რატომ უნდა ვეძებოთ ლოთობისგან განკურნების ხსნა ეკლესიაში?

რატომ უყურებს ეკლესია უნდობლად ალკოჰოლიზმთან ბრძოლის „საერო“ საშუალებებს, მიიჩნევს რა ზოგ მათგანს არასაკმარისად, ზოგს კი მავნებლად? იმიტომ, რომ მან იცის, ლოთობა მხოლოდ ავადმყოფობა კი არა, ის ვნება, ცოდვილი სულის სნეულებაა; სულის განკურნება კი ჩვენი სულისა და ხორცის მხოლოდ ერთ მკურნალს - უფალ იესო ქრისტეს ძალუძს. სწორედ მას უნდა მივმართოთ და ვეძებოთ ის ეკლესიაში.

მედიკამენტებით მკურნალობის ზოგიერთი მეთოდი ალკოპოლთან ფიზიოლოგიური დამოკიდებულების მოხსნასა და ორგანიზმის ტოქსინებისგან განწმენდაში ეხმარება. არსებობს წამლები და მათი გამოყენების მეთოდიკა, რაც საშუალებას იძლევა ამ მიმართულებით გარკვეული წარმატებების მიღწევისა, მაგრამ ამით ხომ პრობლემა საბოლოოდ არ ამოიწურება? სინამდვილეში ადამიანის სული ძველ მდგომარეობაში რჩება, ძველებურად დამონებულია ცოდვილ ლტოლვას და შედეგად ყველაფერი თავიდან იწყება...

არაეკლესიური მცდელობები - მოსპონ ალკოჰოლთან „ფსიქოლოგიური დამოკიდებულება“, იმოქმედონ სულზე - არის ან ზედაპირული, ან ოკულტური. პირველის მაგალითია საბჭოთა ნარკოლოგიის კლასიკური რეპერტუარი, რომელიც დაფუძნებულია სპირტიანი სასმელების მიმართ „უარყოფითი პირობითი რეფლექსის“ გამომუშავებით აღზრდაზე. ხოლო ოკულტური მეთოდებია ქვეცნობიერზე ზემოქმედების ყველა ხერხი - ესენია კლასიკური ჰიპნოზი, ყბადაღებული „კოდირება“, „25-ე კადრის ეფექტი“, მედიტაციის სხვადასხვა ფორმა და ა.შ. ყოველივე ეს მრავალსახეობაა იმისა, რასაც ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ვუწოდოთ სპეციფიკური სიტყვა - „ზომბირება“. ეს არის ადამიანის სულში პროგრამის ჩადება მისთვის შეუმჩნევლად და მისი სურვილის საწინააღმდეგოდაც კი. ყველაფერი ეს უცილობლად ხელყოფს ადამიანის პიროვნების უდიდეს ნიჭს - მის თავისუფლებას.

სულზე ასეთი ზემოქმედება ქურდობას ემსგავსება და არა მარტო იმიტომ, რომ არღვევენ ადამიანის თავისუფლებას, არამედ იმიტომაც, რომ უკანონოდ იჭრებიან ადამიანის სულის ურთულეს, უნატიფეს, წმინდა წყობაში და, როგორც წესი, აზიანებენ მას. შედეგები გაუთვალისწინებელი და ყოველთვის საშინელია. ადამიანმა შეიძლება მართლაც სამუდამოდ დაანებოს თავი სმას, მაგრამ რამოდენიმე წლის შემდეგ იგი დაავადდება კიბოთი, გარდაიცვლება ინსულტით (ეს განსაკუთრებით ხშირად ხდება) ან მოხვდება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

შეიძლება სხვაგვარადაც მოხდეს. ადამიანი დაანებებს თავს სასმელს, ამის შედეგად გამოჯანსაღდება კიდეც, შეიძლება არც უბედური შემთხვევისგან გარდაიცვალოს, მაგრამ დაიღუპება მისი სული. ლოთობის ვნება ქრება, მაგრამ მის ადგილზე რჩება უარესი (შეიძლება რამდენიმეც), რომელიც სრულიადაც არ ჰგავს ლოთობას. ადამიანში ან ეშმაკეული სიბოროტე, ან ადამიანების მიმართ სიძულვილი, ან ამპარტავნება იბუდებს. ლოთობის ერთი ეშმაკის ნაცვლად ადამიანში ჩასახლდება შვიდი ავი სული - „და იქმნის უკანასკნელი კაცისა მის უძჳრეს პირველისა“ (მთ. 12, 45) და თუმც ლოთს ან მის ახლობლებს შეიძლება მოეჩვენოთ, რომ „უარესი აღარ შეიძლება მოხდეს“ - ეს ასე არ იქნება.

ნუ აჰყვებით ეშმაკისეულ სწავლებას, საფრთხეში ნუ ჩააგდებთ მარადიულ ხსნას და ნუ გექნებათ იმედი ამქვეყნად, მიწიერ ყოფაში საუკეთესოს მოპოვებისა! ეძიეთ ხსნა ეკლესიაში, იქ - სადაც იგი შეიძლება იპოვოთ.

თარგმა მარინა მარსაგიშვილმა
„უფალო, ხელი აღმიპყარ მე!“, თბილის, 2002 წ.