მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

გერგესეველთა მხარეში ორი ეშმაკეულის განკურნება

მათე 8, 28-34

ქარიშხლის დაცხრომით უფალმა გამოაჩინა თავისი ღვთაებრივი უფლება ხილულ სამყაროზე, ხოლო ადამიანთაგან ბოროტ ძალთა განდევნით, მან თავისი ძალაუფლება მთელ უხილავ ბოროტ ძალებზეც გააცხადა. ეს სასწაული მან მოახდინა გალილეის ზღვის მარჯვენა ნაპირთან, გერგესეველთა მხარეში, როგორც წერს მახარებელი მათე, ხოლო წმიდა მახარებლების მარკოზისა და ლუკას თქმით, ეს გადარინელთა მხარეს მოხდა. ეს მხარე ასე ორი ქალაქის გამო იწოდებოდა: გერგესი, რომლის ნანგრევებიც თითქმის კაპერნაუმის პირდაპირაა, და გადარი, რომელიც უფრო სამხრეთით მდებარეობდა. ახლაც კი მოჩანს უამრავი სამარხი-გამოქვაბული უდაბნოს მთების მკაცრ ხეობებში, რომლებიც ციცაბო ფერდობებით თვით გალილიის ზღვის ნაპირამდე გრძელდება. ამ ბნელ, არც თუ იშვიათად ფართო გამოქვაბულებში თავს აფარებდნენ ყაჩაღები, რომლებიც ყოველთვის ბლომად იყვნენ პალესტინაში, და ასევე სხვადასხვა შეშლილი და ეშმაკეული ადამიანები, რომელთათვისაც აუტანელი იყო ცხოვრება ადამიანთა შორის. ამ მხარეში, რომელიც მაშინ უმეტესად წარმართებით იყო დასახლებული, მივიდა მაცხოვარი, დილის დადგომისას, მას შემდეგ, რაც მან ზღვაზე დააცხრო ძლიერი ქარიშხალი. საშინელი იყო ზღვაზე ქარიშხალი, მაგრამ უფრო საზარელი სანახაობა ელოდა მოწყალე და კაცთმოყვარე უფალსა და მის მოწაფეებს ადამიანთა ტანჯვის სახით.

და ვითარცა მოვიდა იგი მიერ კერძო, როგორც კი დადგა ფეხი ზღვის ნაპირზე, კაპერნაუმის მოპირდაპირე მხარეს, სოფელსა მას გერგესეველთასა, შეემთხვივნეს მას - თვითონ გამოვიდნენ მასთან შესახვედრად, რამეთუ ღვთის უხილავი ძალა იზიდავდა მათ - ორნი ეშმაკეულნი, რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან - სამარხი გამოქვაბულებიდან. ძველი დროიდან იყო ხალხში გავრცელებული ცთომილება, რომ თითქოს ცოდვილთა სულები, გარდაცვალების შემდგომ ხდებოდნენ ეშმაკები. ახლაც არიან ზოგიერთები, რომელთაც სწამთ მიცვალებულთა აჩრდილები, იმქვეყნიდან რომ არიან გამოსულები: რათა ეს სიყალბე ჩაებეჭდათ ადამიანთა გონებაში, ეშმაკები აიძულებდნენ ბოროტი სულებით შეპყრობილ ავადმყოფებს, ეცხოვრათ მიცვალებულთა სამარხ გამოქვაბულებში, ასეთი ადგილები კი არაწმიდად იყო მიჩნეული. მაცხოვრის შესახვედრად გამოსული ეშმაკეულები, - როგორც ამბობს მახარებელი, იყვნენ ფრიად ბოროტნი, ვიდრეღა ვერვის ხელეწიფებოდა წიაღსლუა - ვერავინ გაივლიდა უსაფრთხოდ მიერ გზით. განსაკუთრებით იყო გაბოროტებული ერთი მათგანი, კაცი, რომელიც გერგესში იმდენად იყო ცნობილი, რომ მარკოზ და ლუკა მახარებლები თავიანთ სახარებებში მხოლოდ ამ ეშმაკეულზე წერენ, რათა გადმოეცათ წამება მისი და მასზე გამოვლენილი დიდი სასწაულმოქმედი ძალა იესო ქრისტესი. მათი თქმით, ეს უბედური, არ ატარებდა ტანსაცმელს, რომ იგი წყვეტდა ჯაჭვებს, რითაც ზოგჯერ იყო დაბმული და ამსხვრევდა ბორკილებს, ხელებსა და ფეხებზე რომ ადებდნენ უსაფრთხოებისათვის. დღესა და ღამეს იგი ატარებდა საფლავებში, და მთის გამოქვაბულებში, და ისე გაველურდა და გამძვინვარდა, რომ იდევნებოდა რა ეშმაკისაგან უდაბნოში, შეუჩერებლად გაჰყვიროდა და იმახინჯებდა თავის სხეულს ქვის ცემით.

