მოწყალება-სიყვარულის გამოხატვაა, ქრისტიანული სიყვარული ეს „შეუძლებლის შეძლებაა“, ესაა დაინახო სხვა ადამიანში, ვინც არ უნდა იყოს იგი ქრისტე, რომელიც შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში არა მარტო უბრალოდ „კეთილი საქმისთვის“ ან ფილანთროპული ვარჯიშისთვის, არამედ ღმერთთან მარადიულად ზიარების დასაწყისისთვის.
რატომ უნდა გავცე მოწყალება? რატომ უნდა მივცე ჩემი მძიმე მუშაობით შეძენილი ქონების ნაწილი უცნობ ადამინს? ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხს ეძებენ არამარტო ურწმუნონი, არამედ მორწმუნენიც.
ჩვენდა საბედნიეროდ საქართველოში უამრავია ხალხი, რომელიც უბრალოდ ეხმარება გაჭირვებულ ადამიანს. ადამინები, რომლებიც გასცემენ წყალობას ან მოწყალებას, არაფერს არ კარგავენ. წმინდა ადამიანური გაგებით წყალობა ადრე თუ გვიან აუცილებლად ბრუნდებად მწყალობელთან, ხშირად მოულოდნელად და გაცემულთან შედარებით მრავალჯერ აღმატებულად. ესწრაფეთ თქვენი სიკეთის შესახებ არავინ გაიგოს „ხოლო შენ რაჟამს იქმოდი ქველის-საქმესა, ნუ სცნობნ მარცხენაი შენი რასა იქმოდის მარჯუენაი შენი.
რაითა იყოს ქველის-საქმე შენი ფარულად; და მამან შენმან, რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად“. (მათე 6, 3-5). ასევე უფალმა ბრძანა „წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი“, (მათე 9, 13) ანუ ის, რაც თქვენი გულიდან გამოდის.
თქვენმა მოწყალებებმა შეიძლება გადაარჩინოს თქვენი სული: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“ (მათე 5, 7)
ასევე ეუბნება იესო ქრისტე მოციქულებს „რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი.
რომელმან შეიწყნაროს წინასწარმეტყველი სახელად წინასწარმეტყველისა, სასყიდელი წინასწარმეტყველისაი მიიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისაი მიიღოს.
და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელი ერთი წყალი გრილი სახელად მოწფისა, ამენ გეტყვ თქვენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი“. (მათე 10, 40-42).
ასევე მეორედ მოსვლისას, როცა განარჩევს მართალთა და მცდართა უფალი იესო ქრისტე ეტყვის მათ:
„მაშინ რქუას მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებულნი თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით.
რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე;
შიშუელ ვიყავ და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე; საპყრობილეს ვიყავ და მოხუედით ჩემდა.
მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, როდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ?
ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და შეგმოსეთ შენ?
ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა?
და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყვით თქუენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ.
მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკთათვის და ანგელოზთა მისთათვის;
რამეთუ მშიოდა და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და არა მასუთ მე;
უცხო ვიყავ და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილესა და არა მოხუედით ჩემდა.
მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი, ანუ წყურიელი, ანუ უცხოებასა, ანუ შიშულოებასა, ანუ უძლურებასა, ანუ საპურობილესა და არა გმსახურეთ შენ?
მაშინ მიუგოს მან: ამენ გეტყვ თქვენ: რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ“. (მათე 25, 34-45). ამით იესო ქრისტემ გამოგვიცხადა, რომ ყოველივე, რასაც გავცემთ, არ გვეკარგება, არამედ იესო ქრისტესთან აღირაცხება.
„ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქვეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან.
ხოლო თქვენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან.
რამეთუ სადაცა არნ საუნჯენი თქუენი, მუნცა იყოს გული თქვენი.“ (მათე 6, 19-21)
ჩვენი სულმნათი შოთა რუსთველიც ხომ ამას გვასწავლის: „რასაცა გასცემ შენია, რაც არა - დაკარგულია“.
მაინც რითი უნდა გავცეთ მოწყალება, ხშირად ხომ ჩვენ თვითონაც არა გვაბადია, იკითხავს ვინმე. მაგრამ არის ის, რისი მიცემაც უკანასკნელ ღარიბსაც შეუძლია. ეს არის თანაგრძნობა, კეთილი რჩევა და ლოცვა. ასე რომ ესწრაფეთ საყვარელნო წყალობის კეთებას როგორც ცოცხლებისთვის, ასევე მიცვალებულთათვისაც. კარგი, იკითხავს ზოგი, ვთქვათ ცოცხალთათვის წყალობის მიცემა კარგია, მაგრამ მიცვალებულს როგორღა უნდა შევეწიოთ?
რა თქმა უნდა სულის ცხონება მთლიანად უფლის ნებაა, მაგრამ ვიცოდეთ, რომ ჩვენი ლოცვა შეეწევა მიცვალებულს. ამ დროს უფლის უსაზღვრო წყალობას გამოვითხოვთ გარდაცვალებულისათვის. სასურველია ახლობლებმა გააკეთონ საკურთხი და გადაიხადონ ეკლესიაში პანაშვიდი გარდაცვლილის დაბადების დღეს, გარდაცვალებისა და ანგელოზის დღეებში.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მიცვალებულისთვის, თუ ახლობლები ყოველ შაბათ-კვირას, საეკლესიო დღესასწაულებში ესწრებიან წირვა-ლოცვას, ეზიარებიან და სეფისკვერს აგზავნიან საკურთხეველში გარდაცვლილის სულის მოსახსენებლად. (გარდაცვალებულისთვის საკურთხეველში აგზავნიან სეფისკვერს და ფურცელს მიცვალებულის ან მიცვალებულების სახელებით). განსაკუთრებულ შემთხვევაში მოძღავრთან პირადი შეთანხმებით შესაძლებელია მიცვალებულის ბარძიმთან მოხსენიებაც.
შვიდი ხორციელი მოწყალება
1. მშიერთა დაპურება
2. მწყურვალთათვის დალევინება
3. უპოვართა შემოსვა
4. უცხოთა შეწყნარება
5. სნეულთა მოკითხვა
6. პატიმართა მონახულება
7. მიცვალებულთა დამარხვა
შვიდი სულიერი მოწყალება
1. ცოდვილთა მოქცევა
2. უცოდინართა სწავლება
3. დაბრკოლებაში დახმარება
4. მწუხარეთა ნუგეშისცემა
5. უსამართლობის ატანა
6. შემცოდეთა პატიება
7. ღვთისადმი ლოცვა ადამიანების საცხოვნებლადშესახებ
მოამზადა მამია გოგავამ