მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

უფლის პასუხი სადუკეველებს აღდგომის შესახებ

მათე 22, 23-33

„ძლივს მოასწრო უფალმა ფარისეველთა ბაგენის დადუმება, - ამბობს წმ. ოქროპირი, - რომ მასთან მივიდნენ სადუკეველები. ფარისეველთა მაგალითს უნდა დაეყენებინა ისინი, მაგრამ უტიფობა ისეთი უსირცხვილოა და განუსჯელი, რომ თავს ესხმის შეუძლებელსაც კი. ამიტომაც მახარებელი, მათი უგუნურობით გაკვირვებული, მიუთითებს მათზე, როცა ამბობს: მას დღესა შინა მოუხდეს მას სადუკეველნი, რომლებიც განსაკუთრებულ ერესს ავრცელებდნენ იუდეველებში, და რომელნი იტყოდეს, ვითარმედ არა არს აღდგომა; ისინი ამბობდნენ, რომ არ იქნება აღდგომა, არ არსებობს მომავალი საუკუნო ცხოვრება, არ არსებობენ ანგელოსნი, არც ადამიანთა სულები. ქრისტეს სადუკეველნი დიდი სიძულვილით უყურებდნენ, როგორც მათი აზრით, გამოუსვლელ გალილეველს, რომლის მიმართაც მათ არ უნდა გამოეჩინათ დიდი ყურადღება. მაგრამ ახლა უფლის ძლიერმა და მიუკარებელმა პასუხმა ფარისევლების მიმართ გააღვივა მათში შური ღვთაებრივი მასწავლებლის დიდებისადმი, მათ განიზრახეს იესოს დაცინვა. ამასთან ერთად, ისინი იმედოვნებდნენ ფარისევალთა სიამაყის დამდაბლებასაც, რომლებიც იყვნენ მათი მუდმივი მოწინააღმდეგენი და მტრები, - ეგონათ, რომ მათზე მოიწონებდნენ თავს; რისი მიღწევაც ვერ შეძლეს ფარისეველებმა, ამას მიაღწევდნენ სადუკეველნი! „და შესაძლოა მათ სურდათ დაენახათ, მოიწონებდა თუ არა იესო ქრისტე, ფარისეველთაგან ასე ბოროტად შეურაცხყოფილი, მათი სექტის სწავლებას? მოუკლებლად ამხელდა რა ფარისევლებს, იგი იშვიათად და ცოტას ლაპარაკობდა სადუკეველთა საწინააღმდეგოდ“ (მთ. ეპ. ინოკენტი). მათ მიმართეს სწორედ იმ კითხვას, რომელზედაც ხშირად კამათობდნენ ერთმანეთში ფარისევლები და სადუკეველები, - ეს იყო კითხვა მკვდრების აღდგომაზე. „მოკლედ სადუკეველებმა, - ამბობს წმ. ოქროპირი, - მიეახლნენ რა მაცხოვარს, პირდაპირ კი არ დაიწყეს აღდგომაზე საუბარი, არამედ მოიგონეს, რაღაც არაკი და იწყეს არარსებულზე საუბარი. ფარისეველთა მსგავსად, ისინიც მოჩვენებითი სიმშვიდით მიმართავდნენ“, მოკრძალების ყოველგვარი გარეგნული ნიშნებით და ეტყოდეს: მოძღუარ! რას გვეტყვი შენ ჩვენს ასეთ გაუგებრობაზე მოსე ესრეთ ჰსთქუა: უკეთუ ვინმე მოკუდეს და არა ესუას შვილი, და დატოვებს ცოლს უშვილოდ, ესიძენ ძმა მისი ცოლსა მისსა და ასეთი შეუღლებით აღუდგინენ თესლი ძმასა თვისსა. ასეთი მცნების წყალობით აი, რა მოხდა: იყუნეს უკუე ჩუენ შორის შვიდნი ძმანი, და პირველმან მან შეირთო და მოკუდა, და არა დაჰშთა თესლი, და დაუტევა ცოლი თვისი ძმასა თვისსა. ეგრეთვეე მეორემან და მესამემან შეირთეს იგი და უშვილოდ დაიხოცნენ, და ასე გაგრძელდა, ვიდრე მეშვიდემდე, და არც ერთმა ძმამ არ დატოვა შვილი. ხოლო უკანასკნელ ყოველთასა მოკუდა დედაკაციცა იგი. ფარისევლები ასწავლიან და შენც აგრეთვეე, რომ იქნება მკვდართა აღდგომა, რომ ადამიანის სული უკვდავია; მაგრამ აი, ხედავ, მოსეს წიგნებში არა მარტო არ არის რაიმე მტკიცება სულის უკვდავებაზე, არამედ რაღაც არის ისეთი, რომელიც ეწინააღმდეგება მკვდრეთის აღდგომას, აწ უკუე აღდგომასა მას, როცა თქვენი რწმენის მიხედვით უნდა აღდგეს შვიდივე ქმარი, ვისა შვიდთა მათგანისა იყო იგი ცოლად? რამეთუ ყოველთა ესუა იგი. ამიტომ იგი, ან უნდა მიეკუთვნოს შვიდივე ქმარს, ან არც ერთს, ეს კი სიცრუის სწორია და ასეთ კანონს უბრძნესი კანონმდებელი არ მოგვცემდა. და თუ ეს ასეა, მაშინ ჩანს, რომ მოსე არ ფიქრობდა მკვდართა აღდგომაზე, არ სწამდა იგი, - სხვანაირად არ დაგვიწერდა ასეთ სჯულს, - მაშასადამე ჩვენ მართალნი ვართ, რომ ასევა არ გვწამს მკვდრეთით აღდგომა. რას იტყვი ამის შესახებ?

„მთელი მათი მოთხრობა, - ამბობს წმ. ოქროპირი - ჩემი აზრით, გამოგონილი იყო, რადგან მესამე აღარ მოიყვანდა ქალს, ნახა რა, რომ ორი ქმარი მოკვდა მასთან; და თუ მაინც მოიყვანდა მესამე, მეოთხე უკვე აღარაფრით მოისურვებდა ამას, მით უფრო მეხუთე და შემდგომი, იმის შიშით, რომ იგივე ბედი არ სწეოდა მასაც. მსგავსი სიფრთხილე ახასიათებდა იუდეველთ, რომლებიც ისედაც გაურბოდნენ ასეთ მეუღლეობას, იმის მიუხედავად, რომ ამას სჯული ავალდებულებდა მათ. რისთვის მოიგონეს სადუკევლებმა, რომ არა ორი, ან სამი, არამედ შვიდი ქმარი ჰყავდა ერთ ქალს? იმიტომ, რომ ასე უფრო მეტად დასცინებდნენ მკვდრეთით აღდგომაზე სწავლებას. ახლა ნახე, როგორ აჩვენებს უფალი იმას, რომ იქნება აღდგომა, და იმასაც, რომ ის ისეთი არ იქნება, როგორადაც მათ წარმოედგინათ, მიუგო იესო და ჰქრუა მათ: ჰსცდებით, და სწორედ იქიდან გამოდის თქვენი შემცდარობა, რომ თქვენ სჯით, მაგრამ არა იცნით წიგნი, არცა ძალი ღმრთისა, ვერ წვდებით ღვთის სიტყვას, არა გაქვთ სწორი წარმოდგენა ღმერთის ყოვლისშემძლეობაზე. თქვენი გაგება მომავალ ცხოვრებაზე ცრუ და ყალბია. ცოლის მოყვანა და გათხოვება ამ ცხოვრებისათვისაა დამახასიათებელი, რომელშიც ბატონობს გრძნობა. მაგრამ იქ გრძნობიერი არაფერია, ამიტომ აღარც ქორწინებას აქვს ადგილი. რამეთუ აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან, არცა განქორწინებდენ, არამედ ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი იყუნენ ცათა შინა, რადგან სიკვდილიც უკვე აღარ შეუძლიათ და ხდებიან შვილნი ღვთისა, როგორც აღდგომის შვილნი, აღდგომით შობის გზით ახალ ცხოვრებაში. - სადუკეველთა დასამარცხებლად ეს საკმარისი იყო; „მაგრამ უფალი, ალბათ ხედავთა ზოგიერთი სადუკევლის დაბრკოლებიდან გამოსვლის შესაძლებლობას, ამიტომ არ დაკმაყოფილდა მარტო უარყოფით შეცდომისა, არამედ კიდევ დასძინა თავის მხრივ მეტად დამაჯერებელი დასაბუთება უკვდავებისა„ (მთ. ეპ. ინოკენტი), რამეთუ, - შენიშნავს წმ. ოქროპირი, - იგი ხედავს არა მარტო კითხვას, არამედ მკითხველთა აზრებსაც, როცა ეკითხებიან მას არა ბოროტი განზრახვით, არამედ უცოდინარობის გამო, მაშინ იგი თავის პასუხში უფრო მეტს ამცნებს, ვიდრე კითხვა თხოულობს; ხოლო, როცა კითხვა ბოროტისგანაა ჩაგონებული, მაშინ იმასაც არ პასუხობს, რასაც ეკითხებიან“. თქვენ სამართლიანად არ ფიქრობთ, - აგრძელებს უფალი თავის საუბარს სადუკეველებთან, - რომ მოსეს სჯულში არაფერია მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომაზე და მომავალ ცხოვრებაზე. განა თქვენ არასოდეს წაგიკითხავთ ის ადგილები მოსეს წიგნებში, სადაც აღწერილია ღვთის გამოცხადება მოსესთან მაყვლოვანთან? წაიკითხეთ და დაინახავთ, როგორ უწოდებს იქ თავს თვით ღმერთი. ხოლო აღდგომისათვის მკუდართასა არა აღმოგიკითხავსა თქმული იგი ღმრთისა მიერ, რომელსა იტყვის: მე ვარ ღმერთი აბრაამისი, და ღმერთი ისააკისი, და ღმერთი იაკობისი? არა არს ღმერთი მკუდართა, არამედ ცხოველთა, რადგან მისთვის ყველა ცოცხალია. ღმერთი არ არის ღმერთი არარსებულთა და სრულად განადგურებულთა, რომლებიც უკვე ვეღარასოდეს აღდგებიან, არამედ ღმერთი ცოცხალთა. უფალმა არ მიუთითა სხვა მკაფიო ადგილებზე ძველ აღთქმაში, სადაც აღდგომაზეა საუბარი, არამედ მხოლოდ მოსეზე, რადგან ისინი არ იღებდნენ სხვა წიგნებს საღვთო წერილისა, გარდა მოსესი. - სადუკევლები გაჩუმდნენ. დამტკიცება, რომელიც იესო ქრისტემ მოიტანა, მოულოდნელობის გარდა, გამოირჩეოდა სიღრმითა და აზრის სულიერებით, რომელიც არ ისმოდა რაბინების ვითომ ბრძნულ საუბრებში. ქრისტეს აღდგომამდე ხალხში დადიოდა ბნელი და არამყარი აზრი ადამიანის სულის უკვდავებაზე; არ იყო ნათელი ღვთის რჩეული ერის ჭვრეტა ამ საგანზე. ამიტომ, როცა ქრისტე მაცხოვარმა აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთის წოდებისას გახსნა აზრი მიცვალებულთა აღდგომაზე, მაშინ არა მარტო სადუკევლები, არამედ იუდეველთა შორის საუკეთესო მოაზროვნენიც კი იყვნენ გაოგნებულნი სიახლის გაცხადებით: და ესმა რა ესე ერსა მას, დაუკვირდებოდა მოძღურება იგი მისი. პასუხი იმდენად ბრძნული და ღვთიური იყო, რომ ერთი მწიგნობრის ბაგეთაგან გაისმა ქებისა და გაკვირვების სიტყვები: „მოძღუარ კეთილად ჰსთქუ“ (ლკ. 20,39).

სადუკევლების მიმართ უფლის პასუხმა ფართოდ გაშალა შინაგანი მხარე სამოთხისა და მისცა ხალხს შესაძლებლობა მასში ის დაენახათ, რაც მას აქამდე არასდროს დაენახა. რატომ უწოდა ღმერთმა თავის თავს ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა, როცა ეს მამამთავრები დიდი ხანია ქცეულიყვნენ მტვრადა და დაშლილი ძვლების გროვად მახპელის გამოქვაბულში რომ განისვენებდნენ? განა შეიძლებოდა, რომ უფალს თავისათვის ეწოდებინა ღმერთი მტვრისა და ფერფლისა? სადუკეველნი ალბათ ფიქრობდნენ, რომ ეს სიტყვები უბრალოდ ნიშნავდა: „მე ვარ ღმერთი, რომელსაც ესასოებოდნენ აბრაამი, ისააკი და იაკობი“, მაგრამ სადამდე შეიძლებოდა დასულიყო იმათი სასოება, თუკი აღდგომა არ იქნებოდა? - სიკვდილზე, არარაობაზე, მარადიულ მდუმარებაზე სასიკვდილო და ბნელ ხლართებზე და ეს შემდგომ სიცოცხლისა, განსაცდელებგადატანილი სიცოცხლისა, რომელსაც ამ პატრიარქთაგან უკანასკნელმა უწოდა „მდგომარეობის ხანი, მცირე, მაგრამ ტანჯვით სავსე“ (შექ. 47,9). არა, ღმერთი გულისხმობს, რაღაც უფრო მეტს, მან მოისაზრა და სწორედ ასე განმარტა ეს ღვთის მხოლოდშობილმა ძემ, რომ იგი მოქმედებს რა იმათთან ერთად, რომელთაც აქვთ მასზე სასოება, იქნება მათთვის დამხმარედ და შემწედ საუკუნეებში, და მომავალი ცხოვრება არ იქნება მათთვის საშინელი მივიწყება. და ხალხმაც, რომელიც უბრალო გულით უსმენდა უფალს, მიიღო სარგებელი, სადუკეველნი კი სირცხვილით განშორდნენ უფალს, როგორც დამარცხებულინი...