შორიდან თვალი მოჰკრა თუ არა ქრისტეს, იგი ყვირილით მისკენ გაიქცა, დაემხო მის წინაშე და მაღალი ხმით უთხრა: „რა ჰსძეს ჩემი და შენი, იესო, ძეო ღმრთისა მაღლისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე„ (ლკ. 8,28). რათა დაემშვიდებინა ტანჯული, დახმარებოდა მას გონს მოსვლაში, მოეკრიბა აზრები, უფალმა ჰკითხა ეშმაკეულს, თუ რა იყო მისი სახელი, მაგრამ ბოროტ ძალას ისე მთლიანად ყავდა იგი შეპყრობილი, რომ მან ვერც კი გაიხსენა თავისი ნამდვილი სახელი, ხოლო ეშმაკებმა, ძრწოდნენ რა ყოვლისშემძლე უფლის წინაშე, თითქოს მოინდომეს გაემხნევებინათ თავი თავიანთი სიმრავლით, ამიტომ ეშმაკეულის ბაგენით უპასუხეს: „ლეგეონ, რამეთუ ეშმაკნი მრავალნი შესრულ იყუნეს მისა„ (ლკ. 8,30). წმ. მათე ჰყვება ორი ეშმაკეულის განკურნებაზე, ამიტომ დაწვრილებით ამაზე არ წერს. - და ღაღად-ჰყუეს და იტყოდეს: რა ჰსძეს ჩუენი და შენი იესო, ძეო ღმრთისაო? რა გინდა გვიყო ჩვენ? რა გინდა ჩვენგან?

