რას ამბობს იესო ქრიტე განკითხვის ცოდვის შესახებ? ეს მოძღვრება აღწერილი აქვთ სახარებაში მოციქულ მათეს და მოციქულ ლუკას.
„ნუ განიკითხავთ, რა თა არა განიკითხნეთ, რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქვენ“. (მათე 7, 1-3).
„ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ; და ნუ დასჯით და არა დაისაჯნეთ; მიუტევეთ და მოგეტევნენ. მიეცით და მოგეცეს თქუენ. საწყაული კეთილი და შეხრილი და დატენილი და ზედაგარდათხეული მოგცენ წიაღთა თქუენთა; მითვე საწყაულითა, რომლითა მიუწყოთ, კუალად მოგეწყოს თქუენ“. (ლუკა 6, 37-42).
რა შეიძლება ითქვას ყოველივე ამის შესახებ? აღვასრულოთ და ვიმხიარულოთ, რამეთუ რა არის მიტევებაზე და მოწყალებაზე უფრო ადვილი, უფალი იესო ქრისტეც ხომ ასე გვასწავლის ლოცვას:
„მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. პური ჩუენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მი ხსენ ჩუენ ბოროტისაგან, რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ. (მათე 6, 9-13); (ლუკა 11, 1-5)
რამეთუ უკუეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან.
ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი“ (ციტატის დასასრული (მათე 6, 9-15))
როგორც ვხედავთ იესო ქრისტემ ცხადად გვაჩვენა ცხონების უმარტივესი და უმოკლესი გზა.
ისღა დაგვჩენია ვთქვათ, ეს ყოველივე როგორ განვახორციელოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მაგრამ აქ წარმოიშობა კითხვა, თუ არავინ განვიკითხეთ და ყველაფერი ვაპატიეთ, ხომ არ გამოიწვევს ეს დანაშაულის ზრდას, უზნეობის გავრცელებას. როგორ შეიძლება გამოვასწოროთ ადამიანი ისე, რომ არ განვიკითხოთ?
რა ნიშნებით განვარჩიოთ განკითხვა შეგონებისაგან? აი ის კითხვები, რომლებიც ხშირად აწუხებთ ადამიანებს.
ა. როცა ჩვენ გვინდა ადამიანი გამოვასწოროთ, უნდა გვიყვარდეს იგი, უნდა ვაგრძნობინოთ, რომ გვაინტერესებს მისი პრობლემები და გვსურს დახმარების გაწევა. შენიშვნა უნდა მისცეთ ცალკე, ისე რომ ადამიანმა თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნოს. ამასთან არ უნდა გადაამეტოთ თქვენი უფლებამოსილების ჩარჩოები, რათა „ძალად მაცხონე“ არ გამოხვიდეთ. მაინც როგორ უნდა მოხერხდეს ამ რთული დაბრკოლების მოგვარება?
ხელმძღვანელებს (უფროსებს, მასწავლებლებს, მსაჯებს, მოსამართლეებს, მოძღვრებს) შეუძლიათ მოსთხოვონ, მათ დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებს, ანგარიში დავალებული საქმის აღსრულების შესახებ და შეცდომისა და თუ ხარვეზის გამო დაადონ შესაბამისი სასჯელი. მაგრამ არავის, ვიმეორებ არავის არ აქვს უფლება შეურაცხყოს არათუ ადამიანი, არამედ პირუტყვიც კი. მსაჯს შეუძლია, მაგალითად, უთხრას ფეხბურთელს, არასწორი თამაშის გამო, თქვენ ცუდად ითამაშეთ , მაგრამ არ აქვს უფლება უწოდოს მას ცუდი ფეხბურთელი. ასევე, ყოველ საქმეში შეიძლება ითქვას თქვენ არასწორად გააკეთეთ ეს (ასე არ შეიძლება), მაგრამ არ გაქვთ უფლება, უთხრათ თქვენ ცუდი შემსრულებელი ხართ.
დაქვემდებარებაში მყოფებს (ყველას, ვისაც ყავს მშობლები, ასაკით ან მდგომარეობით უფროსები, მოძღვრები და ა.შ.) შეუძლიათ მოსთხოვონ უფროსებს, აღებული მოვალეობების შესრულება, მაგრამ არ შეიძლება მათი მოქმედების განხილვა, რადგან არ ვიცით ჭეშმარიტი მიზეზები და განკითხვა წარმოიშობა. მრავალგზის ჯობია ვიყოთ გულისხმიერნი და შევეწიოთ, დავეხმაროთ ადამიანს, ჩვენთვის იგი უფროსია, თუ უმცროსი.
ბ. უბრალოდ მიუტევეთ ადამიანებს მათი შეცდომები და სისუსტეები. აპატიეთ მათ და უფალი თქვენს შეცდომებსაც გაპატიებთ. იქნებ შემცოდე ადამიანმა ისეთი გმირობა ჩაიდინოს, რომელიც გარდაამეტებს ყველა მის შეცდომას, რა იცით თქვენ? ასევე საზოგადოებრივ დანაშაულზე მოსამართლემ გაასამართლოს დამნაშავე, მაგრამ მასაც ნუ დაავიწყდება ბ. პუნქტის პირობები.
გ. თქვენი სამართალის სასწორი, დაე მსუბუქი იყოს. იყავით კეთილშობილნი და დიდსულოვანნი პატიებისას და ზარმაცნი სხვისი შეფასებისას. სხვებზე ილაპარაკეთ კარგი, ან არაფერი. შეეცადეთ გამოასწოროთ ადამიანი, მაგრამ ნუ შეურაცხყოფთ მას.
დ. შეცვალეთ აზროვნების სტილი. ნუ იფიქრებთ:
„რა ჭუჭყიანი მათხოვარია, რას გავს“,
არამედ
„ამ ადამიანს დაზიანებული აქვს გარეგანი სახე“.
ორივე შემთხვევაში ერთი სიმართლე ითქვა, მაგრამ პირველში განიკითხეთ, მეორეში კი არა. შემდგომი რეაქციაც სხვადასხვაგვარია. პირველ შემთხვევაში წარმოიშობა ზიზღი, მეორეში კი იმის სურვილი, თუ როგორ გამოსწორდეს მდგომარეობა.
იგივე ეხება პირუტყვს, თუ უსულო საგანს. ნუ იფიქრებთ:
„რა დანგრეული მანქანაა (ცუდი ძროხაა)“
არამედ
„ამ მანქანას დაზიანებული ნაწილები აქვს“
(ძროხა ცუდად გამოიყურება)
ასე თუ მოიქცევით, განკითხვასაც გადარჩებით და მადლიანი საქმეებისთვისაც მეტი დრო დაგრჩებათ. ან რა იცით თქვენ, იქნებ ის ნაკლულევანი მანქანა, თუ პირუტყვი ოქროს ფასისაა პატრონისთვის.
ე. შეცვალეთ დამოკიდებულება მოვლენებისადმი. თუ რამე გაღიზიანებთ (ნებისმიერი გამღიზიანებელი: ხმაური, შუქი, ტრანსპორტის ნელი მოძრაობა და ა.შ.) თქვენ კი არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ, მადლობა უთხარით უფალს, რომ ხალხი რამეს მაინც აკეთებს და უარესი არ მოხდა, ანუ უთხარით ღმერთს „მადლობა უფალო ყველაფრისათვის“.
ვ. თუ ყოველივე ზემოთთქმული გეძნელებათ, უბრალოდ გიყვარდეთ ადამიანები...
მოამზადა მამია გოგავამ