მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

დაცვის მოსყიდვა

მათე 28, 11-15

ერთი მეორეს ეშურებოდნენ წმ. დედები მოციქულებთან მისვლას, რათა გაეზიარებინათ მათთვის სასიხარულო უწყება აღდგომისა. რამდენმა თვალმა იხილა უფალი! მთელი სიმრავლე მოწმეთა! და მაინც მოციქულებს „უჩნდეს სიტყუანი მათნი ვითარცა სიჩქურისანი მათ წინაშე, და არა ჰრწმენა მათი“ (ლკ. 24,11). ხოლოდ პეტრემ გადაწყვიტა ერთხელ კიდევ მიერბინა საფლავთან, რათა ეხილა, იქნებ რაიმე გახსნოდა მასაც. მოვიდა, მაგრამ ახალი ვერაფერი იხილა უწინდელზე მეტი და უკან დაბრუნდა, „და უკვირდა საქმე ესე“ (ლკ. 24,12). შეიძლება ვიფიქროთ, რომ იმ დროს სული მას დამძიმებულლი ჰქონდა: შეიძლება ფიქრობდა კიდეც გულში, რომ იქნებ მისი მიზეზით არ ეცხადებოდა უფალი მოციქულებს? და ძალზედ სარწმუნოა, რომ სწორედ ამ დროს უფალი ეჩვენა მას დასამშვიდებლად და სანუგეშოდ მისი გულისა. მოციქული პავლე ამბობს, რომ უფალი გამოეცხადა საგანგებოდ თავის ხორციელ ძმას იაკობს (1კორ.15, 5-7).

და ესენი წმიდა დედები ვითარცა წარვიდეს მოციქულებთან, აჰა ესერა, კაიაფას სასახლეში მოხდა დიდი შეშფოთება: დასისა მისგანნი, ალბათ დაცვის უფროსნი, რომეთაც ევალებოდათ დაუყონებლივ მოეხსენებინათ ყოველივეზე, რაც კი საფლავთან მოხდებოდა, და სამხედრო წესით ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა დაცვის ადგილის მიტოვების გამო, შევიდეს ქალაქად და უთხრეს მღვდელ-მთავართა მათ, ყოველი ესე რაცა იქმნა. ამ ცნობამ იესოს მტრებისათვის ქუხილივით დაიგრგვინა. როგორ არ უნდოდათ მათ დაჯერება უდიდესი და მათთვის საშინელი აღდგომის სასწაულისა. მოწმენი სახეზე იყვნენ, და ამასთან არა უბრალო, შემთხვევითი ადამიანები, არამედ მათ მიერ საგანგებოდ დადგენილი სამხედრო პირნი, რომლებიც ორი დღის წინ, შეიძლება თავად იგდებდნენ აბუჩად სიკვდილმისჯილ იესოს, - ეს შეუბრალებელი, ბრძოლაში გამონაწრთობი რომაელი ჯარისკაცები, ახლა შეძრწუნებულნი უყვებოდნენ მათ მიწისძვრაზე, ბრწყინვალე ანგელოზის გამოჩენაზე, ლოდის უეცარ გადაგორებას საფლავიდან... რა უნდა ექნათ უფლის უბოროტეს მტრებს? ეჭვგარეშეა, რომ მათ უფრო უწინ, ვიდრე მოციქულებმა - ირწმუნეს ქრისტეს აღდგომის ჭეშმარიტება, მაგრამ ეს იყო რწმენა, როგორზედაც „ეშმაკთა ჰრწამს და ძრწიან მისგან“ (იაკ. 2,19). შეცდომილთ, უდრეკთა და გაბოროტებულთ, იმის ნაცვლად, რომ მიუდგომლად გამოეძიათ ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი, ნაცვლად იმისა, რომ შეგუებოდნენ საბოლოოდ და სინანული დაუფლებოდათ, - დიდხანს არც უფიქრიათ, ისევ მიმართეს თავიანთ საყვარელ საშუალებას - ყველაზე უსინდისო სიცრუესა და ცილისწამებას. და მაშინვე, ღამით, საჩქაროდ შეიკრიბნენ, ხოლო იგინი შეჰკრბეს მოხუცებულთა თანა და ზრახუა ჰყუეს, და ამ შეკრებაზე სინედრიონისა ვერაფერი მოიფიქრეს უკეთესი, გარდა დაცვის მოსყიდვისა: ვეცხლი დიდ-ძალი მიჰსცეს ერისაგანთა მათ, - ეს არ იყო მათთვის ახალი საშუალება: „მათ იყიდეს უფლის სისხლი, როცა იგი ცოცხალი იყო, ხოლო ჯვარცმისას და აღდგომისას ფულითვე შეეცადნენ აღდგომის ჭეშმარიტების დარღვევას“, და ჰრქუეს ჩუმად იყავით, ამის შემდეგ ნუღარ გააცხადებთ იმას, რაც ახლა ჩვენ გვითხარით, ხოლო თუ დაჟინებით გკითხავენ, სად წავიდა იესოს გვამი, ესრეთ ჰსთქუთ, ვითარმედ მოწაფენი მისნი ღამე მოვიდეს და წარიპარეს იგი ვიდრე ჩუენ მეძინა.