შეეძლოთ ასე მიემართათ, იმათ ვინმე უცნობისადამი, რომელიც მხოლოდ პირველად ნახეს, რომლებიც ცხოვრობდნენ წარმართულ ქვეყანაში? შეეძლოთ მათ სახელითაც მიემართათ, და უფრო მეტიც, ღვთის ძეც ეწოდებინათ მისთვის? ამასთან ისინი არ იყვნენ გონებაზე... ცხადია, რომ მათი ბაგენით ღაღადებდნენ ბოროტი ძალები, რომლებზედაც წმიდა წერილი ამბობს, რომ იმათ „ჰრწამს და ჰსძრწიან მისგანო“ (იაკ. 2,19). რომლებიც გრძნობდნენ, რომ უფალი მათ ადამიანთაგან განდევნის, მაგრამ ღვთის განგებულებით იყვნენ შეპყრობილნი - რათა არ მიეზიდათ უბედური ტანჯულები უდაბნოში, არამედ უფალს შეხვედროდნენ ზღვის ნაპირას. და აი, „მაშინ, როცა ხალხს ადამიანად მიაჩნდა იესო, - როგორც ამბობს წმ. ოქროპირი, ეშმაკეულნი მოვიდნენ, რათა ეღიარებინათ მისი ღვთაებრიობა; რომელთაც ჯერ კიდევ ვერ გამოიჩინეს სრული ყურადღება ქარიშხლის დაცხრომისას ზღვაზე, ეხლა მოისმინეს დემონებისაგან ის, რაზეც იუწყებოდა ზღვა თავისი სიმშვიდით“. ღვთის წინაშე არაკეთილმოსავობაც კი, აიძულებდა ეშმაკებს ეწოდებინათ მისთვის ღვთის ძე, - მათთვის აუტანელი წამება იყო ქრისტეს იქ ყოფნაც კი: „უნდა განგმირულიყვნენ და ცეცხლში ჩაყრილიყვნენ რა მომავალში, ისინი უხილავად უკვე ისჯებოდნენ და ზღვაზე უფრო აღელდნენ“, - როგორც ამბობს წმ. ოქროპირი. მათგან გახელებული ადამიანთა ბაგენიდანაც კი „ისინი აღიარებენ და არ მალავენ თავიანთ მტრობასა და სიძულვილს, როგორც აღნიშნავს წმ. მღვდელმთავარი, და არ შეუძლიათ თქვან, რომ მათ არ შესცოდეს, აღიარებენ, რომ მათთვის დადგება საშინელი განსჯის ჟამი, რომელზედაც მიეზღვებათ საუკუნო სატანჯველი: და თითქოსდა საყვედურობენ ქრისტეს“, ბრალსა სდებენ, რომ იგი ვადაზე ადრე ართმევს მათ უფლებას, რათა ტანჯონ ადამიანები, და ამით მათ ტანჯვისათვის იმეტებს. მოჰხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯუად ჩუენდა! „ეშმაკები ევედრებოდნენ მას, - ამბობს ოქროპირი, და რისხავდნენ, რათა არ ჩაეყარა ისინი უფსკრულში. ისინი ფიქრობდნენ, რომ უკვე დადგა დრო მათი საუკუნო სატანჯველში მიცემისა. ამიტომ იყო, რომ მაცხოვარმა ნახა რა ეშმაკეული კაცი აუტანელ ბოროტებასა და ქცევაში, როცა მას ეშმაკები აწამებდნენ, შესაძლოა, ეშმაკნი ფიქრობდნენ კიდეც, რომ იგი აღარ გადასდებდა მათი ტანჯვის ჟამს. ამრიგად, ისინი, რომელთაც რკინის ბორკილებიც კი ვერ იკავებდა, მოდიან შეკრულნი; ისინი, რომლებიც სხვებს ეღობებოდნენ გზაზე, შეჩერდნენ, რათა დაენახათ მათი გზის გადამღობებელი“.

წმ. მარკოზი გვიყვება, რომ ბევრი „ევედრებოდა მას ფრიად, რათა არა განასხნეს იგინი გარეშე სოფელსა“ (მარკ. 5,10) - გერგესეველთა ქვეყნიდან, სადაც ცხოვრობდნენ წარმართები. ამიტომაც ეშმაკები იქ დიდად იყვნენ ხალხზე დაუფლებულნი. წმ. ლუკა კი ამბობს, რომ ეშმაკები ევედრებოდნენ უფალს, რათა არ ებრძანებინა ჩაყრა უფსკრულში, ჯოჯოხეთის სიღრმეებში, სულების ბნელ სამყოფელში, სადაც მათთვის საუკუნო სატანჯველები იყო მომზადებული. აქედან ჩანს, როგორი საშინელია ჯოჯოხეთის სატანჯველნი, თუ თვით ეშმაკებსაც კი აძრწუნებს იგი, - ეს თხოვნანი, ეს საყვედურები თუ ჩივილი ეშმაკებისა, რომ უფალი მოვიდა მათ სატანჯველად, თავისთავად აშიშვლებდა ფარისეველთა უაზრო ბრალდებებს, რომ თითქოს უფალი ეშმაკებს განდევნიდა ეშმაკთა მთავრის ძალით.

იყო შორს მათგან - ეშმაკეულებისგან მოშორებით კოლტი ღორთა მძოვარი. მოსეს სჯული მკაცრად უკრძალავდა ებრაელებს ღორების ყოლას, როგორც არაწმინდა ცხოველებისას. ალბათ, ეს კოლტი ეკუთვნოდა წარმართებს - გერგესეველებს; ისიც შეიძლება, რომ ებრაელებს ყავდათ ღორები სჯულის საწინააღმდეგოდ მხოლოდ იმისათვის, რომ მიეყიდათ წარმართებისათვის, თუნდაც რომაელი მხედრებისათვის საკვებად. ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს მას და ეტყოდეს: უკეთუ განგუასხნე ჩუენ, მიბრძანე ჩუენ მისლუად კოლტსა იმას ღორთასა. თუ გვიკრძალავ ხალხის წამებას, მაშინ მოგვეცი ნება, რომ ღორებზე მაინც ვიუფლოთ. ეშმაკთათვის უკვე გამოუთქმელი ტანჯვაა ის, რომ არ შეუძლიათ ღვთისგან დაშვების გარეშე ვინმეს მიაყენონ ზიანი. და ჰრქუა მათ: მივედით.

