მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

ჩვენი უფლის ჯვარზე წამება. სამოსელის გაყოფა. ჯვარზე წარწერა. დაცინვა

მათე 27, 35-43

დაიწყო ღვთაებრივი მოწამის ჯვარზე ტანჯვანი. და ვითარცა ჯვარს აცუეს იგი, ოთხმა მხედარმა, თავიანთი საქმის დასასრულს, განიყუეს სამოსელი მისი, რაც რომაელთა წესის მიხედვით, მათი კუთვნილი იყო: ზედა სამოსელი, სანდლები, სარტყელი, თავზე საფარველი, ყველაფერი გაიყვეს ოთხ ნაწილად, მაგრამ კვართი, ანუ ქვედა ჩასაცმელი, დაენანათ რომ დაეხიათ: იგი არ იყო შეკერილი, არამედ ზემოდან ქვემომდე იყო მოქსოვილი: ეს იყო შრომა და ძღვენი მისი საყვარელი დედისა. მხედრებმა ადვილად გადაწყვიტეს სიძნელე, და განიგდეს წილი, იყარეს კენჭი, თუ ვის შეხვდებოდა. ისინი, რა თქმა უნდა, მოქმედებდნენ თავიანთი ანგარიშით, შეიძლება უხეშადაც კი, იქნება დაცინვით სამეფო სამოსელსაც კი უწოდებდნენ კუთვნილს; მაგრამ მაინც ღვთის ნება ამოქმედებდა მათ: სწორედ ამით უდიდესი სიზუსტით აღსრულდა წინასწარმეტყველება დავითისი. რათა აღესრულოს თქმული იგი წინასწარმეტყველისა მიერ, რომელსა იტყვის: „განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის, და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი“ (ფს. 21,18). „გაიყვეს ის სამოსელი, - ამბობს წმ. ოქროპირი, - რომლითაც უამრავი სასწაული აღესრულა, მაგრამ მაშინ არ სასწაულთმოქმედებდა: ქრისტე აყენებდა თავის გამოუთქმელ ძალას. ასე, ერთი მეორის მიყოლებით სრულდებოდა ქრისტეს ჯვართან დაკავშირებული ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებანი, რითაც ცხადდებოდა, რომ ეს ჯვარი არ იყო მარტო ადამიანური უგუნურების საქმე, არამედ უდიდესი განგებულება ღვთისა.

და ჰსხდეს მუნ ჯვარის ძირთან მხედრები და ჰსცვიდეს მას, იცავდნენ, რათა არ ჩამოეხსნათ ჯვარიდან უფალი, რომ არ მომხდარიყო რაიმე არეულობა ხალხის ბრბოდან. და დაჰსდუეს თავსა მისსა ზედა ბრალი მისი, ჯვარის ზემო ნაწილში, იესოს თავთან მიაჭედეს პატარა დაფა, რომელზეც იყო აღნიშნული იესოს ბრალი: ესე არს იესუ, მეუფე ჰურიათა. ამ წარწერის გაკეთება პილატემ საგანგებოდ ბრძანა სამ ენაზე: ებრაულზე, ბერძნულსა და რომაულზე, რათა ყველას - შორი ქვეყნებიდან ჩამოსულთ პასექის დღესასწაულზე, რომელთაც ცუდად იცოდნენ ებრაული ენა, შესძლებოდათ წაკითხვა. და ეს დაფა მიჰქონდათ უფლის წინ, როცა იგი მიჰყავდათ გოლგოთაზე, ან შეიძლება კისერზეც ჩამოჰკიდეს იესოს. მხოლოდ მაშინ, როცა ეს პატარა დაფა მიაკრეს იესოს თავთან, იუდეველებმა შეამჩნიეს, რომ მწარედ დასცინა მათ პილატემ. წარწერის შინაარსის მიხედვით, რომელიც ბევრმა იუდეველმა ამოიკითხა, რადგან ეს ადგილი ახლოს იყო ქალაქთან, გამოდიოდა რომ იესო ქრისტე სინამდვილეში იყო იუდეველთა მეფე, რომელიც ვერ დაიცვეს ქვეშევრდომებმა, ანდა გასცეს, და არა თვითმარქვია, როგორც წარუდგინეს პილატეს მღვდელმთავრებმა. მოსულ იუდეველებს შეიძლებოდა დაედანაშაულებინათ კიდეც ისინი, იუდეველთა მეფის გამეტებაში, ხოლო წარმართებს - დაეცინათ მისთვის. ამ აზრმა შეულახა სიამაყე უფლის მტრებს და ისინი გაეშურნენ პილატესთან თხოვნით, რომ შეეცვალა წარწერა, რაც მათ აშფოთებდათ: „ნუ დაჰსწერ მეუფედ ურიათა, - უთხრეს პილატეს მღვდელმთავრებმა, - არამედ ვითარმედ მან ჰრქუა: მეუფე ურიათა ვარი მე, დაე ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ არ ვიცანით იგი მეფედ, არამედ იგი თვითონ იჩემებდა ამ პატივს“. მაგრამ პილატემ უთხრა მათ: „რომელი დავჰსწერე დავჰსწერე“ - არაფერს შევცვლი. და მღვდელმთავრები შერცხვენილნი და გაწბილებულნი დაბრუნდნენ გოლგოთაზე, რათა დაეჯილდოებინათ თავიანთი უპატიობა ცილისწამებებითა და დაცინვებით ჯვარზე გაკრულ იესოსი. „პილატემ, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, - რაც დაწერა, დაწერა, ისევე, როგორც უფალმა რაც თქვა, თქვა. მან თქვა: მე ვარ მეფე, სიონის მთაზე დადგენილი; თქვა, რომ მას ელოდა წამება, რათა შესულიყო თავის დიდებაში. ისღა რჩებოდა, რომ ეღიარებინათ ახალი მეფე. და პილატემ, წარმართმა, საგანგებოდ გამოაცხადა იგი იუდეველ ხელისუფალთა თვალწინ. აქ წინასწარმეტყველებითი ნიშანიცაა მოვლენებისა, რაც მალე უნდა მომხდარიყო. იუდეველებმა დაინახეს, როგორ აღიარეს წარმართებმა ჯვარცმული იესო თავის მეუფედ, მხსნელად და უფლად“.

