მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

კეთროვანის განკურნება

მათე 8, 1-4

იესო ქრისტეს მთიდან ჩამოსვლის შემდეგაც, მისი მსმენელები მაინც არ ტოვებდნენ მას: მათ არ უნდოდათ საყვარელ მასწავლებელთან განშორება. და გარდამოვიდოდა რა იგი მიერ მთით, მოსდევდა მას ერი მრავალი. „მიაქციე ყურადღება მეუფის სიბრძნეს, - ამბობს წმ. ოქროპირი, - როგორ მრავალნაირად აწყობდა მასთან მყოფთა სარგებელს, ხან სასწაულებიდან სიტყვაზე გადადიოდა, ხანაც სიტყვებიდან სასწაულებზე. ვიდრე მთაზე ავიდოდა, მან ბევრი განკურნა, რითაც გზა შეიმზადა ქადაგებისათვის, ხოლო როცა დაასრულა ეს ხანგრძლივი საუბარი, ისევ დაუბრუნდა სასწაულებს, რათა საქმეებით დაემოწმებინა მის მიერ უკვე ნათქვამი. იგი ასწავლიდა, როგორც ამის უფლების მქონე, და აი, რათა მისი სწავლების ეს სახე არ ჩაეთვალათ ფუჭ დიდებად და მაღალფარდოვან საუბრად, მან ნათქვამი საქმეებით დაამოწმა, და როგორც ძალაუფლების მქონემ, იწყო სნეულებათა განკურნება“.

და აჰა ესერა, კეთროვანი ვინმე მოუხდა - უცებ, იმედგადაწურული მუდარით მის წინაშე წარსდგა უბედური კეთროვანი: თაყუანის სცემდა მას, მუხლებზე დავარდა მის წინ, პირქვე დაემხო და გულიდან ამოსული ტირილით ეტყოდა: უფალო: უკეთუ გინდეს, ძალგიძს განწმედაი ჩემი. - კეთრი, ყველაზე საზიზღარი და ამავე დროს განუკურნავი სენია. ავადმყოფს სახე უსივდება, ცხვირი უხმება და უხეშდება, თვალები ებინდება და იწყებს ცრემლის დენას, ხმა ეხრინწება, თმები სცვივა, მთელი სხეული იფარება ჩირქოვანი წყლულებით, დამახინჯებული პირიდან სდის მყრალი დორბლი, ხელებიდან და ფეხებიდან თანდათან სცვივა თითები, ადამიანი ემსგავსება საზიზღარ გვამს და ამ საშინელ ავადმყოფობაში, რომელიც თანდათან აახლოებს სიკვდილს, ავადმყოფი ზოგჯერ ცხოვრობს 30-40 წელი! ავადმყოფობა გადამდებია, ამიტომ მოსეს კანონი ითხოვდა კეთრით დაავადებულის ოჯახიდან მორიდებას, ამის გამო ისინი ცხოვრობდნენ ღარიბულ ქოხმახებში, დასახლებული ადგილებიდან მორიდებით, და ჯანმრთელ ადამიანთან შეხვედრისას შორიდანვე უნდა დაეძახათ; „არაწმიდა, არაწმიდა!“

