ამ ბოლო დროს საზოგადოებაში ხშირად საუბრობენ აბორტის დადებით და უარყოფით მხარეებზე. იმისათვის, რომ სწორად ჩავწვდეთ საქმის არსს პირველ რიგში, აუცილებელია განსაზღვრა იმისა, თუ როდის იწყება ადამიანის სიცოცხლე. თანამედროვე მედიცინის მონაცემები ნათლად მოწმობს იმას, რომ ადამიანის სიცოცხლე ჩასახვისთანავე (ანუ მამისა და დედის სასქესო უჯრედების შერწყმის შედეგად) იწყება. სწორედ ამ დროიდან იწყებს არსებობას ადამიანის უნიკალური პიროვნება. ჩანასახში გენის დონეზეა ჩადებული მისი სქესი, თმის ფერი, სხეულის აღნაგობა და ბავშვის სხვა თავისებურებები. ამაზე მეტყველებს მრავალრიცხოვანი გამოკვლევები. აი, თუნდაც ერთ-ერთი ასეთი მაგალითი: როდესაც აშშ-ს სენატი განიხილავდა საკითხს აბორტებისათვის სასჯელის აცილების თაობაზე, ერთმნიშვნელოვანი იყო მედიცინისა და ბიოლოგიის დარგში წამყვანი სპეციალისტების აზრი: „ემბრიონში სიცოცხლე ჩანასახშივე იწყება“. ამასვე ამტკიცებს მსოფლიოს მრავალი სხვა ცნობილი ემბრიოლოგი: „თანამედროვე ბიოლოგიის (გენეტიკისა და ემბრიოლოგიის) თვალსაზრისით, ადამიანის სიცოცხლე, როგორც ბიოლოგიური ინდივიდისა, იწყება მამრობითი და მდედრობითი სასქესო კვერცხუჯრებების შერწყმის შედეგად ერთიანი განაყოფიერებული კვერცხუჯრედის წარმოშობისას, რომელიც განუმეორებელ გენეტიკურ მასალას შეიცავს“. აქედან გამომდინარე, აბორტი - ესაა ადამიანის სიცოცხლის შეწყვეტა მისი დაწყებისთანავე.
მოწმობა იმისა, რომ ადამიანის სიცოცხლე სწორედ ჩასახვისას იწყება, წმიდა წერილშიც მოიძებნება. ასე დავით წინასწარმეტყველი უფალს მიმართავს: „შემიწყნარე მე დედის მუცლით ჩემითგან“ (ფს. 138, 13). იობი, რომელიც საკუთარი ცხოვრების შესახებ საუბრობს, თხრობას იმ ღამიდან იწყებს, როდესაც „ითქვა, კაცი ჩაისახაო“ (იობ. 3, 3). გარდა ამისა, ეკლესიაში არსებული ისეთი დღესასწაულები, როგორიცაა მუცლადღება ღვთისმშობლისა, იოანე ნათლისმცემლისა მოწმობს, რომ ადამიანის ცხოვრება სწორედ ჩასახვისას იწყება.
ამიტომ ეკლესია ყოველთვის გამოდიოდა აბორტის წინააღმდეგ. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცოლქმრული ურთიერთობა ადამიანებს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ გამრვალების მიზნით მიეცათ. უფალმა ჯერ კიდევ სამოთხეში მისცა მათ მცნება: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ“ (შესაქ. 1, 28) „დედაკაცი... ცხონდების შვილთასხმისაგან, უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყუარულით და სიწმიდით ღირსებასა ზედა“ (1 ტიმ. 2, 14), - წერს პავლე მოციქული.
ძველად ოჯახში ბევრი ბავშვი ყოველთვის ღვთის წყალობად და კურთხევად აღიქმებოდა. ძველ იუდეველებთან უშვილობა სირცხვილი იყო (ლკ. 1, 25). ჩვენი წინაპრებიც შვილიერებას ღვთის ლოცვა-კურთხევად მიიჩნევდნენ.
ცნობილია, რომ ჰიპოკრატეს ფიცში, რომელიც ყოველთვის საფუძვლად ედო სამედიცინო ეთიკას, ამგვარი ათღქმაა: „არც ერთ ქალს არ მივცემ აბორტისათვის წამალს“. ქრისტეშობამდე V საუკუნეში ჰიპოკრატე ამგვარად აფიქსირებს ექიმის დამოუკიდებლობას ხელოვნური აბორტისადმი.
