ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

მარკოზის სახარების განმარტება

 

თავი მეშვიდე

(თ. 7, მ. 1-5)

და შეკრბეს მისა ფარისეველნი და რომელნიმე მწიგნობართაგანნი, რომელნი მოსრულ იყვნეს იერუსალჱმით.

და იხილნეს ვინმე მოწაფეთა მისთაგანნი. შეგინებულითა ჴელითა, ესე იგი არს უბანელითა ჴელითა ჭამდეს პურსა, და ჰგმობდეს.

რამეთუ ფარისეველთა და ყოველთა ჰურიათა, უკუეთუ არა იდაყჳთგან დაიბანნიან ჴელნი, არა ჭამიან, რამეთუ ეპყრა მათ მოცემული იგი მოძღურებაჲ ხუცესთაჲ.

და უბანთაგან რაჲ შევიდიან, უკუეთუ არა იბანნიან, არა ჭამიან და სხუაჲცა მრავალი არს, რომელი მოეღო პყრობად: განრცხაჲ სასუმელებისაჲ და სტამნებისაჲ და ქუაბებისაჲ და ცხედრებისაჲ.

მაშინ ჰკითხეს მას ფარისეველთა მათ და მწიგნობართა: რაჲსათჳს მოწაფენი შენნი არა ვლენან მოძღურებისაებრ ხუცესთაჲსა, არამედ უბანელითა ჴელითა ჭამენ პურსა?

შეგროვდნენ მასთან ფარისევლები და იერუსალიმიდან ჩამოსული ზოგიერთი მწიგნობარი.

დაინახეს, რომ ზოგიერთი მისი მოწაფე ჭუჭყიანი, ესე იგი, დაუბანელი ხელით ჭამდა პურს, და დაჰგმეს ისინი.

(რადგან ფარისეველნი და, საერთოდ, იუდეველნი ისე არ ჭამენ პურს, თუ საგულდაგულოდ არ დაიბანეს ხელი, წინაპართა გადმოცემისამებრ.

არც მოედნებიდან დაბრუნებულნი ჭამენ დაუბანლად, და მრავალ სხვა წესსაც იცავენ, როგორიცაა მაგალითად, თასების, ჯამების, ქვაბებისა და ვარცლების რეცხვა).

მაშინ ჰკითხეს მას ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: რატომ არ იქცევიან შენი მოწაფეები წინაპართა გადმოცემისამებრ, არამედ ხელდაუბანლად ჭამენ პურს?

ასწავლეს რა მიფყოლოდნენ მხოლოდ კეთილის ქმედებას და არ დაემძიმებინათ თავი სხვა საზრუნავებით, უფლის მოწაფეები წინასწარი განზრახვის გარეშე და თავიანთი უბრალოებისდა გამო, ჭამდნენ დაუბანელიხელებით, ამასობაში ფარისეველნი, სურთ რა იპოვონ საბაბი გაკიცხვისა, იყნებენ ამ შემთხვევას და ბრალს სდებენ მოციქულებს, თუმცა არა როგორც სჯულის დამრვევთ, არამედ, როგორც უხუცესთა გადმოცემის დამარღვეველთ, ვინაიდან სჯულში არ არის მითითები ხელების იდაყვამდე დაბანის სესახებ, საკვების მიღების წინ, მაგრამ ამას იცავდნე ისნი, როგორც უხუცესთა გადმოცემას.

(თ. 7, მ. 6-13)

ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ, რამეთუ კეთილად თქუა ესაია წინაწარმეტყუელმან თქუენ ორგულთათჳს. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ერი ესე ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორად განშორებულ არიან ჩემგან.

ამაოდ მმსახურებენ მე, ასწავებენ მცნებასა და მოძღურებასა კაცთასა.

და დაგიტევებიეს მცნებაჲ ღმრთისაჲ და გიპყრიეს მოძღურებაჲ კაცთაჲ: განრცხაჲ სასუმლებისაჲ და სტამნებისაჲ და სხუასა ესევითარსა მრავალსა ჰყოფთ.