და აი, ერთი ამ უბედურთაგანი, შეხვდა მთიდან ჩამომავალ იესოს და დაუწყო ვედრება: „უფალო, უკეთუ გინდეს, ძალგიძს განწმედაი ჩემი“. დიდი იყო რწმენა, დიდი იყო სიმდაბლე და კეთილგონიერება კეთროვანისა! „მან არ შეაწყვეტინა იესოს სწავლება, - შენიშნავს ოქროპირი, - არ შეეცადა ხალხის გარღვევას, არამედ დაელოდა შესაფერის დროს, და მხოლოდ მაშინ მიუახლოვდა მაცხოვარს, როცა იგი ჩამოვიდა მთიდან. და უბრალოდ კი არა, არამედ უდიდესი მონდომებით, როგორც აღნიშნავს სხვა მახარებელი (მრ. 1,40), მუხლებზე დაემხო მის წინ და დიდი რწმენით ევედრებოდა მას. მას არ უთქვამს: თუ შესთხოვ ღმერთს, ანდა თუ ილოცებ ღვთისადმი, არამედ „უკეთუ გინდეს, ძალგიძს განწმენდაი ჩემი.“ ეს კი არ უთქვამს: „უფალო, გამწმიდე,“ არამედ ყველაფერი მიანდო მას. - და თავისი ეს ღვთაებრივი უფლება უფალმა გამოაჩინა საქმით: და, სიყვარულით მიჰყო ხელი თვისი იესო, - ყოველივეს განმწმედი ხელი, იესომ, როგორც სჯულის უფალმა, სჯულის სიტყვა-სიტყვით გაგების საპირისპიროდ, შეახო მას და გაამხნევა რა იგი რწმენაში, შეასრულა მისი მდაბალი თხოვნა და უფლებით, როგორც ყოვლადძლიერმა, იგივე სიტყვებით უპასუხა, როგორითაც თხოვნა გამოთქვა და ჰრქუა: მნებავს, განჰსწმიდენი. და მის სიტყვებს საქმეც მოჰყვა: და მეყუსეულად - მიშინვე, მაცხოვრის წმიდა ხელის შეხებისთანავე - განჰსწმიდნა იგი კეთროვანებისა მისგან.“ „ბუნება, - ამბობს ოქროპირი, მიიღო რა ბრძანება, მაშინვე დამორჩილდა და ეს მოხდა სწრაფად, ვიდრე ყოველივე ამას მახარებელი წარმოსთქვამდა. სიტყვა „მეყუსეულად“ ვერ გამოხატავს იმ სიჩქარეს, როგორითაც საქმე აღესრულა. მაგრამ რატომ მოხდა რომ უფალი, რომელმაც სნეული სურვილითა და სიტყვით განკურნა, შეეხო ხელითაც? იმისათვის, რათა ამით ეჩვენებინა, რომ იგი სჯულზე მაღლა დგას, რომ წმიდასათვის აღარაფერია არაწმიდა. ელისემ არც კი შეხედა ნეემანს, და მკაცრად იცავდა რა სჯულს, თვითონ სახლში დარჩა, იგი კი გააგზავნა იორდანეზე განსაბანად. მაგრამ მეუფე, ამის დასამტკიცებლად, რომ იგი კურნავდა არა როგორც მონა, არამედ როგორც უფალი, შეეხო კეთროვანს. მაგრამ ამით მისი ხელი არ გახდა არაწმიდა, არამედ წმიდა ხელის შეხებით კეთროვანის არაწმიდა სხეული განიწმიდა. ქრისტე მარტო სხეულის სამკურნალოდ კი არ მოვიდა, არამედ სულისაც. როგორც არ შეზღუდა მან დაუბანელი ხელით ჭამა, ასევე აქაც გვასწავლის, რომ საჭიროა ზრუნვა სულზე, და გარეგანი, სხეულის გაწმენდის დატევებით, მოგვთხოვა განწმენდა და შიში საკუთარი შინაგანი კეთრისა, რაც არის ცოდვა. სხეულის კეთროვანება არაფრით ეწინააღმდეგება სათნოებებს. იგი თავად პირველი შეეხო კეთროვანს, და არავინ ადანაშაულებს ამაში მას“. მან სიტყვა-სიტყვით არ დაიცვა სჯული და იგი თითქოს დაარღვია კიდეც, რადგან კეთროვანის შეხებას შებილწვად თვლიდა, მაგრამ მან ამავე დროს სჯულის არსი აგვიხსნა, რომლის მიხედვითაც შეწყალება მსხვერპლზე მეტია.

და ჰრქუა მას იესო: იხილე, ნუ ვის უთხრობ, არამედ წარვედ ეხლავე, და უჩვენე თავი შენი მღუდელსა. უფალმა იცის, რომ ჩვენი ცოდვილი გული ზოგჯერ მიდრეკილია ქება - დიდებისკენ, და საჭიროების გარეშე, მხოლოდ ფუჭი თავმოწონებისათვის, იწყებს ღვთის სასწაულებზე თხრობას, რომლებიც მასზე გამოაჩინა ღმერთმა. უფალი ასეთ შემთხვევაშიც კი გვიკრძალავს მათზე საუბარს, მაგრამ ამავე დროს არ ეწინააღმდეგება ადამიანის მადლიერ გულს, ღვთის საქმეთა უწყებას ღვთისავე სადიდებელად.

„რისთვის უბრძანა მაცხოვარმა განკურნებულს - კითხულობს წმიდა ოქროპირი, სჩვენებოდა მღვდელს, რათა შესაწირავი შეეწირა? - იმისათვის, რომ სჯული შეესრულებინა. ძველი სჯული ითხოვდა, რომ კეთრისაგან განწმედილი მისულიყო მღვდელთან, რათა თავისი განკურნება-განწმედა დაემოწმებინა, რომ შემდგომ მღვდელის კურთხევით იგი ეცნო ყველას სუფთად. ვიდრე მღვდელი არ გამოაცხადებდა, რომ კეთროვანი სრულიად განიწმიდა, იქამდე იგი არაწმიდათა შორის რჩებოდა. აი ამიტომ უთხრა განკურნებულს მაცხოვარმა: „უჩუენე თავი შენი მღუდელსა“ და შეჰსწირე შესაწირავი შენი, რომელი ჰბრძანა მოსე, საწამებლად მათდა. მან არ თქვა: „შესწირე ძღვენი, რომელიც მე დაგიდგინე“. არამედ დრომდე სჯულზე მიუთითებდა, რათა იუდეველებს არ ეთქვათ, რომ მან მღვდლებისაგან მოიტაცა დიდება და უფლება, - ამიტომ საქმე თვითონ შეასრულა, ხოლო მომხდარის შემოწმება მღვდლებს მიანდო და თავისი სასწაულების მსაჯულად ისინი მიიჩნია. ასე იქცევა მხოლოდ ის, ვინც იცავს სჯულს, პატივისცემითაა განწყობილი მოსეს მიმართ და უძველეს დადგენილებებს არ ეწინააღმდეგება“. უფალს უნდოდა ეჩვენებინა, რომ ახალი აღთქმა ძველს არ ეწინააღმდეგება, და იგი, რომელმაც ეხლა სასწაული მოახდინა, თავად სჯულის მომცემია.