მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

კაპერნაუმელი ასისთავის მსახურის განკურნება

მათე 8, 5-13

გალილეის ტბის ჩრდილო-დასავლეთით, იმ ადგილის შორიახლოს, სადაც სახარებაში მოხსენიებულ ზღვაში ჩაედინება მდინარე იორდანე, ტელ-ხუმის ამაღლებულ ბორცვებზე, ძველი ქალაქის ნანგრევებია შემორჩენილი. ეხლა უდაბნოსთან ან ნანგრევებთან მისვლა ძნელიც კია, იქ ცოცხალთაგან აღარავინაა, მხოლოდ ხვლიკი თუ გადაირბენს, ან გველი გაისრიალებს ქვებს შორის, რომლებიც შამბნარითაა დაფარული. ქრისტე მაცხოვრის დროს კი აქ იყო პატარა, მაგრამ აყვავებული და მდიდარი ქალაქი კაპერნაუმი. ეს სახელწოდება, ებრაულიდან თარგმანებით შვებისა და ლხინის სამყოფელს ნიშნავს, და მართლაც, ეს იყო ყველაზე თვალწარმტაცი ადგილი აღთქმული ქვეყნისა: მის მახლობლად მდებარე გენესარეთის ველზე თითქმის მთელი წელი ყვაოდნენ ათასგვარი მცენარეები, ხოლო გალილიის ტბაზე, სარკესავით გამჭვირვალე წყალში, რომელიც ეხლაც სავსეა უამრავი თევზით, ყოველი მიმართულებით მიმოდიოდნენ მეთევზეთა ნავები, ირგვლივ ხალხმრავალი დასახლების ცხოვრება სჩქეფდა. ქალაქი დიდი სავაჭრო გზების გასაყართან მდებარეობდა, ამიტომ იქ უხვად შეხვდებოდით ქარავნებს დამასკოდან, ზოგსაც იერუსალიმისაკენ მიმავალთ, ზოგი სამხრეთით ეგვიპტისაკენ მიეშურებოდა, ზოგიც ფინიკიისაკენ, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებისაკენ, ძველად ცნობილი ქალაქებისაკენ - ტვიროსისა და სიდონისაკენ. სავაჭრო საქმეების გამო აქ ჩამოდიოდნენ სამამულო გადმოცემების მტკიცე დამცველი იუდეველები, და უბრალო გულის მქონე გალილეველები, ასევე განათლებული ბერძნები, და რომაელი სამხედრო პირნი, აღმოსავლეთისა და წინა აზიის მკვიდრნი. ეს პატარა ბედნიერი ქალაქი, როგორც ამას მისი სახელწოდებაც მოწმობდა, ისრაელთა სანუგეშოდ აირჩია იესო ქრისტემ თავის სამკვიდრებლად. აქ გაატარა მან უმეტესი ნაწილი თავისი საკაცობრიო მსახურებისა; აქ იყო მოციქულ პეტრეს სახლი, და შესაძლოა სხვა მოციქულებისაც. აქ ქადაგებდა მაცხოვარი თავის ღვთაებრივ მოძღვრებას, აქ მოახდინა მან თავისი სასწაულების უმეტესობა. აი, რატომ იხსენებს მახარებელი ამ ქალაქს მაცხოვრისად.