და ეტყოდა მათ: კეთილად შეურაცხ-ჰყოფთ მცნებასა ღმრთისასა, რაჲთა მოძღურებაჲ თქუენი დაამტკიცოთ.

რამეთუ მოსე თქუა: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა; და რომელმან ბოროტი თქუას მამისათჳს გინა დედისათჳს, სიკუდილით მოკუედინ.

ხოლო თქუენ სთქუთ: უკუეთუ ჰრქუას კაცმან მამასა ანუ დედასა კორბან, რომელ არს ნიჭი, რომელი რაჲ ჩემგან სარგებელ გეყოს,

და არა უტევებთ მათ მამასა და დედასა ყოფად.

და დაუმტკიცებელ გიყოფიეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ მოძღურებითა მაგით თქუენითა, რომელსა ასწავებთ, და მსგავსსა ამათსა მრავალსა ჰყოფთ.

ხოლო იესომ პასუხად მიუგო მათ: მართლად იწინასწარმეტყველა თქვენებრ თვალთმაქცთათვის ესაია წინასწარმეტყველმა, ვის მიერაც დაიწერა: ეს ხალხი მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი გული შორსაა ჩემგან.

ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანთა მოძღვრებებსა და მცნებებს.

ვინაიდან მიგიტოვებიათ ღმერთის მცნება და იცავთ კაცთა გადმოცემას, ჯამ-ჭურჭლის რეცხვას და სხვა მისთანათ.

და უთხრა მათ: მერედა, კარგია, რომ აუქმებთ ღმერთის მცნებას, რათა დაიცვათ თქვენი გადმოცემა?

ვინაიდან მოსემ თქვა: პატივი ეცი მამას შენსას და დედას შენსას; და კიდევ: ვინც მამისა თუ დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს.

ხოლო თქვენ ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: ღმერთს ვწირავ კორბანს, ანუ შესაწირავს, რაც ჩემგან უნდა მიგეღო, -

ნებას რთავთ მას, აღარაფერი გააკეთოს თავისი დედ-მამისათვის.

და ამრიგად, თქვენგანვე მომდინარე გადმოცემით აუქმებთ ღმერთის სიტყვას და მრავალ ამნაირ რასმე სჩადიხართ.

იმისთვის, რომ უფრო ძლიერად ამხილოს იუდეველნი, უფალი იმოწმებს წინასწარმეტყველსაც, რომელიც განიკითხავს მათ. ისინი ბრალს სდებენ მოწაფეებს იმის გამო, რომ მოწაფეები უხუცესთა მოძღვრებას გადავიდოდნენ. უფალი კი თავად მათ წინააღმდეგ მიმართავს გაცილებით უფრო მძიმე ბრალდებას, კერძოდ, რომ ისინი გადადიან მოსეს სჯულს. სჯული, ამბობს ის, გვასწავლის: „პატივ ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“; თქვენ კი ასწავლით ბავშვებს უთხრან თავიანთ მშობლებს ასე: „ის, რაც გსურთ ჩემგან, არის კორბან, ესე იგი ძღვენი (ღმერთს). რამეთუ ფარისეველნი, სურდათ რა ესარგებლათ უბრალო ადამიანების ქონებით, ასწავლიდნენ ბავშვებს (როდესაც ბავშვებს ჰქონდათ რამე საკუთრება და მშობლები სთხოვდნენ მას) ეთქვათ შემდეგი: მე უკვე შევწირე იგი ღმერთს და შენ ნუ მთხოვ ღმრთისადმი შეწირულს. აცდენდნენ რა ამგვარად ბავშვებს და არწმუნებდნენ შეეწირათ ღვთისადმი თავიანთი კუთვნილებიდან, ფარისევლები ამით აიძულებდნენ მათ არაფრათ ჩაეგდოთ მშობლები და ღმრთისადმი შეწირულს თავად ნთქავდნენ, სწორედ ამას უყუენებს ბრალად უფალი, რომ ანგარებისდა გამო, ღმრთის სჯულს გადადიან.