რატომ შეასრულა ქრისტემ დემონების თხოვნა? - სვამს კითხვას წმ. ოქროპირი და თავადვე პასუხობს: „ეს მან იმისათვის კი არ გააკეთა, რომ მათგან იყო დარწმუნებული, არამედ უამრავი ბრძნული მიზნებისათვის. უპირველესად იმიტომ, რომ გათავისუფლებულთათვის ეჩვენებინა, როგორი დიდია ის მტრობა, რომელსაც ბოროტი ძალები აყენებდნენ შეპყრობილთ, მეორე კი იმისთვის, რომ ყველა დაერწმუნებინა შემდეგში: ეშმაკებს არ შეუძლიათ შეეხონ ღორებსაც კი, უფლის ბრძანების გარეშე; მესამე კიდევ იმისთვის, რათა ჩვენ დავერწმუნებინეთ იმაში, რომ ეშმაკები ადამიანებს ღორებზე ბევრად უფრო სასტიკად მოეკიდებოდნენ, თუ კი ამ უბედურების შესაძლებლობას არ მოერიდებოდნენ ღვთის დიდი განგებულებით, რადგან ცნობილია, რომ ეშმაკებს ჩვენ ბევრად უფრო ვძულვართ, ვიდრე პირუტყვები. მეოთხე კიდევ იმიტომ, რომ ღორების დაღუპვით, ყველას ერწმუნა, რომ ეშმაკები განიდევნენ ადამიანებიდან“.

ამრიგად, ქრისტეს ძალით ეშმაკები გამოვიდნენ მათგან შეპყრობილი ადამიანებიდან: ხოლო იგინი, განვიდეს კაცთა მათგან და მიჰმართეს კოლტსა მას ღორთასა, და აი, მაშინვე, როგორც გაცოფებულები, ყოველმან კოლტმან ღორთამან, ისინი კი დაახლოებით ორი ათასამდე იყო, როგორც წერს წმიდა მარკოზი, მიჰმართა - კბოდესა მას ზღვისასა, ციცაბო ჩასავარდნში, და მოჰსწყდეს იგინი წყალთა მათ შინა. ასეთია ბოროტების არსი: იგი სპობს და ანადგურებს თავის თავად; უგუნურს, ბრმასა და თვითმკვლელს, შეუძლია მხოლოდ მოსპოს და თავადვე დაღუპოს იმ უბედურებაში, საითკენაც იგი მიისწრაფის. სიბნელის ბოროტმა ძალებმა, ჰქონდათ რა მძაფრი სიძულვილი სინათლის მეუფის - ქრისტეს მიმართ, განიზრახეს ხალხში აღეძრათ გულისწყრომა მისდამი. „ღორების დაღუპვით, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, დემონებს სურდათ განერისხებინათ პირუტყვთა პატრონები, რათა მათ არ მიეღოთ ქრისტე მაცხოვარი“. - „ასე, თუ ეშმკებმა არ დაინდეს ღორები, - ამბობს ოქროპირი, ისინი მით უფრო მეტს იზამდნენ ადამიანთათვის, ღვთის განგებულებას ლაგამი რომ არ ამოედო მათთვის“.