მთიდან ჩამოსვლის შემდეგ, სადაც მან თავისი საკვირველი მოძღვრება წარმოთქვა, იგი ამ ქალაქისაკენ გაეშურა. რადგან იმ დროს წმინდა მიწა რომაელთა გამგებლობაში შედიოდა, კაპერნაუმში რომაელთა ასეული იდგა, რომელსაც ასისთავი მეთაურობდა. ეს ასისთავი წარმოშობით იყო წარმართი, მაგრამ პატიოსან, კეთილ და ანთებულ სულს უკვე შეეცნო სიყალბე და სიცრუე წარმართობისა, და შედგომოდა იუდეველთა რწმენას, როგორც ერთად-ერთ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, და მან, თავისი დიდი მონდომებით, იუდეველთათვის სინაგოგაც კი ააშენა. ქრისტეს კაპერნაუმში გამოჩენის ჟამს, ამ ასისთავს გაუხდა ავად ერთგული მსახური თუ მონა. წარმართის თვალში მონა არ წარმოადგენდა ადამიანს: როცა იგი ასაკში შედიოდა ან სნეულდებოდა, იგი მას შეეძლო გაეყიდა, როგორც უსარგებლო ნივთი, მაგრამ ჩანს, რომ ასისთავს განსაკუთრებით კეთილი გული ჰქონდა: მას სნეულ მონას ყოველგვარი კეთილი შეწევნა დაახვია თავს და მისთვის შინაგანად დიდად განიცდიდა. მაგრამ ყველაფერმა უშედეგოდ ჩაიარა. და აი, ასისთავმა გაიგო, რომ ეხლა კაპერნაუმში ბრუნდება ის წინასწარმეტყველი და სასწაულთმოქმედი, რომელმაც ცოტა ხნის წინ კაპერნაუმშივე, დიდებულის შვილი და სხვაც ბევრი განკურნა, მაგრამ მას, როგორც უცხოს, ღვთისაგან გამორჩეული ხალხისათვის. როგორ შეეძლო მიემართა, მით უფრო, ღვთიური მასწავლებლისათვის თხოვნით, რომ მისი მსახური განეკურნა? - მაგრამ სარწმუნოება, ისევე, როგორც სიყვარული, - გამჭრიახია - მან შუამდგომლობისათვის მიმართა ებრაელთა უხუცესებს, რომლებიც კეთილად გამოეხმაურნენ კეთილი და ყველასათვის პატივსაცემი ასისთავის თხოვნას, და ვინ იცის, როგორც წმ. ოქროპირი ფიქრობს, შეიძლება პირფერობით თავადვე შესთავაზეს: „ჩვენ მივალთ და მოვიყვანთ მას.“

და აი, მოხუცებულნი „რომელნი იგი მივიდეს იესოსა, - როგორც გვაუწყებს მახარებელი ლუკა, ჰლოცვიდეს მას მსწრაფლ, და ეტყოდეს, ვითარმედ ღირს-არს, რომელი ესე ჰყო მისთვის; რამეთუ უყუარს ნათესავი ჩუენი, და შესაკრებელი მან აღმიშენა ჩუენ“ (ლკ. 7, 4-5). „შეხედე, - შენიშნავს წმ. ოქროპირი: მათი თხოვნაც კი რამოდენა მოფერებითაა სავსე, არც კი იციან, რომელი მხრიდან შეაქონ ეს კაცი“. გულთამხილავი ხედავდა მის ანთებულ რწმენას, ხედავდა მის დიდ თავმდაბლობას, მის უსაზღვრო შეწუხებასა და განგაშს, და ამიტომ მაშინვე მათთან ერთად მისი სახლისაკენ გაეშურა: „და იესო წარვიდა მათ თანა, ხოლო თავადი ვითარ მიახლებულ იყო სახლსა მას, მოივლინნა ასისთავმან მან მეგობარნი და ჰრქუა: უფალო! ნუ მოეშურები, რამეთუ არა ვარ ღირს, რათა სართულსა სახლისა ჩემისასა შემოხვიდე“ (ლკ 7,6 - 7). არ იფიქროთ, რომ მე სიზარმაცის გამო არ მოვედი, არამედ იმისათვის, რომ უღირსად ჩავთვალე თავი, რომ შენ მიმეღე სახლში: „რომლისგან არცა თავით ჩემით ღირს-მიჩნდა მისლვად შენდა; არამედ სიტყვით ხოლო ჰსთქუ, და განიკურნოს მონა ესე ჩემი!“ - ბოლოს, როცა ავადმყოფ მონას დაემუქრა სიკვდილის საფრთხე, ასისთავი თავად დაეშურა მომავალ მკურნალთან შეხვედრას:

