მოწყალების საქმეები

სნეულთა მოკითხვა

„საქმეთაგან განმართლდების კაცი და
არა სარწმუნოებისაგან ხოლო“ (იაკობი 2, 3)

ქრისტიანის რწმენის ჭეშმარიტი ნაყოფი სიყვარული და მოწყალებაა. რწმენა სიყვარულის და მოწყალების გარეშე მკვდარია. ასევე მკვდარია სიყვარული კეთილი საქმეების გარეშე. ღვთის სიყვარული მოყვასის სიყვარულში ცხადდება. მოყვასი კი ისე უნდა გვიყვარდეს, როგორც საკუთარი თავი. ისე უნდა მოვექცეთ მას, როგორც გვსურს, რომ ჩვენ მოგვექცეს იგი.

კეთილ საქმეთა შორის უპირველესი მოწყალებაა. ეს არ ნიშნავს გაჭირვებულის მხოლოდ შველას, ანდა მძიმე მდგომარეობაში მყოფთა თანაგრძნობას; ის გულისხმობს საკუთარი თავის მის მდგომარეობაში ჩაყენებას.

მოწყალების საქმე მრავალგვარია, თითოეულმა ჩვენგანმა მისთვის შესაფერისი საქმე უნდა აირჩიოს და ესწრაფოს სიკეთის ქმნას. სჯული ქრისტესი საქმით უნდა აღვასრულოთ და ჩვენი სარწმუნოება გამოვაჩინოთ.

„შეუძლებელია, სრულიად შეუძლებელია, რომ მოწყალების გარეშე მივაღწიოთ თუნდ სამოთხის კარამდე. მოწყალების გარეშე ლოცვაც უნაყოფოა“, - ამბობს იოანე ოქროპირი.

იოანე კლემაქსი კეთილ საქმეებს იმ საგზალს უწოდებს, რომელიც ქრისტიანს ამ სოფლიდან გასვლისას აუცილებლად დასჭიდება.

„ქრისტიანია ის, ვინც, რამდენადაც კაცთათვის შესაძლებელია, ბაძავს ქრისტეს საქმით, სიტყვით, გულისთქმით“.

ადამიანები იტანჯებიან, ავადმყოფობენ, კვდებიან. ავადმყოფობა ღვთის განსაკუთრებული განგებით ევლინება ადამიანს; ხშირად მის გამოსაფხიზლებლად და გონზე მოსაყვანადაც კი უგზავნის ღმერთი კაცს სნეულებას.

მაცხოვარი კურნავდა სნეულთ, აღადგენდა განრღვეულთ, ბრმათ თვალს უხელდა, ყრუთ სმენას უბრუნებდა. წმიდანთა უმრავლესობას ღვთისაგან განკურნების ნიჭი ჰქონდა მომადლებული.

ჩვენ, ვისაც არ ძალგვიძს სასწაულებრივად განვკურნოთ ადამიანი, იმით მაინც უნდა მივბაძოთ მაცხოვარს, რომ გამოვიჩინოთ ზრუნვა სნეულისადმი, დავეხმაროთ მას.

ავადმყოფის მონახულება, მოკითხვა, ნუგეშისცემა, გამხნევება, ფიზიკურად თუ მატერიალურად დახმარება, ვალია ქრისტიანისა. ჩვენ უნდა მივეხმაროთ უძლურებაში მყოფ მოყვასს იყოს მხნედ, არ დაკარგოს სარწმუნოება და ღვთის შიში. უნდა შევახსენოთ მას, რომ სნეულება ადამიანს განწმენდასა და ცოდვების გამოსყიდვაში დაეხმარება. თანაც, შეიძლება ღვთისაგან გამოგზავნილი უძლურება რაღაც უფრო დიდ განსაცდელს აარიდებს მას.

ქრისტიანი საქმით და სიტყვით უნდა დაეხმაროს მოყვასს, შვება მოჰგვაროს და ხელი შეუწყოს მის გამოჯანმრთელებას.

სნეულთა მოკითხვა ხორციელი მოწყალების საქმეა.

 

მოთმინებით ატანა უსამართლობისა

„ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულენ თქუენ კაცთა და
ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და
განჰხადონ სახელი თქუენი ვითარცა
ბოროტთა ძისათვის კაცისა“ (ლუკა 6, 22)

როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც მას უსამართლოდ ეპყრობიან?

აი, რას გვირჩევს ანტონი დიდი: „თუ რომელიმე თქვენგანს ცილისწამება შეხვდა ადამიანთაგან, დაე, სიხარულით მიიღოს ეს განსაცდელი და ყოველივე უფალს მიუძღვნას, რომელიც ერთადერთია მართალი და მსაჯული“.

ქრისტიანი აუგად კი არ უნდა იხსენებდეს ბოროტის მყოფელსა და შეურაცხმყოფელს, არამედ უნდა წუხდეს მისთვის, რადგან იგი უფრო მეტადაა „ღირსი ტირილისა ფრიადისა, ვიდრეღა იგინი, რომელთა უყონ ბოროტი“.

დამცირება და შეურაცხმყოფა მოთმინებით უნდა ავიტანოთ. უსამართლობის მშვიდად და უდრტვინველად გადატანა დიდი ღირსებაა. თუ ჩვენ გვეყოფა ძალა ამისა, ღვთისაგან მივიღებთ იმ ნეტარებას, რომელსაც უფალი შეურაცხყოფილთ და დევნილთ ჰპირდება.

„ულოცევდით ბოროტის მყოფელთა თქუენთა, რათა იყვნეთ მსგავს მამისა თქუენისა ზეცათასა“, - გვასწავლის იოანე ოქროპირი.

უსამართლობის მოთმინებით ატანა ადამიანისაგან დიდ სულიერებას, რწმენის სიმტკიცეს და ქრისტეს მცნებების დაცვას მოითხოვს. ამიტომაც გვირჩევენ წმიდა მამები, რომ როდესაც ვინმე უსამართლოდ გვეპყრობა, უნდა გავიხსენოთ მაცხოვარი და მისი ამქვეყნიური ტანჯვა. ის, რასაც ჩვენ ვითმენთ, არად ჩასაგდებია ქრისტეს ვნებათან შედარებით.

მოთმინებითა და სიმშვიდით ჩვენ შეგვიძლია მტერი მოყვარედ გავიხადოთ.

უსამართლობის მოთმინებით ატანა სულიერი მოწყალებაა.

ქეთევან შონია

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 1(103), 2001 წ.