მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

ასისთავის აღსარება

მათე 27, 54

„იქაც და აქაც, ადამიანები, თავჩაღუნულნი ბრუნდებოდნენ ქალაქში უკან. უფრო მგრძნობიარენი ტიროდნენ და ხელს იცემდნენ სახეზე. აზრმა, რომ ჯვარცმული იესო არის ღვთის ძე, ხელახლა იწყო გაღვივება მთელი ძალით, მაყვედრებლებშიც კი, რომლებიც აქამდე ამბობდნენ, „გადმოდი ჯვარიდან და ჩვენ გიწამებთ შენ“ (მთ. ეპ. ინოკენტი). ეს იყო დასაწყისი იმ მაცხოვნებელი სინანულისა, როგორიც ასეთი ძალით გამოვლინდა შემდგომ ხალხში, ერგასის დღეს, მოციქულთა ქადაგებისას. ასე დაიწყო აღსრულება ქრისტეს სიტყვამ: „და მე ოდეს ავმაღლდე ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა“ (ინ. 12,32) „ახლა, რომაელმა მხედრებმაც დაინახეს, - ამბობს მთ.ეპ. ინოკენტი, - რომ ის უსულო გვამი, რომელსაც ისინი იცავდნენ, აღემატებოდა ყველა მათ ღვთაებებს. ისინი არ იცნობდნენ ისრაელთა ღმერთს, მაგრამ ღმერთი მთელი ბუნებისა, ვისი ძალითაც ახლა ირყეოდა მიწა, ყველასათვის გახდა ცნობილი. იდგნენ რა გოლგოთაზე, რომელიც ძრწოდა, და ჯვარზე მომკვდარი მართალის წინაშე ცნობდნენ რა თავს დამნაშავედ, მცველებმა დიდი შიშის გამო არ იცოდნენ, რა ეღონათ“. განსაკუთრებით შეძრული იყო გაკვირვებითა და ღვთისმოსაობით ასისთავი, რომელიც მხედართა უფროსი იყო; „იგი იდგა პირდაპირ ჯვარის წინ, როცა იესო ქრისტემ განუტევა სული, აკვირდებოდა არა მარტო უფლის უკანასკნელ სიტყვებს, არამედ ღმერთკაცის გამომეტყველებას“. თავისი წოდების გამო, მას ბევრი რამ ენახა ცხოვრებაში, თუ როგორ კვდებოდნენ ჯვარზე სიკვდილმისჯილები, მაგრამ არასოდეს ენახა სიმშვიდე სულისა, ასეთი მინდობა ღმერთის ნებისა, როგორიც ახლა ნახა იესოში. ასისთავს მოსმენილი ჰქონდა მისი წინასწარმეტყველება იერუსალიმის სამწუხარო ხვედრზე, მოისმინა მისი ლოცვა იმისათვის, ვინც ჯვარს გააკრა, მისი სამეუფო პასუხი კეთილგონიერი ავაზაკისადმი, და აკვირვებდა მისი მდუმარე სიმშვიდე ყოველგვარი დაცინვისა და აბუჩად აგდებისას; ახსენდებოდა ისიც, რომ პილატემაც ვერანაირი დანაშაული ვერ მოიძია მასში, და ამიტომ კეთილკრძალულმა ძრწოლამ მოიცვა მისი სული... ხოლო ასისთავმან მან და მისთანათა, რომელნი ჰსცვიდეს იესოს, იხილეს რა ძრვა იგი და რა იგი იქმნა, შეეშინა ფრიად იმის მოლოდინში, ხომ არ აღივსო ღვთის რისხვა, მკაცრად რომ შეაჯანჯღარა მთები, მათზეც, რომელთაც აღასრულეს სასჯელი... შიშით ერთმანეთს ეუბნებოდნენ: და იტყოდნენ ჭეშმარიტად ეს ადამიანი იყო დიდად მართალი, როგორც უწოდებდა მას პილატე, - არა, ამაზე მეტი, ჭეშმარიტად ძე ღვთისა იყო ესე! და ასისთავმა აღიარა ისრაელის ღმერთი. ძველი ეკლესიური გადმოცემა ამბობს, რომ მას ერქვა ლონგინოზი, რომ იგი თავის ორ მეგობართან ერთად, რომლებიც ასევე მხედრები იყვნენ, გახდა ქრისტიანი, და თავისი მოწამებრივი სისხლით დაბეჭდა აღსარების სიმტკიცე, რომელიც მან წარმოთქვა გოლგოთაზე. წმიდა ეკლესია, მას 16 ოქტომბერს იხსენებს.