ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჰ
აბირონი | (105, 17) [*] | - და დათან, ელიაბის ძენი, რუბენის ტომის -
ისრაელის (ებრაელი ერის) თორმეტი ტომიდან ერთ-ერთი ტომის უხუცესნი
(თავკაცები). ებრაელი ერის აღთქმულ ქვეყანაში მოგზაურობის დროს, აბირონი და დათანი, ებრაელთა ზოგიერთ სხვა თავკაცებთან ერთად, შეითქვნენ მოსესა და მისი ძმის აარონის წინააღმდეგ, რის გამოც უფლის განგებით ისინი შთანთქა მიწამ მათი სახლობითურთ. მათთან ერთად დაისაჯა ისარის ძე კორე, რომელმაც მოიწადინა აარონის თანასწორად ყოფა და იყო ერთ-ერთი მოთავე შფოთისა. მათი მომხრენიც, 250 კაცი, დაიწვნენ უფლის მიერ ზეციდან მოვლენილი ცეცხლით (რიცხვ: XVI თ.). |
აგარიანნი | (82, 6) | - იგივე ისმაიტელნი, აბრაამის მოახლის - აგარის ძის ისმაილის შთამომავალნი (2024 წ. ქ.შ.-მდე). ისმაილმა იქორწინა ეგვიპტელ ქალზე და ითვლება ნათესავ-მთავრად (მამათ-მთავრად) არაბი ხალხისა, ანუ ისმაიტელთა, იგივე აგარიანთა (შესაქ: XVI თ.). |
აენდორი | (82, 10) | - მაგდალოსის წყლის ახლოს მდებარე ადგილი, სადაც ცხოვრობდა მკითხავი (ნათელმხილველი), რომელმაც უწინასწარმეტყველა ებრაელთა მეფე საულს მასზე ღვთის განრისხება და დამარცხება სიკილიის მეფის ახუსისაგან. |
ათძალი | (143, 9) | - ათ-ალყიანი, ანუ ათ-სიმიანი საგალობელი იარაღი (დასაკრავი ინსტრუმენტი), რომელსაც უკრავდა იუდეველთა ხორო (მგალობელთა გუნდი) საღმრთო გალობისას სადიდებლად ღმრთისა (იხ. „ფსალმუნი“). |
ალლილუია | - ებრაულად „ჰღალლელუ-ჰაიღ“. შედგება ორი სიტყვისაგან: „ჰღალლელუ“ ნიშნავს „აქებდით“, ხოლო „ჰაიღ“ შემოკლებით „ჰიეღოვა“ („იაჰვე“). ორივე ერთად კი ამგვარად გამოითქმის „აქებდით უფალსა“. | |
ამალეკ | (82, 7) | - ესავის შვილის ელიფაზის ძის ამალეკისაგან წარმომდგარი ხალხი. ელიფაზს ამალეკი ეყოლა თავისი ხარჭის თამნასაგან (შესაქ. 36, 12). ისინი წინ აღუდგნენ ისრაელის შესვლას აღთქმულ ქვეყანაში, მაგრამ დამარცხდნენ მათთან ბრძოლაში (გამოს. 17, 8). |
ამაო | (5, 10) | - ცუდი, ფუჭი, გამოუსადეგარი. |
ამბოხი (ამბოხება) | - არეულობა, ჩოჩქოლი. {ამბოხი სულხან-საბას განმარტებული აქვს აგრეთვე, როგორც „დაუმჟავებელი მაჭარი“} | |
ამო | - მოსაწონი, საამებელი, სასიამოვნო შესაქცევი. | |
ამონ, ამან | (82, 7) | - ლოთის ძის ამონისაგან (ამანისაგან) წარმომდგარი ხალხი (შესაქ. 19,38). |
ამორეველნი | (135, 19) | - აღთქმულ ქვეყანაში შესვლის დროს ისრაელიანებმა (ებრაელებმა) დაიპყრეს ამორეველთა ქვეყანა და მოკლეს თვით მათი მეფე სეონ. მასთან ერთად ებრაელებმა ისუ ნავეს ძის წინამძღოლობით გაანადგურეს და მოსრეს ოცდათერთმეტივე მეფე ქანაანის ქვეყნისა, რომელნიც წინ აღუდგნენ მათ შესვლას აღთქმულ ქვეყანაში (ისუ ნავე XII თ.) |
ანგარება | - სიხარბე, გამორჩენის მიზნით რაიმეს ქმნა. | |
ანგელოზი დამცველი | (90, 11) | - „ანგელოზი“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „მაუწყებელს“, „ღვთის მაცნეს“. წმიდა ეკლესიის მოძღვრების თანახმად, ყოველ ადამიანზე ღვთისგან არის დადგენილი ანგელოზი, დასაცველად და წარსამართებლად მისი ცხოვრებისა. |
ანთრაკი | (118, 127) | - ძვირფასი ქვა (თვალი) ნაკვერცხლის ფერისა, ღამე ცეცხლისებრ ელავს. |
აპაური, აპეური | (2, 3) | - მოკლე თოკი, რომლითაც უღელი დაემაგრება ხარის კისერზე. „განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩვენგან უღელი მათი“ - ე.ი. გამოვიხსნათ თავი იმათი უფლობისაგან ანუ ბატონობისაგან და ყოველივე ვალდებულება, რაიც მათ დაგვაკისრეს, განვიშოროთო ჩვენგან {იმათში იგულისხმება ღვთის წინააღმდგომი მიწიერი ძალები - იხ. ფსალმ. 2, 1-3} |
არა გიხმს | (15, 2) | - არ მოითხოვ, არ ჰსაჭიროებ. |
არგანი | - დიდი ჯოხი, რომელსაც ხმარობენ სიარულის დროს დასაყრდნობლად, ყავარჯენი. | |
არე, ჰარე | (73, 17) | - გაზაფხული, ანუ რომელიმე დრო წელიწადისა. {სულხან-საბას განმარტებით - „არე“ („ჰარე“) აღნიშნავს ატმოსფეროს ქვედა ნაწილს, რომელშიც უშუალოდ უწევთ ადამიანებს და უმრავლეს ცოცხალ არსებებს ცხოვრება} |
არვე | (49, 9) | - თხათა და ცხვართა ჯოგი, ფარა. |
ასპიტი | (57, 4) | - ბერძნული სიტყვაა, ჰქვია ფრიად შხამიან გველს, რომლის ნაკბენიც სასიკვდილოა ადამიანისათვის. |
ასურ | (82, 8) | - ნოეს ერთ-ერთი შვილის სემის ძე, რომელმაც ბაბილონის
გოდოლის შენების და ენათა განყოფის შემდგომ, მე-19 საუკუნეში დასაბამიდან
ქვეყნიერებისა, მდინარე ტიგროსთან აღაშენა ქალაქი და იწოდა
ნათესავთ-მთავრად (მამათ-მთავრად) ასურეველთა, ანუ ასირიისა. ებრაელთა აღთქმულ ქვეყანაში შესვლისას ასირიის მეფემ შემოიკრიბა სხვა მრავალი მეფენი და თავს დაესხა ისრაელიანებს; მაგრამ ისუ ნავემ (ისუ ნავეს ძემ) დაამარცხა ისინი და მოკლა მათი მეფე აბინი. გაანადგურა ასევე მასთან მშველელად მისული მეფენი მადიამისა, სემერომისა და დიდი დალმათიისა და დაიპყრო მათი ქალაქები (ისე ნავე XI თ.). |