(თ. 7, მ. 14-23)

და მოუწოდა ყოველსა მას ერსა და ეტყოდა მათ: ისმინეთ ჩემი ყოველთა და გულისჴმა-ყავთ:

არარაჲ არს კაცისა გარეთ შემავალი მისა, რომელმანცა შეაგინა იგი; არამედ რომელი გამოვალს მისგან, იგი არს, რომელი შეაგინებს კაცსა.

რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!

და ოდეს შევიდა სახიდ ერისა მისგან, ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი იგავისა მისთჳს.

და ჰრქუა მათ: ეგრეთვე თქუენცა უგულისჴმოვე ხართა და არა გიცნობიეს, რამეთუ ყოველი გარეშე შემავალი კაცსა არა შეაგინებს?

რამეთუ არა შევალს გულსა, არამედ მუცლად, და განსავალით განვალს და განსწმედს ყოველსა ჭამადსა.

და იტყოდა, ვითარმედ: კაცისაგან გამომავალი შეაგინებს კაცსა,

რამეთუ შინაგან გულისაგან კაცთაჲსა გამოვლენან გულის-სიტყუანი ბოროტნი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, კაცის-კლვანი,

ანგაჰრებანი და უკეთურებანი, ზაკუვანი, არაწმიდებანი, თუალ-ბოროტებანი, გმობანი, ამპარტავანებანი, უგუნურებანი.

ესე ყოველნი ბოროტნი შინაგან გამოვლენ და შეაგინებენ კაცსა.

მოუხმო ხალხს და უთხრა: მისმინეთ ყველამ და შეიმეცნეთ:

არაფერი გარედან შემავალი არ ბილწავს კაცს, არამედ მისგან გამომავალია, რაც ბილწავს კაცს.

ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს:

ხოლო, როცა ხალხს გაეცალა და სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს იგავის აზრი.

და უთხრა მათ: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა? ნუთუ არ გესმით, რომ არაფერს, გარედან შემავალს კაცში, არ შეუძლია მისი შებილწვა?

ვინაიდან მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში, და გარეთ გამოდის, რითაც წმიდა იყოფა ყოველი საზრდო.

და თქვა: კაცისაგან გამომავალი შებილწავს კაცს.

ვინაიდან შიგნიდან, კაცის გულიდან გამოვლენ: ბოროტი ზრახვანი, მრუშობანი, პარვანი, კაცისკვლანი,

სიძვანი, ანგარებანი, უკეთურებანი, მზაკვრობანი, გარყვნილება, თვალის სიავე, გმობა, ქედმაღლობა, უგუნურება.

ყოველივე ეს შიგნიდან გამოდის და ბილწავს კაცს.

ასწავლის რა ერს გაიგონ საკვების შესახებ, სჯულის მითითებები არა ხორციელად, უფალი იწყებს თანდათანობით გახსნას სჯულის აზრისა, რომ არაფერი შიგნით შემავალი არ შეაგინებს არავის, არამედ შეაგინებს ის, რაც გულიდან გამოდის. „თუალბოროტებაში“ იგუსხმება ან შურუ, ანდა მრუშება. იმიტომ რომ შურიანიც ესვრის მას, ვისიც შურს, ვერაგულ და გესლიან მზერას და მრუშიც, არ აშორებს რა თვალს, ვერაგულ საქმეს ესწრაფვის. „გმობაში“ იგუსხმება ღმრთის შეურაცხყოფა: თუკი მაგალითად, ვინმე იტყვის, რომ არ არსებობს ღმრთის წინასწარგანზრახულება, ეს გმობა იქნება: ამიტომაც, უფალი მას „ამპარტავნებასთან“ ერთად ახსენებს. ამპარტავნება არის ღმრთის არად ჩაგდება, როდესაც ვინმე გააკეთებს რა კეთილ საქმეს, აწერს მას არა ღმერთს, არამედ საკუთარ ძალას. უგუნურებაში გულისხმობს წყენას ახლობლების მიმართ. ყველა ეს ვნება შეაგინებს სულს და წარმოიქმნება და გამოდის მისგან. ამრიგად, ხალხს უფალი არა საკმარისად ნათლად ესაუბრებოდა. ამიტომაც შენიშნავს: „რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“ ანუ ვისაც გაგება შეუძლია, დაე გაიგოს. რაც შეეხება მოციქულებს, რომლებსაც უფრო ღრმად ესმოდათ უფლის სიტყვები და მივიდნენ ეკითხათ მისთვის „იგავის“ შესახებ, ანუ ამ შეფარული საუბრის შესახებ (იგავი არის შეფარული საუბარი), უფალმა თავიდან უსაყვედურა მათ, უთხრა რა ეგრეთვე თქვენცა უგულისხმოვე ხართა და არა გიცნობიეს, მაგრამ შემდეგ აუხსნა ის, რაც ძნელად გასაგები იყო მათთვის.

