.

იყო მუნ მარიამ მაგდალენელი და მარიამ იოსესი და ხედვიდეს, სადა-იგი დასდებდეს მას.

მწუხრის ჟამს - ვინაიდან პარასკევი იყო, შაბათის წინა დღე, -

მოვიდა იოსებ არიმათიელი, მრჩეველთა კეთილშობილი წევრი, თვითონაც რომ მოელოდა ღმრთის სასუფეველს, თამამად შევიდა პილატეს-თან და გამოითხოვა იესოს გვამი.

ხოლო პილატეს გაუკვირდა, განა უკვე მოკვდაო? მოუხმო ასისთავს და ჰკითხა: დიდიხანია მოკვდა?

და როცა შეიტყო ასისთავისგან, მისცა იოსებს მისი გვამი.

ხოლო მან იყიდა ტილო და ჩამოხსნა იგი ჯვრიდან, გახვია ტილოში და სამარხში დაასვენა, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი, და ლოდი მიაყუდა სამარხის კარს.

ხოლო მარიამ მაგდალელი და მარიამ იოსესი ხედავდნენ, სადაც დაასვენეს იგი.

ნეტარმა იოსებმა, ჯერ კიდევ ემსახურებოდა რა სჯულს, აღიარა ქრისტე ღმერთად, რის გამოც საქებარი ღვაწლი იტვირთა. მას არ დაუწყია ფიქრი: აი, მე მდიდარი ვარ და შეიძლება დავკარგო სიმდიდრე, თუკი მოვითხოვ გვამს იმისას, ვინც მეფის ძალაუფლების მითვისებისთვის არის გასამართლებული და იუდეველთათვის საძულველი შევიქმნები - არაფერ მსგავს არ ფიქრობდა, რაღა თქმა უნდა, არამედ დაუტევა რა ყოველივე, როგორც ნაკლებ მნჲშვნელოვანი, მხოლოდ ერთს ითხოვდა - დაეკრძალათ მსჯავრდებულის გვამი. „პილატეს დაუკვირდა, უკუეთუ აწვე მოკუდა“, ვინაიდან ფიქრობდა, რომ ქრისტე დიდხანს დაიტანჯებოდა, ისევე როგორც ავაზაკები, რის გამოც ჰკითხა ასისთავს: „უკუეთუ ადრევე მოკუდა?“ ანუ ნუთუ დროზე ადრე მოკვდა? გვამის მიღების შემდეგ იოსებმა იყიდა ტილო და გარდამოხსნა რა გვამი, გაახვია მასში, პატიოსნის პატიოსნად დამკრძალავმა. რადგან თავადც ქრისტეს მოწაფე იყო და იცოდა როგორი პატივი უნდა მიეგო მეუფისათვის. იგი „ჩინებული“ იყო, ანუ ადამიანი პატივსაცემი, კეთილზნეობრივი, უმწიკვლო. რაც შეეხება მრჩევლის წოდებას, ეს გარკვეული ღირსება იყო, ან უკეთ რომ ვთქვათ, მსახურება და თანამდებობა სამოქალაქო, რომლის მქონებლებსაც სასამართლო საქმეები უნდა წარემართათ და აქ ხშირად ექვემდებარებოდნენ იმ საფრთხეებს მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა, რაც ამ ადგილისთვის არის დამახასიათებელი. დაე, ისმინონ მდიდრებმა და მათ, ვინც საზოგადოებრივი საქმეებით არის დაკავებული, რომ მრჩევლის პატივი სრულიად არ უშლიდა ხელს იოსების სათნოებას. სახელი „იოსები“ ნიშნავს „შესაწირავს“ , ხოლო არიმათიელი - „აიღე იგი“. ჩვენც მივსდიოთ მის მაგალითს, გამოვიჩინოთ გულმოდგინება სათნოებათა მიმართ და ავიღოთ იგი, ანუ ჭეშმარიტი სიკეთე. გავხდეთ ღირსნი იესოს ხორცის მიღებისა ზიარების გზით და ჩავაბრძანოთ იგი კლდისაგან ნათელ კუბოში, ანუ სულში, რომელსაც მტკიცედ ახსოვს და არ ივიწყებს ღმერთს. დაე, ჩვენი სული იყოს კიდეც ნათალი კლდისაგან, ანუ დაემტკიცოს ქრისტეში, რომელიც არის კლდე და გავახვიოთ მისი გვამი ტოლოში, ანუ მივიღოთ იგი განწმენდილ სხეულში, რადგანაც სხეული ერთგვარი ტილოა სულისთვის. ღმრთაებრივი ხორცი, მხოლოდ სუფთა სულში კი არ უნდა მივიღოთ, არამედ სუფთა სხეულშიც. იგი ხომ უნდა შემოეხვიოს მას, ანუ დაფაროს და არა სააშკარაოზე გამოიტანოს, ვინაიდან საიდუმლოება დაფარული უნდა იყოს, იდუმალი და არა გაცხადებული.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16