ასულნი ბაბილოვნისანი | - ე.ი. მოქალაქენი ბაბილოვნისა. | |
აღვიკუართნე | (107, 9) | - გავიშვირე. „იდუმიამდე აღვიკუართნე ხამლნი ჩემნი“ ნიშნავს - „იდუმიაზე დავდგამ ჩემს ჩექმას“, ანუ „იდუმიას დავიპყრობ“. |
აღვიმსთუე | (118, 147) | - ადრე ავდექი. აღმსთობა - დილას ადრე ადგომა, ან სწრაფად წამოდგომა (ს.ს. ორბელიანი) |
აღნადგინები | (71, 14) | - ვახში, ვალად გაცემული ფულის სარგებელი. სულხან-საბას განმარტებით - „უწესო ვალის სარგებელი“. |
აღძრვა | (30, 20) | - შეთქმულება, შფოთი, არეულობა. |
ახს | (84, 9) | - ახლო არს. |
ბაბილო | (79, 10) | - მაღალ ხეზე ასული ვაზი. სხვანაირად ჰქვია - მაღლარი, დობილო. ბაბილოს უწოდებენ ასევე ველურ ვაზს. მისი სინონიმებია - კრიკინა, უსურვაზი, რძღვამლი. |
ბაბილოვანი | (86, 4) | - ქალაქი ბაბილოვანი (ბაბილონი), წოდებული სერარად,
დააარსა ნოეს ერთ-ერთი ძის ქამის შვილიშვილმა ნიმროდმა. სწორედ აქ
შენდებოდა გოდოლი, რომელიც იქმნა მიზეზად ენათა განყოფისა (შესაქ. 11,
1-9). ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა (გამეფდა 605 წ. ქ.შ.-მდე) დაარღვია ტაძარი იერუსალიმისა და დაატყვევა ისრაელნი, რომელთაც ბაბილონის ტყვეობაში გაატარეს 70 წელი, ბაბილონში კიროსის გამეფებამდე, რომელმაც გაანთავისუფლა ისრაელნი ტყვეობისაგან (ქ.შ.-მდე 526 წ.). |
ბანაკი | (26, 3) | - დროებით სადგომი ჯარისა, მოზაურთა და მისთ. ამ ფსალმუნში იგულისხმება მტრის ჯარის ბანაკი. შეიძლება ასევე ვიგულისხმოთ სულიერი მტრებიც, ანუ ეშმაკთა დასი. |
ბასანი | (67, 22) | - ოგ მეფის სამეფო ქალაქი (იხ. „ოგ“, „ამორეველნი“). |
ბაძი | - მიმსგავსებითი მოქმედი. | |
ბელფეგორი | (105, 28) | - იგივე ფოგორი, სახელი ერთ-ერთი წარმართული
კერპისა, რომელიც ებრაულად განიმარტება, როგორც „უფალი გაშიშვლებული“.
მნიშვნელობა ამ სიტყვისა აღებულია მოაბელების (იხ. „მოაბ“) ბილწი და
ურიცხვილო კერპისაგან (ოსია 9,10). ებრაელი მოძღვარნი მოგვითხრობენ, რომ ამ
კერპისადმი ლოცვის დროს მლოცველები სრულებით შიშვლდებოდნენ და გარყვნილებას
ეცემოდნენ. გერმანე იერუსალიმელი ამბობს: „ვალაამ ურჩია ვალაკს ამ გზით
გაერყვნა ებრაელები და შეეუღლებინა ისინი მოაბელების დედაკაცებთან“.
ფსალმუნში წერია: „შეიბილწეს იგინი ბელფეგორს“ - ე.ი. ისიძვეს მოაბელ
დედაკაცებთან - „და ჭამეს ნაგები მკუდართაჲ“ - ანუ მიიღეს ნაზორევი
(შესაწირი, წინა-დაგებული) უსულო კერპთა (რიცხვ. 25, 1-3). ბილწი ფეგორის სჯულის საწინააღმდეგოდ, ძველი აღთქმის მოძღვრებმა დაადგინეს წესი, რომლის თანახმად ღვთისმსახურება უნდა ჩატარებულიყო შესამოსლით (გამოსლ. 28, 42-43). ბელფეგორის სახედ მიჩნეულია ბერძნული კერპი პრიაპოსი, რომაულად მუტტინა. ბერძნულ-რომაული მითოლოგიის მიხედვით, პრიაპოსი იყო ძე დიონისისა და აფროდიტისა, ბარაქისა და ტკბილ განცდათა ღვთაება, ითვლებოდა მევენახეობის, მებაღეობის, მეთევზეობის მფარველად, ბაღების, ვენახების, მინდვრების, თხებისა და ცხვრების ფარათა მცველად. გამოისახებოდა გრძელ ტანსაცმელში გამოწყობილ სანდომიან-სახიან და წვერებიან ხნოვან მამაკაცად, რომელსაც ერთ ხელში ეჭირა საბაღო დანა, ხოლო მეორეში - კალათა ხილით. მისი რკინის კერპი ედგად ტაძრებში, ხოლო ხის და ქვის კერპებს ჩვეულებრივ დგამდნენ ზვრებსა და ბაღებში, საფრთხობელის მაგივრად. |
ბენიამენ | (79, 2) | - მამათ-მთავარ იაკობის უმცროსი ძე, რომელიც მას შეეძინა რახილისაგან. მისგან წარმოდგა იმავე სახელწოდების ერთ-ერთი ტომი ისრაელთა თორმეტი ტომიდან. |
ბობღანი, ბობღნი | (80, 2) (150, 4) |
- ხის რკალზე ცალ მხარეს ტყავგადაკრული დოლის მსგავსი საკრავი, იგივე დაფი, დაირა. დაფდაფი იგივე დოლია. |
ბორცუნი | (113, 4) | - მრავლობითი ფორმაა. ბორცვი - მცირედ შემაღლებული ადგილი, გორაკი. |
ბუი | (101, 6) | - ღამის მტაცებელი ფრინველი, რომელიც დღისით ვერ ხედავს და განმარტოებით ცხოვრებას ეწევა. დიდ ბუს - ბაიყუში ეწოდება თურქულ ენაზე. |
ბრანგვი | (79, 13) | - ძუ დათვი. |
ბრჭალი | (55, 6) | - 1. ნები - ხელის გული თითებიანად. 2. ციდა - მანძილი გაშლილი სალოკი თითის წვერიდან ცერის წვერამდე. 3. ფეხის გული ქუსლიდან თითის ფრჩხილამდე (იხ. შესაქ: 3,15; 25,25). 4. სულხან-საბას განმარტებით „ბრჭალი“ საზომი ერთეულის მნიშვნელობითაც გამოიყენებოდა: „ხონოღროფსა შინა წერილ არს საზომად: ორმეოცი წყრთა (ხელის ნაწილი იდაყვიდან შუა თითის წვერამდე) და ათი ბრჭალი“ (იც. აქვე „ციდა“). 5. იგივე ბრჭყალი, კლანჭი. |
ბღუარი | (125, 4) | - ქვეყნიერების ერთ-ერთი მხარე, კეძოდ სამხრეთი. |
ბჭე | (126, 5) | - შესასვლელი. დიდი კარი ტაძრისა, სასახლისა და მისთ.
(იხ. გამოსლვ. 12, 23). ბჭე ეწოდება აგრეთვე ციხე-გალავანს, რომელშიც ასეთი შესასვლელია დატანებული, ციხის ბჭე. ბჭე-ს ეძახდნენ ასევე სადავო საქმის გამრჩევს, მოსამართლეს, მედიატორს. |
გაად | - 1. მამათ-მთავარ იაკობის ერთ-ერთი ვაჟი, რომელიც
შეეძინა მას თავის ცოლის (რაქელის) დის ლიას მხევალ ზელფასგან (შესაქ. 30,
9-11). 2. წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა დავითს წასულიყო მოაბის (იხ. „მოაბ“) იუდეაში, რაჟამს იგი ემალებოდა საულს (I მეფ. 22,1-5). |
|
გალაად | (59, 7) | - სახელი ქვეყნის მხარისა, რომელიც იყო კუთვნილება მანასეს შთამომავლობისა (ისუ 17,6). |
გამოახურვა | (104, 19) | - ამ შემთხვევაში იგულისხმება ადამიანის გამოცდა, გამოწრთობა განსაცდელის მოვლენის გზით. პირდაპირი მნიშვნელობით გამოხურვება ნიშნავს რკინის გამოწრთობას ცეცხლში. |
გამოკულევა | (138, 3) | - რაიმეს გამოძიება, განრჩევა. |
განგრძობა | (119, 5) | - გაგრძელება საქმისა, სიტყვისა, დროისა და სხვ. ამ შემთხვევაში: „განმიგრძდა მე მწირობა ჩემი“, ნიშნავს - დიდხანს გასტანაო ჩემმა უცხოობაში ღარიბად ყოფნამ (იხ. „მწირი“). |
განგუმერვა, განგმირვა | - გახვრეტა შუბით, ხანჯლით და მისთ. (იხ. იოანე 19, 34). | |
განვრცობა | (118, 32) | - გაფართოება, გადიდება. ამ შემთხვევაში: „განავრცე გული ჩემი“ ნიშნავს - ჩემი გული გახსენიო ღვთიური მცნებებისა და საქმეებისათვის (იხ. II კორინ. 6,11). |
განვასპეტაკნე | (50, 7) | - პირდაპირი განმარტებით - გავთეთრდე (სპეტაკი - თეთრი). ამ შემთხვევაში - გავსუფთავდე ცოდვებისაგან, განვიწმიდო. |
განზოგება | (54, 23) | განახევრება, შუაზე გაყოფა. |
გან-თუ-ეწყოს | (26, 3) | - თუ გარს შემოერტყნენ, დამწკრივდნენ საომრად. |
განთხევა | - 1. გადაღვრა. 2. გაფანტვა, გარეკვა. |
|
განივლტიედ | (30, 11) | - გარბოდნენ, ანუ თავს მარიდებდნენ. |
განკფდეს და კელობდეს | (17, 45) | - მოუძლურდნენ და კოჭლობდნენ (განკაფა - მოუძლურება, ძალის გამოლევა). ამ შემთხვევაში: „განკფდეს და კელობდეს ალაგთა მათთაგან“ ნიშნავს - გაილევიან (ძალას დაკარგავენ) და ათრთოლდებიან თავიანთ სიმაგრეებში. |
განმსჭუალვა, განმსჭვალვა |
(118, 120) | - პირდაპირი განმარტებით - ლურსმნით (სამშჭუალით, სამსჭვალით) განგმირვა, დალურსმვა. ამ შემთხვევაში: „განმშჭუალენ შიშითა შენითა ხორცნი ჩემნი“ გადატანით ნიშნავს - გამსჭვალულია, ანუ თრთის შენი შიშით ჩემი სხეული. |
განრინება | (30, 1) (139, 1) |
- გადარჩენა, გამოხსნა, განთავისუფლება. |
განყენება | (38, 10) | - განდევნა, განშორება. „განმაყენენ ჩემგან ტანჯვანი შენნი“ ნიშნავს - განარიდე ჩემგან სასჯელი შენი. |
განწონვა, განწონება | (37, 2) | - რაიმე საბრძოლო იარაღის (ამ შემთხვევაში ისრის) ადამიანის სხეულში გასვლა (განწონილი - განგმირული). |
განხრწნა | (77, 45) | - 1. ზნეობრივი გარყვნა. 2. ხორციელი ლპობა. ამ შემთხვევაში: „განხრწნა იგინი“ ნიშნავს „დაღუპა ისინი“. |
გარდათხევა | (103, 2) | - განფენა, გადაფარება. |
გებალ | (82, 7) | - სამარიაში არსებული მთის სახელწოდება. გებალ ეწოდება აგრეთვე იმ ხალხს, რომელიც მის მიდამოებში იყო განსახილველი. ამ მთაზე, ისრაელთა (ებრაელი ერის) უხუცესებმა - რუბენმა, გადიმმა, ასერმა, ზაბულონმა და ლეფთალიმმა (ნეფთალემმა), უფლის ბრძანებით შეაჩვენეს დამრღვეველნი საღმრთო სჯულისა (II სჯ. 27, 13-26). |
გესლი | (77, 46) | - 1. ქვეწარმავალთა და მისთ. შხამი. 2. მომაკვდინებელი წამალი, საწამლავი. 3. იგივე ჟანგი. 4. ამ შემთხვევაში უნდა იგულისხმებოდეს ოდი - მარცვლის დასრულებამდე პურეულის ნათესის ნაადრევი დაჭკნობა. იწვევს მცხუნვარე მზე, ცხელი ქარი. |
გთნდა, გთნდინ | (39, 6) | - სათნოდ, ანუ სასურველად მიიჩნიე, ისურვე, ინებე, მოიწონე (გთნავს - სასურველად მიგაჩნია). |
გმირი | (18, 5) | - 1. მეტად დიდი და საზარელი ტანის, ერთობ ღონიერი და
გამოჩენილი მეომარი. 2. სახელოვანი ფალავანი. |
გოდოლ-ტაძრები | (121, 7) | - ციხე-სასახლეები ეკლესიებითურთ. |
გოლეული | (18, 10) | - 1. ფიჭიანი (გადაუდნობელი) თაფლი. 2. თაფლის პური. |
გულარძნილი, გვლარძნილი |
(77, 8) | - პირდაპირი მნიშვნელობით ოღრო-ჩოღრო, მრუდე ადგილი. ამ შემთხვევაში ითქმება მრუდედ, უკუღმართად მავალ ადამიანებზე. |
დათან | (105, 17) | - იხ. „აბირონი“. |
დაიყო პირი | (62, 11) | - მეტყველება წაერთვა, ვეღარ ილაპარაკა. |
დამწყსენ | (27, 9) | - მწყემსე, ანუ მოუარე, უხელმძღვანელე, თვალი ადევნე. |
დანთქმა | (68, 2) | - წყალში ჩაძირვა, დახრჩობა. |
დაჭენებული | (61, 3) | - მორყეული, გვერდზე გადაქცეული. |
დაჰრთნა | (103, 3) | - 1. დაურთო, მოუმატა; 2. დახურვა, დააფარა. |
დრკუ | (17, 26) | - მრუდე, უკუღმართი; ამ შემთხვევაში ღვთის წინაშე მტყუანი, უკუღმართად მავალი ადამიანი (საწ. იხ. „რჩეული“). |
ეგვიპტე | (77, 12) | - უძველესი ქვეყანა აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე.
