(სტატიის ავტორი უცხოეთში მოღვაწე ბერია. ეს პუბლიკაცია, პირველ რიგში, დაიწერა იმ ადამიანებისათვის, ვისაც სურს ნარკომანიის სენისგან თავის დაღწევა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება უჭირს.)
ნარკოტიკზე დამოკიდებულება შიშებიდან იწყება და შიშებითვე მთავრდება. ეს ის მდგომარეობაა, როცა ნარკოტიკიდან „კაიფის“ მიღების ჩვევა უკვე აუცილებლობაში გადაიზრდება. ადამიანში ჩნდება დაუოკებელი შიში თვითგადარჩენისა! ეს შიში საკუთარ თავში სირცხვილსაც შეიცავს და დანაშაულის გრძნობასაც. სირცხვილის გრძნობას ორი მხარე აქვს: წამალზე დამოკიდებული ადამიანი საკუთარ თავს სხვა ადამიანების (მშობლების, ოჯახის, ახლობლების) წინაშე ადანაშაულებს, ასევე აქვს განცდა - „მე ეს დავიმსახურე“ და „მე არავინ მაპატიებს, არც საკუთარ თავს ვაპატიებ ამას“. სწორედ სირცხვილის განცდის ეს ორი მხარე გვიჩვენებს იმ შინაგან კონფლიქტს, რაც მუდამ თან სდევს წამალზე დამოკიდებულ ადამიანს.
მხოლოდ წარსულზე, შიშზე ფიქსირებული ადამიანი საერთოდ აღარ ფიქრობს მომავალზე, მომავალი მისთვის არ არსებობს. მას ეშინია საკუთარი თავისთვის წარსულის პატიება, ეშინია ცვლილების. იმის მაგივრად, რომ საკუთარ „მესთან“ კავშირი აღადგინოს, შინაგან უძლურებას ნარკოილუზიებით ავსებს. სინამდვილეში კი, მან თვალებში უნდა ჩახედოს შიშს, აპატიოს სხვებს და შეურიგდეს საკუთარ თავს. აი, ერთადერთი საშუალება, რაც ადამიანს ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლაში დაეხმარება.
ყოველივე ეს საკუთარ თავზე გამოვცადე... ასე მეგონა, რომ ნარკოტიკისგან ყველაფერი, ან თითქმის ყველაფერი შემეძლო მიმეღო...
წამალზე, ნარკოტიკზე დამოკიდებულება - ესაა უდარდელი და გონებაამღვრეული ცხოვრების დაუოკებელი სურვილი.
თავიდან იწყებ ფიქრს იმაზე, როგორ გინდა დროის გატარება, თანაც ისე, რომ არ „გაგიტყდეს“. ყურადღებას აქცევ შენს გარეგნობას, ცდილობ, რომ არავინ შეგამჩნიოს, რომ „გაჩხერილში“ ხარ. ზრუნავ იმაზე, რომ ახლობლებთან და ნაცნობებთან არ „დაიწვა“, რათა ეს არავინ გაიგოს (ოჯახმა, სასწავლებელმა, სამსახურმა, პოლიციამ). მოგწონს, რომ იკეთებ. „კაიფში“ გართობა გსიამოვნებს, ჯანმრთელობა ჯერჯერობით წესრიგში გაქვს და თითქოს ყველაფერი კარგად არის.
თუმცა ზოგჯერ, თუკი საკუთარ თავს ჩაუღრმავდები, მიხვდები, რომ უკვე კარგა ხანია, რაც იკეთებ და დოზაც უფრო მეტი და მეტი გჭირდება. მაგრამ ჯერ ესეც არ გეჩვენება სახიფათოდ.
საბოლოოდ, აცნობიერებ, რომ ეს უკვე ჩვევად გექცა, ჩვევად, რომელსაც თავად აკონტროლებ და მართავ. და ესეც ჯერ კიდევ არ არის საშიში. მაგრამ, მიუხედავად ამისა, უფრო და უფრო გამძიმებს რაღაც გაორების შეგრძნება, თანდათანობით ეს გრძნობა გამუდმებულ დაძაბულობად გადაიქცევა, რასაც თანმიმდევრობით ყოველგვარი აკრძალვისა და მოვალეობის თავიდან აცილებისაკენ მივყავართ, რაც თითქოსდა შენი სურვილების საწინააღმდეგოდ გცვლის. იცვლება შენი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და მთელი სამყაროს მიმართ.
ის, თუ როგორ ვიყენებთ ჩვენს გრძნობით ორგანოებს გარეშე სამყაროს აღქმისას, ზეგავლენას ახდენს ჩვენს აზროვნებასა და შინაგან გამოცდილებაზე. როდესაც ნარკოტიკის მეშვეობით საკუთარ გრძნობით ორგანოებზე ზემოქმედებას ვახდენთ, თანდათანობით გვეცვლება შინაგანი გამოცდილება და „შეცვლილ რეალობაში“ ვცხოვრობთ.
ჩვევად ჩამოყალიბების ეტაპი გავლილია, მაგრამ ძველებურად გგონია, რომ თავად აკონტროლებ ყველაფერს. დრო გადის, შენ უფრო ხშირად და უფრო მეტ წამალს იკეთებ, ინტერესების სფერო, ნაცნობების წრე თანდათანობით ვიწროვდება, სპეციფიკური ხდება, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ ნარკოტიკის მეშვეობით მიიღო შინაგანი კომფორტი და სიმშვიდე.