მაგრამ, რატომ დაუშვა უფალმა ღორების დაღუპვა? იგივე მიზეზის გამო, რისთვისაც ეხლა უშვებს პირუტყვის მოსპობას, წყალდიდობას, სეტყვას, ხანძარს, და სხვა უბედურებას, - იმისათვის, რათა გააგებინოს ხალხს, რომ ადამიანის სული განუზომლად მეტია ათასობით ღორზეც; ადამიანს კი, ზრუნავს რა ღორებზე, ხშირად საერთოდ ავიწყდება თავისი სული. ღორების მოწყვეტით მაცხოვარი თითქოს ასე ეუბნება გერგესეველებს: თქვენ ემსახურებით თქვენს ვნებებს, თქვენს ხორცს აამებთ, როგორც ღორებს; შეხედეთ, რით შეიძლება დასრულდეს თქვენი სხეულისათვის ზრუნვა: ეშმაკები, რომლებიც დაუფლებიან თქვენს სულებს, მიგიყვანენ თქვენც დაღუპვამდე, როგორც ეს ღორები. - „ეშმაკებს სურთ უსასოებამდე მიიყვანონ ადამიანები, - ამბობს წმ. ოქროპირი, და ხარობენ მათი დაღუპვით. ასე მოიქცა ეშმაკი იობთანაც, მაგრამ ღმერთმა განადიდა თავისი მონა, და ყველაფერი შემოაბრუნა ეშმაკის საწინააღმდეგოდ“. და კიდევ უფალმა იმიტომ მიუშვა ეშმაკები არაწმინდა პირუტყვის დასაღუპად, რომ ემხილებინა სადუკეველები, რომელნიც, რა თქმა უნდა, გაიგებდნენ ამ სასწაულის შესახებ და რომელთაც არ სწამდათ უხლავი სულების არსებობა.

ეშმაკეულებზე მომხდარმა სასწაულმა, გვაჩვენა, რომ ეს ძალები არსებობენ: წინააღმდეგ შემთხვევაში ვინ აიძულებდა ორიათას ღორს ჩაცვენილიყო წყალში? - „აღნიშვნის ღირსია, - შენიშნავს წმ. ოქროპირი, რომ სადაც ღვთის სახელი იყო ცნობილი, იქ არც ისე ხშირად გამოაჩინა მან თავი; მაგრამ სადაც მის სახელს არავინ იცნობდა, იქ მან მოახდინა დიდებული სასწაულები, რათა ამით მიეზიდა ხალხი მისი ღვთაებრიობის აღიარებისაკენ“, - მაგრამ ის, რომ გერგესეველნი არ იყვნენ ასეთი საწსაულების ღირსნი, ეს ჩანს შემდეგიდანაც: ხოლო, მწყემსნი იგი, რომელნიც ღორებსა მწყსიდნენ, ამბობს მახარებელი, ივლტვოდეს ე.ი. გაიქცნენ. თუ ისინი იყვნენ ებრაელნი, შეშინდებოდნენ იმის გამო, რომ ღმერთს არ დაესაჯა ისინი მოსეს სჯულის დარღვევისათვის, ხოლო თუ წარმართები იყვნენ, იმათ შეაწუხებდა ის, თუ როგორ უნდა გაემართლებინათ თავი ღორების პატრონებთან? და წარვიდეს ქალაქად და უთხრეს ყოველივე ეშმაკეულთა მათთვის, გერგესევლებს მოუყვნენ, რომ გალილეიდან ნავით ჩამოვიდა უცნობი კაცი, მან განკურნა ეშმაკეულები და მაშინვე ღორებიც ჩაცვივდნენ წყალში.

მაშინ ყოველი ქალქი იგი გამოვიდა შემთხუევად იესოსა: - ან როგორ არ უნდა გამოსულიყვნენ ასეთი დიდი სასწაულმოქმედის სანახავად? ღორები რომ არ დაღუპულიყო, შეიძლება არც გამოსულიყვნენ ისინი. სხვა მახარებლები ამბობენ, რომ გერგესეველებმა დაინახეს განკურნებული ეშმაკეული, შესაძლია ორიც, იესოს ფეხებთან: ისინი უკვე იყვნენ ჩაცმულნი, საღ გონებაზე და მშვიდად ისმენდნენ იესოს სიტყვებს. ალბათ, მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო, რომ მომხდარი სასწაულით „შეძრული მოსახლეობა იესო ქრისტეს სთხოვდა, რომ მათთან დარჩენილიყო, როგორც ეს მოგვიანებით ითხოვეს კეთილგონიერმა სამარიტელებმა, რათა განეკურნა სხვა სნეულნიც და დაემოძღვრა ისინი ჭეშმარიტ სარწმუნოებაში: ამის ნაცვლად ისინი ევედრებოდნენ მხოლოდ ერთს, რათა სასწაულმოქმედს საჩქაროდ დაეტოვებინა ისინი. და იხილეს იგი, და ევედრებოდნენ რათა წარვიდეს საზღუართა მათთგან, მათ არ ახარებდათ ეშმაკეულების განკურნება, მათ მხოლოდ ენანებოდათ თავიანთი ღორები.