ებრაულად ეწოდება - მისრაიმ. დააარსა და მდინარე ნილოსის მიდამოებში
გააშენა ნოეს ერთ-ერთი ძის ქამის ნათესავმა მენესმა. ეგვიპტე
განიყოფა სამ ნაწილად: ზემო, შუა და ქვემო ეგვიპტედ. გარდა იმისა, რომ
ფრიად შესანიშნავია ეს ქვეყანა, სწორედ იგი იქმნა ღვთის ყოვლისშემძლეობის,
მისი ნების ჩვენზედ გამოცხადების და ძველ წიგნთა განმრავლების მიზეზად
(იგულისხმება უძველესი საღმრთო წიგნნი - მოსეს მიერ შექმნილნი). ქრისტეს შობამდე 1824 წელს, შიმშილით შეწუხებული ებრაელი ხალხი შეეხიზნა ამ მშვენიერ და ნაყოფიერ მხარეს მათი თანამემამულის იოსების (იაკობის და რახელის შვილი) იმედით, რომელიც ეგვიპტის მაშინდელი ფარაონის კარზე მის მიერ პირველ კაცად ითვლებოდა. ებრაელებმა ეგვიპტეში დაჰყვეს 215 წელიწადი, რის შემდეგაც უფალმა მრავალი სასწაულით და საკვირველმოქმედებით და მოსე მოციქულის წინამძღოლობით გამოიყვანა ისინი იქიდან, დაუმორჩილა მრავალი წარმართი (ურჯულო, და დაამკვიდრა სარწმუნოების მიმდევარი) ერი და დაამკვიდრა წინათვე აღთქმულ ქვეყანაში, ქანაანში, ანუ პალესტინაში. |
ედომი | - ეს მეტსახელი ეწოდა იაკობის ძმას ესავს (ნიშნავს - წითურს), მას შემდეგ ესავმა თავისი პირმშოება მიჰყიდა იაკობს ოსპის შეჭამანდის სანაცვლოდ (შესაქ. 25, 29-34). იგივე სახელი ეწოდა ესავისაგან წარმომდგარ ხალხს, რომელიც მკვიდრობდა იუდეის სამხრეთით, კლდიანი არაბიის (არაბეთის) ნაწილზე. ებრაელთა აღთქმული ქვეყნისაკენ მოგზაურობის დროს, მოსემ სთხოვა ნება ედომელებს, რათა გაეტარებინათ ებრაელები მათ მამულზე, რაზეც ედომელებმა უარი განუცხადეს და ბრძოლა გაუმართეს (რიცხვ. 20, 14-18), რომელიც ღვთის შეწევნით ებრაელთა გამარჯვებით დასრულდა. | |
ენოვანი | (139, 11) | - მრავალმეტყველი (და არა - მრავლისმეტყველი), ყბედი; ავსიტყვა, ბოროტად მოლაპარაკე; ენატანია. |
ერმონი | - მთა, რომლის ჩრდილოეთი ნაწილი ემიჯნება ლიბანის მთას. მისი მწვერვალის კალთებზე თოვლი არასოდეს არ დნება. | |
ეფრათა | (131, 6) | - ანუ ბეთლემი, ქვეყანა მდებარე იორდანიის დასავლეთით,
სადაც არის ძველად სატახტო ქალაქად ყოფილი ებრაელების მეფეთა „სვიქემი“ {ამ
სიტყვის განმარტება სამწუხაროდ ვერ ვპოვეთ - რედ.} აქ ცხოვრობდა
მამათ-მთავარი იაკობი და აქვე გარდაიცვალა რახილი, ვის საფლავზეც იაკობმა
აღაშენა ძეგლი. „ესერა გვესმა, ესე ეფრათას“ - ე.ი. შევიტყვეთ, რომ დავითი ეფრემის ქვეყანაში იყოო. |
ეფრემ | (79, 2) | - იოსების უმცროსი ძე, რომელიც მისი ძმის მანასეს
მაგივრად აკურთხა მამათ-მთავარმა იაკობმა სიკვდილის წინ მარჯვენა ხელის
თავზე დადებით (შესაქ. 48, 9-20). ზოგჯერ საღმრთო წერილი „ეფრემად“ მოიხსენიებს სრულიად ებრაელ ხალხს, უფრო ზუსტად, იმ ათ ტომს ისრაელიანთა, რომელნიც განუდგნენ სოლომონის შვილს რობოამს და საკუთარი სამეფო შექმნეს. |
ვარხუ, ვარხვი | (101, 6) | - წყლის ფრინველი, გრძელნისკარტიანი. ნისკარტქვეშ აქვს პარკუჭი. იერონიმეს, ავგუსტინეს და სხვა ღირს მამათა თქმით, ეს ფრინველები მდინარე ნილოსის სათავის მიდამოებში ცხოვრობენ. ითვლება, რომ ვარხვი გველისგან დაგესლილ მის ბარტყებს თავისი სხეულიდან გამოდენილი სისხლით არჩენს. |
ვასილისკო, ბასილისკო | (90, 13) | - ფრიად შხამიანი გველი, რომელიც თავისი დასტვენვით
(სისინით) აფრთხობს და გარეკს სხვა ცხოველებს, ხოლო სუნთქვით წამლავს
სასიკვდილოდ. ზღაპრული გადმოცემით ეს იყო ურჩხული, რომელსაც კისერი და კუდი
ჰქონდა გველისა, ბიბილო მამლისა, ფრთები დევისა (დრაკონისა) და ბრჭყალები
ფრინველისა. ამასთანავე, იმდენად შხამიანი იყო, რომ შეხედვით და სუნთქვით
კლავდა ყოველგვარ ცოცხალ არსებას. ხმა მისი იყო საშინელი ყოველ ცხოველზე. ახლა ვასილისკოსს უწოდებენ სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (კერძოდ - ღვიანაში, ანუ გვინეაში) მობინადრე ჯოჯოს (დიდ ხვლიკს), რომელსაც ზურგზე ასხია მეტად მაგარი ქერეჭი, ხოლო მოკუზული ხერხემლის გასწვრივ ეკლის მსგავსი გამონაზარდები აქვს. ცხოვრობს ხეებზე და იკვებება ჭია-ღუით. |
ვაშა! ვაშა! | (39, 15) | - „მეტყოდეს მე ვაშა, ვაშა!!“ - ამ შემთხვევაში ნიშნავს
ბოროტისაგან ანუ ეშმაკისაგან წაქეზებას ბოროტის საქმნელად. „ვაშა, ვაშა!“ გვხვდება სხვა ფსალმუნებშიც და შეიძლება იმ შემთხვევაში სხვა მნიშვნელობა გააჩნდეს. მაგ. „ვაშა, ვაშა სულსა ჩუენსა“ (34, 25) - ამ შემთხვევაში გამოხატავს მოწონებას, კმაყოფილებას. ეს ტერმინი ასევე შეიძლება ქების, აღტაცების მნიშვნელობითაც გვხვდებოდეს: „ვაშა უკუე, ვაშა შენსა ქებასა და დიდებასა“ („შესხმა სუეტის ცხოველისა, აღწერილი მცხეთის კათალიკოზის არსენის მიერ“, X ს.). |
ვაცი | (49, 9) | - მამალი თხა. |
ვაჭირვო | (17, 38) | - ჭირი შევყარო, შევავიწროვო, ძალა დავატანო. |
ველი მაღნართა | (131, 6) | - კარიათ-იარემის მინდორი {ალბათ გეოგრაფიული ადგილია, რომელიმე მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებული} (იხ. „მაღნარი“). |
ველი ტანეოსისა | (77, 43) | - იხ. „ტანეოსი“ |
ვენახი | (79, 14-15) | - სულიერი მნიშვნელობით „ვენახი“ აღნიშნავს უფლის ეკლესიას. „მოხედე ვენახსა ამას. და დაამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯუენემან შენმან“. მეფე-წინასწარმეტყველი დავითი სთხოვს უფალს, მოხედოს და განამტკიცოს მის მიერ ქვეყნიერებაზე ხელდებული „სულიერი ვენახი“, ანუ ღვთის ეკლესია. |
ვერძი | - მამალი ცხვარი. | |
ვეჭუ | (118, 39) | - მგონია, ვფიქრობ, ვვარაუდობ. |
ვივლტოდი | (138, 7) | - ვშორდებოდი, გავრბოდი. |
ვინცა მცნა | (54, 6) | - „ვინცა მცნა მე ფრთენი ვითარცა ტრედისანი, და ავფრინდე
მე და განვისუენო“. ამქვეყნიური ამაოებით და შფოთით შეწუხებული
მეფე-წინასწარმეტყველი დავითი ნატრობს - ნეტავი ვინმემ მომცეს ტრედის
ფრთები, რომ განვეშორო საწუთროს საზრუნავს და სულიერი სიმშვიდე ვპოვოო. {გავიხსენოთ, რომ სახარებაში „ტრედი“ სულიწმიდის სახეა (მათე 3, 16). მაშასადამე, მეფე დავითი ითხოვს სულიწმიდის მადლს, რომელიც აღამაღლებს მას ამქვეყნიურ ამაოებაზე (ამას ნიშნავს „ავფრინდე“) და სულიერი სიმშვიდეს მოუპოვებს} |
ვრონინებ | (41, 9) | - ამ შემთხვევაში „ძლივს დავდივარ“, „დავლასლასებ“. პირდაპირი მნიშვნელობით რონინი ნიშნავს „ხელით ტარებას“ (ს.ს. ორბელიანი). ვარონინებ, ე.ი. ხელით ვატარებ. |
ზაბულონი | (67, 27) | - მამათ-მთავარ იაკობის შვილის ზაბულონის შთამომავლობა, რომელიც წარმოადგენდა ებრაელთა 12 ტომიდან ერთ-ერთ ტომს. |
ზაკუა, ზაკვა | (9, 27) (14, 3) |
- მზაკვრობა, ვერაგობა; ლიქვნა, პირფერობა. ზაკვაა, როდესაც კაცი პირით სიყვარულს იჩემებს, გულში კი ბოროტი უდევს. |
ზებეე | (82, 11) | - იქვე ორებ (ყორებ), ზიბ და სალმანა. ესენი იყვნენ მადიამელთა მთავარნი, რომლებმაც ილაშქრეს ისრაელის წინააღმდეგ. მათ ჰყავდათ აურაცხელი ლაშქარი, მაგრამ გედეონმა უფლის ბრძანებით მხოლოდ 300 მეომარი გამოიყვანა მათ წინააღმდეგ საბრძოლველად და განსაკუთრებული სამხედრო მანევრით დაამარცხა მტერი, მათ მთავრებს კი თავები დასჭრეს ებრაელებმა (მსაჯ. VII თ.). |
ზესკნელი | (103, 13) | - ზეცა, მიღმური სამყაროს სფერო, სადაც ანგელოსნი (კეთილი სულნი) ცხოვრობენ. |
ზიბ | - იხ. „ზიბეე“. | |
ზღუა დიდი და ვრცელი | - საშუალ ქვეყნის (ხმელთაშუა) ზღვა. | |
ზღუა მეწამული | - წითელი ზღვა. მდებარეობს აფრიკის კონტინენტსა და არაბეთის ნახევარკუნძულს შუა. ხმელთაშუა ზღვისგან იგი გამოყოფილი იყო აზიისა და აფრიკის შემაერთებელი სუეთის ხმელეთით, სადაც ამჟამად გაყვანილია სუეთის არხი, რომელიც უმოკლესი საზღვაო გზით აკავშირებს ინდოეთს და ევროპას. წითელი ზღვა ინდოეთის ოკეანის ნაწილია და უერთდება მას ბაბ-ელ-მანდევის სრუტით. |
თაბორი | (88, 12) | - მთა პალესტინაში, რომელიც მდებარეობს ეზდრელონის ველის
შუა. იგი შემკულია მშვენიერი ყვავილებით და ფუსტულის (ფსტის) თხილის
ბუჩქებით. თაბორის მთა იმით არის გამორჩეული, რომ სწორედ აქ იცვალა ფერი უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ (მათე 17, 1-13; მარკ. 9, 2-13; ლუკა 9, 28-36). |
თავ კიდეთა | (117, 22) | - თავკიდური, ქვაკუთხედი - ორი კედლის
შემაერთებელი საწყისი კუთხის ქვა - დოდი, გინა საძირკველი. ამ ეპითეტს მეფე-წინაწარმეტყველი დავითი იყენებს იესო მაცხოვრის აღსანიშნავად, რომელიც იქცა „ქვაკუთხედად“ ძველი და ახალი აღთქმებისა, ანუ შეაკავშირა ებრაელი და წარმართი ერები, რასაც ადასტურებენ თვით უფალი (მათე 22, 42) და მისი მოციქულები (I პეტ. 2, 7; ეფეს. 2, 20). |
თანა-მჭუარი | (68,20) | - თანამგრძნობელი, გულშემატკივარი, თანამჭმუნვარი. |
თარში | (71, 10) | - ესპანეთის უწინდელი სახელწოდება. მდებარეობს ევროპის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. უკავია პირინეეს ნახევარკუნძულის უდიდესი ნაწილი. |
თხემი | (7, 16) | - 1. თავის ქალის ზედა ნაწილი 2. მთის წვერი. |
თხზვა | (49, 19) | - გონების მოქმედების გამოხატულება, რაიმეს შედგენა
გონების ძალით. „ენაჲ შენი თხზვიდა ზაკვასა“, ე.ი. შენი ენა გამოთქვამდა
შეთითხნილ, მოჩმახულ ამბავს. {„თხზვა“ აგრეთვე აღნიშნავს მწერლის შემოქმედებით პროცესს (თხზულება - ლიტერატურული, სამეცნიერო და მისთ. ნაწარმოებები). „თხზვა“ - ძველ-ქართულში იგივე „წვნას“, ანუ რაიმეს დაწვნას ნიშნავს (თხზული - დაწნული)} |
იაბი ანუ იაბინი | - მეფე ქანაანისა, რომლის მხედრობაც 20 წლის განმავლობაში თავს ესხმოდა ისრაელს მხედართმთავარ სისარას წინამძღოლობით. საბოლოოდ ისინი გაანადგურეს ებრაელებმა მსაჯულ ბარაკის წინამძღოლობით კიშონის ხევში მომხდარ ბრძოლაში (მსაჯ. IV თ.). | |
იგავი | (77, 2) | - ალეგორია, რაიმეს გამოთქმა ან დაწერა დაფარული სახით,
სხვა სიტყვებით, სიმბოლოებით, რომლის აზრის ამოცნობაც საკმაოდ რთულია. {წმიდა მამათა სწავლებით წმიდა წერილი (ბიბლია) უამრავ იგავურ სწავლებას თუ გადმოცემას შეიცავს, რასაც ადასტურებს არა მხოლოდ მეფე-წინასწარმეტყველი დავითი, არამედ მათე და მარკოზ მახარებელი მოციქულები (მათე 13, 34-35; მარკ. 4, 33-34)} |
იდუმალ | (100, 6) | - ფარულად, მალვით. |
იდუმიელნი | (82, 6) | - იხ. „ედომი“. |
იერუსალიმი | - წოდებულია წმიდა ქალაქად. გადმოცემის თანახმად,
პირველად ეს ქალაქი დააარსა სალიმის მეფემ მელქისედეკმა, აბრაამის
მაკურთხეველმა (შესაქ. 14, 19-20) (რომელსაც ქრისტიანი ღვთისმეტყველნი იესო
ქრისტეს სახებად მიიჩნევენ), რის გამოც იწოდა „სალიმად“. როდესაც
იებოსელებმა დაიპყრეს და აღაშენეს სიონის მთაზე ციხე, უწოდეს მას „იერუს“
და ამ ორი სახელის შერწყმით ეწოდა ამ ქალაქს - „იერუს-სალიმი“, ანუ
„იერუსალიმი“. დავით მეფემ, აიღო რა იერუსალიმი, უწოდა მას „ქალაქი
