მიტროპოლიტი ანანია (თენგიზ ანატოლის ძე ჯაფარიძე, დაიბადა 1949 წ. 20 აგვისტოს, ტყიბულში) საქართველოს მართლმადიდებლური წმიდა სინოდის წევრი, მანგლისისა და წალკის ეპარქიის მმართველი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოსა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიის შესახებ 40-ზე მეტი შრომის ავტორი, დაიბადა ინჟინრის ოჯახში. 1966წ. დაამთავრა საშუალო სკოლა, 1974წ. კი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „კავშირგაბმულობის ავტომატური საშუალებები“-ს სპეციალობით. 1980წ. წარჩინებით დაამთავრა მცხეთის სასულიერო სემინარია, სადაც სწავლის პერიოდში ბერად აღიკვეცა და სახელად ანანია ეწოდა. 1979წ. 4 აპრილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, ხოლო იმავე წლის 27 სექტემბერს კი - მღვდლად. 1979წ. დაინიშნა თბილისის წმიდა სამების ტაძრის წინამძღვრად. 1980წ. 27 სექტემბერს აღვლენილ იქნა ალავერდის მონასტრის იღუმენად, ხოლო 1981წ. 8 მარტს - არქიმანდრიტად.
1981წ. დასაწყისში წმიდა სინოდის მიერ არქიმანდრიტი ანანია გამორჩეულ იქნა საეპისკოპოსო კანდიდატად. 1981წ. 15 მარტს უწმიდესმა პატრიარქმა სვეტიცხოვლის ტაძარში აკურთხა ეპისკოპოსად და დაადგინა ნიკორწმიდის ეპარქიის მმართველად. 1981წ. 29 აპრილიდან 1992წ. 25 დეკემბრამდე ახალციხისა და მესხეთ-ჯავახეთის ეპისკოპოსია, ხოლო 1992 წ. 25 დეკე მბრიდან 1995წ. 17 ივნისამდე - მანგლისის მთავარეპისკოპოსი. ამავე წლის ივნისიდან უკავია მანგლის-წალკის კათედრა. 2001წ. 15 ნოემბერს მთავარეპისკოპოსი ანანია აღვლენილ იქნა მიტროპოლიტის რანგში. 2004წ. მიტროპოლიტი ანანია არჩეულ იქნა რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების აკადემიის და საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრად. მიტროპოლიტ ანანიას მღვდელმთავრად მოღვაწეობის წლებში აღსდგა ღვთისმსახურება ზარზმის, ვარძიისა და საფარას მონასტრებში, სოფლების ივლიტას, ხვილიშას, ახალდაბის, სადგერის ეკლესიებში, გაიხსნა ეკლესიები აბასთუმანში, ბორჯომში, ალგეთში, კოდასა და სხვაგან. 1990წ. მეუფე ანანიას მზრუნველობით ახალციხეში დაარსდა სასულიერო სასწავლებელი, რომლის რექტორად მოღვაწეობდა 1992 წლამდე. 1995 წლიდან იგი თბილისის სასულიერო აკადემიაში კითხულობს საქართველოს ეკლესიის ისტორიის კურსს.
მეუფე ანანია დაჯილდოებულია ალექსანდრიის საპატრიარქოს წმიდა მარკის ორდენით, აგრეთვე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ჯილდოებით.
მეუფე ანანიას ეკუთვნის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიის ოთხტომეული, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულ ფუნდამენტურ შრომას წარმოადგენს. აგრეთვე მონოგრაფიები: „ქართველთა ბიბლიური ისტორია ადამიდან იესომდე“ (1994წ.), „საინგილო“ (1998წ.), „მესხეთი“(1998წ.), შრომები: „ქრისტიანობა საქართველოში ანდრეა მოციქულიდან წმიდა ნინომდე“ (1991წ.), „საქართველოს საპატრიარქოს ადგილი მართლმადიდებლურ დიპტიხში“ (1993წ.), „აფხაზების საცხოვრებელი ადგილი ჩრდილოეთ კავკასიაში“ (1994წ.), „საქართველოს ეკლესია XVII საუკუნეში“ (1996წ.), „დედა ეკლესია“(1996წ.) და სხვ.