„როგორ მოიპარეს? - კითხულობს წმ. ოქროპირი: ოი, უგუნურნი, ჭეშმარიტება ისეთი ცხადია და დასანახი, რომ მათ არ შეუძლიათ მისი დამალვაც. მათი სიტყვები სრულიად დაუჯერებელია, არავითარ სიმართლეს არ შეიცავს“. სინამდვილეში: „შესაძლებელია კი?“ - კითხულობს მიტრ. ფილარეტი, - როგორ შეიძლებოდა მისი მოპარვა, როცა თქვენ მხედრები დააყენეთ საფლავთან? იმათ ეძინათ, ამბობენ იუდეველნი. სამხედროებს ეძინათ! ასე იყო იუდეველთა აზრით. ნუთუ ყველას ერთად ჩაეძინა? ნუთუ ერთს მაინც არ გაეღვიძა, როცა გვამის წასაღებად საჭირო იყო უზარმაზარი ლოდის გადაგორება, რისთვისაც აუცილებელი იყო რამოდენიმე კაცის ძალა, და რაც ხმაურის გარეშე არ მოხდებოდა? არც ერთს თურმე არ გაეღვიძა“. ვინ დაიჯერებს ამას, რომ რომაელ მხედრებს ყველას ერთად ჩაეძინა ყარაულობისას? და თუ მათ მოერიათ თვლემა, განა სიფრთხილის გამო არ წამოწვებოდნენ ახლოს გამოქვაბულთან, რათა თავიანთი სხეულით გადაფარებიდნენ საფლავს; უფრო მტკიცედ, ვიდრე იოსების მიერ მიგორებული ქვა? ისინი ხომ სიცოცხლით აგებდნენ პასუხს სინედრიონის მიერ დაბეჭდილზე? „ან მოწაფეებს რატომ უნდა მოეპარათ გვამი? - კითხულობს წმ. ოქროპირი, - იმისათვის განა, რომ მოეგონათ აღდგომის შესახებ სწავლება? მაგრამ როგორ მოუვიდოდათ აზრად მსგავსი რამის მოფიქრება მათ რომელთაც უყვარდათ ცხოვრება უჩინრად? ან ლოდს როგორ გადააგორებდნენ გამაგრებულს?“, „და ვინ ამოწმებს, რომ გვამი მოპარულია? - კითხულობს მიტრ. ფილარეტი. - იგივე დამცველნი. როგორ? იმავე მცველებმა, რომელთაც ეძინათ და ვერ გაიღვიძეს, დაამოწმეს ის, რაც მათი ძილის დროს მოხდა, და რაც არ გაუგონიათ? ვის ეყოფა სითამამე ასეთი არაკის გამოსაცხადებლად? მხოლოდ ურწმუნო იუდეველთ. ვის შეიძლება ჰქონდეს იმდენი უგუნურება, რომ დაუჯეროს ამას? - მხოლოდ ურწმუნო ადამიანთ. ვიკითხოთ კიდევ: როგორ შეიძლებოდა, რომ ქრისტეს მოწაფეებს, რომლებმაც მაცხოვრისათვის პირველი საფრთხის მოახლოებისთანავე, გაქცევით უშველეს თავს, იმოდენა სითამამე გამოეჩინათ, რომ უსარგებლო საქმე - უფლის გვამის საფლავიდან მოპარვა ეზრახათ მაშინ, როცა საფლავი საგანგებოდ იყო დაბეჭდილი და გარშემორტყმული მთავრობისგან დადგენილ მცველთაგან? ურწმუნოებას არ უყვარს განსჯა; იგი გამოდევნებულია მხოლოდ იმ სიტყვას, რომელიც სუნთქავს ურწმუნოებით. და თუ მაინც ცნობილი გახდა, რომ დაცვას მოსტაცეს გვამი, რომლის დაცვა ნაბრძანები იყო მთავრობიდან და მომტაცებლებიც ცნობილნი იყვნენ, მაშინ რატომ არ მისცეს სასჯელს მცველებიცა და მტაცებელნიც? არამც და არამც, არა. საფლავის მცველთა უფროსებს არავითარი ზომები არ მიუღიათ, მხედარნი იყვნენ უდარდელად, ცრუ-გამტაცებლები რვა დღეზე მეტ ხანს იყვნენ იერუსალიმში და არავის, იუდეველთა მკაცრ ხელისუფალთაგან, არ მოუთხოვია მათი სამართალში მიცემა ასეთი დანაშაულისათვის“. უფრო მეტიც, შემდგომში, როცა ქრისტეს ქადაგებისათვის მოციქულებს მოუწიათ სასამართლოზე წარდგომა, სინედრიონს საერთოდ არაფერი უხსენებია იმაზე, რომ მათ თითქოს იესოს გვამი მოეპარათ. განა მღვდელმთავრები ხელიდან გაუშვებდნენ შემთხვევას, რომ ისინი ამაში დაედანაშაულებინათ თავადვე რომ არ ეხილათ უაზრობა ამ სიყალბისა? „შეხედე, - ამბობს