ქრისტიანობა თავიდანვე აბორტის წინააღმდეგი იყო. „დიდაქეს“ წიგნში („თორმეტი მოციქულის სწავლება“) შემდეგ წესს ვხვდებით: „არ მოამზადო ჯადოქრული წამლები, ნუ მოაშთობ ჩვილს (აბორტით) და ნუ მოკლავ დაბადებულს“. ბარნაბას ეპისტოლეც ასევე მკაცრად მოითხოვს „ნუ მოკლავ ჩვილს მუცელში და ნურც ახალდაბადებულს“. III საუკუნის ცნობილი ქრისტიანი მწერალი ტერტულიანე წერდა: „ნაყოფის დაბადებისთვის ხელის შეშლა ჩვენთან მკვლელობის თანასწორად ითვლება“; არსებობს წმიდა ბასილი დიდის კანონი: „ჩასახული ნაყოფის განზრახ მკვლელობა ისჯება, როგორც მკვლელობა“.
ქრისტიანობაში გავრცელებული აზრი იმისა შესახებ, რომ აბორტი მკვლელობას უთანაბრდება, საერო კანონმდებლობაშიც შევიდა. მაგალითად, ცნობილია, რომ VII საუკუნეში ვესტგოთებში ჩვილის მუცლიდან გამოძევება სიკვდილით ისჯებოდა. 1649 წელს რუსეთში ნაყოფის ვადაზე ადრე მოშორება სიკვდილით ისჯებოდა.
უნდა ითქვას, რომ ქრისტიანული მორალისა და კანონების გავლენით XV-XVII საუკუნეებში აბორტი, როგორც სამედიცინო ოპერაცია, საექიმო პრაქტიკაში საერთოდ გაუჩინარდა. გადატრიალება მოხდა 1852 წელს, როდესაც პარიზის სამედიცინო აკადემიის დაჟინებული მოთხოვნით აბორტი ისევ შევიდა პრაქტიკაში, ოღონდაც მხოლოდ ქალის ანატომიურად ვიწრო მენჯის შემთხვევაში.
ნამდვილი რევოლუცია კანონმდებლობაში აბორტის შესახებ მოხდა რუსეთში, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, როდესაც „ნარკომზდრავისა“ და „ნარკომიუსტის“ დადგენილება შევიდა ძალაში, რომელიც ხელოვნური აბორტის სრულ ლეგალიზაციას ახდენდა. საბჭოთა რუსეთი გახდა პირველი ქვეყანა (თუ არ ჩავთვლით საფრანგეთს 1791-1810 წწ-ში), სადაც ქალი და ექიმი სრულებით გათავისუფლდნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.
არსებობს ე.წ. შაბლონური ლოზუნგები, რომლებიც აბორტის პროპაგანდისათვის გამოიყენება, ისინი, როგორც სხვა ლოზუნგები, ყველაზე ხშირად იმაზეა გათვლილი, რომ მათ არსს არავინ უღრმავდება. ხდება ცნებების ჩანაცვლება და საბოლოო ჯამში გამოდის ნახევრად სიმართლე, რომელიც, როგორც ცნობილია, აშკარა სიცრუეზე სახიფათოა. ერთხელ, როდესაც ჩინელ ფილოსოფოსს კონფუცის ჰკითხეს, როგორ უნდა მოეწყოს სწორად სამყარო, მან უპასუხა: „უწინარეს ყოვლისა მე ვაიძულებდი ადამიანებს, კარგად გაიაზრონ წარმოთქმული სიტყვების აზრი“. სამწუხაროდ, ეს წესი ყოველ ნაბიჯზე ირღვევა.