2001წ. 19 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ევროპისა და მსოფლიოს გამორჩეული უმაღლესი სასწავლებლის დარად, მთავარეპისკოპოს ანანიას წინამძღოლობით დაარსდა თეოლოგიის კათედრა, რომელსაც ღირსეული ადგილი უჭირავს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ამ მოვლენასთან დაკავშირებით გაიმართა უნივერსიტეტის დიდი საბჭოს სხდომა, რომელსაც დაესწრო მისი უწმიდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. მან თავის გამოსვლაში უდიდესი შეფასება მისცა ამ ისტორიულ ფაქტს და ბრძანა, რომ „სულიერებისა და სიყვარულის დეფიციტის პირობებში ღვთისმეტყველების კათედრის დაფუძნება ტექნიკურ უნივერსიტეტში დროული და აუცილებელია, რათა აღდგეს ჰარმონია სულსა და მატერიას შორის, რწმენასა და ცოდნას შორის. პირველადი არის რწმენა და ცოდნა რწმენაზე უნდა იყოს დაფუძნებული“. უწმიდესმა კლიმენტი ალექსანდრიელის სიტყვები მოაგონა ყველას: „მხოლოდ მორწმუნე ადამიანი არის მონა ღვთისა, ხოლო მორწმუნე და განათლებული ადამიანი არის მეგობარი ღვთისა“. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოუწოდა ახალგაზრდობას ღრმად დაეუფლონ ცოდნას, რომ მათი ყოველდღიური განუყოფელი მეგობარი და თანამგზავრი იყოს წიგნი, იზრუნონ საკუთარ სულიერებასა და რწმენაზე. მან ამ საქმეში თეოლოგიის კათედრის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი. უწმიდესმა პატრიარქმა ბრძანა:
„მე გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს და მოგახსენებთ, რომ კათედრის გამგედ არჩეულია მთავარეპისკოპოსი მეუფე ანანია, რომელიც წმიდა სინოდში თავისი ერუდიციითა და ღრმა აზროვნებით გამოირჩევა და მინდა ვთქვა, რომ ეს ძალიან კარგი არჩევანია. ეს არის თქვენი დიდი დამსახურება და უპირველეს ყოვლისა, ეს არის ბატონი რექტორის დამსახურება და მადლობას ვწირავ მას“.
დიდი საბჭოს სხდომაზე ვრცელი მოხსენებით გამოვიდა მეუფე ანანია. მან ბრძანა: „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მთელი ქართველი ერისათვის წარმოადგენს მეცნიერების, კულტურისა და განათლების საამაყო კერას, სასწავლო სამეცნიერო დაწესებულებას, სადაც აღზრდილი მაღალკვალიფიციური კადრები დაუღალავად იღვწიან ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამიტომაც აქ თეოლოგიის კათედრის დაარსებას და მის კურთხევას უწმიდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს.....
თუ პიროვნებას, მით უმეტეს მეცნიერს, არა აქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება, არა აქვს სულიერი საგანძური და მისთვის ერთადერთი ურყევი ავტორიტეტი არ არის ღვთის მცნებები, მაშინ მისი ნებისმიერი იდეა თუ გამოგონება ერის, კაცობრიობის საწინააღმდეგოდ მობრუნდება.....
მეცნიერება და სარწმუნოება შეიძლება ორ მძლავრ ფრთას შევადაროთ, რომლებზედაც დაყრდნობით ქართველ ერს შეუძლია კვლავ მოიპოვოს სულიერი და სახელმწიფოებრივი სიძლიერე. ახალი თაობა უთუოდ კვლავ გადებს შემაერთებელ სიბრძნის ხიდს მეცნიერებასა და სარწმუნოებას შორის.“
დაარსება ამ მნიშვნელოვანი კათედრისა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ეკლესია დღეს აღმავლობის გზაზეა. არასოდეს ყოფილა საქართველოში ეკლესიების ასეთი დიდი რაოდენობით ერთდროული მშენებლობა. ეს მიგვითითებს, რომ ერის ქრისტიანული სული ცოცხალია და ერი იმედით უყურებს მომავალს. ეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გეგმაზომიერი, თანამიმდევრული მოღვაწეობის შედეგი.
ქართული ეკლესიის აღორძინება საწინდარია საქართველოს სახელმწიფოებრივი გაძლიერებისა. ქართული ეკლესია სულია ქართველი ერისა. როგორც სხეულს არ შეუძლია სიცოცხლე უსულოდ, ასევე ქართველ ერს მისი მაცოცხლებელი სულის გარეშე. და დღეს, როცა ხალხი სულიერ საზრდოს ეწაფება, მისთვის შესაბამისი პირობების მიცემაა საჭირო. სწორედ ამ აზრით შეიქმნა ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრა, რომელსაც ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი, პროფესორი ანანია ჯაფარიძე – გამოჩენილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე.