მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

განმარტება იგავისა ღვარძლზე

მათე 13, 36-43

მოციქულებს უფლისაგან ესმოდათ შემდეგი: „თქუენდა არს ცნობად საიდუმლო სასუფევლისა ცათასა“ (მთ. 13,11). ამიტომაც, როცა უფალი მოვიდა სახლში, მოუხდეს მას მოწაფენი მისნი, და ჰრქუეს: გამოგვითარგმნე ჩუენ იგავი იგი ღუარძლისა და აგარაკისა, გაგვიხსენი მისი ზნეობრივი და სულიერი აზრი. „ეკითხებიან განმარტოებით, - შენიშნავს წმ. ოქროპირი, ხალხის შურის გამო კი არა, არამედ მეუფის სიტყვის შესასრულებლად: „ხოლო მათდა არა მიცემულ არს“ და უფალი სიყვარულით უხსნის მათ იგავში ყველაზე მთავარს, ყველაზე არსებითს.

რა განსხვავებაა ამ იგავსა და მის წინამორბედს შორის? - კითხულობს წმ. ოქროპირი და პასუხობს: „იქ იესო ქრისტე ამბობს ხალხზე, რომელიც უყურადღებოდ უსმენდა მას, რადგან როცა წავიდნენ მისგან, თესლიც კი მოისროლეს; აქ კი გულისხმობს ერეტიკულ შეკრებას“, - სხვადასხვა ცრუმასწავლებლებს, რომელთა მეშვეობითაც ეშმაკი ცდილობს ჭეშმარიტებას შერთოს ცდომილება. შეიძლება ამ იგავში ღვარძლის ქვეშ ვიგულისხმოთ საერთოდ ყველა მაცდუნებელი და ცოდვილი ქრისტიანი. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელი ჰსთესავს თესლსა კეთილსა, ძე კაცისა არს, - ასე უყვარდა საკუთარი თავის წოდება მაცხოვარს. იგი თავის კეთილ თესლს - ღვთის სიტყვას, როგორც თვითონ პირადად, თავისი ქვეყნიური ცხოვრებისას, ასევე შემდეგ - ქვეყნის დასასრულამდე თესავს თავისი მოციქულებით, მოძღვრებითა და ეკლესიის მასწავლებლებით. მთელი ქვეყანა, მთელი დედამიწა, მთელი ხალხები, - აი ფართო დასათესი მინდორი, ხოლო აგარაკი იგი, ესე სოფელი არს, ქვეყანაა, სადაც უნდა გავრცელდეს მსოფლიო ეკლესია, ხოლო თესლნი იგი კეთილნი, ესე არიან ძენი სასუფევლისანი, - ისინი, რომლებშიც ღვთის სიტყვის მადლიანმა თესლმა გაიდგა ფესვი, შეაღწია ადამიანთა გულებში, აქცია ისინი ღვთის თავთავად, და მოამზადა ზეციური ბეღელისათვის - ღვთის სასუფევლისათვის. და ღუარძლნი იგი არიან ძენი უკეთურისანი; ხოლო მტერი იგი, რომელმან დაჰსთესა, იგი ეშმაკი არს, ბოროტების უდიდესი სიყვარულით, ბაძავდა რა მაცხოვარს, სატანა ყველაფერში ეწინააღმდეგებოდა მას: „წინასწარმეტყველთა შემდეგ, - ამბობს წმ. ოქროპირი, გამოჩნდნენ ცრუწინასწარმეტყველნი, ქრისტეს შემდეგ მოვა ანტიქრისტე“. როგორც ქრისტე უქადაგებს ხალხს მაცხონებელ ჭეშმარიტებას, ასევე ეშემაკი თავისი მსახურების, სასომიხდილი ცოდვილების, ერეტიკოსებისა და ცრუმასწავლებლების მეშვეობით, თესავს ადამიანთა გონებაში დამღუპველ სიცრუესა და სიყალბეს, გულებში კი - ათასგვარ მანკიერებებს, რომელთაც სხვადასხვაგვარი მოსართავებით სიკეთესა და ჭეშმარიტებას ამსგავსებს, ამიტომაც უფალი მათ უწოდებს არა სხვა რომელიმე თესლს, არამედ - ღვარძლს, რომელიც გარეგნულად ხორბალს ემსგავსება.

