„ამას გეტყოდეთ თქვენ: ითხოვდეთ და მოგეცეთ; ეძიებდეთ და
ჰპოვოთ;
ირეკდეთ და განგეღოთ თქვენ“ (ლუკა 11, 9)
წმიდა იოანე კასიანე გვირჩევს, - ჩვენი ლოცვა მხურვალე და წმიდა რომ იყოს, უნდა ვეცადოთ, აღვასრულოთ შემდეგი პირობები: ლოცვისას ყოველგვარი ხორციელი საზრუნავი უნდა მოიკვეთოს; და მარტოოდენ ზრუნვა კი არა, არამედ თავად საზრუნავის ხსოვნაც კი არ უნდა გვაწუხებდეს.
ვიდრე ლოცვას შევუდგებოდეთ უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა ინფორმაციებს მიიღებს და გაიზიარებს ჩვენი სული. რადგან ყოველივე ის, რაც დღის განმავლობაში აღვიქვით, ლოცვის დროს გვაგონდება და ხელს გვიშლის. ამიტომ თუ გვსურს, ლოცვისას ყურადღებით ვიყოთ, ამისათვის საკუთარი თავი შესაბამისად უნდა შევამზადოთ.
ადამიანის გონება მსუბუქი ბუმბულის მსგავსია. თუკი ბუმბული მშრალია, სიოს ოდნავი დაბერვითაც კი მაღლა ცაში აიწევს, ხოლო თუკი დასველდა - ძირს დაეცემა და მიწას მიეკვრება. ასევეა ჩვენი გონებაც, - თუკი მას არ ამძიმებს ვნებები და მიწიერი საზრუნავი, - ბუნებითად წმიდაა და სულიერი საზრდოს მისაღებადაა მომართული. სწორედ ამიტომ გვმოძღვრავს უფალი: „ეკრძალენით თქვენს თავს, რათა არ დამძიმდეს თქვენი გული განცხრომით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით...“ (ლუკა 21, 34). ე. ი. იმისათვის, რომ ჩვენი გონება ლოცვისთვის მოვამზადოთ, უნდა ვერიდოთ ნაყროვანებას, მემთვრალეობასა და ამაო საზრუნავს.
იმისდა მიხედვით, თუ როგორაა მომზადებული სული ლოცვისათვის, - ლოცვაც განსხვავებულია. ერთფეროვანი ლოცვა არ არსებობს. ყველა სხვადასხვაგვარად ლოცულობს თავისი მდგომარეობის მიხედვით. ის კი არა, თითოეული ჩვენგანიც კი სხვადასხვა მდგომარეობაში სხვადასხვაგვარ ლოცვებს აღავლენს: სხვაა ჩვენი ლოცვა მხიარულების ჟამს, სხვაა - მწუხარებისას; სხვაა, როცა სულიერად ამაღლებულნი ვართ და სხვაა, - თუკი დაცემულ მდგომარეობაში ვიმყოფებით; სხვაა, როცა ცოდვათა შენდობას ვითხოვთ და სხვაა, როცა მადლის მიღება გვსურს ან რაიმე ვნების დათრგუნვას ვითხოვთ; სხვაა, როცა განკითხვის დღისა და ჯოჯოხეთის ცეცხლით შეძრწუნებულნი ვართ და სხვაა, როცა მომავალი ნეტარებისა და მშვიდობის სასოებით ვართ აღვსილნი და სულ სხვა - თუკი გაქვავებული გულისა და სულის უნაყოფობაზე ვტირით. მოციქული ლოცვის 4 სახეობას განასხვავებს: „...უწინარეს ყოვლისა, მოგიწოდებ, აღასრულო ლოცვანი, თხოვნანი, ვედრებანი და მადლიერებანი ყველა კაცისთვის.“ (1 ტიმ. 2, 1). ლოცვის პირველი სახე - ეს იმგვარი ლოცვაა, როცა ცოდვათა გამო სინანულს მივეცემით და შენდობას ვითხოვთ; ლოცვა-ვედრება - როდესაც ლოცვისას რაიმეს ვწირავთ ან აღუთქვამთ უფალს, ოღონდაც შეგვისრულდეს სავედრებელი; თხოვნითი ლოცვა - როდესაც მხურვალე სულით ვლოცულობთ სხვებისათვის და მსოფლიოში მშვიდობისათვის; ლოცვა სამადლობელი, - როდესაც ვადიდებთ და ვმადლობთ ღმერთს.
