ბერი გაბრიელი (ურგებაძე)

მათხოვრებზე

პავლე მოციქული ბრძანებს: „შემთხვევით ერთი ღერი თმა არ ჩამოვარდება თავიდან“. ე.ი. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. მითუმეტეს უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთის ნების გარეშე არ არსებობს მდიდარი და ღარიბი, ღატაკი და მათხოვარი. ყველაფერში ღვთის განგება და წყალობა უნდა დავინახოთ. ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ თითქოს მათხოვრები ღვთისაგან დაჩაგრულნი და განწურულნი არიან. ისინი ჩვენი ცხონების საკითხს ემსახურებიან და ხშირად ჩვენი განკითხვისა და სულის ცხონების მიზეზნიც არიან. ამდენად, ამქვეყნად ტანჯვა-ვაების სანაცვლოდ, მარადიულ სამყოფელში ჩვენზე გაცილებით დიდ ნეტარებაში იქნებიან.

უფალი ბრძანებს: „რაც ერთ ადამიანს უყავ კეთილი ის მე მიყავი“. არსებობს ასეთი ხატი, გზად დავრდომილ მათხოვარს მოწყალე მდიდარი ხელში ქისას უდებს და იგივე ქისა ხელში უჭირავს ციდან გამოწვდილ მაცხოვრის ხელს. ხშირ შემთხვევაში კი ჩვენ არ ვიცით თუ ფიზიკურადაც ვინ დგას ჩვენს წინ მათხოვრის სახით. წმიდა წერილებში მრავალი მაგალითია მოყვანილი, როცა მათხოვრისა და გზაზე  დავარდნილის სახით, თვით უფალი იესო ქრისტე ითხოვდა გამვლელთაგან შველასა და დახმარებას. მაგალითად ბერი მარტინი ერთხელ თავის მონასტრიდან სხვა მონასტერში მიდიოდა ტაძრის დღესასწაულზე მოლოცვის მიზნით. გზად ნახა დავრდომილი მათხოვარი. მან მარტინს დღესასწაულზე წაყვანა სთხოვა. მიუხედავად სიძნელისა, კეთილმა ბერმა დავრდომილი ზურგზე შეისვა და ასე წვალებით მიუახლოვდა მონასტრის კარებს. კარებთან ახლოს კარის გაღების მიზნით მათხოვარი დაბლა დასვა. ამ დროს კარები მონასატრის ყველა წევრმა ერთდროულად გააღო. თურმე წინამძღვარს გამოცხადება ჰქონია: - ჩქარა კარები გააღეთ, უფალი მობრძანდებაო. ბერი მარტინი და მონასტრის წევრები ერთმანეთს გაკვირვებულნი უყურებდნენ, დავრდომილი მათხოვარი კი არსად ჩანდა, ადგილიდან გამქრალიყო. ცოტა ხანში ციდან გაისმა უფლის ექოსავით ხმა: „მარტინი, როგორც შენ არ მიმატოვე მიწაზე დავრდომილი, ასევე მე არ მიგატოვებ ზეცაში განკითხვის დღესო“.

მსგავსი შემთხვევების მრავალი მაგალითი არსებობს. ამდენად შესაძლაო, რომ ხშირად ჩვენივე სულის ცხონების მიზნით თვით უფალი, ანგელოზი ან რომელიმე წმინდანიც მოგვევლინოს გაჭირვებულის, მშიერის, დავრდომილის, მათხოვრის ან თუნდაც მგზავრის სახით და ჩვენ ჩვენივე ნებით ვღებულობთ ან უარვყოფთ ღვთის ასეთი დიდი მაცხოვნებელ წყალობას.

მათხოვრები ყოველთვის იყო, და იქნება. მაგრამ დღევანდელი ჩვენი ქვეყნის მდგომარეობით მათი რიცხვი ძალიან გაიზარდა. თითოეულ მათგანს დღეში ასობით და შესაძლოა ათასობით ადამიანმა ჩაუაროს გვერდზე და მხოლოდ მცირე ნაწილმა გაიღოს მოწყალება. იქნებ თანხა არა გაქვს, შესაძლოა ერთი ვაშლი მიაწოდო, პური მოუტეხო ან რითაც შეგიძლია იმით დაეხმარო. თუ არაფერი გაქვს, შეცოდება ხომ შეგიძლია. გულით თქვი: ღმერთო შენ უშველე ყველა გაჭირვებულსო და ესეც შენგან გაღებული მოწყალება იქნება.

მიუხედავად აღნიშნულისა, ხშირად ნაწილი ადამიანებისა ამრეზილნი უყურებენ ქუჩაში დავარდნილ მათხოვრებს. თითქოს ადამიანებადაც არ თვლიან, მითუმტეს თუ შარვალში შარდგადენილი მათხოვარი გდია სადმე. ასეთ გულქვა ადამიანებს შევახსენებ - ერთი რომ არ იცი ვინ არის მოვლენილი იმ დროს მისი სახით და მეორეც, რომც იცოდე ვინ არის, ღვთის გაჩენილი ხომ არის. უფალი კი გვეუბნება: რაც ერთ ადამიანს გაუკეთე, ის მე გამიკეთეო. ამდენად როცა მსგავს სიტუაციაში დახმარების ნაცვლად დასცინე ან ზიზღით შეხედე მათხოვარს, იმავდროულად ნებით თუ უნებლიედ დასცინე და ზიზღით შეხედე თვით უფალ იესო ქრისტეს.

ასეთი ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ დავეხმაროთ კიდევ დალევენ, დათვრებიან და დავარდებიანო. ეს მცდარი მოსაზრება საკუთარი სიძუნწის გამართლებაა. ჩვენ არსად არ გვეუბნება უფალი ასეთს ან ისეთს დაეხმარე, ან მხოლოდ ასეთებს დაგეხმარებითო, არამედ ამბობს: „ითხოვდით და მოცეგემათო“. ჩვენც ყველა მთხოვნელს რითაც შეგვიძლია, უნდა დავეხმაროთ.

ხშირად უსახლკაროდ დარჩენილი მათხოვრების დიდი ნაწილი, ზამთარშიც კი, ღამეს მიწაზე დაწოლილი ათენებს. ასეთები სწორედ, რომ სპირტის ან მსგავსი სასმელების თუნდაც ჭარბი მიღებით უძლებენ სიცივისგან გაყინვას და დღისით სამათხოვრო ადგილამდე ძლივს მისულებს არა განკითხვა, არამედ ჩვენგან ადამიანობა, სითბო და დახმარება სჭირდებათ.

უნდა დავიმახსოვროთ, რომ ჩვენი საქმე არ არის ვინ რისთვის მათხოვრობს; არის თუ არა ხეიბარი; შეუძლია თუ არა მუშაობით თავის რჩენა და სხვა. რადგან მათხოვრობამდე მივიდა, ჩვენ თუ შეგვიძლია, მხოლოდ დახმარება გვმართებს და არა განკითხვა. მითუმეტეს დაცინვა.

ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ ღვთის განგებით მათხოვრებს განსაკუთრებული მისია აკისრიათ და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ღვთის მართლმსაჯულების აღსრულებაში, თუ ვინ დადგინდეს განკითხვის დღეს უფლის მარჯვნივ სამუდამო ლხინებისათვის და ვინ მარცხნივ სამუდამო ტანჯვისათვის გამზადებული.

უფალმა მოგვმადლოს განცდა, რომ სხვათა შეწყალებით ჩვენც შეწყალებულ ვიქმნეთ.