დიდი თავმდაბლობისა გამო მამა არსენი არასდროს გამოსულა სიტყვით დიდ შეკრებებზე, - მისი სენაკი ჰგავდა მცირე სასწავლო აუდიტორიას, რომელშიც მუდამ იყვნენ რჩევა-დარიგებისთვის მისული ადამიანები.
ერთხელ მამა არსენს ჰკითხეს: „მორჩილების შესრულების დროს უნდა წარმოვთქვამდეთ თუ არა ლოცვასო?“ ღირსმა მამამ მიუგო: „რა თქმა უნდა, ლოცვა არ უნდა წყდებოდეს!“ ბერებმა შესჩივლეს: „ვცდილობთ, მუდმივად ვილოცოთ, მაგრამ გონება გვეფანტება.“ მაშინ მამა არსენმა მათ შემდეგი რჩევა მისცა: „როდესაც იმდენს ვლოცულობთ, რამდენიც ძალგვიძს, მაშინ ვაიძულებთ გონებას, აღიქვას ჩვენს მიერ წარმოთქმული სიტყვები. მაგრამ ამას რომ მიაღწიო, დიდი ძალისხმევა და საკუთარი თავის იძულება გმართებს. საქმიანობის დროს შენი ბაგენი დაუდუმებლად უნდა იმეორებდნენ: „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.“ გონება, რა თქმა უნდა, იფანტება, საქმიანობით კავდება, აქეთ-იქით დახეტიალობს. მაგრამ ყური რომ ისმენს, იქიდან რაღაცას მაინც აღიქვამს და გულში ჩაუშვებს. თან იცოდე, თუკი შენ ლოცვის სიტყვები არ გესმის, სატანას ისინი ძალიან კარგად ესმის და იესო ქრისტეს სახელის ხსენებაზეც კი ძრწის“.
ერთხელ მამა არსენს ტრაპეზარმა შესჩივლა: „მაკურთხე, მამაო, კერძი ჩამეწვა.“ „ალბათ, შენ რაღაც ცუდი გულისთქმა გქონდა,“ - დაეკითხა მას მამა არსენი. „არ მახსოვს, მამაო,“ - გულწრფელად აღიარა ბერმა. „ალბათ, გონება ოცნებას მიეცა და ლოცვა გაქრა,“ - განაგრძობდა ღირსი მამა. „ნუთუ ეს კერძის ჩაწვასთან რაიმე კავშირშია?“ - გაიკვირვა ბერმა. „და მერე როგორ! როდესაც მუდმივ ლოცვას წარმოთქვამ, არასდროს დაგავიწყდება კერძს რომ აკეთებ, და ნახავ, როგორი გემრიელი სადილი გამოგივა!“ - დაარიგა ღირსმა მამამ.
მამა არსენი მოგვითხრობდა, რომ ღირსი იოსებ ისიქასტი თავად ამზადებდა კერძებს და ამ დროს თვალზე ცრემლი არ უშრებოდა. სად იყო იმ დროს მისი გონება?! რომ იცოდეთ, როგორ გემრიელ კერძებს ამზადებდა! მას სხვა მონასტრებიდან საგანგებოდ იწვედნენ ხოლმე სადღესასწაულო ტრაპეზების დასამზადებლად.
მამა არსენი გაეხუმრა ტრაპეზარს: „აი, ჩვენი ტრაპეზარი არ ლოცულობს, რადგან ეშინია, კერძი არ ჩაეწვას.“ ყველას გაგვეცინა, ტრაპეზარი კი ჩაფიქრდა; მას ღრმად აღებეჭდა გონებაში მამა არსენის სიტყვები - ღირს მამა იოსებს კერძების დამზადების დროს თვალზე ცრემლი არ უშრებოდაო.
ერთხელ მამა არსენს ჰკითხეს: „ბერებს ჩვეულებად აქვთ საქმიანობისას იესოს ლოცვის ნაცვლად ღვთისმშობლის დაუჯდომლის კითხვა და რომელი ლოცვის წარმოთქმა სჯობსო?“ მამა არსენმა მიუგო: „დედა ღვთისმშობელს ძალიან უყვარს დაუჯდომელი ლოცვა. ჩვენ ღირს იოსებ ისიქასტთან ერთად დღის განმავლობაში არაერთგზის ზეპირად წარმოვთქვამდით ხოლმე ღვთისმშობლის დაუჯდომელს. მე მაქვს ლოცვანი, სადაც წერია, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მრავალ წმიდანს გამოეცხადა და ამცნო, რომ ვინც ყოველდღიურად წაიკითხავს მის დაუჯდომელს, იგი მას ამ ცხოვრებაშიც დაიფარავს და გარდაცვალების შემდეგაც მისი მეოხი იქნება თავისი ძის წინაშე.
რა თქმა უნდა, ყველაფრის საფუძველი იესოს ლოცვაა. თუკი გაქვს სურვილი, ილოცო, ნუ შეწყვეტ ლოცვას, იგი ყველაფერს ენაცვლება და ყოველივეზე აღმატებულია; ესაა უპირველესი საქმე. თუკი ლოცვის წყურვილი შესუსტდება, დაუჯდომელი იკითხე. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ასევე ძალიან უყვარს ლოცვა „ღვთისმშობელო ქალწულო“. ზოგჯერ, ამ ლოცვის მრავალგზის წარმოთქმის შემდეგ, დედა ღვთისა ენითაღუწერელ სიტკბოებას განიჭებს.“
მამა არსენს ჰკითხეს: „მამაო, თუკი დაღლილობის გამო ფეხზე ვეღარ ვდგებით, შეიძლება თუ არა, დაწოლილი ვილოცოთ?“ მამა არსენმა მიუგო: „ქრისტე ჩვენგან იმაზე მეტს არაფერს მოითხოვს, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. თუკი მართლა არ ძალგვიძს ფეხზე დგომა და ჯდომაც კი გვიჭირს, ასეთ შემთხვევაში იგი ჩვენთანაა მაშინაც, თუნდაც რომ ვიწვეთ. მაგრამ, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ჩვენ კიდევ შეგვწევს ლოცვის ძალა, სატანა კი შთაგვაგონებს ძლიერ დაღლილობასა და ძილს გვგვრის. უფრო მძიმე ცდუნებებიც შეიძლება გვქონდეს. ამიტომ მარად სიფხიზლე გვმართებს.“
კითხვაზე - შეიძლება თუ არა ღვინის სმა, მამა არსენმა მიუგო: „ეს თქვენს სულიერ მოძღვართან უნდა გაარკვიოთ. მაგრამ ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ ჭაბუკის ორგანიზმში ღვინო სისხლად გარდაიქცევა, მოხუცის ორგანიზმში კი - წყლად. ხოლო რაც შეეხება კვებას, თუკი მარხვაში დილით საზრდოს არ ღებულობ, იცოდე, რომ ეს ზიანს არ მოგიტანს. თუმცა, არც მძიმე მარხვა არის მისაღები. როგორც წმიდა იოანე კლემაქსი ამბობს, სჯობს, დღეში ორგზის მიირთვა და ამპარტავნების ცოდვას სძლიო, ვიდრე დღეში ერთგზის ღებულობდე მცირედ საზრდოს და სულ იმაზე ფიქრობდე, თუ რა ღვაწლში ხარ.“
თავად მამა არსენი საკუთარ თავზე ამბობდა: „მე უფალმა ორი უდიდესი ნიჭი მიბოძა: პირველი - დღის განმავლობაში ერთგზის საზრდოს მიღებით გაძლიერება და მეორე - ცხოვრების მანძილზე სნეულებათაგან დამიფარა და ძალა მომცა, რომ არცერთი აბი არ მიმეღო“.
და განა ნამდვილი სასწაული არ იყო, რომ ამგვარი მძიმე ასკეტური ცხოვრების მანძილზე მამა არსენს არასდროს უავადმყოფია; 70 წელზე მეტ ხანს მას სხეულზე წყალიც კი არ გადაუვლია; მხოლოდ თავსა და ფეხებს იბანდა. მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, მამა არსენს უდაბნოს საოცარი კეთილსურნელი ასდიოდა.
მამა არსენი გვარიგებდა: „რამდენადაც ძალგიძთ, თვალი ადევნეთ, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობა გქონდეთ. ნურავინ დარჩება თქვენგან ნაწყენი, იცოდეთ, რომ ერთი თქვენს მიერ განაწყენებულიც კი თქვენი ლოცვის დაბრკოლებად იქცევა“.
თარგმნა მარიამ გაგუამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 7(266), 2004 წ.