მაშინ, იესოს ჯვარზე გაკვრის შემდეგ, ჯვარს-აცუნეს, მისთანა ორნი ავაზაკნი, ერთი მარჯუენით მისა, და ერთი მარცხენით, რათა წმიდათა შორის წმიდა, ჯვარზე გაკრული, გამოჩენილიყო უდიდეს ბოროტმოქმედად, ავაზაკთა მთავრად. ეშმაკს, - წმ. ოქროპირის შენიშვნით, - სურდა ამით დამდაბლებინა უფალი, მაგრამ ისე, რომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, განადიდა იგი იმიტომ, რომ ამით შესრულდა ერთი წინასწარმეტყველებათაგანი, რომ იესო ქრისტე შეირაცხებოდა უსჯულოებთან. ძველი გადმოცემა, უფლის მარჯვნივ ჯვარცმულ ავაზაკს უწოდებს დისმასოს, ხოლო მარცხნივ მყოფს - გესტასოს; სასწაულია, რომ ესენი იყვნენ ბარაბას თანამზრახველნი ყაჩაღობასა და მკვლელობებში. იესოს ჯვართან გაისმოდა ლანძღვა და დაცინვა. ხოლო თანა წარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, სიძულვილის ნიშნად, ჰყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: რომელი დაჰხსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ! თუ შენ მართლა ასეთი დიდი სასწაულმოქმედი ხარ, მაშინ იხსენ თავი თვისი, უკუეთუ ხარ ძე ღმრთისა, გარდამოჰხუედ მაგიერ ჯუარით. როგორი ღვთის ძე ხარ შენ, თუ არ შეგიძლია შენი თავის ხსნაც კი ჯვარის სირცხვილისა და სიკვდილისაგან?.. ძნელი არაა იმის მიხვედრა, ვის ეკუთვნოდა ხალხიდან წამოსული ეს ხმა: ამას გაჰყვიროდნენ იგივე დაქირავებული მსახურები სინედრიონისა, იგივე ცრუ მოწმენი, რომელთაც უკვე დასწამეს ცილი უფალს გასულ ღამეს, სინედრიონის პირველ სხდომაზე. ახლაც მათ ჩააგონეს, რა უნდა ეყვირათ; როგორი სიზუსტით შესრულდა ის, რასაც თავის თავზე ამბობდა მესია, დავითის პირით: „ყოველი, რომელი მხედვიდეს მე, მეკიცხვიდეს მე, იტყოდეს ბაგითა და ხრიდეს თავთა“ (ფს. 21,8). ხოლო ეს - „გარდამოჰხედ მაგიერ ჯუარით“ - როგორ გვახსენებს სატანისაგან შეთავაზებულს, ჯერ კიდევ იესოს ქვეყნიური მოღვაწეობის დასაწყისში, მისი ორმოცდღიანი მარხვისას: „თუ შენ ხარ ძე ღვთისა, გადაიგდე თავი“, ცხადია რომ ახლაც, სადუკეველთა მსახურების პირით მეტყველებდა იგივე მაცდური ჯოჯოხეთისა, ახვევდა რა უფალს აზრს, რათა გამოეყენებინა თავისი ყოვლისშემძლე ძალა ჯვარზე აუტანელი ტკივილისაგან თავის ასარიდებლად... ჯოჯოხეთის სულის მოწმობა განსაკუთრებული ძალით იგრძნობოდა ამ ბოროტ სიხარულსა და დაცინვაში ტანჯული იესოს მიმართ, და საშინელებას უნებურად მოყავდა სული ძრწოლაში მათზე მსჯელობისას. ჩანს, სატანა ცდილობდა შეეღწია მის წმიდა სულში თავისი საგმობი აზრებით... ეგრეთვე მღვდელმთავარნი იგი, თვით მათაც კი ვერ შეიკავეს თავი: არ შერცხვათ თავიანთი ჭაღარა თმისა, არ მოერიდათ თავიანთი დიდი წოდებისა, ისინი დგებიან თავიანთი მდაბალი მსახურების გვერდით, მათი უმაღლესი სამსჯავროს წევრებთან, ემღერდეს მწიგნობართა თანა და მოხუცებულთა, და ფარისეველთა, დასცინოდნენ ქრისტეს მიერ მოხდენილ სასწაულებს, და ერთმანეთში იტყოდეს: შეხედეთ, სხუანი აცხოვნნა, სხვები