და შერავიდა იგი კაპერნაუმად, გვიყვება მახარებელი მათე, მოუხდა მას ასისთავი, ევედრებოდა მას, და ეტყოდა: უფალო! მონა ჩემი დაცემულ არს სახლსა შინა ჩემსა განრღვეული, და ფრიად იგუემების... განა ჩვენში, ქრისტიანებში, ბევრს აქვს ასეთი სიყვარული თავისი ქვეშევრდომებისა, როცა ისინი იმყოფებიან გასაჭირსა და სასიკვდილო სნეულებაში? „უფროსები, - ამბობს წმ.ოქროპირი, არიან მეტად ქედმაღალნი და არ იმდაბლებენ თავს გასაჭირშიც კი. ასევე, იოანესთან მოხსენებული (4,49) სამეფო კაცი იწვევს იესო ქრისტეს თავის სახლში და ეუბნება: „მოვედ“, რადგან სიკვდილის პირასაა ძე ჩემი; ასე არ მოიქცა კაპერნაუმელი ასისთავი, მაგრამ ბევრად უკეთესად იმოქმედა, ვიდრე იმ სამეფო კაცმა და ვიდრე იმათაც კი, რომელთაც სახლის სხვენიდან ჩაუშვეს განრღვეული კაცი. თავისი ბრძნული თავმდაბლობის გამო. იგი არ ელოდა იმას, რომ ქრისტე მაშინვე მოისმენდა მისას, და წაყვებოდა სახლში. იგი გასაჭირის ჟამსაც კი იყო სიბრძნისმოყვარული, რადგან მარტო ახლობელის ჯანმრთელობა კი არ ჰქონდა მხედველობაში, არამედ ისიც, რომ თავისი ქცევით არ გამოეჩინა ნაკლები მოსავობა და უკრძალველობა ღვთისადმი; მას უღირსად მიაჩნდა თავი არა მარტო კეთილი მოქმედებისათვის, არამედ იმისთვისაც, რომ სახლში მიეღო მაცხოვარი, ამიტომაც უთხრა: „მონა ჩემი დაცემულ არს“, და სხვა არაფერი დაუმატებია იმისათვის.

რას აკეთებს იესო? იმას, რაც ადრე არსად გაუკეთებია. სხვა შემთხვევებში, იგი მთხოვნელის სურვილს უთანხმებდა თავის მოქმედებას, აქ კი არა მარტო აღუთქვა განკურნება, არამედ მასთან სახლში მისვლაც. ჰრქუა მას იესო: მე მოვიდე და განვჰკურნო იგი. და ეს მან გააკეთა იმისათვის, რათა ჩვენ შეგვეცნო ასისთავის სათნო მოქმედება. მას შეეძლო არ აღეთქვა, არამედ უბრალოდ ეთქვა: წადი და შენი შვილი განიკურნება, ისევე, თუმცა სრულიად საპირისპიროდ მოექცა იგი ფინიკიელის ცოლს. აქ, მიწვევის გარეშე, საკუთარი სურვილით აღუთქვამს სახლში მისვლას, რათა შენ შეიცნო ასისთავის რწმენა და სიმდაბლე, ფინიკიელ ქალს კი ამ წყალობაზე უარი ეთქვა, და მოელოდა მას, რადგან იმედი არ წართმეოდა (მთ 15,28). როგორც გამოცდილი და გამჭრიახი ექიმი, მას შეუძლია საპირისპიროდან აწარმოოს საპირისპირო, ასევე აქაც, ასისთავის რწმენას გვიცხადებს თავისი ნებით იმასთან მისვლის დაპირებით, იქ და ქალის რწმენას - ხანგრძლივი დაყოვნებითა და უარით“.

რას აკეთებს ასისთავი? ალბათ ადვილი წარმოსადგენი იქნებოდა ის, რომ მას დიდად გაახარებდა ასე მოულოდნელად მის ოჯახში დიდი კეთილისმყოფელი სტუმრის მოსვლა. მაგრამ მდაბალ გულში იგი მხოლოდ თავის უღირსებას წარმოიდგენდა: მიუგო ასისთავმან მას და ჰრქუა: უფალო! არა ღირს ვარ მე, რათამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხვიდე. ჭეშმარიტად, მხოლოდ ისეთი რწმენა, რომელსაც ახლავს გრძნობა უდიდესი სიმდაბლისა, საკუთარი უღირსებისა, არის მაცხოვნებელი. „იმ დროს, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, როცა ასისთავს უღირსად მიაჩნდა თავი უფლის საკუთარ სახლში მისაღებად, იგი ყველაზე ღირსეული იყო, რადგან იესო ქრისტე მარტო მის სახლში კი არ შევიდა, არამედ მის გულში“ - „მოვუსმინოთ ჩვენ, რომელთაც გვწადია ქრისტეს მიღება, - გვასწავლის წმ. ოქროპირი: ეხლაც შეიძლება მისი მიღება, - ყური მიუგდოთ და დავეშუროთ, და ისეთივე გულმოდგინებით მივიღოთ, რადგან როცა შენ მიიღე ღატაკი, მშიერი და შიშველი, მაშინ მიიღე და დააპურე თავად იგი“.

„უფალო! არა ღირს ვარ მე, რათამცა სართულსა ჩემსა ქვეშე შემოხვიდე“. „ოი, ხმა სანატრელი, რომელიც ღვთის საიდუმლოთა მაზიარებელთ გვასწავლის!“ - გვმოძღვრის მთავარ ეპისკოპოსი ნიკიფორე: „ოი, ხმა წმიდანისა, ქრისტე მეუფის წმიდა ხორცისა და სისხლის უღირსად მიმღებელთ რომ გვამხელს“. „შეხედე, - ამბობს წმ. ოქროპირი: ასისთავს, კეთროვანის მსგავსად, როგორი წარმოდგენა ჰქონდა ქრისტეს შესახებ. მან არ თქვა: ილოცე, მოუწოდე ღმერთს და შეაწყალე მას, არამედ სიტყვით ხოლო ჰსთქუ, მხოლოდ ბრძანე, და განიკურნოს მონა იგი ჩემი. ჭეშმარიტად საკვირველია, რომ ადამიანი, რომელიც არ იყო ებრაელთაგან, ჰქონდა ასეთი ამაღლებული წარმოდგენა ქრისტეზე, ამიტომ, ფრთხილობდა რა, რომ ქრისტეს, მისი დიდი სიმდაბლის გამო, უარი არ ეთქვა მისი მსახურის სიტყვით განკურნებზე, ასისთავმა უთხრა: რამეთუ მეცა კაცი ვარ ხელმწიფებასა ქვეშე, ანუ, შენ ღმერთი ხარ, მე - ადამიანი; მე მთავრობის მორჩილებაში ვარ, შენ კი არავის ემორჩილები. ამიტომ თუ მე ადამიანს, რომელიც ქვეშევრდომაში ვიმყოფები, მაინც ამდენი შემიძლია, შენ მით უფრო მეტი არ შეგიძლია, რომელიც ხარ ღმერთი, და არავის ხელმწიფებაში არ იმყოფები? თუ მე, ისეთივე ადამიანს, როგორებიც არიან ჩემი ქვეშევრდომნი, და ვარ მთავრობის დაქვემდებარებაში, მათზე უფროსობის მცირეოდენი უპირატესობით, მაქვს ისეთი ძალა, რომ არავინ იმათთაგანი არ მეწინააღმდეგება, არამედ რასაც ვუბრძანებ, იმას აკეთებენ ისინი. და მქონან ჩემ ქუეშე ერისაგანნი, და ვარქვი მას წარვედ და წარვიდის, და სხუასა: მოვედ, და მოვიდის, და მონასა ჩემსა: ჰქმენ ესე, და ჰქმნის, - რამდენჯერ უფრო დიდი ძალა გაქვს შენ? შენ უფლებ სიკვდილზე, როგორც შენ მონაზე და ბრძანებლობ მასზე, როგორც მეუფე. თუ შენ აუკრძალავ სიკვდილს ჩემს მსახურთან მისვლას, მაშინ ასეც მოიქცევა ის და არ მივა მასთან.“