„ეშმაკი, - წერს წმ. ოქროპირი, ვიდრე ვერ ხედავს, რას მიემსგავსოს, არაფერს იწყებს, ისიც კი არ იცის, საქმეს როგორ შეუდგეს. ამიტომაც ეხლაც, შეამჩნევს რა, რომ დათესილსა და ფესვგადგმულის მოტაცებას ვერ შეძლებს, ვერ ჩაახშობს, ვერ დაწვავს, იგონებს სხვა სახის სიცრუეს, კერძოდ - თესავს საკუთარ თესლს“. იგი ღვარძლს თესს ფარულად, შეუმჩნევლად, როცა ადამიანებს სძინავთ, როცა არასაიმედოდ იცავენ ყანას იქ დადგენილი დარაჯები, ანუ ეკლესიის მოძღვრები, როცა თვით მორწმუნენიც ცხოვრობენ უზრუნველად, ზედმეტად მინდობილნი უსმენენ ყოველგვარ თვითმარქვია მასწავლებლებს, და თავად იქცევიან ღვარძლად ღვთის ყანაში, ეშმაკის მსახურებად, „ძენი უკეთურისანი“. „ხალხს სულიერად სძინავთ, როცა უზრუნველად ხუჭავენ გონების თვალს და სრუთ უმზირონ სახარების ჭეშმარიტ ნათელს, როცა სიზმარში მეოცნების მსგავსად, ვერ მართავენ თავიანთ აზრებს, ლაგამს ვერ დებენ თავიანთ სურვილებს. იმათ სძინავთ, მტერი კი იპარება ღმერთისა და მისი მცნების დავიწყებისას სიბნელეში და თესავს თავის ღვარძლს“ - ამბობს მიტროპოლიტი ფილარეტი.

- გვაუწყებს რა ამას უფალი, - ხსნის წმ. ოქროპირი, „გვასწავლის მოუკლებელ მღვიძარებას, მუდამ სადარაჯოზე ყოფნას, მაგრამ როგორ, იკითხავ ალბათ, შეძლებს კაცი ძილის გარეშე ყოფნას? ბუნებრივი ძილის გარეშე, რა თქმა უნდა, ყოფნა შეუძლებელია, ხოლო თვითნებური ძილის გარეშე - შესაძლებელია. ამიტომ ამბობს პავლე: „მღვიძარე იყუენით, მტკიცედ ჰსდექით სარწმუნოებასა ზედა“ (1 კორ. 16,13). იგავის შემდგომ სიტყვებში: „ხოლო ოდეს აღმოჰსცენდა ჯეჯილი იგი, და ნაყოფი გამოიღო, მაშინ გამოჰსჩნდა ღუარძლი იგი“, უფალი ზუსტად აღწერს ერეტიკოსების ქცევას: თავიდან ისინი თავიანთ თავს ფარავენ, მაგრამ როგორც კი ვინმე დაელაპარაკება მათ, მაშინ ისინი გამოიტანენ გარეთ თავიანთ შხამს, ნახე როგორაა ეშმაკის ბოროტება: მას ადრე არ დაუთესია, რადგან დასაღუპი არაფერი იყო, მაგრამ როცა ყველაფერი დაითესება, ისიც იწყებს თესვას, რათა წაახდინოს მიწადმოქმედთა დიდი გარჯა: აი, ასეთი ძლიერი მტრობა გამოავლინა ქრისტეს წინააღმდეგ ყველაფერში ეშმაკმა“.

როცა მსახურებმა მინდორი ნახეს, ბატონს შესთავაზეს ღვარძლის დაგლეჯა. ვინ არიან ეს მსახურები? ეს არის ხალხი, რომელთაც თავდადება აქვთ უფლის მიმართ, მაგრამ არ იციან ვისი სულისანი არიან, ეს არის ხალხი, ვინც ემსგავსება იმ ორ მოწაფეს, რომელთაც სურდათ ცეცხლი გადმოევლინათ ზეციდან არასტუმართმოყვარე სამარიულ სოფელზე. მათი კითხვა: საიდან გაჩნდა ღვარძლი? გამოხატავს იმ შეშფოთებას, გაკვირვებასა და მიუხვედრელობას, რაც განსაკუთრებით აშფოთებდა სარწმუნოების ერთგულ ქომაგებს ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, ერეტიკოსებისაგან წამოსულ მწარე არეულობებს, რომელთაც დიდად ააღელვეს ღვთის ეკლესია თავიანთი ცრურწმენებით; საიდან გაჩნდა მასში ასეთი ერესები და განხეთქილებანი? უფალი ხსნის ამ გაოცებას: „მტერმან კაცმან ჰყო იგი“, მასშია მხოლოდ წყარო ყოველი ბოროტებისა, იგი ყველგან თესავს ღვარძლს…

