მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

თორმეტი მოციქულის გამორჩევა

მათე 10, 1-4

წმიდა მახარებელი ლუკა, გვიყვება რა თორმეტი მოციქულის გამორჩევას, ამბობს, რომ გამორჩევამდე მაცხოვარმა მთელი ღამე გაატარა მამა ღმერთისადმი თხოვნა-ვედრებაში, რადგან მოციქულთა გამორჩევით მან დადო პირველი ქვა წმიდა ეკლესიის დასაფუძნებლად. მას სურდა მოციქულებისთვისაც ესწავლებინა, რომ ნებისმიერი ადამიანი, ეკლესიის მსახურებისათვის გამორჩეული, საქმეს უნდა შედგომოდა ლოცვით, ღვთისათვის უნდა ეთხოვა, რათა ღირსეულად გამოეჩინა იგი. ასევე იქცეოდნენ ისინი მომავალში. - დადგა თუ არა დღე და მოუწოდა ათ-ორმეტთა მოწაფეთა თვისთა, - ისრაელთა თორმეტი ტომის რაოდენობით, რათა ახალი აღთქმისათვის გამორჩეულ ხალხსაც ჰყოლოდა თორმეტი სასულიერო წინაპარი და უწოდა მათ სახელად მოციქულები, ანუ წარგზავნილები, სახარების საქადაგებლად, ისინი ყველანი იყვნენ ისრაელნი, და არა წარმართნი, არც ელინები ან სხვა მოსულები, რადგან სწორედ აბრაამის შთამომავალთაგან უნდა გავრცელებულიყო ღვთის კურთხევა მთელ კაცობრიობაზე, და მიჰსცა მათ ხელმწიფება სულთა ზედა არაწმიდათა, რათა განასხმიდნენ მათ და განჰკურნებნენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა. მან მისცა მათ სასწაულების მოხდენის მადლი, რათა საკვირველი საქმეებით მათი ახალი სწავლებისადმი მიეპყროთ ყურადღება. - „როგორ განდევნიდნენ სულებს“ - კითხულობს წმ. ოქროპირი და პასუხობს: „მისი ბრძანებითა და უფლებით. შეხედე, როგორ დროულად აგზავნის მათ იგი, თავიდანვე კი არ გააგზვნა ისინი, არამედ მაშინ, როცა კარგა ხნის შედგომილნი იყვნენ, და ნანახი ჰქონდათ, თუ როგორ აღადგინა მან მკვდარი, ღელვა დააცხრო ზღვისა, განდევნა ეშმაკნი, განკურნა განრღვეული, შეუნდო შეცოდებანი, განსწმინდა კეთროვანი, როცა ისინი სიტყვითა და საქმით საკმაოდ დარწმუნდნენ უფლის უძლეველობაში, მხოლოდ მაშინ გააგზავნა ისინი არა სახიფათო საგმირო საქმეებზე, რადგან იმ ხანად არავითარი საფრთხე არ იყო პალესტინაში, არამედ მხოლოდ ხალხისაგან გაკიცხვა და ავადხსენება იყო მოსალოდნელი. მოკლედ, უფალმა მათ წინასწარ აუწყა განსაცდელებზე, რათა ადრევე მოემზადებინა ისინი“.

ადრე წმიდა მათეს აქვს აღწერილი პეტრესა და იოანეს თავიანთ ძმებთან ერთად მოწოდების შესახებ. ასევე საკუთარ გამორჩევაზე, ახლა კი საჭიროდ თვლის მოიხსენიოს თითოეული მოციქული სახელით, რათა გააფრთხილოს და დაიცვას მორწმუნენი სხვა ცრუ-მოციქულისაგან, როგორც აღნიშნავს, ნეტარი თეოფილაქტე: ხოლო ათ-ორ-მეტთა მათ მოციქულთა სახელები ასე არს: პირველად გამორჩევის დროის მიხედვითა და მოციქულთა შორის თავისი მდგომარეობით, სვიმონ, რომელსა ეწოდა თვით უფლისაგან პეტრე ანუ კლდე, მისი რწმენის სიმტკიცის აღსანიშნავად, და ანდრია, ძმა მისი, იაკობ ზებედესი და იოანე, ძმა მისი; ფილიპე და ბართლომე, იგივე ნათანაილი, თომა ანუ დიდიმი, რაც ნიშნავს ტყუპისცალს, და მატთეოს მეზუერე, იგივე ლევი ალფესი, იაკობ ალფეზის ძმა, - წმ. ოქროპირი ამასთან შენიშნავს: „წმიდა მათე საკუთარ თავზე მაღლა აყენებს თომას, რომელიც მასზე ბევრად დაბლა იდგა“, - იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსაც ეწოდა თადეოს, იგი იწოდეგოდა კიდევ იუდა იაკობისად, იუდა ისკარიოტელისაგან განსხვავებით, სვიმონ კანანელი ალბათ ქალაქ კანას სახელის მიხედვით იხსენებოდა იგი, ანდა იმიტომ, რომ იყო კანონის მტკიცე დამცველი, ამიტომაც ბერძნულად მახარებლებთან იწოდება ზილოტად, რადგან სიტყვა კანანიტი ებრაულად ნიშნავს იგივეს, რაც ბერძნულადაა ზილოტი, მოშურნე, - და იუდა ისკარიოტელი. „მახარებელი მათე, - ამბობს წმ. ოქროპირი, ჩამოთვლის მოციქულებს არა ღირსებების მიხედვით, არამედ როგორც მოხვდა ისე; ამასთან, როცა მიდის გამცემელამდე, მასზე ამბობს არა როგორც უბრალო მთხრობელი; არ თქვა მან: საძაგელი და უსჯულო იუდა, ეს ბოროტმოქმედი, ეს ღვთის მტერი, არამედ მისი ქალაქის მიხედვით ისკარიოტელად მოიხსენია იგი. მაგრამ არ მოერიდა მასზე ამის თქმასაც: რომელმანცა განსცა იგი. ასე მახარებლები არასოდეს არაფერს მალავენ, იმასაც კი, რაც საძრახისი და გასაკიცხია“.