(თ. 7, მ. 24-30)

და მიერ აღდგა და წარვიდა საზღვართა ტჳროსისა და სიდონისათა. და შევიდა სახლსა და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინმე, და ვერ ჴელ-ეწიფა დაფარვად.

რამეთუ ესმა ვისმე დედაკაცსა მისთჳს, რომელსა ესუა ასული სულითა არაწმიდითა ურვეული, და მოვიდა და შეუვრდა ფერჴთა მისთა.

ხოლო დედაკაცი იგი იყო წარმართი, ნათესავით ასური ფინიკელი, ზღჳსკიდით, და ევედრებოდა მას, რაჲთა განჴადოს ეშმაკი იგი ასულისაგან მისისა.

ხოლო იესუ ჰრქუა მას: მაცადე პირველად განძღებად შვილთა, რამეთუ არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და დაგებად ძაღლთა.

ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ტაბლასა ქუეშე ჭამედ ნამუსრევისაგან შვილთაჲსა.

ხოლო იესუ ჰრქუა მას: მაგის სიტყჳსათჳს ვიდოდე! განსრულ არს ეშმაკი ასულისაგან შენისა.

და წარვიდა დედაკაცი იგი სახიდ თჳსა და პოვა, რამეთუ ეშმაკი იგი განსრულ იყო, და ასული იგი მისი შემოსილი, მჯდომარე ცხედარსა ზედა.

წამოვიდა იქიდან და მივიდა ტიროსისა და სიდონის საზღვარს. შევიდა სახლში და არ უნდოდა ვინმეს გაეგო ეს, მაგრამ ვერ შესძლო დაფარვა.

რადგან გაიგო ერთმა ქალმა, ვის ასულსაც უწმინდური სული ჰყავდა, მივიდა და ფეხქვეშ ჩაუვარდა მას.

ხოლო ეს ქალი წარმართი იყო. ტომით ასუროფინიკიელი, და შეევედრა, გაეძევებინა ეშმაკი მისი ასულისაგან.

მაგრამ იესომ უთხრა: მაცალე, ჯერ დავაძღო შვილები; სად გაგონილა, შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური.

ქალმა პასუხად მიუგო: დიახ, უფალო; მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ტაბლის ქვეშ შვილების ნასუფრალს?

და უთხრა მას: მაგ სიტყვისათვის წადი; გამოვიდა ეშმაკი შენი ასულისაგან.

მივიდა ქალი თავის სახლში და ნახა, რომ მისი ასული სარეცელზე იწვა, ეშმაკი კი გამოსულიყო მისგან.