„აქედან მივხვდი, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, სადაც არის ღორული ცხოვრება, იქ არ ცხოვრობს ქრისტე, არამედ ცხოვრობენ დემონები“. თავის დროზე ამბობდა პეტრე მოციქულიც: „განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ უფალო“ (ლკ. 5,8), მაგრამ ეს იყო მდაბალი რწმენის ხმა, კეთილკრძალული შიში, საკუთარი უღირსების შეგრძნებით რომ იყო გამოწვეული. ასეთი შიში არ დაუფლებიათ გერგესეველებს. ისინი თითქოს ასე სჯიდნენ: საშიშია ჩვენთვის ეს სასწაულმოქმედი კაცი, სჯობს მისგან შორს ვიყოთ: მის გარეშე უფრო მშვიდად ვიცხოვრებთ, მარტო, როგორც აქამდე ვცხოვრობდით და არც ცოდვას მოვერიდებით. ამიტომ განეშორა მათ უფალი, დატოვა ისინი, მათი სურვილის მიხედვით.

ასე, ღმერთი ზოგჯერ თავის მტრებს იწყნარებს და თავის მოყვარულებისას არ ისმენს. ჩვენ არ შეგვიძლია მკაცრად განვიკითხოთ გერგესეველები: ისინი იყვნენ წარმართები, მაგრამ განა იგივე არ გვემართება ხოლმე ჩვენ ცოდვილებს, როცა ღვთისაგან თავს დაგვატყდება ხოლმე ქვეყნიური მწუხარებანი და უბედურებნი? აი, მაგალითად, გაჩნდა საშინელი, სასიკვდილო სნეულება: სიკვდილი ჩვენს გარშემო თავისი მოსავლის შეკრებას იწყებს; გული ჩვენი შიშისაგან თრთოლას იწყებს; ჩვენ ვევედრებით ღმერთს და მისი სამართლიანი რისხვაც გვერდს გვივლის... მაგრამ ასეთ დროს არის კი მტკიცე ჩვენი სურვილი, ღვთისათვის ჩვენი შინაგანი დაპირება, რომ ჩადენილი ცოდვები მოვინანიოთ და ღვთის მცნებების მიხედვით ახალი ცხოვრება დავიწყოთ? ხომ არ იმალება ჩვენი გულის სიღრმეში ფარული სურვილი იმისა, რომ სიკვდილის შიშისაგან თავი რაც შეიძლება მალე გავითავისუფლოთ, რომ შემდეგ თვალები ისევ დავხუჭოთ და ჩვენთვის ჩვეულ ცოდვილ ცხოვრებაში ჩავიძიროთ?

„დაინახე იესო ქრისტეს სიმშვიდე, ამბობს წმ. ოქროპირი, რომელიც მის ყოვლისშემძლეობასთანაა დაკავშირებული. როცა იმ ქვეყნის მცხოვრებნი, ქრისტესგან ასეთი დიდი სიკეთით მიმდლებულნი ეხვეწებოდნენ მას განშორებას, იგი შეწინააღმდეგების გარეშე განერიდა იქაურობას, და რომელთაც მისი ღვთაებრივი მოძღვრების მისაღებად თავი გამოაჩინეს უღირსად, მოძღვრებად კიდევ ღორების მწყემსნი, რათა მომხდარის შესახებ მათგან მაინც მოესმინათ“. როგორი მშვენიერი მაგალითია მათთვის, ვინც სიკეთეს უკეთებს მოყვასს, მაგრამ ვერანაირ მადლიერებას ვერ ხედავს მათში. სიკეთისათვის რაც უფრო ნაკლებ მადლიერებას მიიღებ ადამიანისაგან, მით უფრო ძვირად შეფასდება შენი სიკეთე. ვინც განსაკუთრებით ეძიებს ადამიანთაგან მადლიერებას, იგი არაა სიკეთისმოქმედი, არამედ მასესხებელია და მოვაჭრეც კი. „ნეტარ იყოს, - ამბობს უფალი, - რამეთუ არა რა აქვს, რამცა მოგაგეს შენ; და მოგეგოს შენ აღდგომასა მას მართალთასა“ (ლკ. 14,14).