ხედავ როგორი რწმენა ჰქონდა მას? მან უკვე ცხადად გამოაჩინა ის, რაც შემდგომში ყველასათვის უნდა განცხადებულიყო, კერძოდ ის, რომ ქრისტეს აქვს ხელმწიფება სიკვდილსა და სიცოცხლეზე, და შეუძლია ჯოჯოხეთიდან ამოყვანა სულისა, ასევე იქ ჩაგდება. მოიხსენა მონებზეც, რაც დიდ მორჩილებაზე მიანიშნებს. და, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა ასეთი რწმენა, მაინც უღირსად მიაჩნდა თავი. ქრისტემ კი გვაჩვენა, რომ იგი არის ღირსეული. აქ იგივე მოხდა, რასაც კეთროვანთან ჰქონდა ადგილი: კეთროვანმა უთხრა: „უკეთუ გინდეს“ და უფალმაც მისი რწმენა დაამტკიცა თავისი სიტყვებით: „მნებავს, განჰწმინდენი.“ ასევე მოხდა ეხლაც: ასისთვმა დაამოწმა მაცხოვრის უფლება, და მაცხოვარმა არა მარტო არ უსაყვედურა მას, არამედ კიდეც მოუწონა, - უფრო მეტიც: მახარებელი, გვაჩვენებს რა ქრისტესგან შექების მნიშვნელობას, ამბობს: ესმა რა ესე იესოს, დაუკვირდა - შეიცნო მისი რწმენა, რომელიც გაკვირვების ღირსია, რაც ისრაელ მორწმუნეთა შორისაც იშვიათი იყო. აი, ამიტომაც ხალხის თანდასწრებით უფალმა იგი სხვათათვის მაგალითად გამოაჩინა: და ჰრქუა ერსა მას, რომელნი მისდევდნენ მას: ამინ გეტყვი თქვენ, არცაღა ისრაელსა შორის ესოდენი სარწმუნოებაი ვჰპოვე, - არ შემხვედრია ასეთი რწმენა იმათ შორისაც, რომელნიც თავს იწონებენ, რომ არიან ღვთისაგან გამორჩეულნი. - აი, ამიტომაც უფალმა ამ ასისთავს მიაგო იმაზე მეტი, ვიდრე ითხოვდა მისგან იგი: ასისთავი ეძიებდა მსახურის ხორციელ ჯანმრთელობას, ხოლო, მან მიიღო სასუფეველი.

ის, რომ წარმართთა შორის, რომელნიც იღუპებოდნენ ურწმუნოების წყვდიადში, უიმედობასა და არაწმინდებაში, იყვნენ ისეთი კეთილი სულებიც, როგორიც იყო ეს კეთილმოსავი ასისთავი, იმაზე მიანიშნებდა, რომ წარმართული სამყაროს ამ უკუნეთ წყვდიადშიც კი ჯერ კიდევ ბჟუტავდა ღვთაებრივი ნაპერწკალი, ცოცხლობდა სიკეთის მარცვალი; მოვა ჟამი და აალდება ეს ღვთიური ნაპერწკალი; ეს მარცვალი, რომელიც სახარების მადლითაა გამთბარი, გაიზრდება უზარმაზარ ხედ და დაჰფარავს მთელ დედამიწას, და ეს დრო უკვე ახლოს იყო: ქრისტე მაცხოვარი უკვე ხედავდა ასისთავში წარმართების გადარჩენის დასაწყისს, მათ, რომელნიც ღვთის სიმართლეს იყვენენ მოშიებულნი და მოწყურებულნი, ხედავდა წინასწარმეტყველებითი სულით, თუ ყოვლისმცოდნე ღმერთი, როგორ აუწყებდა წარმართთა მოქცევას ცათა სასუფეველში: ხოლო გეტყვით თქუენ, რამეთუ მრავალნი მზისა აღმოსავალით და დასავალით მოვიდოდენ, - მთელი ქვეყნიერებიდან მოვლენ ჩემთან რწმენით, როგორც ეს ძველი წინასწარმეტყველებებითათაა დამოწმებული, და ინახ-იდგმიდენ ღვთის დიდ პურობაზე, მარადიულ ნეტარებაში აბრაამისთანა, და ისააკისთანა, და იაკობისთანა სასუფეველსა ცათასა; ხოლო ძენი იგი სასუფევლისანი - ისინი, რომელნიც თვლიდნენ, რომ იყვნენ კანონიერი მემკვიდრენი ღვთიური სამეფოსი, თავიანთი ურწმუნოების გამო განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა - მუდმივი ტანჯვისათვის, იმის მსგავსად, როცა საქორწინო ლხინიდან, ნათელი, თბილი და მშვენიერი სამყოფელიდან უღირსს სტუმრებს განდევნიან ქუჩაში, ცივი ზამთრის ღამეში, მუნ იყოს ტირილი და ღრჭენა კბილთა: იქ ტირიან სიცივისაგან და კბილებს აძაგძაგებენ, ისინი, ვინც განიდევნენ სამეფო ლხინიდან.

ასე აცხადებს მაცხოვარი, რომ „ცხონება მიეცემათ არა მარტო იუდეველებს, არამედ წარმართებსაც, და ამ უკანასკნელთ უფრო მეტად, ვიდრე პირველთ. ნუ იფიქრებთ, რომ ეს შესრულდა მხოლოდ ასისთავზე: იგივე მოხდება მთელ ქვეყნიერებაზე. - უფლის მიმდევრებს შორის, როგორც ამბობს წმ. იოანე ოქროპირი, იყვნენ წარმართული გალილეას მკვიდრნიც, და უფალი ასე იმიტომაც ამბობს, რომ წარმართები არ დატოვოს უიმედობაში და კიდევ, რათა დაამდაბლოს სიამაყე ებრაელებისა. მაგრამ, რათა შეურაცხყოფა არ მიეყენებინა იმ ებრაელთათვის, რომელნიც მას უსმენდნენ, მან წარმართებზე მაშინ კი არ წამოიწყო საუბარი, როცა ამის მიზეზს იძლეოდა ასისთავის მაგალითი, და არც პირდაპირ ასახელებს წარმართებს, რადგან არ თქვა: ბევრი წარმართთაგანი, არამედ - „მრავალნი მზისა აღმოსავალით და დასავალით“, რაც უდავოდ ნიშნავს წარმართებს. იგი ამას არ ჯერდება და თავის ახალ სწავლებას იმითაც არბილებს, რომ სასუფეველთან ერთად აქ იგი იხსენებს აბრაამის სამყოფელს. სასუფევლის შვილებს კი იმათ უწოდებს, ვისთვისაც არის იგი მომზადებული“. ასეთებად მიაჩნდათ იუდეველებს თავიანთი თავები. მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას ჩვენზე - მართლმადიდებელ ქრისტიანებზე. ჩვენც, წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნი, - ვართ ცათა სასუფევლის შვილები: ჩვენი სარწმუნოება არის ჭეშმარიტი, ერთიანი და მხსნელი; მაგრამ თუ ჩვენ მას ვაღიარებთ მხოლოდ ბაგით, და არ გავამართლებთ რწმენას საქმეებით, თუ მხოლოდ ვიწოდებით მართმადიდებლებად, ხოლო ვიცხოვრებთ როგორც წარმართები, მაშინ ჩვენც განვიდევნებით ზეციური სასუფევლიდან და ჩავიყრებით ბნელ სატანჯველში.

შეაქო რა ასისთავის რწმენა, უფალმა გაამართლა იგი თავისი დიდებულებით: და ჰრქუა იესო ასისთავსა მას: შენ გწამს, რომ ვბრძანებლობ ავადმყოფებზე ისე, როგორც შენ - შენს ქვეშევდომებზე; გწამს, რომ ერთი ჩემი სიტყვით შემიძლია განვკურნო შენი მსახური. ასეთი რწმენისათვის მე გეუბნები შენ: წარვედ, და ვითარცა გრწმენა. გეყავნ შენ! - და ყოვლიშემძლის სიტყვას „გეყავნ შენ“ მაშინვე მოჰყვა თვით საქმეც: და განიკურნა მონა იგი მას ჟამსა შინა. კეთილმსასოებელი ასისთავი, დარწმუნებული იესო ქრისტეს ყოვლისშემძლეობაში, არ ჩქარობდა წასვლას სახლში და აი, მისი მეგობრები, მასზე ადრე მივიდნენ რა იქ, და როგორც მახარებელი ლუკა ამბობს, ნახეს მისი მსახური სრულიად განკურნებული. - „ქრისტემ, - ამბობს წმ. ოქროპირი, გამოაჩინა თავისი ძალა და არა მარტო განკურნებით, არამედ იმითაც, რომ ეს მან მოახდინა მაშინვე, უცაბედად. სასწაულის მოხდენით კი მან მოგვცა სწავლება სასუფეველზე და ყველა მიიზიდა ამ სამეფოში“.