მაგალითად, ხშირად აბორტის მომხრეები აცხადებენ, რომ „ორსულობის შეწყვეტა“ საჭიროა ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნებისათვის. თითქოსდა, ერის ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით მორალურად მისაღებად მიიჩნევენ ჯერ კიდევ მუცლადმყოფი დასნეულებული ჩვილების მოწყვეტას. ამ დროს არაფრად მიაჩნიათ, რომ სწორედ ხშირი აბორტების შედეგად იბადებიან განუვითარებელი და ავადმყოფი ბავშვები. საქვეყნოდ გაჰყვირიან, რომ დედას აქვს უფლება, აირჩიოს: შვას თუ არა შვილი, მაგრამ იმაზე არაფერს ამბობენ, რომ ბავშვსაც აქვს ანალოგიური უფლება - უფლება სიცოცხლისა. ზოგნი ამტკიცებენ, რომ კონტრაცეფციის გავრცელება თავიდან აგვაცილებს აბორტებს, მაგრამ სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში, მაგალითად, აბორტთა ნახევარზე მეტი წარუმატებელი კონტრაცეპციის შედეგად ტარდება.
„ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა“ - ამ ტერმინთან დაკავშირებით გვახსენდება ბერძნული ეკლესიის თვალსაჩინო იერარქის მიტროპოლიტ მელეტი ნიკოპოლელის სიტყვები: „რას ნიშნავს „გულის მოქმედების ხელოვნული შეწყვეტა“? რა მოსდის ამის შემდეგ ადამიანს? რა იმალება ლამაზი ფრაზის უკან - „ტვინის მოქმედების ხელოვნური შეწყვეტა“. ბნელ საქმეებს შეფარვა ესაჭიროება, ვინაიდან მათ ჭეშმარიტ სახეს ვერ იტანს ადამიანი, ისეთიც კი, ვინც მათ ჩადენას არის მიჩვეული, ამგვარი ფრაზის უკან - „ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა“ - რაღაც საშინელება იმალება“.
აი, სამი ძირითადი ლოზუნგი, რასაც აბორტის პროპაგანდისას იყენებენ: „ყოველი ბავშვი უნდა იყოს სასურველი ბავშვი“; „ყოველ ქალს აქვს უფლება, საკუთარ სხეულს ისე მოექცეს, როგორც სურს“. და ბოლოს - „ჩანასახი ადამიანი არ არის“.
ფრაზა „ყოველი ბავშვი სასურველი ბავშვი უნდა იყოს“ - თითქოსდა ერთი შეხედვით, ძალიან ადამიანურად ჟღერს. თუმცაღა ამ ლოზუნგს ბავშვი ნივთის დონეზე დაჰყავს, რომელსაც მხოლოდ იმ პირობით აქვს არსებობის უფლება, თუ ვინმეს მისი ფლობა სურს.
ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ წინასწარ დაგეგმილი ორსულობაც კი შეიძლება არასასურველი გახდეს - მაგალითად, ჯანმრთელობის გაუარესების, ან მატერიალური მდგომარეობის ცვლილების გამო. ამის გარდა, სოციოლოგიური გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ მრავალი ბავშვი, რომლებიც მშობლებმა გაწირეს და მიატოვეს, თავის დროზე სასურველ ბავშვებად ითვლებოდნენ.
„ყოველ ქალს აქვს უფლება იმისა, რომ ისე მოექცეს სხეულს, როგორც სურს“ - ბავშვი, რომელიც თუნდაც ჯერ არ დაბადებულა, დედის სხეული მაინც არ არის. ბერძენი პროფესორი აბრამიდისი ამტკიცებს: „ჩანასახი - ორსულის სხეულის ნაწილი არაა, ამიტომ ქალს არ ძალუძს მარტომ გადაწყვიტოს მისი ბედი, ისე როგორც, მაგალითად, აპენდიციტის ან გლანდების ოპერაციის შემთხვევაში“. ბერძენი ღვთისმეტყველი ს. ქარაკასი აღნიშნავს: „ესაა სხვა ადამიანის სხეული და სხვა არსების სიცოცხლე, რომელიც მის დედობრივ მზრუნველობას არის მინდობილი“. დედას და მის წიაღში მყოფ ბავშვს სისხლიც სხვადასხვა აქვთ.
რჩება ერთადერთი ლოზუნგი: „ნაყოფი ადამიანი არ არის“. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები მრავალ ადამიანს ლოგკურად ეჩვენება, უნდა ითქვას, რომ გენეტიკის მტკიცებით, ჩვენ ადამიანები ვართ განვითარების ყველა სტადიაზე. ადამიანური ჩანასახზე ვერც ერთი მეცნიერი ვერ იტყვის: ეს თევზია ან ხეა. ყლორტი, რომელიც სულ ახლახანს ამოიზარდა მერქნიდან და ოთხასწლოვანი ხე - ერთნაირად მუხაა. რატომაა, რომ როდესაც საუბარი ეხება მცენარეებს, ამაზე ყველანი ურთიერთთანხმდებიან, ხოლო როცა საქმე ადამიანს შეეხება, მაშინვე იწყებენ დანაშაულის გამართლებას.