გადაარჩინა სხვადასხვა უბედურებას, სატანჯველს, საშიშროებას, - ხოლო თავი თვისი ვერ ძალ-უძს ცხოვნებად. დაე, იხსნას თავი, თუ იგი მართლა ქრისტეა, ღვთისაგან გამორჩეულია! წიგნიერი ხალხი მსჯელობდა წინიერად. ქრისტე ღვთის რჩეულად იწოდება ისაია წინასწარმეტყველთან (ის. 42,1). ჩანს, სურთ ხალხს დაანახონ, რომ მათ იციან წელი, გამოიკვლიეს იგი, და მაშასადამე იციან რასაც ამბობენ, ამიტომ უნდა ერწმუნოს მათ ნათქვამს ხალხი! და მართლაც, განა ბევრი იყო საჭირო, თუკი იგი იყო მესია, რომ დაემტკიცებინა ეს? უკეთუ მეუფე ისრაელისა არს, როგორც მიაწერა მას პილატემ, დაე, ახლავე გარდამოჰხედინ აწ მაგიერ ჯუარით, და ჩვენ გურწმენეს იგი, მივიღებთ მას მესიად. -„მაგრამ იწონებდნენ რა საღვთო წერილის ცოდნით თავს, - ამბობს მთ. ეპ. ფილარეტი (ჩერნ.), - ამ ბრმა მასწავლებლებს ხალხისა, სინამდვილეში არ სურდათ წერილის გაგება. რას ამბობს დავითი მესიაზე? მის 21-ე ფსალმუნს, ყველა ძველი დროიდანვე მიიჩნევდა მესიის საგალობლად. ამ ფსალმუნში, მესია - ტანჯული ამბობს: „განხურიტნეს ხელნი ჩემნი და ფერხნი ჩემნი“ (ფს. 21,17). დავითის დროს საერთოდ უცნობი იყო ჯვარზე დასჯა. ცხადია, რომ დავითი წინასწარმეტყველებითი სულით ხედავს მომავალ ბედს მესიისა, - ხედავს იმას, რაც ეხლა აღსრულდა იესოზე სინედრიონის მონდომებით. მაგრამ მესიაზე წინასწარმეტყველების გახსენებით, ფარისევლები დაცინვით მიაკუთვნებენ მას წამებულ იესოს და ამით ასრულებდნენ ამ წინასწარმეტყველებას: უკეთუ ესვიდა ღმერთსა, იმეორებდნენ ისინი საგმობს, რომელსაც დავითის წიგნში წარმოთქვამენ არაწმიდანი, რათა მესია შეურაცხყონ: დაე, მან იხსენინ იგი: უკეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ ცოტა ხნის წინ, ჩვენი თანდასწრებით, მან ჰსთქუა, ვითარმედ ძე ღმრთისა ვარი მე. განა მამა მიატოვებდა ძეს ასეთ მდგომარეობაში? „ოი, შერყვნილნო და უსჯულონო! - წარმოსთქვამს წმ. ოქროპირი, - განა წინასწარმეტყველნი არ იყვნენ წინასწარმეტყველები, ანდა მართალნი - მართალნი იმის გამო, რომ ისინი არ იხსნა ღმერთმა უსჯულოთა თავდასხმისაგან? ისინიც ეწამებოდნენ. რა შეიძლება მიედაროს თქვენ უგუნურებას?“. „ადამიანები კი არ ლანძღავენ გოლგოთაზე ღვთის დიდებულებას, - ამბობს მიტრ. ფილარეტი, - არამედ ღვთის განგებულება დასცინოდა ადამიანთა გამძვინვარებას, თავისუფლების შეუზღუდველად აიძულებდა მას ემსახურა უმაღლესი სიბრძნისათვის; ბოროტი მონები კი არ ატყუებენ უფალს, არამედ ყოვლადკეთილი მამა არ იმეტებს შვილს ბოროტ მონათაგან დასაღუპად. მიწიერი მტრობა კი არ აწყლულებს ზეციურ სიყვარულს, არამედ ზეციური სიყვარული იმალება მიწიერ მტრობაში, რათა სიყვარულის სიკვდილით მოკლას მტრობა და განავრცოს ნათელი და ცხოვრება სიბნელის მიღმა და საბურველი სიკვდილისა. ამრიგად, რაც არ სურდათ, არ შეეძლოთ, არ იცოდნენ, მთელი ქვეყნის წინაშე აღსრულდა მათით, რომელთაც არ სურდათ, არ შეეძლოთ, არ იცოდნენ...“