„შეხედე, - ამბობს წმ. ოქროპირი მსახურთა გულმოდგინებას: ისინი მზად არიან მოუთმენლად გაგლიჯონ ღვარძლი, მათი ეს სურვილი არც ისე წინდახედულია. ეს მიანიშნებს მათ მზრუნველობაზე დათესილის გამო; მათ ის კი არა აქვთ მხედველობაში, რომ დასჯილიყო ღვარძლის მთესველი, არამედ ერთ-ერთი სურვილი მათი იყო ის, რომ არ დაღუპულიყო უფლის მიერ დათესილი ხორბილის თავთავი. მოკლედ, გამოძებნეს რა საშუალება, არ კადნიერდებიან, რომ თვითონ მოიყვანონ იგი მოქმედებაში, არამედ ელოდებიან თუ რას იტყვის ბატონი და მას ეკითხებიან კიდეც: „გნებავსა?“ ამ კითხვაში ისმის სურვილი ერესების ამოძირკვისა და ბოროტების დათრგუნვისა გარეგანი ძალით, რასაც როგორც ბოროტებასთან ბრძოლის ხერხს, ეწინააღმდეგება უფალი, პირველად იმიტომ, რომ ერეტიკოსებისა და აშკარა ცოდვილების განადგურებით, ადვილად შეიძლება დაიღუპონ მათთან ერთად მართალნი; მეორედ კიდევ იმისათვის, რომ გულთამხილავი ღმერთის გარდა არავის შეუძლია შეუცდომლად გაარჩიოს პირმოთნენი მართლისაგან; და მესამედ კიდევ იმიტომ, რომ ცოდვილთაგან ბევრს კიდევ შეუძლია გარდაქმნა და მართლად გახდომა: „ბევრი, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, ისევე სწორდებიან, როგორც პეტრე; ბევრი ისეთი მომთმენია, როგორც იუდა; ბევრი არ ემხილება უფლის მოსვლამდე, რომელიც გაანათებს სიბნელეში დაფლულს, და გამოაშკარავებს გულის ზრახვებს“; მეოთხედ კიდევ იმიტომ, რომ თავისიანებს ასწავლოს მოთმინება; მეხუთედ იმისათვის, რომ ცოდვილებს აჩვენოს თავის უხვი მოწყალება და იმით გაამართლოს მართლმსაჯულების სიმკაცრე; მეექვსედ იმისათვის, რომ მისცეს მართალთ შესაძლებლობა რათა ცოდვილთაგან მიღებული მწუხარებით, მოიპოვონ გვირგვინი ნეტარებისა. მოკლედ, - წმ. ოქროპირის განმარტებით, უფალი არ გვიშლის მწვალებელთა მოქმედების შეჩერებას, მათი ბაგეების შეზღუდვას, მათი თავხედობის ალაგმვას, იმათი თავმოყრისა და შეთქმულებების დარღვევას; მაგრამ გვიკრძალავს მათ ამოხოცვასა და განადგურებას. ნახე, როგორია უფლის სიმშვიდე: იგი მარტო კი არ აცხადებს თავის განაჩენს, არამედ ხსნის კიდეც მიზეზებს, და იხსენებს წმ. იოანე ნათლისმცემლის სიტყვებს, რომლებშიც იგი წარმოდგენილია მსაჯულად. „აცადეთ იგი თანა აღორძინებად ურთიერთას ვიდრე ჟამამდე მკისა“, და მკა იგი არს აღსასრული ამის სოფლისა.

„ამრიგად, ეკლესიაში, ქვეყნის დასასრულამდე იქნებიან კეთილნი და ბოროტნი, ისე რომ კეთილთათვის ეს არ იქნება საზიანო, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე. თუ ეკლესიაში იქნება ღვარძლი, ეს ვერ შეეწინააღმდეგება ჩვენს რწმენასა და სიყვარულს; შეგვხვდება რა ეკლესიაში ღვარძლი, ჩვენ არ უნდა დავითრგუნოთ მისგან. ჩვენ მხოლოდ იმას უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ თავთავი, რათა როცა შეიკრიბება ხორბალი უფლის ბეღელში, ყოველი ჩვენი შრომა და გარჯა, არ შეიქმნეს უნაყოფო“. - „თუ კი, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, ამოიძირკვებოდა ამ ცხოვრებიდან, იმის გამო, რომ ეკუთვნოდა ღვარძლს, მაშინ მასთან ერთად დაიღუპებოდა მისი სიტყვის მადლიანი მარცვალიც, რომელიც მან შემდგომში გამოიღო. ასევე პავლეც, მდევნელი, როცა იყო ღვარძლისა, არ აღმოიფხვრა, რათა შემდგომში მისგან სათნოებები აღმოცენებულიყო“. ქრისტეს ეკლესია ეხლანდელი შემადგენლობით ემსგავსება ნოეს კიდობანს, რომელშიც წმინდა ცხოველებთან ერთად იყვნენ არაწმინდანიც; ასევე ბადეს, სადაც თევზის გარდა ხვდება ბევრი გამოუსადეგარიც. ამიტომ, სულიერი სიამაყის გამო დიდად სცოდავენ ისინი, რომელნიც სექტანტებისა და სხვა განხეთქილების მთესველთა მსგავსად, გამოეყოფიან ერთიან ეკლესიას, იმ საბაბით, რომ მასში ბევრია ცოდვილი…

დადგება მკის დრო და ზეციური მომკალნი გამოარჩევენ ამ ღვარძლს ხორბლისაგან: და მომკალნი იგი არიან ანგელოსნი, რომელთაც იახლებს თან უფალი მისი მეორედ მოსვლისას. ვითარცა იგი შეჰკრბიან ღუარძლი, და ცეცხლითა დაჰწვიან; ეგრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისა, რამეთუ მოავლინნეს ძემან კაცისამან ანგელოსნი თვისნი, და შეჰკრიბნენ სუფევისგან მისისა ყოველნი საცთურნი და მოქმედნი უსჯულოებისანი, შეჰკრებენ მტაცებლებს მტაცებლებთან, მეძავებს - მეძავებთან, მკვლელებს - მკვლელებთან, ღვთის მგმობელთ - ღვთის მგმობელებთან… „გაიაზრე, - შენიშნავს წმ. ოქროპირი, როგორი გამოუთქმელია მისი კაცთმოყვარეობა: როცა თესავს, ამას აკეთებს მარტო; როცა სჯის - სხვებითა სჯის, ანგელოზებით, და შეჰსთხინენ იგინი, უსჯულოებათა მოქმედნი, სახმილსა მას ცეცხილსასა; ჭეშმარიტად საშინელი სიტყვებია! ცოდვილთა ჯოჯოხეთურ წამებას უფალი ხშირად უწოდებს უშრეტ გეენიას, მუდმივ და ჩაუქრობელ ცეცხლს, ცეცხლის ტბას, - და ყველა ეს გამონათქვამი მიანიშნებს მოუთმენელ განაჩენზე, რომ ძე კაცისა ზეციდან გადმოვიდა და იგემა სიკვდილის ყველა საწამებელი, რათა ჩვენთვის აერიდებინა სატანჯველნი, რომლებიც იგულისხმება სიტყვებში: მუნ იყოს ტირილი და ღრჭენა კბილთა. მაშინ, ცოდვილთა მორიდების შემდეგ, მართალნი გამობრწყინდნენ, ვითარცა მზე, სასუფევლისა მამისა მათისასა. უფალი, განსჯის რა ადამიანებს, მსგავსად მეფისა, რომელიც ადგება თავის მეგობრებთან ერთად, მართალთა ნეტარებაში მოსანახულებლად. ხოლო ცოდვილთა სასჯელი ორმაგი იქნება: ისინი ცეცხლში იქნებიან და დაინახავენ დიდებამოკლებულ თავიანთ თავს! „გამობრწყინდნენ“: მაშინ იმათი სიწმინდე ზეციური დიდებით შეიმკობა, იმის მსგავსად, როგორც უფლის დიდება გამოჩნდა მისი ფერისცვალებისას, და ყველა იცნობს მათ სინათლის შვილებად, შვილებად ღვთისა, რომელიც არის მამა სინათლისა, ნათელი, რომელსაც ბნელი არ ახლავს. ქრისტე მაცხოვარი არის სინათლის მზე: მას მიემსგავსებიან დიდებაში მართალნი, რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! - ასე დაასრულა უფალმა ღვარძლზე იგავის განმარტება…