წმინდა ლუკა გვიყვება, რომ უფლის მიერ განკურნებული ეშმაკეული, შეიძლება ორნიც, სთხოვდნენ უფალს, რათა მიეცა მათთვის ნება, რომ არ მოშორებოდნენ მას. შეიძლება ეშმაკეულს ის აშინებდა, რომ ეშმაკები ისევ არ დაპატრონებოდნენ მას, როცა უფალი მასთან არ იქნებოდა, ანდა შესაძლოა გულში მადლიერების გრძნობას მისთვის სურვილი გაეჩინა მუდმივად დამოწაფებოდა თავის განმკურნებელს, მაგრამ უფალმა მას დაავალა დიდი და წმინდა საქმე: „მიიქეც სახიდ შენდა“, უთხრა მაცხოვარმა მას: „და მიუთხარე რაოდენი გიყო შენ ღმერთმან“ (ლკ. 8, 39). უფალმა გადარინელნი მიატოვა, რადგან ისინი ვერ შეიქმნენ ღირსნი მასთან სიახლოვისა, მაგრამ მას არ სურდა დაშორებოდა მათ ისე, რომ მათ შორის მომხდარის მოწმე არ დაეტოვებინა. ამ მოწმეს უნდა ექადაგა მათთან უფლის ყოვლისშემძლეობა, რომელიც მზად იყო განეკურნა მთელი გადარინელები, მათი სულიერი სატკივრებისაგან ისე, როგორც ეშმაკეული განკურნა. და მან, განკურნებულმა, შეუცვლელად შეასრულა უფლის ნება: „და წარვიდა ყოველსა და მას ქალაქებსა“, ე.ი. მარტო იქ კი არა, საიდანაც იყო წარმოშობით, არამედ სხვა ქალაქებშიც და „ჰქადაგებდა, რა იგი ჰყო მისთვის იესო“ (ლკ. 8, 39). და ყველას აკვირვებდა სასწაული ღვთისა, რომელიც მასზე აღესრულა.

- „არავის ეკრძალება, - ამბობს წმ. ოქროპირი, სულიერად გაიაზროს ეს ამბავი. ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ცოდვილი ცხოვრებით ღორებს ემსგავსებიან, ეშმაკები არა მარტო ეუფლებიან, არამედ უფსკრულშიც ყრიან. ასე მაგალითად, როცა ვნებისმოყვარული ყოველგვარ სხეულებრივ სილამაზეს ემონება, იგი ამ დროს ეშმაკეულისაგან დიდად არ განსხვავდება. ვინ შეძლებს შებოჭვასა და შესუსტებას იმ უსირცხვილობებისა და უკეთურებებისას, ჩვენში საერთოდ რომ არ ყოფილა? რაღა უნდა ვთქვათ ვერცხლისმოყვარეობაზე? განა იგი ისეთივე ბოროტება არაა? ვის შეძლებია ოდესმე მისი შებოჭვა? ეშმაკი, მართალია ვერ იტანს ხალხს, მაგრამ ქრისტეს ბრძანებას დაემორჩილა და მაშინვე გამოვიდა სხეულიდან. ბოროტი ვნებით შეპყრობილნი კი, ქრისტეს ბრძანებასაც არ ემორჩილებიან, თუმცა ყოველ დღე ესმით მისი გაფრთხილება: „ვერ ხელ-ეწიფების ღვთისა მონებად და მამონასა“ (მთ. 6, 24).