პროფ. გიული ალასანია

მთავარეპისკოპოს ანანია ჯაფარიძის
„საქართველოს ეკლესიის ისტორია შუა საუკუნეებში (XII-XVIII სს)“

საქართველოს ეკლესიის ისტორია ისევე, როგორც საქართველოს ისტორია, გადარჩენისთვის მუდმივი ბრძოლაა. ჩამონათვალში „ენა, მამული, სარწმუნოება“, რომელიც ქართველ ხალხს გადარჩენის ძირითად პირობად მიუჩნევია, თანამიმდევრობის ცვლისას ხშირად პირველ ადგილზე სარწმუნოება წამოდგებოდა ხოლმე, ვინაიდან ერის კონსოლიდაციის საქმეში ეკლესია ხშირ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, ვიდრე საერო ხელისუფლება. მართლმადიდებლობა და ეკლესია საუკუნეების მანძილზე იყო ის ძირითადი ღერძი, ის ხერხემალი, რომელზედაც იყო დაშენებული ეროვნული ცნობიერება.

ქართული ეროვნული ცნობიერების სიცოცხლისუნარიანობა, რომლის მიზეზის კვლევასაც ეძღვნება მთავარეპისკოპოს ანანია ჯაფარიძის „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია“, სწორედ საქართველოს ეკლესიის სიცოცხლისუნარიანობით იყო გამოწვეული. ასეთია ნაშრომის ძირითადი თეზისი, რომელსაც ავტორი მრავალი არგუმენტით და ძალზე დამაჯერებლად ასაბუთებს.

უკანასკნელ წლებში ეკლესიის ისტორიისადმი ინტერესის მიუხედავად განსახილველი ნაშრომი საქართველოს ეკლესიის ისტორიის შესახებ პირველი სრული გამოკვლევაა. პირველია ნაშრომი იმ თვალსაზრისითაც, რომ დიდი ხნის შემდეგ ეკლესიაზე მეცნიერულ გამოკვლევას ქმნის სასულიერო პირი მართლმადიდებლური ხედვით, განსხვავებული განცდით. ეს არის ეკლესიის წარსული და დღევანდელობა, დანახული შიგნიდან ორგანული ცოდნით, როგორც ავტორი აღნიშნავს, „მართლმადიდებლური თვალთახედვით დაწერილი ისტორია“ (გვ. 13). ამგვარად, ეს ქართულ ისტორიოგრაფიაში იმ სისხლის გადასხმას ჰგავს, რომელიც დროდადრო აუცილებელია ჯანსაღი ორგანიზმის შესანარჩუნებლად.

1. ნაშრომის ძირითადი მიზანი არის:

2. დაუბრუნოს საქართველოს მოქალაქეს ქრისტეს რწმენა და განამტკიცოს მრევლი ამ რწმენაში;

3. გაუღვივოს მკითხველს სიამაყის გრძნობა ქვეყნის და ერის ღირსეული წარსულის გამო;

აღადგინოს საქართველოს წარსულის ობიექტური და სრული სურათი და ამ ფონზე წარმოაჩინოს ეკლესიის ისტორია და მისი მნიშვნელობა ქვეყნისა და ერის წარსულსა და აწმყოში.

თავიდანვე შეიძლება ითქვას, რომ მიზანი სავსებით მიღწეულია. საქართველოს ეკლესიის წარსულის შესწავლა ავტორს იმთავითვე ფართოდ დაუსახავს. წიგნში ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრება ისე ორგანულად არის შერწყმული ეკლესიის ისტორიასთან და ისე მსჭვალავს მთელ ნაშრომს, რომ ხშირად ძნელია იმის განსაზღვრა, რომელია ავტორისათვის უფრო მნიშვნელოვანი. საქართველოს და მეტნაკლებად მასთან ურთიერთობაში მყოფი ქვეყნების ისტორიის მონუმენტურ ტილოზე წარმოდგენილი სურათი საქართველოს ეკლესიის ისტორიის კონტექსტშია დანახული. ამდენად, ნაშრომი მნიშვნელოვანი შენაძენია არა მარტო საქართველოს წარსულის, არამედ მასთან ურთიერთობაში მყოფი ქვეყნების, ზოგადად რელიგიის და კერძოდ, მართლმადიდებლობის ისტორიის თვალსაზრისით. მდიდარი პრობლემატიკით წარმოდგენილი საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა, რომელიც წიგნის მეორე პლანს ქმნის, არანაკლებ საინტერესო და არანაკლებ მნიშვნელოვანია.

დღეს, როდესაც ეკლესიას კვლავ დაუბრუნდა ის მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც მას ისტორიულად მუდამ ჰქონდა წარსულში, წარმოდგენილი ნაშრომის დონე კიდევ უფრო გაზრდის ეკლესიისა და სამღვდელოების ავტორიტეტს, ხელს შეუწყობს საზოგადოების კონსოლიდაციას; ყოველივე ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ერის სულიერ ამაღლებასა და გადარჩენაში.

გამოკვლევაში ავტორს ძალიან ბევრ საკითხზე უხდება მსჯელობა, მათ შორის საკამათოსა და დადგენილზეც; იგი რთულია კომპოზიციურად, შინაარსობრივად და, მიუხედავად იმისა, რომ კარგი ენით არის დაწერილი, ძნელი აღსაქმელია. წიგნის მნიშვნელობა რთული ამოცანის წინაშე აყენებდა როგორც ავტორს, ასევე მის მკითხველსაც, რომლისგანაც სათანადო მომზადებას მოითხოვს. წიგნი რთული წასაკითხია ემოციურად, ვინაიდან ჩვენს წინაშეა საქართველოს და ქართველი ერის მთელი წარსული და აწმყო, წარმატებები და უკუსვლები, დამოუკიდებლობის, სიძლიერის და გარეშე ძალის მიერ დამორჩილების წლები და ყოველივე ამის ფონზე ერის ჩამოყალიბების უწყვეტი პროცესი. გაცოცხლებულია და წარმოდგენილია კონკრეტულ პიროვნებათა პორტრეტები მათი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, ეკლესიის და საერო ხელისუფლების რთული ურთიერთობა სხვადასხვა ხანაში, გარე სამყაროსთან შეხვედრები, ომების და მშვიდობის ისტორია, მათი მნიშვნელობა და ყველაფერი ეს ერთი ამოსუნთქვით, ერთი განცდით არის დაწერილი. თუმცა ასეთი ნაშრომი, ცხადია, ერთბაშად არ იწერება, ასეთი ნაშრომი მთელი ცხოვრების ნაფიქრია.

მკვლევარი კარგად იცნობს შესაბამის წერილობით წყაროებს, რასაც ამდიდრებს თვითმხილველთა მონაცემებით; ზოგიერთ შემთხვევაში თვითონ გვევლინება თვითმხილველის როლში. ეს ფაქტი ზრდის გამოკვლევის ხარისხსა და მნიშვნელობას. ამასთანავე მთელი ნაშრომი დაწერილია სამეცნიერო ლიტერატურის ცოდნით და წინამორბედ მკვლევართა დიდი პატივისცემით. აქვე აღვნიშნავთ, რომ წინამორბედებთან კამათი არ შეადგენს ნაშრომის მიზანს, ა.ჯაფარიძის მიზანი უფრო საკუთარი მოსაზრების დასაბუთებაა; ამ პოლემიკის დროს ჩანს, რომ ავტორი არა მარტო თანაბრად ერკვევა ისტორიულ და წყაროთმცოდნეობით პრობლემატიკაში, არამედ თვითონ არის პროფესიონალი ისტორიკოსი და წყაროთმცოდნე.

შეუძლებელია გამოკვლევაში განხილულ საკითხთა უბრალო ჩამოთვლაც კი. გამოკვლევების კონკრეტული საკითხები შერწყმულია თეორიულ პრობლემებთან. ავტორი მსჯელობს, თუ რა არის ქრისტიანული ეკლესიის ისტორია, როგორც დისციპლინა, ასახელებს მის წაყროებს, განსაზღვრავს თავის ამოცანებს, საგანგებოდ ჩერდება ჯერ მსოფლიო ისტორიის, ხოლო შემდეგ ქართული ეკლესიის ისტორიის პერიოდიზაციაზე.

ძალზე საინტერესოა დაკვირვებები ჰაგიოგრაფიულ ძეგლებზე, სხვადასხვა შინაარსის იურიდიულ დოკუმენტებზე, „ქართლის ცხოვრების“ სტრუქტურაზე, რაც რთულ მუდმივ პრობლემად რჩება. ავტორი ცალ-ცალკე განიხილავს თითოეულ ძეგლს, აფასებს მათ, როგორც წყაროს ეკლესიის ისტორიისათვის. ასევე, შევნიშნავთ, რომ ერთგვარად ხელოვნურ შტაბეჭდილებას ტოვებს ისტორიკოსების დაყოფა სამოქალაქო და საეკლესიო ავტორებად. ყოველ შემთხვევაში, ადრეულ საუკუნეებში, ვინაიდან ერთნიც და მეორენიც სასულიერო პირები არიან.

მკვლევარი თამარის, ე.წ. მეორე ისტორიკოსად ბასილ ეზოსმოძღვარს მიიჩნევს, რაც ერთგვარად მოძველებული შეხედულებაა. მართალია, ძეგლის ავტორი ჯერჯერობით არ არის დადგენილი, მაგრამ ივანე ჯავახიშვილის ატრიბუცია ამჟამად არ არის გაზიარებული.