სახელი „ემბრიონი“ ან „ნაყოფი“, იმავე მიზანს ემსახურება, რასაც სახელი „მოზარდი“ ამ „ზრდასრული“. სამეცნიერი ტერმინები ნიშნავს მხოლოდ იმას, თუ განვითარების რა სტადიაზე იმყოფება ესა თუ ის ადამიანი. ამასთან დაკავშირებით უპრიანი იქნებოდა, გვეხსენებინა ბერნარდ ნათანსონის ფილმი „ჩუმი ყვირილი“, რომელიც უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით იქნა გადაღებული. ამ ფილმმა პირველად მოგვცა საშუალება, გვენახა, თუ როგორ მიმდინარეობს აბორტი. ერთ-ერთმა ექიმმა, რომელსაც 100000-მდე აბორტი ჰქონდა გაკეთებული, ნახა ფილმი, სადაც დაწვრილებით არის ნაჩვენები თუ როგორ რეაგირებს მკვლელობაზე ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვი. იგი იმდენად შეძრა ნანახმა, რომ გადაწყვიტა, საერთოდ აღარ გაეკეთებინა აბორტი.
აქამდე ჩვენ ე.წ. შაბლონურ ლოზუნგებზე ვსაუბრობით. ამჯერად აბორტის მომხრეთა სხვა არგუმენტზე შევჩერდებით. უწინარეს ყოვლისა, აბორტის აუცილებლობაზე საუბრობენ ე.წ. სამედიცინო მაჩვენებლების შედეგად. ესაა შემთხვევები, როცა ორსულობამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს დედის ჯანმრთელობას. თუმცაღა სინამდვილეში, აბორტების რიცხვი, რომლებიც ქალის აშკარა სასიცოცხლო საფრთხის გამო სრულდება, დიდი სულაც არ არის. მაგალითად, აშშ-ში ეს ყველა სახის აბორტების მხოლოდ 1% შეადგენს. ეკლესია აბორტის მომხრეთა ამ არგუმენტსაც არ ამართლებს, ვინაიდან არავის აქვს უფლება, ერთი ადამიანის სიცოცხლე შესწიროს სხვა ადამიანის გადარჩენას.
აბორტის ერთადერთ სერიოზულ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს საშვილოსნოსგარე ორსულობა - ამ შემთხვევაში ნაყოფი ვერ იცოცხლებს. ეს ერთადერთი სერიოზული მიზეზია აბორტისათვის. ზოგჯერ ექიმი ცხოვრებამ შეიძლება ისეთ სიტუაციაში ჩააყენოს, რომ მას მოუხდეს საკუთარი პასუხისმგებლობითა და გამოცდილებით გადაწყვიტოს საკითხი კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, მაშინ მან ქრისტიანული ზნებისა და გულმოწყალების პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს.
დგება ასეთი საკითხიც: როგორ მოვიქცეთ, თუ წინასწარ ვიცით, რომ ავადმყოფი ბავშვი დაიბადება. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ძნელია ვინმესთვის რჩევის მიცემა. მაგრამ არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ეს საკითხი მკვეთრ გამოძახილს ჰპოვებს ევთანაზიის პრობლებასთან. სნეულთა გენოციდი, უსარგებლო ადამიანთა შემუსვრა ჩვენი ცხოვრების ნორმა ხდება. მაგრამ წმიდა მამები ამტკიცებენ, და მათ შეხედულებას თანამედროვე მოძღვრებიც უერთდებიან, რომ ამგვარი ზომებით სნეულთა და სახიჩართა რიცხვი არ მცირდება. სამყაროში მეტ სიმახინჯესა და სნეულებას ვბადებთ. ფიზიკური მუტაციების შიშით სულიერ და მშვინვიერ მუტაციებს ვამრავლებთ.
მოამზადა ნათია თარაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 24 (232), 2003 წ.