დავითისა“. პორფიროსანი დავით მეფის და მისი უფროსი ძის სოლომონის ზეობის ხანაში იერუსალიმმა მთელს ქვეყანაზე გაითქვა სახელი თავისი სიმდიდრით, განსაკუთრებით იმ დიდებული ტაძრით, რომელიც აღაშენა სოლომონმა, ბრძენად წოდებულმა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ისრაელს მოაკლდა კეთილმსახური მეფენი და შემცირდა ღვთის-მსახურება, მის მცხოვრებთა ცოდვების გამო იერუსალიმის დიდებაც დაკნინდა. სოლომონმა ეს ტაძარი აღაშენა იმ ადგილზე, რომელზეც აბრაამმა განამზადა ძე თვისი ისააკი შესაწირავად (შესაქმე). ტაძრის მშენებლობა სოლომონმა დაიწყო ქრ. შ-მდე 1008 წელს და აღასრულა და აკურთხა 999 წელს. დღეს მის ადგილას არის ომარის მეჩეთი. {ერთ-ერთი წინასწარმეტყველების თანახმად, ანტიქრისტემ სწორედ ამ ადგილას უნდა აღაშენოს ახალი ტაძარი, დაიდგას მსოფლიო მპყრობელის ტახტი და მართოს ქვეყნიერება} იუდეანთა მეფის სედეკიას მეფობის მეთერთმეტე წელს იერუსალიმი დამხობილ იქნა ბაბილონის ძლევამოსილი და ურჯულო მეფის ნაბუქოდონოსორის მიერ, რომელმაც მეფე სედეკიას თვალები დასთხარა, ხოლო დიდ-მშვენიერი ტაძარი სოლომონისა აღმოფხვრა და დასწვა საძირკვლამდე. მან ესეც არ იკმარა, აჰყარა ისრაელნი და ტყვედ წაასხა ბაბილონში. ებრაელებმა ბაბილონის ტყვეობაში დაჰყვეს 70 წელი. როცა ებრაელები განთავისუფლდნენ ბაბილონის ტყვეობიდან და დაბრუნდნენ იუდეაში, მათ კვლავ აღაშენეს იერუსალიმი და აღადგინეს სოლომონის ტაძარი. ქრისტეს შემდეგ 70 წელს იერუსალიმი აიღეს რომაელებმა. 636 წ. იერუსალიმი დაიპყრეს სარაცინებმა. 1099 წელს ჯვაროსნებმა გოდფრიდ ბულონელის მეთაურობით, რომელიც იყო ბულონიის პროვინციის (საფრანგეთში) ჰერცოგი, გაათავისუფლეს იერუსალიმი სარაცინთაგან და დაამყარეს თავიანთი მმართველობა. გოდფრიდ ბულონელი შეიქმნა მმართებელი იეურუსალიმისა და უწოდა თავს „უფლის საფლავის მცველი“. მის შემდეგ გამეფდა მისი ძმა ბალდუინ I, რომელიც უკვე იწოდებოდა იერუსალიმის მეფედ. {გადმოცემის თანახმად, სწორედ ბალდუინმა ჩამოუტანა დიდ მეფეს ქართველთა დავით აღმაშენებელს ის წმიდა ბარძიმი („გრაალი“), რომლითაც იესო ქრისტემ აზიარა თავისი მოციქულები (მათე 26, 27-28) და რომელიც ქრისტეს მოწაფემ იოსებ არიმათიელმა (მარკ. 16, 42-46) აღავსო მაცხოვრის სისხლით} ევროპელ ჯვაროსანთა ბატონობამ დიდხანს ვერ გასტანა იერუსალიმში, 1187 წელს იგი დაიპყრო ეგვიპტის სულთანმა სალ-ად-დინმა (სალადინმა). და ბოლოს, 1517 წ. იერუსალიმი აიღეს თურქებმა და დღემდე ფლობენ მას. {ავტორს, ბუნებრივია, არ ექნებოდა ცნობა იმის შესახებ, რომ 1917 წ. იერუსალიმი დაიკავეს ინგლისელებმა და განაგებდნენ მას 1947 წ-მდე. გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 1947 წ. 29 ნოემბრიდან იერუსალიმს უნდა მინიჭებოდა დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეულის სტატუსი, რომელიც უნდა განეგო თავად გაეროს. არაბეთ-ისრაელის ომის შემდეგ (1947-1949 წ.წ.) იერუსალიმი გაყოფილ იქნა ორ ნაწილად. აღმოსავლეთი ნაწილი დარჩა იორდანიის მფლობელობაში, ხოლო დასავლეთი ნაწილი დაიკავეს ებრაელებმა. 1950 წელს, გაეროს გადაწყვეტილების მიუხედავად, რომ იერუსალიმს უნდა ჰქონოდა დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეულის სტატუსი, ისრაელის მთავრობამ იერუსალიმის დასავლეთი ნაწილი გამოაცხადა დედაქალაქად, სადაც გადაყვანილ იქნა ისრაელის პარლამენტი და მთავრობა. 1967 წ. ივნისში ისრაელმა დაიპყრო იერუსალიმის აღმოსავლეთი ნაწილიც, ხოლო 1980 წლის ივლისში გამოაცხადა იერუსალიმი ისრაელის „მარადიულ და განუყოფელ“ დედაქალაქად} |
|
ითამი | (73, 15) | - ებრაულად ეფამთ, რაც ნიშნავს დიდსა და ძლიერს. |
იმსთოს | (58, 10) | - სიტყვა „აღმსთობის“ ბრუნვა (იხ. „აღმსთობა“). „წყალობამან მისმან იმსთოს ჩემდამი“, ამ შემთხვევაში ნიშნავს - „უფლის წყალობა ისწრაფვის ჩემდამი“, ანუ „წინ მეძლევა წყალობა უფლისა“. |
იორდანე | (113, 3, 5) | - ფრიად შესანიშნავი მდინარე პალესტინაში, რომელიც
გამომდინარეობს ანტილიბანის მთის ძირას მდებარე პატარა ტბიდან, სახელად
„ფიალა“ {ალბათ აქედანაა სასმისის ერთ-ერთი სახეობის ქართული
სახელწოდება. საყურადღებოა, რომ საბანელი ტაშტის ერთ-ერთი სახელწოდებაა
„ფიალი“} იორდანე ჩამოივლის სამოქონიტის (მერომის) და ტიბერიადის
(გენესარეთის) ტბებს და ნელი დინებით ერთვის მკვდარ ზღვას. აღნიშნულ ფსალმუნში გახსენებულია ისუ ნავეს ძის წიგნში აღწერილი უფლის სასწაული, რომლის მიხედვით იორდანემ შეწყვიტა დინება და გზა მისცა იერიქოს დასაპყრობად მიმავალ ებრაელებს ეგვიპტიდან მოგზაურობის დროს (ისუ ნავე 3, 13-17). მდინარე იორდანე იმითაც არის მეტად ღირსშესანიშნავი, რომ სწორედ აქ ინება იესო მაცხოვარმა ნათლის-ღება ჩვენი განახლებისა და გადარჩენისათვის (მათე 3, 13-17). |
ისმაიტელნი | (82, 6) | - აბრაამის და მისი ხარჭის აგარის ძის ისმაილისაგან წარმომდგარი ხალხი (2004 წ. ქრ. შ-მდე). ისმაილმა იქორწინა ეგვიპტელ დედაკაცზე და ითვლება მამათ-მთავრად ისმაიტელთა, ანუ არაბთა (შესაქ. 16, 9-16; 25, 12-18). ისმაიტელნი მეორენაირად იწოდებიან აგარიანებად (იხ. „აგარა“). |
ისრაელი | (24, 22) | - იუდეანთა მეორე სახელი, რომელიც ეწოდა მათ მათი
მამამთავრის იაკობის, იგივე ისრაელის მიხედვით. ეს სახელი
იაკობმა მიიღო უფლისაგან მასთან „შერკინების“ შემდეგ (შესაქ. 32, 24-32).
ებრაულ ენით „ისრაელი“ ნიშნავს „ღმერთთან მებრძოლს“. იმავე სახელით
იწოდებოდნენ ებრაელთა ათნი ტომნი, რომელნიც განდგნენ სოლომონის მემკვიდრის
რობოამისაგან და საკუთარი სამეფო ჩამოაყალიბეს ქვეყნიერების გაჩენიდან 3009
წ. (იხ. „იუდა“). {იაკობის „შერკინება ღმერთთან“ არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს დადებითი „ღვთისმბრძოლობის“ მოვლენასთან, რაც გულისხმობს ადამიანის ძალისხმევას ღმერთთან მისაახლებლად, მის შესამეცნებლად. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ ღმერთი არ აკურთხებდა იაკობს (შესაქ. 32, 28). ყურადღება უნდა მივაპყროთ იმასაც, რომ იაკობი „აიძულებს“ ღმერთს აკურთხოს იგი (იქვე 32, 26), რაც დადასტურებაა სახარებისეული მცნებებისა „სასუფეველი ცათაჲ იიძულების“ (მათე 11, 12) და „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოოთ; ირეკდით და განგეღოს თქუენ“ (მათე 7, 7; იხ. I კორ. 4, 20). შეიძლება ითქვას, რომ „ისრაელი“ სულიერი ცნებაა და არა ფიზიკური და აღნიშნავს ხალხს, ერს, პიროვნებას, რომელიც ეძიებს ღმერთს, იბრძვის ღმერთთან მისაახლებლად. ასე რომ, იაკობი წარმოადგენს ყოველი ღმერთის მაძიებელი ხალხის („ისრაელის“) სულიერ წინაპარს, სულიერ მამათმთავარს. ასევე „ახალი ისრაელის“, ანუ ყველა მართლმადიდებელი ხალხის მამათმთავრად შეგვიძლია მივიჩნიოთ იგი და ჩავთვალოთ, რომ მასზე მოწეული უფლის კურთხევა: „განძლიერდი ღმრთისა თანა და კაცთა თანაცა ძლიერ იყო“ (შესაქ. 32, 28) - ყველა ჭეშმარიტ აღმსარებელ ერზე თუ პიროვნებაზე ვრცელდება} |
იუდა | (107, 8) | - იუდასგან წარმომდგარი ებრაელთა ერთ-ერთი ტომი (იხ. II სჯულ. 27, 12). იუდეანთა მეფობა წარმოდგებოდა მამათ-მთავრების იუდას, ბენიამენის და სიმეონის შთამომავალთაგან. მათ არ დაუტევეს სახლი დავითისი (II მეფ. 2, 10-11), ასევე მორჩილება გამოუცხადეს მის მემკვიდრე რობოამს; მაგრამ უარჰყვეს იერობოამი, რომელიც განუდგა იერუსალიმს, ტაძარს და ჭეშმარიტ ღვთისმსახურებას და აღმართა კერპები - ერთი დანში, ხოლო მეორე ბეთლემში, და ბრძანა მათი თაყვანისცემა ჭეშმარიტი ღმერთის მაგიერ. |
იფქლი | (147, 3) | - ხორბალი. სულხან-საბას განმარტებით „შემოდგომაზე ნათესი ხვარბალი“. |
კადის | - იხ. „უდაბნო კადისა“. | |
კანჯარი | (103, 11) | - ველური (გარეული) ვირი. |
კარავი სელომისი | (77, 60) | - სელომი, ანუ სილომი - იყო ეფრემის ტომის
კუთვნილი ქალაქი, სადაც იდგა სჯულის კიდობნის კარავი (აქედან „კარავი
სელომისი“), სანამ მას დაატყვევებდნენ ფილისტიმელები. მაგრამ იგი
სასწაულებრივ იქნა განთავისუფლებული, რის შემდეგაც კიდობანი დადგეს
ამინადაბის სახლში კარიათ-იარამს (I მეფ. VI თ.). მეფე დავითმა მოისურვა სჯულის კიდობნის იურუსალიმში გადატანა, მაგრამ გზაზე მოგზაურობისას შეფერხდა, რის გამოც იძულებული გახდა, კიდობანი სამ თვეს აბიდდარის სახლში დაეტოვებინა, რის შემდეგაც მაინც გადაიტანა იერუსალიმს (II მეფ. VI თ.). |
კასია | (44, 8) | - ებრაულად ირეოსი, იეროსი, იეროჲნი (გამოსვლ. 30, 24), სპარსულად თუ ელინურად დარიჩინი (იხ.სულხან-საბა ორბელიანი - ირეოსი, კასია). ამავე სახელწოდების ხის ტოტების სურნელოვანი გამხმარი ქერქი, გამოიყენება სანელებლად. |
კაცთ-მოთნე | (52, 5) | - კაცთათვის თამომწონებელი, ანუ პირი, რომელიც ცდილობს უპირველესად ადამიანებისგან იყოს მოწონებული და არა უფლისგან, ამიტომაც დაისჯებიან ისინი: „ღმერთმან განაბნინა ძუალნი კაცთ-მოთნეთანი“. |
კდემულება, კდემა | (43, 15) | - მოკრძალება, მორიდება ვინმესგან შენიშვნის მიღების,
ძაგების მოლოდინში. სულხან-საბას განმარტებით: „კეთილ არს ვნებაჲ ესე“,
ე.ი. დადებითი გრძნობაა. აღნიშნულ ფსალმუნში ეს სიტყვა შეიძლება იხმარებოდეს - აუგის, შერცხვენის მნიშვნელობითაც. |
კედარი | (119, 5) | - მარადმწვანე წიწვოვანი ხე. თავისი სიმშვენიერით იგი
გამოირჩევა უნაყოფო ხეთა შორის. მისი სიმაღლე და ფართოდ გაშლილი ტოტები
თვალს სტაცებს ადამიანს. სიმაღლით 40-45 მ. იზრდება. ტოტების
შემოწერილობითაც თითქმის იმავე ზომისაა. მისი მარადი სიმწვანე მის
სიმტკიცესა და გამძლეობაზე მეტყველებს. ულპოლველობის გამო ამ ხეს ხმარობენ
გემების ასაგებად. მისგანვე იხდება მოყვითალო და კეთილ-სურნელოვანი ზეთი,
რომელიც გამოუყენება შინაური ცხოველების იარების და ჭრილობების
საწამლებლად. კედარის ხისგან მზადდება აგრეთვე კეთილ-სურნელის საბოლებელი
წამალი, რომელსაც ხმარობენ სახლებში საამო სურნელის დასაყენებლად და სხვ. ეს კეთილ-სურნელოვანი ხე დღესაც ხარობს ლიბანის მთის აღმოსავლეთით, ტავრაზე (პატარა მთა მცირე აზიაში), ატლასის მთაზე (ჩრდ. დას. აფრიკა). ასევე მას საგანგებოდ აშენებენ სხვადასხვა ქვეყნების ბოტანიკურ ბაღებში. {სულხან-საბას მიერ „კედარი“ განიმარტება, როგორც „ბნელი საჭმუნავი“, რაც სავსებით შეესიტყვება აღნიშნული ფსალმუნის პათოსს და გვაფიქრებინებს, რომ ამ შემთხვევაში ალეგორიულ, იგავურ გამოთქმასთან უნდა გვქონდეს საქმე: „დავემკვიდრე მე საყოფელთა თანა კედარისათა“ - ე.ი. ბნელი საჭმუნავი შემეყარაო} აგრეთვე კედარი ერქვა ისმაილის ერთ-ერთ ძეს (დაბ. 25, 13), რომლის სახელის მიხედვით არსებობს გეოგრაფიული ადგილი (იერ. 49, 28), რომელსაც ალბათ ახსენებს დავით მეფე. {სულიერი გაგებით „კედარი“ ცხოვრების ხის სიმბოლოა. ნიშანდობლივია, რომ სწორედ კედარი იზრდებოდა უფალ იესო ქრისტეს კვართის დაფლვის ადგილას მცხეთაში. წმინდა ნინოს დროს, ტაძრის მშენებლობისას, ეს კედარი მოჭრეს, სვეტად (ბოძად) გამოთალეს და მოინდომეს მისი აღმართვა იმავე ადგილას (უფლის კვართის საფლავთან) ქრისტიანული ტაძრის დედაბოძად, სიმბოლოდ ცხოვრებისა და ცნობადის ხისა. მაგრამ მშენებლებმა მას ძვრაც ვერ უყვეს. მხოლოდ წმიდა ნინოს ლოცვის შემდეგ, ეს სვეტი აღმართეს ანგელოზებმა და დააყენეს სასურველ ადგილას და სწორედ იქ აშენდა პირველი ტაძარი საქართველოში (სვეტიცხოვლის პირველი სახე), რომელსაც ზემოთ მოთხრობილი სასწაულის გამო „სვეტი-ცხოველი“, ანუ თანამედროვე ენით თუ ვიტყვით - „ცოცხალი ბოძი“ ეწოდა} |
კიდე | (64, 5) | - კიდე ეწოდება რაიმე ბტყელი საგნის (მაგიდა, წიგნი და მისთ.) ნაპირხაზს, ან მდინარის, ზღვის და მისთ. ნაპირს. აგრეთვე ქალაქის, სოფლის, მინდვრის და მისთ. განაპირა მხარეს. ამ შემთხვევაში იგულისხმება ქვეყნიერების მხარე, კუთხე. |
კიცხევა | (21, 7) | - დაცინვა, სასაცილოდ აგდება, გაქირდვა. „მეკიცხვიდეს“
ნიშნავს „დამცინის“. {თანამედროვე მნიშვნელობით კიცხევა ნიშნავს აგრეთვე - დაძრახვას, დაგმობას} |
კნინღა | (72, 2) | - კინაღამ; თითქმის. |
კრებული | (25, 4,5) | - ერთად თავმოყრილი ხალხი; ებრაულად „ხორა“. |
კრულნი | (106, 10) | - დატყვევებულნი. „კრული“ ნიშნავს აგრეთვე დაწყევლილს, შეჩვენებულს (იხ. მათე 16, 19). |
კუართი, კვართი | (21, 18) | - იგივეა, რაც პერანგი. ძველ დროში ეწოდებოდა მოგრძო
ჩამოშლილ შესამოსელს. {ღვთისმეტყველნი თვლიან, რომ მთლიანად 21-ე ფსალმუნი არის წინასწარმეტყველება მაცხოვრის შესახებ, რასაც ადასტურებს „ახალი აღთქმა“: „და ვითარცა ჯუარს აცუეს იგი (იესო ქრისტე), განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქმული იგი წინასწარმეტყუელისა მიერ, რომელსა იტყვის: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი (მათე 27, 35; იოანე 19, 23-24)} |
კუმოდიან | (103, 32) | - აბოლდებიან, აკვამლდებიან, კვამლი აუვათ. |
კურო-პოხილი | (21, 12) | - „კურო“ ნიშნავს გამოუყვერავ (დაუკოდავ) ხარს, ხოლო „პოხილი“ მსუქანს, ჩაფსკვნილს. ე.ი. „კურო-პოხილი“ ნიშნავს „გამოუყვერავ ნასუქალ ხარს“. სიმბოლურად კი დავით მეფე ამ ტერმინში გულისხმობს იესო ქრისტეს და მისი მიმდევრების, ანუ წმიდა ეკლესიის მტრებს; ასევე თავად პირად მტრებსაც, ვინაიდან თავადაც ჭეშმარიტი ღმერთის მადიდებელი და ჭეშმარიტი სჯულის აღმსარებელია. |
ლეღუსულელი | (77, 47) | - ლეღვის ხე. {ვფიქრობთ, ავტორისეული განმარტება არ უნდა იყოს ზუსტი, რადგან სულხან-საბას „სიტყვათა კონაში“ ეს სიტყვა განიმარტება როგორც „თუთა“: „ესე არს ჟოლა, რომელსა სომხურად თუთა ეწოდება, რამეთუ ლათინურად სიკომოროს ჟოლას ჰქვიან, ვითარმედ სიკო - ლეღვი, მოროს - სულელი (II ნეშტ. 9, 57)“. თუმცა სხვაგან სულხან-საბა ამგვარად განმარტავს ამ სიტყვას: „ეგვიპტური ლეღვი - ლეღუსუარი (იერ. 29, 17)} |
ლიბანი | (28, 5-6) | - მთა, რომელზედაც ხარობდა კედარის ტყე. აქ მოაჭრევინა სოლომონმა იერუსალიმის ტაძრის მშენებლობისთვის საჭირო მასალა. ლიბანის მთა მდებარეობს ფინიკიის აღმოსავლეთით. |
ლმობიერება | (59, 3) | - შემწყნარებლობა, შემბრალებლობა; აგრეთვე გულჩვილება, სათნოება. სულხან-საბას განმარტებით „ლმობიერი“ ითქმის წყნარ, გუნება-მშვიდ ადამიანზეც, იგივეა რაც „ლომბიერი“ (იხ. ს.ს. ორბელიანის „სიტყვის კონა“). |
ლოშნა | (71, 9) | - ნადირული ლოკვა. |
[*] პირველი რიცხვი აღნიშნავს ფსალმუნთა რიგს, ხოლო მეორე - მინიშნებული ფსალმუნის მუხლს.