დიდი ადგილი ეთმობა ნაშრომში ქართველი ერის ეთნოგენეზისის საკითხებს. ავტორი მსჯელობს ქართველების სხვადასხვა დასახელებებზე, განიხილავს ერის ჩამოყალიბების თეორიას. აქ ყურადღებას იპყრობს ქართველების დაკავშირება ბიბლიურ თუბალთან. აღნიშნულ საკითხზე უზარმაზარი ლიტერატურაა შექმნილი. ავტორს თვითონაც აქვს სპეციალური გამოკვლევა ქართველების ეთნოგენეზისზე, შესაბამისი არგუმენტები განსახილველ წიგნშიც არის მოტანილი. ვფიქრობ, პრობლემა მაინც მოითხოვს შემდეგ დაკვირვებას.

მკვლევარი ფართოდ აშუქებს მოციქულთა მოღვაწეობას ქართლში, რის შედეგადაც მსჯელობს და აკეთებს დასკვნას, რომ ვინაიდან მოციქულების მიერ დაარსებული ყველა ეკლესია, სადაც უნდა ყოფილიყო ის, ავტოკეფალიური იყო, ამიტომაც ქართული ეკლესია დაარსებისთანავე ავტოკეფალიურია. ეს აზრი ნაშრომში სხვაგანაც მეორდება და ავტორი მას არაერთხელ სხვადასხვა არგუმენტით ასაბუთებს. თეორიულად ეს იქნებ მართლაც ასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეალობაში თვით მოციქულების ყოფნის ფაქტი საქართველოში არაერთხელ დამდგარა ეჭვქვეშ. ნაშრომში ნაჩვენებია, თუ როგორ უხდებოდათ ქართველებს ზოგ შემთ00ხვევაში თავისი კანონიერი ურთიერთობის მტკიცება და როგორ ძნელად იკაფავდა გზას სიმართლე ადრეც და ახლაც. შორს რომ არ წავიდეთ, ამის მაგალითად მართლმადიდებლურ დიპტიხში საქართველოს ეკლესიის ადგილის საკითხიც კმარა. ან როგორ ავხსნათ, მაგალითად, ის ფაქტი, რომ 381 წელს კონსტანტინოპოლის II მსოფლიო საეკლესიო კრების აქტებში ეპისკოპოსთა ხელმოწერებიდანაც ჩანს ამასიის პონტოს ეპარქიის წარმომადგენლის, იბერიის ეპისკოპოსის პანტოფილეს მონაწილეობა, ან მე-12 ს. ბიზანტიელი ავტორის ნილოს დოქსანოპატრიუსის ცნობა, რომლის მიხედვით 1143 წ. „ჰელესპონტოს ამასია, რომლის საეპისკოპოსო იყო თვით იბერიაც“.

ნაბიჯ-ნაბიჯ, სხვადასხვა წყაროებით ასაბუთებს ავტორი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ერთიანობას, აჩვენებს საეპისკოპოსოების რაოდენობრივ ზრდას და, შესაბამისად, ქრისტიანობის წარმატებებს საქართველოში, რაც ერის ჩამოყალიბების აუცილებელი პირობაა. წიგნში ცალ-ცალკეა განხილული ერის ისეთი ნიშნები, როგორიც არის: საერთო ენა, საერთო ტერიტორია, ფსიქიკური წყობა, საერთო ეთნიკური წარმოშობა, განუწყვეტელი ისტორიული და ეკონომიკური კავშირი და სხვ. ყველა ამ ნიშანს მკვლევარი ძალზე ადრე ხედავს ქართველი ხალხის ისტორიაში ჯერ კიდევ ქართლის სახელმწიფოს ჩამოყალიბების დროს, ძვ.წ. IV-III საუკუნეებში. მიუხედავად იმისა, რომ აქ, ამ მონაკვეთში, საინტერესო მსჯელობაა დასავლეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიების ერთიანობაზე, ტერმინ „იბერიის“ მნიშვნელობაზე და სხვა საკითხებზე, ძნელია გაიზიარო ავტორის აზრი ქართველი ერის ასეთი სიძველის შესახებ. თუმცა კიდევ ერთხელ ხდება ცხადი, რომ ერის ჩამოყალიბება ხანგრძლივი და რთული პროცესია და ჩამოთვლილი ნიშნების დადასტურება სხვადასხვა დროს გარკვეულ საფუძველს და ტენდენციას ქმნის მის დასაჩქარებლად.

როგორც უკვე აღვნიშნე, წიგნი ტევადია შინაარსით, ძალზე დიდია თავისი მნიშვნელობით და ერთ რეცენზიაში შეუძლებელია მისი ამომწურავი შეფასება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ისტორიის და საქართველოს ეკლესიის მკვლევრები მას არაერთხელ დაუბრუნდებიან და, არა მარტო იკამათებენ აქ წარმოდგენილ საკითხებზე, არამედ, ხშირ შემთხვევაში, გაიზიარებენ და გაითვალისწინებენ ა. ჯაფარიძის კვლევის შედეგებს.