საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრის
5 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის მასალები

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II:

მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები თქვენთან ერთად და აღვნიშნავთ თეოლოგიის კათედრის დაარსების 5 წლისთავს. ბევრი რამ გაკეთდა ამ 5 წლის მანძილზე. მე მახსოვს ის დრო, როცა ტექნიკური უნივესიტეტი როგორღაც შორს იდგა ზოგიერთი ფასეულობებისაგან, რაც საუკუნეების მანძილზე ქართველმა ხალხმა შეადგინა. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან ცუდ დროს, იმ დროს, რომელსაც ეწოდება გლობალიზაციის პერიოდი. გლობალიზაციის პერიოდი, თქვენ მოგეხსენებათ, ეს ტექნიკური და გარდაუვალი პროცესია. ეს არის გამოწვეული იმ მეცნიერული და ტექნიკური მონაპოვარით, რომელიც მოიპოვა კაცობრიობამ. უფრო იოლი კავშირია სახელმწიფოთა შორის და უნდა ითქვას რომ გლობალიზაციას აქვს მრავალი ასპექტი. როცა ჩვენ განვიხილავთ გლობალიზაციის პროცესს, ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ სად არის სუბიექტი და სად არის ობიექტი, ობიექტი ძალიან ხშირად ერებია და ეს სუბიექტი ცდილობს თავისი იდეები მოახვიოს თავს ამ ობიექტს და ამოიღოს ის ეროვნული, თუ ზნეობრივი, თუ სულიერი მონაპოვარი, ფასეულობანი, რომელიც საუკუნეების მანძილზე შეაგროვა ამ მცირე ხალხმა. ეს ძალინ საშიშია ჩვენთვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის მისაღები და რა არ არის მისაღები, რა არის ნამდვილი კულტურა და რა არის ფსევდო კულტურა, აი ამას ემსახურება ჩვენი ეკლესია. ჩვენ ვცდილობთ, რომ როგორღაც დავეხმაროთ ხალხს აი ამ გარჩევაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ხუთმა წელმა, რომლის დროსაც აქ დიდი მუშაობა მიდიოდა, თავისი კარგი შედეგი გამოიღო და პირველყოვლისა მინდა მადლობა ვუთხრა მეუფე ანანიას და ამ კათედრის მუშა ჯგუფს იმ დიდი შრომისათვის რასაც თქვენ ეწევით აქ ტექნიკურ უნივერსიტეტში. მე გილოცავთ ამ თარიღს და დარწმუნებული ვარ, რომ ის პრობლემები, რომელთა წინაშე დგას დღეს საერთოდ განათლება და, კერძოდ ტექნიკური უნივერსიტეტი, იქნება დაძლეული და დადებითად გადაწყდება მომავლის საკითხი, რომელიც თქვენს წინაშეა. მე მინდა მოგახსენოთ, რომ საქართველოს ეკლესია მუდამ თქვენში იყო და იქნება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. დიდი პატივისცემით მე მინდა გადავცე ბატონ არჩილს, რექტორს, ეს უნიკალური გამოცემა, რომელსაც ეწოდება „ნათელი ქრისტესი საქართველო“. ღმერთმა დაგლოცოთ.

 

მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, პროფესორი, თეოლოგიის კათედრის გამგე:

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ!

თქვენო აღმატებულებავ ბატონო რექტორო! ბატონებო და ქალბატონებო!

ხუთმა წელმა განვლო თეოლოგიის კათედრის დაარსებიდან, მართალია, ეს არაა დიდი დრო, მაგრამ ჩვენი კათედრის მეგობრებმა - პროფესორ-მასწავლებლებმა და ასევე ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს აღენიშნათ ეს თარიღი, რადგანაც მიაჩნიათ, რომ კათედრის დაარსება გარკვეულწილად მნიშვნელოვანი მომენტი იყო. მათ მიერ გამოთვლილ იქნა, რომ ხუთი წლის მანძილზე კათედრის მიერ თეოლოგიის საფუძვლების ლექციების კურსი მოისმინა 30 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის შთამბეჭდავი რიცხვი. მართლაც, თეოლოგიის კათედრის დაარსების დროს, XXI ს. დასაწყისში, ჩვენი საზოგადოება გარკვეულწილად ჯერ კიდევ იმყოფებოდა ათეისტური იდეოლოგიის გავლენის ქვეშ, ამ ვითარებაში თეოლოგიის კათედრას ფუნქციური დატვირთვაც მიენიჭა.

მისი უწმიდესობის კურთხევით კათედრის პედაგოგ-მასწავლებლებად მოწვეული იქნენ საქართველოს გამორჩეული მოღვაწეები და სასულიერო პირები, მათ დაეკისრათ ღვთისმეტყველების საფუძვლები გაეცნოთ ახალგაზრდებისათვის.

თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისელების გარდა აგრეთვე სწავლობს რეგიონებისა და მთიანი რაიონების მკვიდრი მრავალი სტუდენტი, რომელთაც, იქამდე არავითარი შეხება და ურთიერთობა არ ჰქონიათ სასულიერო პირებთან, ხოლო მასმედია და ტელევიზია პირიქით ათეული წლების მანძილზე სასულიერო პირებს წარმოაჩენდნენ ვითარცა არასერიოზულ და უპასუხისმგებლო ადამიანებს, ასეთ ფონზე თეოლოგიის ლექციებმა იქამდე შეუვსებელი ნიში დაიკავა. ამ ლექციების დროს სასულიერო პირებთან პირადი კონტაქტების მეშვეობით სტუდენტები დარწმუნდნენ, რომ ისინი არიან მათთვის მზრუნველი და მათი მოყვარული ნამდვილი სულიერი მამები. ამასთანავე ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება შეეფასებინათ და ერთმანეთისათვის შეედარებინათ, ერთი მხრივ მასმედიის ზნეობრივი ნიჰილიზმის დამამკვიდრებელი მასალები და, მეორე მხრივ, სულიერი მამის მიერ ნაჩვენები, ღვთის მცნებებზე დაყრდნობილი ზნეობრივი გზა. ამით მათ მიეცათ არჩევანის გაკეთების საშუალება. „გზა ორია“, ნაბრძანებია 12 მოციქულის სწავლაში, რომელსაც ასევე დიდაქე ეწოდება, „გზა ორია - ერთი კეთილისა და ერთი ბოროტისა, მე მოგიწოდებ, ბრძანებს მოციქულის პირით უფალი - აირჩიე კეთილი“. ამიტომაც ვფიქრობ: ის, რომ თეოლოგიის კათედრამ სტუდენტებს საშუალება მისცა არჩევანისა და რომ 30 ათასზე მეტ სტუდენტს საშუალება მიეცა პირადი კონტაქტი დაემყარებინა ჭეშმარიტების მასწავლებლებთან, ეს, მართლაც, მნიშვნელოვანი მომენტია. მათ შორის მრავალი ეკლესიური გახდა, მიიღო მადლი აღსარებისა და ზიარებისა.

თეოლოგიის საგნობრივი ჯგუფის მიზანია გამოუმუშავოს სტუდენტს უნარი, ვითარცა საქართველოს მოქალაქეს, განსაზღვროს თავისი ადგილი მსოფლიოში ისტორიული, რელიგიური და კულტურული რეალობების გათვალისწინებით, მიაწოდოს მას ცოდნა და ინფორმაცია, ამასთანავე დაეხმაროს, რათა გამოიმუშავოს ისეთი უნარ-ჩვევები, რომელიც მოამზადებს მას (სტუდენტს) აქტიური მოქალაქეობისთვის პასუხისმგებლობის გრძნობით სამშობლოს წინაშე, რათა შეიცნოს საკუთარი და საზოგადოებრივი ინტერესები, გამოიმუშაოს პატივისცემა და შემწყნარებლობა საკუთარი და სხვა კულტურების (მათი წარმომადგენლების) მიმართ, ამასთანავე განუვითარდეს, გაუღრმავდეს, ისეთი ღირებულებები, როგორიცაა ღირსება და სამართლიანობა.

თეოლოგიის კათედრის საგნობრივი ჯგუფის პროგრამა ისეა შედგენილი, რომ ლექტორი იცავს სტუდენტის რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებას და არ ერევა სტუდენტის უფლებაში, რომ ნებაყოფლობით აირჩიოს სარწმუნოებრივი მსოფლმხედველობა; შესაბამისად, შეუძლებელია ლექტორს დაეკისროს ისეთი ვალდებულება, რომლითაც ის შელახავს სხვათა უფლებას. დაუშვებელია რელიგიური პროზელიტიზმის მიზნებისათვის გამოყენება, მაგრამ, ამასთანავე, ლექტორი მოვალეა ისაუბროს სახელმწიფო დღესასწაულებისა და ისტორიული თარიღების შესახებ, რათა სტუდენტებმა შეიმეცნონ ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრების მნიშვნელობა.

ლექტორი თანასწორობის საფუძველზე იცავს უმცირესობების წევრების ინდივიდუალურ და კოლექტიურ უფლებას - შეინარჩუნონ და გამოხატონ თავიანთი კულტურული კუთვნილება და რწმენის თავისუფლება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით (№ 01-16-01/13399.17.08.2006) „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიის სწავლებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ (მე-3, მე-8, მე-13, მე-18 მუხლები) და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ერთობლივი კომისიის ურთიერთგაგების მემორანდუმი“, რომელიც გაფორმდა 2005 წლის 22 იანვარს, რომლის თანახმადაც ამ მემორანდუმის პირველი „ბ“ მუხლის შესაბამისად შემუშავებული არის თეოლოგიის კათედრის საგნობრივი ჯგუფის ერთი ნაწილის სახელმძღვანელოები და პროგრამა.

თეოლოგიის დარგთაგან უძველესი ხანიდანვე საქართველოში გამორჩეულად შეისწავლებოდა საისტორიო ღვთისმეტყველება, თუმცა არც მისი ეგზეგეტიკური, სისტემატური და პრაქტიკული ნაწილები იყო უყურადღებოდ დატოვებული.

საისტორიო ღვთისმეტყველება, როგორც ცნობილია, სწავლობდა ქრისტიანულ საეკლესიო და ბიბლიურ ისტორიას. მისი კერძო დისციპლინების – პატროლოგიის, სიმბოლიკის, საეკლესიო არქიტექტურის, ქრისტიანული ლიტერატურის, ხელოვნების, ღვთისმსახურებისა და დოგმატების ისტორიის ძირითად მაკავშირებელ სამეცნიერო ღერძს ეკლესიის ისტორია წარმოადგენდა.

მაცხოვარი ბრძანებს: „სცანით ჭეშმარიტი და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ“ (იოანე, 8, 32).

წმინდა მამები კი აღნიშნავდნენ: „თავისუფლება…თვისითა სისხლითა მოგვანიჭა ჩვენ უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან განმათავისუფლებელმან ყოველთა კაცთამან“ (III მსოფლიო კრების მერვე კანონი, „დიდი სჯულის კანონი“, 1975, გვ.267).

საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღორძინების შემდეგ ქართველთა ევროპულ ოჯახში საბოლოოდ დასამკვიდრებლად უთუოდ უნდა გავამრავლოთ უდიდესი სიმდიდრე ქართველი ერისაგავაძლიეროთ უდიდესი ეროვნული საგანძური - ქრისტიანობა. ევროპა, ძირითადად, ქრისტიან ერთა კავშირი არის, ამ კავშირის ბუნებრივი წევრი არის საქართველო უკვე 2000 წელია წმიდა მოციქულებისა და წმიდა ნინოს შემდგომ. იმედი გვაქვს თეოლოგიის კათედრა მისი უწმიდესობის ლოცვით ერის ამ სიმდიდრეს კიდევ უფრო გაამრავლებს.

ბოლოს, კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას ვწირავთ მის უწმიდესობას თეოლოგიის კათედრის კურთხევისათვის, იმედი გვაქვს ღვთის დიდი მოწყალებითა და მისი უწმიდესობის ლოცვით თეოლოგიის კათედრა იქცევა მნიშვნელოვან სასულიერო და კულტურულ ცენტრად. უღრმესად ვმადლობთ ათეულობით პროფესორ-მასწავლებლებსა და მოღვაწეებს, რომლებმაც მართლაც, თავდადებულად იშრომეს თეოლოგიის კათედრის დასაარსებლად და მის გასაძლიერებელად. უღრმესად გმადლობთ და გლოცავთ მისი უწმიდესობის ლოცვით.

 

პროფ. არჩილ მოწონელიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი:

თქვენო უწმიდესობავ! ქალბატონებო და ბატონებო! ძვირფასო სტუმრებო!

14 თებერვალი უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის. ჩვენ გვესტუმრა ერის სულიერი მამა და მოძღვარი, მისი უწმიდესობა, სრულიად სქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. მიზეზი ამისა ფრიად მნიშვნელოვანია, ჩვენი უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრის 5 წლისთავი, რომელმაც დაარსებისთანავე თავის თავზე აიღო იმ ფასეულობების პროპაგანდის მისია, რომელმაც ჩვენი ერი საუკუნოვან ქარტეხილებს გამოატარა და დღემდე მოიყვანა სულიერი სიმტკიცისა და მომავლისათვის უდრეკი რწმენით. ჩვენ ბედნიერი ვართ იმით, რომ კათედრას სათავეში უდგას გამოჩენილი თეოლოგი, მეცნიერი, მართლმადიდებლობისა და საქართველოს ისტორიის თავდადებული მსახური ძვირფასი და სათნო პიროვნება მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. სწორედ მისი ძალისხმევითაა მოცემული კათედრის თვალში საცემი შედეგები. მრავალი სამეცნიერო სტატია, სახელმძღანელო, მონოგრაფია, რომელიც მეუფე ანანიას მიერ ან მისი უშუალო ხელმძღვანელობით არის გამოცემული, ქართული საისტორიო მეცნიერების და რელიგიის წოდების ფასდაუდებელი შენაძენია. ნება მიბოძეთ თეოლოგიის კათედრის დაარსების 5 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გახსნილად გამოვაცხადო და სიტყვა გადავცე მის უწმიდესობას და ვთხოვო აგრეთვე დაგვლოცოს.

 

პროფ. არჩილ ფრანგიშვილი, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე:

თქვენო უწმიდესობავ,

ბატონო რექტორო,

ქალბატონებო და ბატონებო!

დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს პერიოდში. განათლება და სულიერება არის ის საფუძველი, რომელმაც გლობალიზაციის ნეგატიური ზეგავლენის საზოგადოებაზე ასახვისაგან უნდა გადაგვარჩინოს.

ილია მართალი ბრძანებს:

„ეს ანდერძად გქონდეს ჩემგან: არა საქმეში უზნეობა, უპატიოსნობა არ გაურიო. გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს. ადამიანთა ურთიერთობა შეუძლებელია დააფუძნო უზნეობის საწყისებზე და საქმე, რომელიც ზნეობრივი პრინციპების დარღვევიდან გამომდინარეობს, არავის გამოადგება. სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი.“

აღნიშნულთან დაკავშირებით კვლავ ჩვენს პატრიარქს მივუბრუნდები:

გლობალიზაცია არის გარდაუვალი მოვლენა და იგი უკავშირდება მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის განვითარებას.

შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიო გახდა გლობალური. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დიდმა ქვეყნებმა უნდა შთანთქან მცირე ქვეყნების კულტურული, სულიერი თუ ეროვნული ფასეულობანი, რათა შეიქმნას ერთიანი და უსახო კულტურა.

ზოგს ჰგონია, თითქოს მცირე ერების სულიერი თუ ეროვნული ფასეულობანი ქმნის კონფლიქტს და დაპირისპირებას, რაც შესაძლოა მტრობასა და შუღლშიც გადაიზარდოს. სინამდვილეში ეს სულაც არ არის ასე. ეს ფასეულობანი, მათი მრავალფეროვნება, პირიქით, ამდიდრებს მსოფლიოს. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საჭიროა ჩამოყალიბდეს საკაცობრიო ღირებულებათა ზნეობრივი ღერძი, რასაც ჩვენ მთლიანად მხარს ვუჭერთ და მიგვაჩნია, რომ იგი ხელს შეუწყობს ცივილიზაციათა შორის დიალოგს. ეს საქმე საშურია.

ადამიანი არის გონიერი არსება, იგია ხატება ღვთისა და ღვთისაგან ბოძებული გონება მან აუცილებლად კეთილად უნდა გამოიყენოს.