მას შემდეგ, რაც უთხრა საკვების შესახებ და დაინახა, რომ იუდეველბმა არ იწამეს, უფალი წარმართთა საზღვრებს გადალახავს, რათა იუდეველთა ურწმუნოებისდა გამო, გამოხსნამ მათმან წარმართებზე გადაინაცვლოს. თავიდან უფალი თავის დაფარვას ცდილობდა, რათა იუდეველებს არ ჰქონოდათ საბაბი მისი დადანაშაულებისა თითქოსდა იგი არაწმიდა წარმართებს მიეკედლა. მაგრამ მას არ შეეძლო დამალულიყო, ვინაიდან არ შეიძლებოდა იგი დამალულიყო და ვერავის ეცნო. ხსენებული დედაკაცი, იგებს რა მის შესახებ, მხურვალე რწმენას გამოიჩენს. ამიტომაც, უფალი მაშინვე არ თანმხმდება (მის თხოვნაზე), არამედ გადადებს წყალობას, რათა უჩვენოს, რომ რწმენა დედაკაცის მტკიცეა და იგი მოთმინებით იცდის, მიუხედავად უარისა. ვისწავლოთ ჩვენც, რათა მაშინვე არ დაუტევოთ ლოცვა, როდესაც მყისვე არ ვიღებთ იმას, რასაც ვლოცულობთ. უფალი წარმართებს „ძაღლებს“ უწოდებს, რამდენადაც იუდეველთათვის ისინი არაწმიდანი იყვნენ. „პურს“ უწოდებს ის წყალობას, რომელიც ღმღტის მიერ „შვილთათვის“, ანუ იუდეველთათვის იყო განკუთვნილი. ამიტომაც ამბობს, რომ წარმართები არ უნდა იყვნენ მონაწილე იმ წყალობისა, რომელიც იუდეველთათვისაა განკუთვნილი, რამდენადაც დედაკაცი გონივრულად და რწმენით პასუხობს, იღებს კიდეც იმას, რასაც ითხოვს. იუდეველბს, ამბობს ის, აქვთ პური, ანუ მთლიანად შენ ჰყავხარ, გარდამოსული ზეცით, და წყალობანნი შენნი, ხოლო მე „ნამცეცს“ ვითხოვ, ანუ მცირე ნაწილს შენი წყალობისა. მაგრამ შეხედე, როგორ მოქმედებს უფალი! მას არ უთქვამს: ჩემმა ძალამ გადაგარჩინა შენ. არამედ რა უთხრა „მაგის სიტყვისათვის“, ანუ შენი რწმენისათვის „ვიდოდე! განსრულ არს ეშმაკი ასულისაგან შენისა.“. აქედან შენც მიიღე შენთვის სასარგებლო გაკვეთილი. თითოეული ჩვენგანი, როდესაც ცოდვას სჩადის არის „დედაკაცი“, ანუ სუსტი სული: ასეთი სულია „ფინიკელი“, როგორც მეწამული, ანუ სისხლიანი და მომკვსინებელი ცოდვის მქონე. ასეთ სულს ჰყავს „ასული“ - მზაკვრული ქმედებანი, ქმედებანი საეშმაკო. ვართ რა ცოდვილნი, ჩვენ „ძაღლებად“ ვიწოდებით, არაწმინდებით აღვსავსენი; რის გამოც არა ვართ ხოლმე ღირსნი ღამრთაებრივი „პურის“ მოღებისა, ანუ უწმიდეს საიდუმლოთა ზიარებისა. მაგრამ თუკი სიმდაბლით გავაცნობიერებთ, რომ ძაღლები ვართ, თუკი აღუარებთ და გავამხელთ ჩვენს ცდოვებს, მაშინ განიკურნება ასული ჩვენი, ანუ ქმედებანი საეშმაკო.

(თ. 7, მ. 31-37)

და მერმე კუალად გამოვიდა საზღვართაგან ტჳროსისა და სიდონისათა და მოვიდა ზღუასა მას გალილეაჲსასა, შორის საზღვართა ათქალაქისათა.

და მოართუეს მას ყრუჲ და ძნიად მეტყუელი და ევედრებოდეს მას, რაჲთა ჴელი დასდვას მას ზედა.

და განიყვანა ერისა მისგან თჳსაგან და დაასხნა თითნი მისნი ყურთა მისთა და ჰნერწყუა და შეახო ენასა მისსა

და აღიხილნა ზეცად და სულთ-ითქუნა და ჰრქუა მას: ეფფათა! რომელ არს: განეხუენით!

და მეყსეულად განეხუნეს მას სასმენელნი, და განჰჴსნდა კრულებაჲ ენისა მისისაჲ, და იტყოდა მართლად.

და ამცნო მათ, რაჲთა არავის უთხრან. და რაოდენ იგი ამცნებდა მათ, იგინი უფროჲს მიმოდასდებდეს.

და უმეტესად განუკჳრდებოდა და იტყოდეს: ყოველსავე კეთილსა იქმს: ყრუთა ასმენს და უტყუთა ატყუებს. 

მერე კვლავ წამოვიდა ტიროსისა და სიდონის საზღვრით და მოვიდა გალილეის ზღვის პირას, ათქალაქის საზღვართა შორის.

მიჰგვარეს მას ყრუ და ენაბლუ და შეევედრნენ, ხელი დაედო მისთვის.

ხალხს გააცალა, თითებით დაუცო ყური, გადააფურთხა და მის ენას შეეხო;

ზეცად აღაპყრო თვალნი, ამოიოხრა და უთხრა მას: ეფფათა! რაც ნიშნავს: გაიხსენ!

მაშინვე გაეხსნა სმენაცა და დაბმული ენაც და გამართულად ამეტყველდა.

და უბრძანა მათ, არავისთან გამამხილოთო, მაგრამ რაც უფრო მეტს უბრძანებდა, მით უფრო მეტად ამხელდნენ;

დიდად უკვირდათ და ამბობდნენ: ყოველივეს კეთილად იქმს: ყრუს სმენას უბრუნებს და უტყვს ამეტყველებსო.

უფალი არ ყოვნდება წარმართა მიდამოებში, არამედ სწრაფადვე განეშორება მათგან, რათა, როგორც ვთქვი არ მისცეს იუდეველებს საბაბი ილაპარაკონ მასზე, რომ იგი სჯულის საწინაარმდეგოდ იქცევა წარმართებთან შერევით. ამიტომ განეშორება რა ტვიროსისა და სიდონის საზღვრებს, იგი მოდის გალილეაში და აქ განკურნავს ყრუ-მუნჯს, რომელის უძლურებაც ეშმაკისგანაა. და განიყვანა ერისა მისგან, ვინაიდან დიდებისმოყვარე არ იყო, დაიმდაბლა რა თავი ჩვენეულ სიგლახაკემდე და არ სურდა რა, მრავალთა წინაშე აღესრულებინა სასწაულები, უკუეთუ ამას თავად მაყურებელთა სარგებლობა არ მოითხოვდა. „ჰნერწყვა და შეახო ენასა მისსა“, იმის ნიშნად, რომ ყოველი ნაწილი მისი წმიდა ხორცისა, ღმრთაებრივი და წმიდა იყო, ისე რომ მისი ნერწვიც კი განხსნიდა დაბორკილ ენას. ყოველგვარი ნერწყვი არის სიჭარბე (წვენთა), მაგრამ უფალში ყველაფერი საუცხოო და ღმრთაებრივია.აღიხილა რა ზეცად, უფალმა „სულთ ითქუნა“, ერთი მხრივ ლოცვითი სულითქმით მამის მიმართ, რათა მან შეიწყალოს ადამიანი და ჩვენდა სანიმუშოდაც, რათა ჩვენ ვაპირებთ რა რაიმე კეთილი საქმის აღსრულებას, აღვიხილოთ ღმრთისა მიმართ და მისგან გამოვითხოვოთ შეწევნა ამის აღსასრულებლად; მეორე მხრივ, „სულთ-ითქუნა“ წუხილის გამოც ადამინურ ბუნებაზე, თუ რამდენადაა იგი ეშმაკს დამორჩილებული, რომ მისგან ასეთ შეგინებასა და ტანჯვას ითმენს. ამიტომაც, როდესაც უფალი კურნავდა, განკურნებულნი ქადაგებდნენ მის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ იგი უკრძალავდა მას ამას და ამცნებდა არაფერი ეთქვათ. აქედან ვისწავლოთ ჩვენც, როდესაც კეთილს ვუყოფთ სხვებს, არ მივიღოთ მათგან ქება, ხოლო როდესაც ვიღებთ მოწყალებას, განვადიდოთ ჩვენი მწყალობელნი და საქვეყნოდ ვისაუბროთ მათზე, თუნდაც მათ ეს არ სურდეთ.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16