ლოცვის ამ 4 სახეობის შემდგომ არის სულის იმგვარი ამაღლებული მდგომარეობა, როდესაც ვჭვრეტთ ერთარს უფალს, მთელი არსებით გვიყვარს იგი და მისი სიყვარულით მოცული ჩვენი გონება მას განსაკუთრებული სიწრფელით ესაუბრება. ამ მდგომარეობისაკენ რომ უნდა მივილტვოდეთ, გვასწავლის ლოცვა „მამაო ჩვენო“ (მთ. 6, 9- 13). ეს ლოცვა თავად უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გვასწავლა. იგი თავის თავში ლოცვით სრულყოფილებას მოიცავს. მაგრამ განსაკუთრებული ლოცვითი განწყობა, მარტოოდენ ლოცვის სიტყვების სრულყოფილებაზე არაა დამოკიდებული. ამისთვის საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო. მხურვალე ლოცვა კი ღვთის განსაკუთრებული წყალობაა.
წმიდა მამების გამოცდილებით ცნობილია, რომ ლოცვითი განწყობა ადამიანებს, შესაძლოა, სხვადასხვა შემთხვევაში დაეუფლოს. ზოგჯერ ფსალმუნთა კითხვის დროს რომელიღაც ადგილი უეცრად გულში უხილავ სიმს შეარხევს და მხურვალე ლოცვაც წარმოიშვება. ზოგჯერ გალობის კეთილხმოვანება განაწყობს მხურვალე ლოცვისათვის. ზოგჯერ ამგვარი განწყობა მოძღვართან საუბრის შემდეგ გვეუფლება. შესაძლოა, მხურვალე ლოცვა ახლობელი ადამიანის გარდაცვალებამაც განაპირობოს. ზოგჯერ საკუთარი სიცივისა და უდებების გახსენებაც აღძრავს ჩვენში მხურვალე ლოცვის სურვილს. ამგვარი შემთხვევები, როდესაც უფლის მადლი ჩვენს სულებს უგულისხმობისა და მცონარებისაგან აფხიზლებს, - ურიცხვია.
ჩვენი ლოცვა უნდა იყოს მუდმივი, რწმენით აღსავსე და სათნო საქმეებთან შერწყმული. უფლისთვის ასევე სათნოა ერთობლივი ლოცვა.
ლოცვის ძალა რწმენის სიძლიერეზეა დამოკიდებული. „...თუ გექნებათ რწმენა მდოგვის მარცვლის ოდენა და ეტყვით ამ მთას: გადადექი აქედან იქით, - გადადგება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის“ (მთ. 17, 20).
ამასთან, კარგად დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ მტკიცედ უნდა გწამდეთ (არა თუ გეეჭვებათ), რომ თქვენი ლოცვა შესმენილი იქნება, - მაშინ რწმენისამებრ მიიღებთ.
ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ უფლისთვის სათნოა განმარტოებული, ფარული ლოცვა. ისევე, როგორც სათნოა ღვთისათვის დახურულ კარს მიღმა ლოცვა, მსგავსად ამისა, სათნოა დახურული ბაგეებით ლოცვის წარმოთქმა, ანუ გულში ლოცვა. მხურვალე გულითა და ფხიზელი გონებით აღვლენილ ლოცვას ვერაფერი შეედრება. ეს ლოცვა მარტოოდენ უფალმა უწყის და ბოროტი სულებისათვის ამგვარი ლოცვითი მდგომარეობა დაფარულია, რადგან უხილავია.
დაბოლოს, ჩვენი ლოცვა სრულყოფილებას მიაღწევს, როდესაც ჩვენზე აღსრულდება მაცხოვრის სიტყვა მამაზეციერისადმი „მე ვაუწყე მათ სახელი შენი, და კვლავაც ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მე ვიყო მათში“ (იოანე 17, 26) და „რათა ყველანი ერთნი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში და მე შენში; რათა ისინიც ერთი იყვნენ ჩვენში...“ (იოანე 17, 21).
ლოცვითი განწყობის შესაქმნელად უფალ იესო ქრისტეს უნდა ვუხმობდეთ: „ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ, უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე.“ (ფსალმ. 69, 2).
ლოცვითი განწყობა, მხურვალე და წმიდა ლოცვა განსაკუთრებული ღვაწლით მოიპოვება და ღვთის შეწევნისა და მადლის გარეშე იგი ადამიანისთვის მიუღწეველია.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“