1992 წლის 19 აგვისტოს, ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს ფერისცვალების დღეს, 70 წლის უქმობის შემდეგ პირველი წირვა, ანუ პირველი ლიტურგია კიმოთესუბნის ტაძარში აღავლინა მესხეთის ეპისკოპოსმა, ყოვლადუსამღვდელოესმა მეუფე ანანია ჯაფარიძემ. ზიარების შემდეგ მან სიტყვით მიმართა შეკრებილ მორწმუნეებს.
პატიოსანნო და დიდებულნო ქართველნო, ქრისტეს მიერ საყვარელო შვილებო, დღეს ჩვენთვის ორმაგი დღესასწაული და სიხარულია. დღეს მსოფლიო მართლმადიდებლობა დიდებით აღნიშნავს ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს ფერისცვალებას, ხოლო ჩვენთვის განსაკუთრებით საზეიმოა ეს დღესასწაული, რამეთუ 70-წლიანი უქმობის შემდეგ ვაკურთხეთ და პირველი წირვა დავაყენეთ კიმოთესუბნის ეკლესიაში, დიახ, 20-იან, 30-იან წლებში ამ წმიდა მონასტერში ქრისტიანობის მტრებმა აკრძალეს წირვა და ლოცვა, ღვთისმსახურება, ქადაგება, ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, ყოველი ქრისტიანული საიდუმლოს აღსრულება, მოიხსნეს და მოშალეს წმიდა ტრაპეზი, კანკელი, ხოლო ტაძრის წმიდა საკურთხეველი, რომელშიც ძველად ათასი წლის მანძილზე ჩვენი სამღვდელოება უფალ ღმერთს ადიდებდა, სწირავდა უსისხლო მსხვერპლს, აქციეს საკონცერტო სცენად, სადაც ფსევდოპატრიოტი მუშაკები აიძულებდნენ ჩვენს ყმაწვილებს ემღერათ და ეცეკვათ მმართველთა საამებლად და სასეიროდ. დაივიწყეს, რომ მხოლოდ უფალი ღმერთია სადიდებელი.
და აი, მოვესწარით პირველ წირვას, „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“, ამ სიტყვებით დავიწყეთ წირვა.
ვმადლობდეთ უფალს ჩვენზედ მოვლენილი სიკეთისათვის. დღეს, როგორც აღვნიშნეთ, ვდღესასწაულობთ თაბორის მთაზე თავის მოციქულთა და მოწაფეთა წინაშე უფლის ფერისცვალებას, ოდეს ზეცაში ამაღლებული უფლის სახე იქმნა ვითარცა მზე და უბრწყინვალეს მზისა, ხოლო სამოსი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი. სიმბოლურია, რომ ამ წმინდა ტაძრის კურთხევით დასრულდა ჩვენი სამცხეჯავახეთის, ეპარქიის ფერისცვალებაც. ამ ათიოდე წლის წინ მესხეთში არ მოქმედებდა არც ერთი ქართული ეკლესია, მაშინ, როცა მოქმედებდნენ ყველა სხვა ერების ეკლესიები, სომხურნი-ახალციხესა და ახალქალაქში, კათოლიკური ეკლესია, სინაგოგაც კი. მართლმადიდებლურ ეკლესიათა უმოქმედობის გამო ფაქტიურად ჩვენი ეპარქიაც არ არსებობდა, ხოლო ადგილობრივი ქართველების მნიშვნელოვანი ნაწილი სომხურ ეკლესიაში ინათლებოდნენ ახალციხესა და ახალქალაქში.
ბედნიერი ვარ, რომ ღვთის მადლით პირველი წირვები დავაყენე, ვაკურთხე და ამოქმედდა საფარის, ვარძიის, ზარზმის, ბორჯომის, საყუნეთის, ასპინძის (ხვილიშას), ვალეს და აბასთუმნის ეკლესიები, ვაკურთხე ახალი მღვდლები: მამა სერაფიმე ვარძიელი, მამა გიორგი ზარზმელი, მამა იოანე ასპინძელი, ამჟამად ვარძიელი, მამა ეფრემი აბასთუმნელი, ახლახან კი ვაკურთხეთ მამა გიორგი კიმოთესუბნელი, ვაკურთხეთ მრავალი სხვა მღვდელიც, მათ შორის ბორჯომშიც.
ჩვენს ეპარქიაში, დიდ ტაძართა შორის, მხოლოდ კიმოთესუბანიღა იყო დარჩენილი კურთხევის გარეშე და აი, ეს დღეც დადგა, დღევანდელ ფერისცვალება დღეს უკვე მოქმედებს მესხეთის ყველა დიდი ტაძარი. დიდება შენდა უფალო, ამ დღესაც მოგვასწარი.
თქვენ მოგეხსენებათ, ბოლშევიკები დაოსტატებულნი იყვნენ საეკლესიო ქონების ძარცვაში. კიმოთესუბნის ეკლესია საფუძვლიანადაა გაძარცულ-გაპარტახებული მათი პარტიის ყოფილი წევრების მიერ. ამიტომაც ამ წმიდა ტაძარში პირველი წირვის დაყენებისათვის დიდი მზადება და შრომა დაგვჭირდა ისევე, როგორც სხვა ტაძრების ამოქმედებისას.
აღვადგინეთ კანკელი, დაქცეული და გაუქმებული, დავაგეთ ხის იატაკი საკურთხეველში, აღვმართეთ ტრაპეზი, გავაწყეთ ხატებით საკურთხეველი და კანკელი, აღვადგინეთ სამკვეთლო, შევიძინეთ სანდლები, შესამოსელი, წირვა-ლოცვისათვის საჭირო უთვალავი საეკლესიო ინვენტარი, მაგრამ, ცხადია, ეკლესიას აკლია მრავალი ნივთი; რაც ათეისტურმა ხელისუფლებამ 70 წლის მანძილზე ეკლესიიდან გაზიდა, ერთბაშად ვერ შეივსება, მაგრამ საერთო მონდომებით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი.
ეკლესია ერის სულიერი სახლია, ის არის ტახტი ჩვენი შემოქმედისა, კერა მართლმადიდებლობისა, რომელმაც ჩვენ, ქართველებს ეროვნება და ნაციონალური სახე შეგვინარჩუნა. ამიტომ განა ყოველი ადამიანი მოვალე არაა დაეხმაროს და შეეწიოს ეკლესიას, ვინც უნდა იყოს ის ხელისუფალი თუ მიწის მუშა?
გარეგნულად, სიტყვიერად ყველა ეხმარება, მაგრამ საქმით კი არავინ. მაგალითად, კანკელისა და საკურთხევლისათვის საჭირო ხის მასალა არავინ გამოგვიყო, და იძულებული გავხდი სულ სხვა ეკლესიისათვის საჭირო ხის მასალა 5 კუბური მეტრი გამოგვეყენებინა ამ საქმისათვის.
„საღმრთო კლდეზეა დაფუძნებული დედა ეკლესია და ბრჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას.“ არა მას ესაჭიროება ჩვენი დახმარება, არამედ, პირიქით, ჩვენ, ადამიანებს გვესაჭიროება ეკლესიის დახმარება. სწორედ ასე ესმოდათ ეს საკითხი ჩვენს წინაპრებსაც.
ჩვენი დიდებული მამა-პაპანი ეკლესიებს აშენებდნენ არა იმისათვის, რომ რაიმე „ისტორიის“ ანდა „კულტურის ძეგლი“ (როგორც ახლა უწოდებენ) აეშენებინათ, არამედ ისინი მთელი შეგნებით აშენებდნენ საღმრთო სახლებს, რომლებშიც მლოცველ სამღვდელოებას საუკუნეთა მანძილზე უნდა მოეხსენებინა ეკლესიის მშენებელ-არქიტექტორთა სულები.
ადამიანი, როგორც მოგეხსენებათ, ორი საწყისისაგან, ორი სუბსტანციისაგან შედგება: სულისა და ხორცისაგან. სული უკვდავია, სწორედ ისაა ჩვენი „მე“, ის იმყოფება ხორცში (სხეულში), ვითარცა ჭურჭელში. დროთა ვითარებაში ჭურჭელი იმსხვრევა, ანდა იშლება, ანუ ადამიანის სხეული კვდება, ხოლო სული თავისუფლდება, ის განაგრძობს არსებობას და სიცოცხლეს.
სხეულისაგან განთავისუფლების შემდეგ სული მიილტვის ღვთაებრივი ნათლისაკენ, ღმერთისაკენ. სულის ნეტარებაა ცათა სასუფევლის დამკვიდრება, ხოლო სულის ტანჯვა - ღვთაებრივი ნათლისაგან განშორება. სწორედ ამისათვისაა საჭირო სამღვდელოების ლოცვა სულისათვის, სულს ესაჭიროება მიწაზე დარჩენილი ადამიანების ლოცვა, განსაკუთრებით ეკლესიებში, სწორედ ამიტომ აშენებდნენ ჩვენი წინაპრები ეკლესიებს, ამკობდნენ და ამშვენებდნენ. მათ იცოდნენ, რომ ლიტურგიის, ანუ წირვის დროს სამღვდელოება შესაბამის „კვერექსსა“ თუ „ასანაღლებელში“ უთუოდ მოიხსენიებდა მშენებელთა სულს.
აი, დღევანდელი წირვის დროსაც ითქვა ლოცვა: „საუკუნითგან აღსრულებულნი მონანი და მხევალნი ღვთისანი, აღმაშენებელნი წმინდისა ამის ტაძრისანი, მოიხსენოს უფალმა ღმერთმა სასუფეველსა თვისსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნეთამდე, ამინ!“
დღეს მრავალ ადამიანს აღარ სწამს სულის უკვდავება, აღარ ზრუნავს თავის უკვდავი სულის მოხსენიებისათვის, ამიტომაც აღარც ტაძართა აშენება-შემკობას ცდილობს.
ქრისტესმიერო საყვარელნო შვილნო, სულ რამდენიმე დღის შემდეგ 28 აგვისტოს მსოფლიოს ქრისტიანობა დღესასწაულობს „მარიამობას“ ანუ ყოვლადწმიდა დედა ღვთისმშობლის „მიძინების“ დღეს.
ეს დღე კომოთესუბნის ტაძრის დღესასწაულიც იქნება, რამეთუ ტაძარი ღვთისმშობლის სახელზეა ნაკურთხი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ვარძიისა და საფარის ტაძრები ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა, ამიტომაც ამ დღეს ვდღესასწაულობთ ვარძიობას, საფარობას, ასევე კიმოთესუბნობაც იდღესასწაულება.
ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს ამაღლებისა და სულიწმიდის მოფენის შემდეგ მოციქულებმა და ღვთისმშობელმა წილი იყარეს, თუ ვის რომელ ქვეყანაში უნდა ექადაგნა ქრისტიანობა. ღვთისმშობელს წილად ხვდა ივერიაში ქადაგება. სწორედ ამიტომ ეწოდა საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. საქართველოში გამომგზავრების წინ დედაღვთისას ეჩვენა მისი ძე - ჩვენი უფალი იესო ქრისტე და უთხრა: „ჰოი დედაო ჩემო. მე არ უგულველვყოფ ყველა ხალხზე უფრო საზეპურო ქართველ ერს. შენ კი შენს წილხვედრ საქართველოში წარავლინე ანდრია პირველწოდებული“. მართლაც, დედა ღვთისამ თავის ნაცვლად ჩვენთან ქრისტიანობის საქადაგებლად გამოგზავნა ანდრია მოციქული. მიზეზი ის იყო, რომ მოახლოებული იყო მიძინება ყოვლადწმიდა მარიამისა, ანუ გარდაცვალება. ანდრიას დედაღვთისამ უთხრა - „მე მარად ვიქნები ქართველთა ცხოვრების განმგებელი. მარად შევეწევი, არავინ მტერთაგან მძლე ექმნას მათ“.
ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის მიძინების დღესასწაულს ეკლესია აღასრულებს ყოველწლიურად, „რამეთუ იგი უკუე უაღრეს არს ყოველთა ბუნებასა ანგელოსთა და კაცთასა იგი არს კვერთხი, რომლისაგან აღმოსცენდა ყვავილი ქრისტესი, მისთვის თქვა წინასწარმეტყველმან: „აჰა, ქალწულმან მუცლად იღოს და შვეს ძე“.
მრავალ დღესასწაულს აღვასრულებთ ღვთისმშობლის მოსახსენებლად, მაგრამ მიძინების დღესასწაული ყველას აღემატება - „რამეთუ მიიცვალა იგი ცხოვრებად არა მხოლოდ სულითა, არამედ ხორცითაც“, ვითარცა ილია წინასწარმეტყველი ხორცეულად ამაღლდა ზეცად.
დედაღვთისამ 15 წლის ასაკში შვა ძე თავისი და ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე. უფლის ჯვარცმისა და ამაღლების შემდგომ ცხოვრობდა იოანე ღვთისმეტყველის სახლში და მიიცვალა, ანუ მიიძინა მოხუცებულმა.
მიძინებისას ღვთის განგებით მასთან შეიკრიბა ყველა მოციქული თომას გარდა. ის დაკრძალეს გეთსამანიის ბაღში. დაფლვის შემდეგ, მესამე დღეს მოვიდა თომა მოციქულიც, რომელიც დიდად წუხდა დაკრძალვაზე არყოფნის გამო, სურდა საფლავის ხილვა, მივიდა სხვა მოციქულებთან ერთად მის საფლავზე და „ვერა პოვეს გვამი ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისა, მაშინ ყოველთა რწმენა, რამეთუ ხორცითა საკვირველითა განგებითა ღვთისათა, საფლავისაგან ზეცისა სუფევასა აღიყვანა“.
ტაძარში წირვა-ლოცვის დაყენებისათვის უთუოდ საჭირონი არიან მგალობლები, მედავითნეები, მნათეები, ეკლესიური ადამიანები. დღეს ჩვენს საზოგადოებას მათი მოცემა არ შეუძლია, ამიტომ ახალციხის სასულიერო სასწავლებელს დავაკისრეთ მედავითნეებისა და მგალობლების აღზრდა. რაიონის ახალგაზრდებს - ქალებსა და ვაჟებს სიამოვნებით მივიღებთ ჩვენ სასწავლებლებში.
ისტორიულად თორი - მესხეთის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა, რამეთუ ამ კუთხიდან იყო მესხეთის მმართველი ერისთავების საგვარეულო - თორელ-ციხისჯვრელები.
მათ საუკუნო სავანეს წარმოადგენდა ეს წმიდა ტაძარი, შალვა ახალციხელი, ერთ-ერთი ქტიტორი ამ ტაძრისა, რომლის ხსენებაც რამდენიმე კვირის წინ აღვნიშნეთ, წმიდა მოწამეა რომელმაც თავი დადო თავისი ერისათვის.
ჯალალედინთან ომის დროს მტერს შეერკინა მესხთა მოწინავე ლაშქრით, მაგრამ მხარგრძელთა ღალატის გამო შეიპყრეს, შალვამ არ უარყო ქრისტიანობა, მტკიცედ დაიცვა სარწმუნოება. უსასტიკესი ტანჯვის მიუხედავად. დღეს გახარებულია მისი სული, ისევე, როგორც ამ ტაძარში ასწლეულობით მოღვაწე ბერთა და მონაზონთა სულები, რამეთუ აღსდგა ღვთისმსახურება. დიდება უფალს.
გაზ. „ბორჯომი“, 28 VIII 1991 წ.