როცა ცივილიზაციათა შორის დიალოგის შესახებ ვსაუბრობთ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ არა მარტო კულტურათა შორის დიალოგს, არამედ რელიგიებს შორის დიალოგსაც. ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ამ დიალოგის დროს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეხოთ დოგმატიკას, ჩვენს მრწამსს, რელიგიის არსს. რადგან თუკი დავიწყებთ კამათს იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ესა თუ ის რელიგია, მაშინვე აღიმართება კედელი უშუალოდ ჩვენს შორის, რამაც შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს. ამიტომ ამგვარი საუბრის დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო.

ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ისეთ თანამედროვე პრობლემებზე, როგორიცაა გენური ინჟინერია, კლონირება, ეკოლოგია და სხვა. თანამედროვე მეცნიერება ამ საკითხებს რელიგიურ ლიდერებს ეკითხება და მათაც უნდა მისცენ შესაბამისი შეფასება ზემოაღნიშნულ პრობლემებს.

. . .

მიმაჩნია, რომ ცივილიზაციათა შორის დიალოგი აუცილებელია და საქართველოც აქტიურად უჭერს მხარს მას.

. . .

სიბრძნე გვმართებს ყველას, რათა ცივილიზაციათა შორის კონფლიქტი ავიცილოთ, ეს კი ყოველმხრივ აუცილებელია.

ამდენად, დღეს გამართული კონფერენცია, მიძღვნილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაფუძნებული თეოლოგიის კათედრის 5 - წლის იუბილესადმი, წარმოადგენს ერთგვარ ანგარიშს, რომელიც ასახავს თეოლოგიის კათედრის ნაყოფიერ მოღვაწეობას სტუდენტი ახალგაზრდობის სასულიერო განათლების სფეროში. 30 ათასზე მეტმა სტუდენტმა მოისმინა თეოლოგიური განათლების საფუძვლები. თეოლოგიურ საკითხებში სტუდენტების მონაწილეობით რეგულარულად ტარდებოდა სემინარები, კონფერენციები. საქართველოს პატრიარქის ილია II - ის ინციატივით, ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნდა და რეგულარულად ეწყობა კონფერენცია რელიგიასა და მეცნიერებაში. მთლიანობაში შეიქმნა ის ხელშემწყობი გარემო, რომელიც სტუდენტთა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სასულიერო განათლებას უწყობს ხელს.

ჩვენ, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, მსგავსად მოწინავე მსოფლიოს მრავალი უნივერსიტეტისა, კვლავაც შევეცდებით ხელი შევუწყოთ სასულიერო განათლებას და ამდაგვარად შევეცადოთ წინ აღვუდგეთ გლობალიზაციის ნეგატიური მოვლენების (და არა პოზიტიურის) ასახვას საზოგადოების გარკეული ფენის ცნობიერებაში.

 

პროფ. ზურაბ გასიტაშვილი, აკადემიური საბჭოს წევრი:

თქვენო უწმიდესობავ,

ბატონო რექტორო,

ქალბატონებო და ბატონებო!

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი ილია II ბრძანებს: დღეს ფილოსოფიაში და, საერთოდ, აზროვნებაში არსებობს ასეთი ცნება: სწრაფი რეაგირების კულტურა. მართლაც, ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები დედამიწაზე, რომ შესაბამისად მათი სწრაფად აღქმა არის საჭირო, და არა მარტოოდენ აღქმა, არამედ გაანალიზება და სათანადო რეაგირება.

ბიბლია ამბობს: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა, ეს მადლი, რომელიც უფლიდან მოციქულებზე და მოციქულებიდან სასულიერო მოღვაწეებზე გადმოვიდა თაობიდან თაობაზე უწყვეტლივ სრულდება და ამ მადლის მასობრივი გავრცელების მექანიზმი სწორედ რომ განათლების სისტემა გახლავთ, რომელიც პირველად ჩვენს უნივერსიტეტში, მსგავსად ევროპის უმრავლესი მოწინავე უნივერსიტეტებისა, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ნებითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით განხორციელდა. ამდენად, დღეს არის უბედნიერესი დღე, რამდენადაც ამ ხუთი წლის განმავლობაში 30 000 -ზე მეტმა სტუდენტმა მოისმინა ჭეშმარიტი სიტყვა უფლისა.

ერის აღორძინებისა და სიმტკიცის არსებითი ფაქტორია ზნეობრივი პოზიცია. როდესაც ერი სულიერად დახვეწილი და ძლიერია, წარმატებაც თანხვედრია, ხოლო როდესაც სულიერი შიმშილი იწყება, აქ ყველა უბედურებას ეხსნება კარი.

ისევ პატრიარქს დავესესხები:

თქვენ, აქ, უნივერსიტეტში მოხვედით არა მარტო იმისათვის, რათა ცოდნა მიიღოთ, არამედ უნდა განმტკიცდეს თქვენი ზნეობა. თქვენ უნდა დაინახოთ, თუ რა არის მთავარი. ეს არის ჩვენი სულიერი, კულტურული, ზნეობრივი ფასეულობანი. თქვენი ცხოვრებით სულიერი ჯვარი უნდა შექმნათ. ვერტიკალური ძელი ამ სულიერი ჯვრისა არის სწრაფვა ღვთისაკენ, ჰორიზონტალური კი - სწრაფვა ადამიანებისაკენ. სულიერი ჯვრის გამოსახვა თავისი ცხოვრების წესით - ადამიანის ცხოვრების უმთავრესი მიზანია.

დღეისათვის მრავალი პოპულარული გამოცემის გვერდები აჭრელებულია მაგიური სალონების, ასტროლოგებისა და ექსტრასენსების განცხადებებით. სახელმწიფო და საზოგადოება ამ პრობლემათა მიმართ არ შეიძლება გვერდზე დადგეს. ამდენად, ამ საკითხში მნიშვნელოვან როლს რელიგიური სწავლების ეფექტური სისტემის აწყობა წარმოადგენს.

მართლმადიდებლობა საქართველოსთვის არა მარტო ტრადიციული რელიგიაა, არამედ, თუ არ ვფლობთ მართლმადიდებლური რწმენის საფუძვლებს, ვერ შევიმეცნებთ ქართულ ლიტერატურას, ხელოვნებას, ფილოსოფიას და ეთნოცნობიერებას. ამდენად, დაუშვებელია, ოცდამეერთე საუკუნის ქართველს არ გააჩნდეს ელემენტარული წარმოდგენა სარწმუნოებაზე. საქმე ეხება იმ ცნობიერ ორიენტირს, რომელიც ჩვენმა დიდმა წინაპარმა, წმიდა დავით აღმაშენებელმა გადმოგვცა სულიერი გავლენის გზით:

„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!“

ბევრ ადამიანს გააჩნია ინტერესი, მაგრამ არ გააჩნია მართლმადიდებლური ტრადიციების ცოდნა. ბევრს რელიგიაზე ნაწილობრივი, ფრაგმენტული წარმოდგენა გააჩნია. სასულიერო აკადემიას არ ძალუძს სპეციალიზებული რელიგიური განათლება მისცეს ფართო მასებს და შეასრულოს მცირე დროში ის სამუშაო, რაც ჩვეულებრივ პირობებში თაობათა ცვლას მოიცავდა, მით უმეტეს, რომ მეოცე საუკუნეში საგანმანათლებლო სისტემაში სასულიერო განათლება პრაქტიკულად უარყოფილი გახლდათ.

საქართველო მრავალკონფესიურ, მრავალნაციონალურ ქვეყანას წარმოადგენს, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ამ მდგომარეობის გამო ქართველ ან სხვა ხალხებს აუკრძალო საკუთარი ნაციონალური რელიგიური ტრადიციების შესწავლა იმის შიშის გამო, რომ რაიმე არ მოხდეს. ამდაგვარი მიდგომა დომინირებდა საბჭოთა პერიოდში, როცა ნაციონალური ტრადიციების ნამსხვრევებზე ცდილობდნენ აეგოთ ახალი საზოგადოება - საბჭოთა ხალხი.

რუსეთში, მეცხრამეტე საუკუნეში გახსნილ უნივერსიტეტებში, თეოლოგიის სწავლება არ მიმდინარეობდა, რამაც გამოიწვია მაღალი საზოგადოების, ინტელიგენციის ინტელექტუალურ ცხოვრებაში რელიგიის სწავლების შეზღუდვა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ახალგაზრდა რუსი ინტელიგენტი რელიგიას აღიქვამს როგორც სიცოცხლის უუნაროს. ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი სასულიერო მოღვაწე დიაკონი ანდრეი კურაევი ამბობს: ოქტომბრის რევოლუცია ევროპის იმ ერთადერთ ქვეყანაში მოხდა, სადაც უნივერსიტეტებში არ ისწავლებოდა თეოლოგია.

კონფესიათა შორის დაპირისპირება, როგორც წესი, წარმოიშობა იმ პირობებში, როცა არ არსებობს ნამდვილი ცოდნა საკუთარი ან სხვათა რელიგიური ტრადიციებისა, როცა რელიგიური განსხვავება აღიქმება როგორც ჩემი - სხვისი. ამდენად, საზოგადოება, სახელმწიფო დაინტერესებული უნდა იყოს, რომ აღნიშნულ პრობლემათა შესწავლა და კვლევა ტარდებოდეს.

თავისუფალ საზოგადოებაში ნებისმიერ ადამიანს გააჩნია რწმენის უფლება და ეს არჩევანი კონსტიტუციის ფარგლებში დაფასებულ უნდა იქნას განათლების სფეროშიც.

ევროპის თითქმის ყველა ქვეყნისა და აშშ-ის უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამები დიდი ხანია თეოლოგიურ დისციპლინებს მოიცავენ.

ევროპაში თეოლოგიის სწავლება უმაღლესი სასწავლებლებისა და უნივერსიტეტების დაარსებასთან ერთად ხდება. იქ თეოლოგია უმაღლესი განათლების ცენტრში იმყოფება. ეს არის უმაღლესი მეცნიერება, როგორც ამას აყალიბებს შუა საუკუნეების ფილოსოფიის უდიდესი ავტორიტეტი, წმიდა თომა აქვინელი: თეოლოგიის სამსახური ყველა დანარჩენი მეცნიერების დანიშნულება გახლავთ .

დღეს საქართველოს მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, მათ შორის უმრავლესობა ახალგაზრდობაა. მრავალი მათგანი უცხოურ სასწავლო და სამეცნიერო კერებში აგრძელებს განათლებასა და სამეცნიერო მოღვაწეობას. ჩვენი აზრით თეოლოგიის კათედრის ხელდასმით და თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით სასურველია გაიხსნას თეოლოგიის დისტანციური სწავლება, რომელიც საქართველოს რეგიონებისა და უცხოეთში მცხოვრები ყველა ასაკის ქართველისათვის უწყვეტი განათლების კერა გახდება.

როგორც ვხედავთ, გლობალიზაცია გახლავთ გარდაუვალი მოვლენა. საინფორმაციო წყაროებიდან მოედინება ნიაღვარი ნეგატიური ინფორმაციებისა. ღოგორც მოგეხსენებათ მეცნიერება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შემოღებულია ინფორმაციული ეკოლოგიის დარგი. ამ ნეგატიური წყაროს თავიდან აცილების ორი საშუალებაა:

1. სასულიერო განათლება;

2. საინფორმაციო წყაროებიდან ადამიანის სულის დამაზიანებელი ინფორმაციის გაშვების რეგულირება.

ჩვენ სასულიერო განათლებით უნდა შევიძინოთ სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარი.

 

პროფ. იგორ კვესელავა, სტუ-სა წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის გამგე:

თქვენო უწმიდესობავ,

ქალბატონებო და ბატონებო,

ბატონო სტუმრებო!

დღევანდელ მსოფლიოში ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური საზღვრები თანდათან კარგავს თავის უწინდელ დანიშნულებას. XX საუკუნე განსაკუთრებით გამოირჩევა ცოდვის არნახული სიდიდით. თითქოს კაენის ბეჭდი დაესვა მთელ დედამიწას. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია მსოფლიოს თანამედროვე მდგომარეობა მხოლოდ ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა პირობებით განვსაზღვროთ. ცხადია, ეს ფაქტორები ობიექტურად არსებობენ და თავიანთ ზეგავლენას ახდენენ პროცესებზე, მაგრამ ისინი არ არიან გადამწყვეტი, ასრულებენ მეორეხარისხოვან როლს და არ შეუძლიათ ისტორიის სრული პროგნოზირება.

არ უნდა იყოს სადავო, რომ ისტორიის ლოგიკური გზით ახსნა შეუძლებელია, ადამიანის გონებისთვისაც მიუწვდომელი რჩება იმ ფაქტორთა გამოვლინება და განსაზღვრა, რომლებიც ისტორიულ პროცესებს აყალიბებენ, ამასთან არსებობენ ზეკანონები, აუხსნელი მოვლენები, რომლებიც არ ექვემდებარებიან მიზეზშედეგობრივ კავშირს, შესაძლოა ყველაზე კრიტიკულ პერიოდში გამოვლინდნენ და, საერთოდ, შეცვალონ მოვლენების მსვლელობა. ამიტომ აქ წინ იწევს ყველაზე მნიშვნელოვანი პარადიგმა - ისტორიის სულიერი ასპექტი, მსოფლიოს ზნეობრივი სახე, ადამიანის ცხოვრების დაფარული, შინაგანი თვალით უხილავი მხარე, რომელიც სულიერ განზომილებაში აჯამებს მთელი კაცობრიობის საქმეებს და საზღვრავს მის მომავალს.

ისეთ ვითარებაში, როდესაც თითქოს განიხილება რომ კაცობრიობამ თავისი თავი ამოწურა, ყოფიერება სიცარიელემ მოიცვა და მას სასიკვდილო განაჩენი ემუქრება, იმედად უნდა გამოჩნდეს სულიერი აღორძინების ძალა და უნარი.

თუ გავიცნობიერებთ, რომ სულიერი თვითმყოფადობის უმთავრესი ფაქტორი კულტურაა, ის უნდა განვიხილოთ მწერლობასთან, ხელოვნებასა და მეცნიერებასთან ერთად, როგორც საზოგადოების ცნობიერებისა და ყოფაცხოვრების მომცველი ფენომენი.

უდავოა, გლობალიზაციის პროცესი იწვევს ხალხებისა და კულტურების ასიმილაციას და გაქრობასაც კი. ამის საშიშროება ჩვენც გვემუქრება. ღვთისგან ნაბოძები თავისუფლების არასწორი აღქმა და გამოყენება თრგუნავს ღვთისგან მონიჭებულ სამ უმთავრეს ნიჭს: რწმენას, იმედს და სიყვარულს.

ყოველივე ამისგან არც ჩვენ ვართ დაზღვეული, განსაცდელი სახეზეა და ქვეყანა მაშინ შეძლებს გადარჩენას, თუ ის თავის ტრადიციებზე დაყრდნობით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნის და განამტკიცებს ქართულ სახელმწიფოს.

აქ წინა პლანზე გამოიკვეთება სამი დიდი სვეტი: ენა, მამული, სარწმუნოების ფენომენი, განისაზღვრება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები ეკონომიკურ, კულტურულ და ინტელექტუალურ სფეროში, გაცნობიერდება რა არის მისაღები და რა უარსაყოფი, წინ წამოიწევა ქართული ეროვნული იდეისა და კულტურის დიდი საყრდენი - მართლმადიდებლობა - ქართული ქრისტიანიზმი.

ღმერთმა ადამიანს მიანიჭა თავისუფალი ნება, შინაგანი ავტონომია, არჩევანის შესაძლებლობა. მას შეუძლია, თვითონ გადაწყვიტოს როგორ მოიქცეს. ეს არის ადამიანის უდიდესი ღირსება, მაგრამ, ამავე დროს, უდიდესი პასუხისმგებლობაც და საშიშროებაც. ნების თავისუფლებაშია ადამიანის საუკუნო ცხოვრების საწყისი, მაგრამ ნების თავისუფლებაშივეა საუკუნო წარწყმედის შესაძლებლობა.

საბედნიერო და გასახარებელია ის, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიდის განსჯა და სწავლება ყოველივე ამისა; ტექნიკური უნივერსიტეტი მხოლოდ ცოდნას კი არ აძლევს სტუდენტს, არამედ ზრდის და აყალიბებს მას ზნეობრივ მოქალაქედ, წარმოაჩენს სარწმუნოებისა და ეკლესიის უმთავრეს დანიშნულებას. ამ საქმეში კი დიდი როლი ეკისრება თეოლოგიის კათედრას, რომელსაც მისი დაარსებიდან დღემდე განაგებს ცნობილი საეკლესიო მოღვაწე და მეცნიერი, ჭეშმარიტი პატრიოტი და მამულიშვილი, პროფესორი ანანია ჯაფარიძე.

კათედრის მთელი შემადგენლობა მოწოდებულია იტვირთოს რელიგიის უმნიშვნელოვანესი მიზანი: საუკუნო ცხოვრების მოპოვება, ღვთაებასთან სულის საუკუნო ერთობა, ახალგაზრდობას ასწავლოს სიმართლის თქმა, უთხრას ის, რომ ადამიანი „სიტყვიერი არსებაა“ და ყოველი ტყუილი, ყოველი ცრუ და პირფერული სიტყვა ჰაერში კი არ ქრება უკვალოდ, არამედ უხილავ საცავში - ბოროტების საშინელ სამეფოში - ინახება.

სიტყვის მეშვეობით ადამიანს შეუძლია თავისი გონება მიწიდან ზეცისკენ აამაღლოს, მაგრამ სიტყვის მეშვეობითაც შეუძლია ემსახუროს დემონსაც. მითუმეტეს, როდესაც ჩვენი ცხოვრება მოიცვა სიცრუემ და პირმოთნეობამ, ის ჩვეულებრივად იქცა. ადამიანი მიეჩვია ნიღბის ტარებას და მასში სიცრუის და ორპირობის ცოდვამ დაისადგურა.

ადამიანმა უკლო ფიქრს და უმატა გამუდმებით ლაპარაკს. დავიწყებას მიეცა ძველი ბერძნული სამყაროსთვის საკმაოდ ნაცადი ფენომენის - დუმილის სწავლა.

გასახარია, რომ კათედრის სულიერი მოძღვრებანი სტუდენტი ახალგაზრდობის მოწონებას იმსახურებს, აყალიბებს მათ ზნეობრივ მოქალაქეებად, თავიანთი სამშობლოს პატრიოტებად.

ამ ახალგაზრდებს გაცნობიერებული აქვთ, რომ ყოველ ცივილიზებულ ერს აქვს მესიანისტური იდეა, რომელიც ეფუძნება რწმენას საკუთარი ერის ფუნქციაზე, ერის მნიშვნელობაზე ზოგადსაკაცობრიო სივრცეში.

მესიანისტური იდეა არ არსებობს ღვთის რწმენის გარეშე. საქართველოში ამ იდეის განვრცობა დაკავშირებულია ღვთიურ, რელიგიურ ქრისტიანულ პრინციპებთან. ქართულ იდეოლოგიაში ჩნდება ქრისტეს კვართის, წმინდა ჯვრის ნაწილების (ლურსმნები) ღვთისმშობლის წილხვდომობის, ბაგრატიონების ქრისტესთან ნათესაობის თეორიები.

სხვათა შორის საქართველოში მესიანიზმის თეორიული ასპექტი პრაქტიკულად ხორციელდებოდა. არსებობდა დიდი კავკასიური სახელმწიფოებრივი თანამეგობრობა - მონათესავე ხალხთა კავშირი, მშვიდობიანი ცხოვრების პერსპექტივა.

მესიანისტურმა იდეამ საქართველოს გადარჩენის მისია იტვირთა. ოპტიმიზმით განაგრძობდა ეროვნულ ბრძოლას, დიდი შემართებით იცავდა ეროვნულობასა და სარწმუნოებას, ამიტომ სრულიად გასაზიარებელია მოსაზრება, რომ მართლმადიდებლობა გახდა ქართველობა და ქართველობა მართლმადიდებლობა.

საქართველოს მესიანისტური იდეა ბიბლიას ეყრდნობა, გამაგრებულია ენათმეცნიერული და ანთროპოლოგიური მონაცემებით და მას სხვა ერის წარმომადგენლებიც იზირებენ.

სამართლიანად შენიშნავდა აკაკი ბაქრაძე: მიზნის მისაღწევად საჭიროა საკუთარი მესიანისტური იდეა და ბრძოლა მის განსახორციელებლად.

დღეს თეოლოგიის კათედრის უეჭველი დამსახურებაა ის, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლობა და სტუდენტობა ოცნებობს საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელის, დიდი ეკლესიის მოღვაწის უნეტარესისა და უწმინდესის ილია II-ის სიტყვებს:

“როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე დამოკიდებულია იმაზე, თუ ჩვენ როგორ არჩევანს გავაკეთებთ დღეს, მივიღებთ ბოროტების მიერ შემოთავაზებულ მოჩვენებით სიყვარულს და ცრუ ღირებულებებს, თუ ცოდვასა და სიკვდილზე გამარჯვებული ღმერთის მხარეზე დავდგებით“.

 

პროფ. ანზორ შავგულიძე, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

... მამული და ეროვნება მიაშვილა სამღვდელოებამ რჯულს, რჯული, მამულსა და ეროვნებას და ეგრეთ მოძღვრებულმა ერმა ეს სამება წაიმძღვარა წინ...

ილია მართლის ეს სიტყვები, როგორც სწორუპოვარი ოქროს გასაღები ქართული ცნობიერებისა, ამშვენებს მთავარეპისკოპოს ანანია ჯაფარიძის ოთხტომეულს, რომელიც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიას ეძღვნება.

დიდი ილია იშველიებს ერთი ბრძენის გამონათქვამს და ბრძანებს, „ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ, და ზოგი კი იმისთანა, თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ.“ ბუნება არისო ამისთანა ადამიანისა, - აგრძელებს ილია და ასკვნის, რომ ჩვენი სულთა სწრაფვა ერთსაც ეტანება და მეორესაც და ნება უნებლიეთ ამ ორს სამფლობელოში დადისო მოუსვენრად. ამ ორი სამფლობელოს შემაერთებელია სიბრძნე, რომელიც სხვა არა არის რა, გარდა მეცნიერებისა და სარწმუნოების ერთმანეთში მორიგება, ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად. მეუფე ანანიას მთელი სამეცნიერო შემოქმედება და მათ შორის ზემოაღნიშნული კლასიკური ოთხტომეული, რომელშიაც დაცულია ილია მართლის პრინციპები და სადაც არც სარწმუნოებაა განწირული მეცნიერებისათვის და არც მეცნიერება სარწმუნოებისათვის. ამგვარი სიბრძნის მფლობელი კი სწორედ ის პიროვნება შეიძლება ყოფილიყო, რომელიც ერთდროულად არის ღვთისმეტყველიც და ბუნებისმეტყველიც. ღვთისმეტყველების და ბუნებისმეტყველების განუყრელად შეერთების იდეამ შთააგონა მეუფე ანანიას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თეოლოგიის კათედრის ჩამოყალიბება და წმინდა გიორგის სახელობის პატარა ეკლესიისათვის ფუძის გასკვნა, რაც მან განახორციელა უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს პატრიარქის ილია II-ის კურთხევით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაშინდელი მესვეურების მხარდაჭერით.

ამ ამბებიდან ხუთი წლისთავზე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულმა სახე იცვალა: სიმშვიდემ დაისადგურა აქ და ყოველ ღვთისმოსავს ხატებთან კრძალვით მიახლების შესაძლებლობა მისცა. ხუთი წელია ამ ადგილზე ჩერდება შენობაში შემოსული ყოველი მეტყველი სულიერი და პირჯვრისწერით ღმერთს შეღაღადებს თავისი ქვეყნის მშვიდობას, ბედნიერებას, გაბრწყინებას.

რაც შეეხება თვით თეოლოგიის კათედრას, მისი მსახურნი უკვე ხუთი წელია სიკეთით მოძღვრავენ ჩვენს სტუდენტებს, მეცნიერებს, პედაგოგებს; მეცნიერების ამ ტაძარში შემოსულ ყველა პიროვნებას უმაღლებენ სულიერებას, უღვივებენ ღმრთისადმი მოკრძალებას, სიყვარულისა და მეგობრობის გრძნობას, წინსვლისა და გამარჯვებებისაკენ სწრაფვის ჟინს. და ყოველივე ეს ხდება მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა განვითარების ახალ გზაზეა დამდგარი და მტკივნეული პროცესების ნაკადს ბოლო არ უჩანს. საქმეში უკეთ ჩახედვის მიზნით, მოდით, ყური მივუგდოთ საქართველოს სულიერ მამას, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს: „ტელევიზიის, მობილური კავშირგაბმულობის, კომპიუტერისა და ინტერნეტის განვითარებამ მანძილი და დრო მკვეთრად შეამცირა. ეკონომიკა თანდათან კარგავს მხოლოდ ეროვნულ, სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას და იქმნება ტრანსნაციონალური კომპანიები, რომელთაც, ძირითადად, საკუთარი მიზნები ამოძრავებთ და არა სახელმწიფო ინტერესები. მიმდინარეობს კულტურათა ასიმილაციის პროცესიც. ეს ყველაფერი მრავალსახოვანი გლობალიზაციის გამოვლინებაა.

ასეთ ვითარებაში ჩვენი ხალხი ახალი პრობლემის წინაშე დადგა. ეს არის დროის გამოწვევა. კონკრეტული ძალა არ ჩანს, მაგრამ ცრუთავისუფლებაზე დაყრდნობით, მასმედიის საშუალებებით (სერიალებით, მდარე ტელეპროდუქციით) ხდება ზემოქმედება ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით კი მომავალი თაობის, ცნობიერებაზე, რათა მათში დაინერგოს არაეროვნული, არაქრისტიანული მსოფლმხედველობა, რაც შედეგად გამოიწვევს ჩვენი ეთნოფსიქიკის შეცვლას და ერთიანი ქართველი ერის დაშლასა და გადაგვარებას. უნდა გავაცნობიეროთ, რომ შეტევა ხორციელდება თითოეული ადამიანის აზროვნებაზე, ამიტომაცაა ყოველი ჩვენგანის გული და გონება ამ ბრძოლის ასპარეზი. ესა თუ ის პიროვნება ან რჩება ქართველად, ან, თავისი შინაგანი სისუსტისა და მიმბაძველობის გამო, იცვლის ღირებულებათა სისტემას.

ეს ისეთივე მნიშვნელობის ომია, როგორიც ჩვენს მამა-პაპათ გამოუვლიათ.

მოგმართავთ ყველას, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს: შეინარჩუნეთ ჩვენი თვითმყოფადობა, ჩვენი ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების წესი. გახსოვდეთ, მთავარი ბრძოლა ბოროტთან მოგებულია. უფალი ბრძანებს: „ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“ (ინ. 16, 33). მაშ, იბრძოლეთ ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და თქვენ გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო. დღეს ეს ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი.

უნდა იცოდეთ, რომ ქართული იდეა ორ უმთავრეს სვეტს ეყრდნობა. ესაა სულიერი ღირებულებები (რაც გულისხმობს მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და მის წესჩვეულებებს) და ეროვნულ-კულტურული ფასეულობები, რითაც ასე მდიდარია ჩვენი ქვეყანა.

ქართულმა იდეამ რომ ხორცი შეისხას და განვითარდეს, საჭიროა გაერთიანდეს სახელმწიფოს, საზოგადოებისა და ეკლესიის ძალისხმევა.

ნება მომეცით, ჩემი ეს მცირე გამოსვლა ლოცვით დავასრულო:

“უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად და ნუცა მოიხსენიებ უსჯულოებათა ჩვენთა, არამედ მოიხილე ჩვენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩვენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და ჩვენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩვენზედა და შეგვიწყალენ ჩვენ“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

დალოცვილი და გახარებული იყავით თქვენ და სრულიად საქართველო.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაგრძელება