მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

ბარაბა. პილატეს მეუღლის სიზმარი. ჯუარს-ეცუნ... პილატე იბანს ხელს... საშინელი ფიცი

მათე 27, 15-25

ხოლო დღესასწაულსა ჩუეულ იყო მთავარი იგი და მიუტევის ერსა მას ერთი პყრობილი. ჩვევად ჰქონდათ, რომ პასექის დღესასწაულის პატივად, ღვთის ხალხის ეგვიპტის მონებისაგან გათავისუფლების აღსანიშნავად, გაეთავისუფლებინა ერთი რომელიმე სიკვდილმისჯილი, რომელიცა უნებნ მათ. პილატეს მოუვიდა აზრად: ესარგებლა ამ ჩვევით, რათა იესო ქრისტე გაეთავისუფლებინა. ხოლო ჰყვანდა ვინმე მაშინ პყრობილი შესწავებული, თავისი დანაშაულით ცნობილი პატიმარი, რომელსა ერქუა ბარაბა. ეს იყო ყაჩაღი, რომელიც საპყრობილეში იყო ჩაგდებული, ქალაქში ჩადენილი მკვლელობებისა და ამბოხის გამო და აი, ამ მკვლელის გვერდით დააყენა პილატემ ჩვენი უფალი: ნუთუ, - ფიქრობდა იგი, - იუდეველნი იესოს ამჯობინებენ მეამბოხესა და მკვლელს? და ვითარ შეკრებულ იყვნეს იგინი, ჰრქუა მათ პილატე: მე ვიცი, რომ წესისამებრ გვეკუთვნის ერთი პატიმრის გათავისუფლება; მესმის, რომ თქვენ გინდათ თავისუფლება მივანიჭო ბარაბას. არ ვეწინააღმდეგები. მაგრამ შემოგთავაზებთ ასარჩევად სხვასაც: ვინ გნებავს ორთა ამათგანი, და მოგიტეო თქუენ: ბარაბა ანუ იესო, რომელსა ჰრქვიან ქრისტე? ურიების მეუფე? „თუ არ გინდა იგი გაუშვათ, როგორც უდანაშაულო, - ამბობს ოქროპირი, - მაშინ გაუშვით როგორც დამნაშავე, - დღესასწაულისათვის“. რამეთუ უწყოდა, ვითარმედ შურითა მისცეს იგი. „ხედავ, - ამბობს წმ. ოქოპირი, - დარღვევა წესრიგისა? წესი იყო ასეთი, რათა ხალხს ეთხოვა მსჯავრდადებულისათვის, ხოლო მთავარი დააკმაყოფილებდა მათ თხოვნას. ეხლა კი ხდება პირიქით: მთავარი ითხოვს ამას ხალხისგან, და მაინც არ ცხრება ხალხი, არამედ უფრო აშფოთდებიან, ატეხენ ყვირილს, შურისგან უფრო გამძვინვარდებიან“... და ასეთ ხალხს პილატე სთავაზობს გააკეთოს აჩევანი ბარაბასა და ქრისტეს შორის, უარს ამბობს რა თავად გადაწყვიტოს ეს საკითხი: სად არის მართლმსაჯულება, რითაც ასე იწონებდნენ თავს ძველი რომაელები? ყველაფრიდან ჩანს, რომ პილატე მალე გახდება მეგობარი კაიაფასი, ისე როგორც უკვე დაუმეგობრდა იროდის! ასე ყველა ცოდვილი ერთიანდება იესო ქრისტეს წინააღმდეგ: პირმოთნე, და უსირცხვილო სადუკეველნი, განათლებული მწიგნობარნი და გაუნათლებელი მხედარნი და მსახურნი, ცნობილი ხალხი და უბრალო ბრბო... მოიხსენა რა იესო ქრისტე იუდეველთა მეუფედ, პილატეს შეიძლება სურდა, რომ იუდეველთ შეეგნოთ: ხალხის ღირსება ითხოვდა თავისუფლება მიენიჭებინათ იმ ადამიანისათვის, რომლის ყველა დანაშაული მდგომარეობდა მხოლოდ იმაში, რომ თავს უწოდებდა იუდეველთა მეფეს. პილატემ ვერ გაითვალისწინა ის, რომ უფლის მტრებს შეეძლო განემარტათ მისი სიტყვები ისე, რომ თითქოს იგი დასცინოდა ხალხს, როცა ითხოვდა თავისუფლებას იუდეველთა მეფისა... იმ დროს, როცა პილატე უკვე იხრებოდა იესო ქრისტეს მტრების მხარეს, მან მიიღო განსაკუთრებული სიფრთხილე, არ გაეკეთებინა ბოროტება უდანაშაულო პატიმრისათვის.

და ვითარცა დაჯდა საყდართა ზედა, მიუვლინა მას ცოლმან მისმან და ჰრქუა მას, არარაი ძეს შენი და მართლისა მაგის კაცისაი, რამეთუ მრავალი მევნო მე დღეს ჩვენებით მაგისთვის. მე ვნახე საკვირველი სიზმარი და ბევრი ვიტანჯე ამ მართალი კაცის გამო. - რომაელთა კანონის მიხედვით მსაჯულთა მეუღლეებს მკაცრად ეკრძალებოდათ სამსახურებრივ საქმეებში ჩარევა. პილატეს ცოლმა, რომლის სახელიც გადმოცემის თანახმად იყო კლავდია პროკულა, გადაწყვიტა თავისი სიზმარი ქმრისთვის ეუწყა. - „საკვირველი საქმეა, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, - პილატესაგან განსჯილი შიშსა გვრის მის ცოლს! ეს სიზმარი იყო ღვთის განგება არა იმისათვის, რომ ამას მოყოლოდა ქრისტეს გათავისუფლება, არამედ იმისათვის, რომ გადარჩენლიყო ის ქალი“. - „რატომ თვით პილატემ არ იხილა ასეთი რამ? იქნებ იმიტომ, - ამბობ წმ. ოქროპირი, - რომ ცოლი იყო მასზე ღირსეული, ანდა იმიტომ, რომ პილატეს რომ ეხილა ასეთი სიზმარი, არ ირწმუნებდა მას, და შეიძლება არც კი გაემხილა. ამიტომ ღმერთმა ისე მოაწყო, რომ სიზმარი ცოლმა იხილა, რათა ყველასთვის საცნაური გამხდარიყო, მაგრამ მან უბრალოდ კი არ ნახა, არამედ იტანჯა ბევრი, რათა ქმარს, თუნდაც ცოლისადმი თანაგრძნობის გამო მაინც, შეეყოვნებინა მკვლელობის მოხდენა. ამისაკენ იხრებოდა დროც, რადგან იმავე ღამით ნახა სიზმარი“. - გადმოცემა ამბობს, რომ კლავდია პროკულა აღიარებდა იუდეველთა რწმენას; მას, რა თქმა უნდა, შეეძლო ადრეც გაეგო ბევრი რამ ქრისტეზე, როგორც დიდ მასწავლებელსა და სასწაულმოქმედზე; გადმოცემით მან შემდგომში იწამა ქრისტე, ამიტომ ცოლის გაფრთხილებამ, რომელსაც იგი პატივსა სცემდა მისი კეთილი ცხოვრების გამო, მასზე დიდად იმოქმედა. მას რომ არ შეეთავაზებინა ხალხისთვის იესოს, ან ბარაბას ამორჩევა, მაშინ შეწყვეტდა საქმის მსვლელობას, და თუ გაბედავდა და საქმით აჩვნებდა იმას, რასაც ეხლა გრძნობდა, მაშინ გაყრიდა თავის სამსჯავროდან მისთვის ამ საძულველ იუდეველებს, რომელთაც უდანაშაულო სისხლი სწყუროდათ. მაგრამ პილატე თავის დანაშაულსაც გრძნობდა. ახსოვდა, როგორ დაუნდობლობას იჩენდა იუდეველთა მიმართ, რამდენი ჰყავდა მათგან დახოცილი: რა იქნება, ფიქრობდა იგი, თუ ამ უსამართლობასა და დაუნდობლობას გაასაჩივრებენ კეისართან, თუ ამას დაუმატებდნენ ცილისწამებასაც, რომ მე გავათავისუფლე კაცი, რომელიც იჩემებდა სამეფო უფლებას?.. და შიში საკუთარი თავის გამო ტანჯავდა უბედურ სულს მხდალი პროკურატორისა. იგი მზად იყო უკვე ყოველგვარი დათმობისათვის, რათა მისთვის ეს მეტად უსიამოვნო საქმე, რაც შეიძლება მალე დაემთავრებინა. და სხვათა შორის, ვიდრე იგი ესაუბრებოდა ცოლისაგან მივლენილს, მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა გააკეთეს თავიანთი: ხოლო მღვდელმთავართა მათ და მოხუცებულთა ყველა ღონეს მიმართეს, არწმუნეს ერსა მას, რაითა გამოითხოვონ ბარაბა, ხოლო იესო წარწყმიდონ. ამის გაკეთება მოხერხებული წინამძღოლებისათვის არ იყო ძნელი. მათ შეეძლოთ სასჯელად ეთქვათ: განა იესოს შეეძლო იუდეველთა განთავისუფლება? განა იგი აღადგენდა დავითის საყდარს? ნუთუ შეიძლება ეს ყოფილიყო გამარჯვებული დავითის მემკვიდრე, რომელიც ეხლა ძრწოლით ელოდა შეწყალებას, ან სიკვდილს რომაელი მხედრისაგან? „თავად გაბოროტებულნი, - ამბობს წმ. ოქროპირი, - ადვილად ხრწნიდნენ ხალხსაც, რათა მასაც ხიბლისათვის მიეღო უმძიმესი სასჯელი. რა უნდა გაეკეთებინათ: აშკარა დამნაშავე გაეშვათ, თუ ეჭვმიტანილი? თუ შეიძლებოდა გაეშვათ ერთი ქუჩის დამნაშავეთაგანი, მით უფრო შეიძლებოდა საეჭვო დამნაშავის გაშვება! მახარებელმა უბრალოდ არ თქვა: „ჰყვანდა ვინმე პყრობილი“ არამედ „პყრობილი შესწავებული“ ე.ი. ცნობილი ყოველგვარი ბოროტმოქმედებებით, რაც ხალხისათვის მიეყენებინა, და მაინც ასეთიც კი ამჯობინეს ქვეყნიერების მხსნელს, და არ შეუთანხმდნენ არც კაცთმოყვარების, არც სიწმიდეს კანონს, არც რაიმე სხვას. ასე, შურმა სრულიად დააბნელა ისინი“. და აი, მიუგო მთავარმან მან და ჰრქუა მათ: გაუმეორა კითხვა: ვინ გნებავს ორთა ამათგანი. და მოგიტეო თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს ბარაბა! საშინელია ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანი! შიშით ახსენებდა მასზე იუდეველთ პეტრე: „თქვენ წმიდაი იგი და მართალი უარ-ჰყავთ და ითხოვეთ კაცი იგი კაცის მკვლელი მიმადლებად თქუენდა“ (საქ. 3,14-15). პილატეც კი დააბნია ხალხის პასუხმა. მან ისღა ისურვა უკიდურეს შემთხვევაში თავის განრისხება მაინც გადმოენთხია მათზე საეჭვო სახელის ხსენებით: ჰრქუა მათ პილატე: რაი უკუე უყო იესოს, რომელსა ჰრქვიან ქრისტე? როგორ მოვექცე იუდეველთა ეგრეთ წოდებულ მეფეს? უსვამდა რა მათ ამ კითხვას, პილატეს დაავიწყდა, რომ საღი განსჯის წინააღმდეგ მოქმედებდა: განა ხალხს ეკუთვნოდა უფლება გასამართლებისა და არა თავად მას? განა მას არ შეეძლო, რომ ბარაბას გაშვებასთან ერთად, ქრისტეც გაეშვა, თუ კი მას უდანაშაულოდ სცნობდა? და ბოლოს, განა მას თავად არ შეეძლო გადაეწყვიტა, რომელი სასჯელი განესაზღვრა გალილეველი მასწავლებლისათვის, თუკი იგი ამას საჭიროდ მიიჩნევდა?.. თავისი დამცინავი კითხვით მან ბრბო კიდევ უფრო აღაშფოთა: ხალხმა იგრძნო, რომ პილატე მერყეობაში იყო, რომ მას ეშინოდა მისი, და აი, მღვდელმთავართა ჩაგონებით, პირველად გაისმა საზარელი სიტყვა: ჯვარი! ჰრქუეს მას ყოველთა: ჯუარს-ეცუნ, ჯვარზე გააკარი!

ამაოდ ცდილობდა ხალხის გაშმაგებული შეძახილებით შეძრწუნებული პილატე შეეგონებინა მათთვის: ხოლო მთავარმან ჰრქუა მათ; და რაი ბოროტი უქმნიეს? მე ვერაფერი ვნახე მასში ისეთი, რომ სიკვდილის ღირსი იყოს... გონს გადარეულ ბრბოს აღარაფრის გაგონება სურდა: ხოლო იგინი უმეტესად ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს ეცუნ! აი, რას შეესწრო პილატე! მის თვალწინ სინედრიონის წევრებს არ ერცხვინებოდათ ბრბოს ყვირილისათვის დაეჭირათ მხარი, და უმეტესად აეღელვებინათ იგი. - შესაბრალის გაურკვევლობაში იყო პილატე, რომელიც დადგინდა ღვთისაგან, რათა გაერჩია სამართალი დედამიწაზე, მაგრამ ეშინოდა ამის გაკეთება! მას შეეძლო დაეცვა უდანაშაულო: მის განკარგულებაში იყო რომაელი ლეგიონები. მაგრამ იგი უფრთხილდებოდა თავს და ამიტომ დათმო ბევრი... ბარაბა იქნა გათავისუფლებული. მაგრამ ბრბო არ ცხრებოდა, ყოველი მხრიდან გაისმოდა ანთებული შეძახილები, რითაც ითხოვდნენ იესოს დასჯას სიკვდილით. ვითარცა იხილა პილატე, რამეთუ არას არგებს, არამედ უფროისღა შფოთი იქმნების, მოითხოვა წყალი და დაიბანნა ხელნი წინაშე ერისა მის, რათა იმათაც, რომელნიც მოშორებით იყვნენ, დაენახათ, რომ იგი იესოს თვლიდა უდანაშაულოდ, ამასთან ერთად ხმამაღლა დაიძახა და თქუა: უბრალო ვარ მე სისხლისაგან მაგისა, თქუენ იხილეთ. თქვენ მაიძულებთ მე, რომ დაიღვაროს მისი სისხლი, და ამიტომ თქვენვე უნდა აგოთ მისთის პასუხი!.. „იუდეველებს ჰქონდათ ჩვევად, რაც შემდგომში დააკანონეს კიდეც, რომ თუ სადმე ნახავდნენ მიცვალებულის გვამს, უახლოესი ქალაქის უხუცესები პატარა ბავშვის თავზე იბანდნენ ხელს და ამბობდნენ: ჩვენ ხელთ არ დაუღვრია ეს სისხლი, და ჩვენს თვალებს არ დაუნახიათ მკვლელობა. პილატემ იცოდა ეს ჩვეულება, მით უფრო, რომ წარმართებიც, თავიანთი უდანაშაულობის გამოსახატად და ცოდვისაგან განწმედის ნიშნად, ასევე იყენებდნენ ხელბანას“ (მთ. ეპ. ინოკენტი). ნუთუ იგი ფიქრობდა თავისი დანაშაულის განბანას? ნუთუ ამით შეეძლო შვება მიეცა სინდისისათის?.. „თუ იცი - ამბობს წმ. ოქროპირი, - რომ იესო უდანაშაულოა, მაშინ რისთვის იმეტებ მას დასაღუპად? რატომ არ გამოიხსნი, როგორც პავლე ათასისთავმა? ამან იცოდა, რომ იუდეველთა გულს მოიგებდა, რომ სწორედ პავლეს გამო იყო შფოთი და არეულობა, და მაინც მამაცურად დადგა მის საპირისპიროდ, მაგრამ პილატე მოქმედებს სულმოკლედ და სუსტად“. და აი, მისი სიტყვები შთაინთქა ყველაზე საზარელი, ყველაზე საშინელი შეძახილებით ბრბოსი, რომელიც კარგად მიხვდა, რა სურდა გაუბედავ პროკურატორს, რის გამო მერყეობდა უდანაშაულოს დასჯას და ველური სიხარულით სისხლმოწყურებული მხეცისა, რომელსაც გასაგლეჯად აძლევდნენ უწყინარ კრავს, და მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუეს: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩვენთა ზედა. ჩვენ ვიღებთ ჩვენზე მთელ პასუხისმგებლობას მაგისი სიკვდილისა, და არა მარტო ჩვენზე, არამედ მთელ ჩვენს მოდგმაზე. თუ შენ გეშინია დანაშაულის ჩადენა, მაშინ დაე, ღვთის სასჯელი დაგვატყდეს ჩვენ, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს და მთელ ჩვენს მოდგმას! მხოლოდ შეასრულე ჩვენი სურვილი, - ჯვარზე გააკარი ეს ნაზარეველი!..

„ეს სიტყვები, ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, - თავისთავად საშინელია, მაგრამ კიდევ უფრო საშინლად მოგეჩვენება, თუ გავიხსენებთ, რომ ისინი უნდა იქნას გაგებული ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მთელი სიზუსტით; იმიტომ, რომ იუდეველებს, წინასწარმეტყველთა სწავლების მიხედვით, მტკიცედ სწამდათ, რომ ღმერთი, მამამთავართა ცოდვების გამო, სჯიდა მთელ მათ მოდგმას“. და აღესრულა კიდევაც მთელი სიზუსტით ეს საშინელი ფიცი ებრაელთა უბედურ ხალხზე; გული გიკვდება, როცა კითხულობ იერუსალიმის დაქცევის საშინელ ისტორიას მთელი მასთან დაკავშირებული სისხლიანი საშინელებით... „ნახე, - ამბობს წმ. ოქროპირი, - როგორი დიდია აქაც მათი უგუნურობა. ასეთი განუსჯელი მძვინვარება, ასეთი ბოროტი ვნება! არ აძლევს იმის დანახვას, რაც უნდა დაენახათ; დაე, იყოს ისე, რომ თქვენ თვითონ შეაჩვენეთ თქვენი თავები: რატომ აკისრებთ წყევლას თქვენს შვილებს? - მოკლედ, კაცთმოყვარე უფალმა, როგორც მაშინ გონსგადასულები მძვინვარებდნენ საკუთარი თავისა და შვილების წინააღმდეგ, არ დაუდასტურა, არ დაეთანხმა ამ ხმას არა მარტო შვილების საწინააღმდეგოდ, არამედ მათ საპირისპიროდ: მათგანაც კი მიიღო მონანულნი და ღირსი გახადა ურიცხვი წყალობისა. რადგან, პავლეც იყო მათთაგანი და ბევრი სხვაც გახდა მორწმუნე იერუსალიმში“ - ხოლო ისინი, რომლებმაც არ ირწმუნეს აქამდეც კი, „როგორც ხალხი, რომელთაც მოკლეს უფალი, თავიანთ თავზე ატარებენ მის სისხლს". - „ძეგლი მათი უბედურებისა, - წმ. გრიგორი ღვთისმეტყველის სიტყვებით თუ ვიტყვით, - მთელი დედამიწაა, რომელზეც ისინი არიან გაფანტულნი“...