წმ. ოქროპირი - როგორ ყოველი მხრიდან ებმებიან თავიანთი საქციელებითვე. ისინი რომ არ მისულიყვნენ პილატესთან, მათ რომ დაცვა არ დაედგინათ საფლავზე, კიდევ შეიძლებოდა რაღაცა უსირცხვილოდ ეთქვათ. ახლა კი, პირიქით, მათ ყველაფერი ისე გააკეთეს, რომ თითქოს შეეცადნენ ბაგეთა დადუმებას. მოწაფეებს რომ სდომებოდათ გვამის მოპარვა, მაშინ ამას გააკეთებდნენ პირველივე ღამეს, როცა საფლავზე ჯერ კიდევ არ იდგა დაცვა: მაშინ ეს არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენდა და სრულიად უსაფრთხოც იქნებოდა. მათ რომ სდომოდათ გვამის მოპარვა, მაშინ სხეულს შიშველს კი არ წაიღებდნენ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ უპატიოდ არ მოკიდებოდენ მას, არამედ იმიტომ, რომ მისი გახდისას, არ გაეღვიძებინათ ისინი, რომელთაც შეეძლოთ წამოდგომა და მათი შეპყრობა. ხოლო სხეულიდან სამოსელის გახდა მძიმე იყო, და დიდი დრო სჭირდებოდა, რადგან მური მიწებებული იყო სხეულსა და სამოსელზე, როგორც წებოვანი ნივთიერება. ასე, რომ აქედანაც ჩანს დაუჯერებელობა გვამის მოპარვისა. ნუთუ მათ არ იცოდნენ იუდეველთა გააფთრება, და ის, რომ ამით რისხვას დაიტეეხდნენ თავს? რა სიკეთე ექნებოდა მათ, თუკი იესო ქრისტე არ აღდგებოდა? რაში ჭირდებოდათ ასეთი მოშურნეობა მიცვალებულის გვამისათვის? იუდეველები თანახმანი არიან, რომ გვამი არ იყო საფლავში. და თუ ეს ასეა, მასინ სიყალბე და დაუჯერებლობა გვამის გატაცებისა მტკიცდება დამცველთა საფლავთან ყოფნით, სასწაულებითა და მოწაფეთა დამფრთხალობით, და აქედანვე ცხადდება უცვალებელი მტკიცება აღდგომისა. და მაინც ისინი უხერხულად მიდიან ყველაფერზე“. სამართლიანობასა და ხალხის მსჯავრს მაინც და მაინც არ უფრთხილდებიან; უფრო საშიში იყო პილატე, რომელსაც ქრისტეს განსჯის დაჟინებული მოთხოვნისათვის, შეეძლო მკაცრად მიეზღო სამაგიერო მწიგნობართათვის. მაგრამ ოქრო იმ დროს, რომაელთა სამსჯავროზე, უფრო მეტად ფასობდა, ვიდრე ნებისმიერი ჭეშმარიტება. ამიტომ მღვდელმთავრებმა ადვილად დაიყოლიეს მცველები“ (მთ.ეპ. ინოკენტი). პილატე მალე გადავიდა იერუსალიმიდან კესარიაში, და რაღაც ხმები კიდეც რომ მოსულიყო მასთან, უეჭველია, რომ ის მათ არ მიაქცევდა ყურადღებას. და თუ ეს ასე არ იქნებოდა, და უკეთუ თუ სინამდვილეში ესმეს ესე მთავარსა მას, ჩუენ ვარწმუნოთ ჩვენ მას ისე დავარწმუნებთ, რომ თქუენ უზრუნველ-გყუნეთ, თქვენ უსიამოვნებებს მოგარიდებთ და მშვიდად იქნებით. ხოლო მათ მიიღეს ვეცხლი იგი, და ჰყუეს ეგრე, ვითარცა ისწავეს მათთგან; და განითქუა სიტყვა ესე ურიათა შორის, ვიდრე დღეინდელად დღემდე, ე.ი. ამ უსინდისო სიცრუეს დღემდე იმეორებენ თალმუდში, მათ სწავლებასა და გადმოცემებში. ჩანს შესაძლებელი ყოფილა ასეთი აბდაუბდას რწმუნება? „შესაძებელია, - ამბობს მიტრ. ფილარეტი, - რადგან ურწმუნოებაში დამყაყებული გონება, როგორც ღამის ფრინველი, ხედავს მხოლოდ ურწმუნოების ბურუსში, უყვარს მხოლოდ თავისი ოცნებები და გაურბის ჭეშმარიტების ნათელს, რომელიც წვავს მის თვალებს. „შეხედე, - ამბობს წმ.ოქროპირი, - როგორი სიყვარული აქვთ ჭეშმარიტების მიმართ ქრისტეს მოწაფეებს: მათ არ ერცხვინებათ თქვან, რომ ასეთი ხმები იქნა მათ წინააღმდეგ გავრცელებული“.