ნარკოტიკის გარეშე გატარებული დრო უკვე დისკომფორტად იქცევა შენთვის, გძაბავს გაორება, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება შენში და გთრგუნავს. ეს გაორება მაშინ დაიწყო, როცა არჩევანის წინაშე იდექი: ან არ გავსინჯავ აკრძალულ ნაყოფს (ნარკოტიკს), ანდა მის ხარჯზე ყველანაირ სიამოვნებას მივიღებ. შენ უკვე გააკეთე შენი არჩევანი - მიიღე აკრძალული ნაყოფი.
თავს თითქოსდა გვერდიდან აღიქვამ, გაუცხოვდი, ვინაიდან ასე უფრო ადვილია ცხოვრება, ნაკლებად ფიქრობ საკუთარ საქციელზე, რაც ახლობლებს სასოწარკვეთილებაში აგდებს. გაუცხოება, გაღიზიანება, მკვეთრი აღგზნებადობა, ან პირიქით, მოთენთილობა, დაუძლურება შენთვის უკვე ნორმა ხდება, ჩვეულებრივ მდგომარეობად იქცევა. ამის ჭეშმარიტ მიზეზს ან ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებ, ან გულდაგულ მალავ, უპირველეს ყოვლისა კი, საკუთარი თავისგან. შენი არაადეკვატური მდგომარეობა ახლობლებისთვის გაუგებარია, რადგან ისინი შენ კარგად გიცნობენ. ერთ-ერთი მათგანი თავს ვერ იკავებს და ცდილობს, გამოიკვლიოს, თუ რა ხდება, რა პრობლემები გაქვს, რა სახით შეიძლება, დაგეხმაროს. წარმოიშვება კონფლიქტები, კამათი, ყვირილი, გაუცხოება, უთანხმოება, რის შედეგადაც შინაგანად ანგრევ ახლობლებთან დამოკიდებულებას. გეკითხებიან:
- „რა ხდება? რა მოგდის?“
შენ დუმხარ. გულის სიღრმეში კი გსურს წამოიძახო: - „მე სხვანაირი გავხდი. მე
ახლა ვიცი, რა არის ნარკოტიკი. მაგრამ ამის შესახებ არაფერს გეტყვით“. თუ
გკითხავენ: „- რა გაწუხებს?“ შენ ისევ დუმხარ, მაგრამ გსურს, უპასუხო, რომ გინდა
წამალი, რომელიც არ გაგაჩნია. ამიტომ რაღაც უნდა მოიმოქმედო.
კითხვაზე: - „შემიძლია, დაგეხმარო?“ შენ არ პასუხობ, გულში კი ფიქრობ: - „უბრალოდ, ფული მჭირდება. სჯობს, თავი დამანებოთ!“
იგონებ სხვადასხვა ისტორიებს, იტყუები, სხვისთვის გინდა ყველაფრის გადაბრალება. თავს იცავ, თუმცა ამის აუცილებლობა არც არსებობს. ამ ადამიანებს ხომ უყვარხარ და როცა კითხვებს „გაყრიან“, მხოლოდ შენი თანადგომა სურთ. უარს ამბობ მათ დახმარებაზე და დროთა განმავლობაში იმასაც აცნობიერებ, რომ შენ უკვე ისინიც აღარ გჭირდება. ეს კი დიდი დარტყმაა შენი ახლობლებისთვის, მათ ხომ არ იციან შენში მომხდარი ცვლილებები. ძალადობ მათზე, ვინც შენს გარშემოა. ეს ძალადობა იზრდება და უფრო და უფრო მეტ ახლობელს მოიცავს.
- „მომბეზრდა თქვენი მზრუნველობა, თავი გამანებეთ, სანერვიულო არაფერია“.
ან კიდევ: „მე ყველაფერი წესრიგში მაქვს, უბრალოდ, გადავიღალე“...
„უკვე ზრდასრული ადამიანი ვარ“. აი, შენი მზამზარეული ფრაზები. მაგრამ ადამიანის ზრდასრულობას არ ადასტურებს მხოლოდ ამ სიტყვების ხშირი განმეორება, ან თუნდაც მხოლოდ ასაკი. ადამიანი ზრდასრულია მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარი თავის მართვა შეუძლია, როცა თავის თავზეა პასუხისმგებელი. თორემ სხვანაირად პატარა ბავშვებსაც უყვართ „დიდობანას თამაში“, როდესაც სასაცილოდ ბაძავენ უფროსებს. სინამდვილეში, ადამიანის ზრდასრულობა ადამიანებისადმი გულწრფელ დამოკიდებულებაში, მათზე მზრუნველობასა და დახმარებაში მჟღავნდება.
ნარკოტიკზე დამოკიდებულ ადამიანს მსოფლმხედველობა და სამყაროს აღქმის უნარი ეცვლება, რეალური ცხოვრება მისთვის უკვე აღარაა მიმზიდველი. მხოლოდ წამლის გაკეთების შემდეგ უბრუნდება ყველაფერი თავის ადგილს, ყოველივე მხოლოდ მაშინ ხდება ლამაზი და ჰარმონიული. ამ დროს კი შენ მხოლოდ ილუზიაში ხარ და სინამდვილისგან მეტისმეტად შორს იმყოფები. ადამიანურ ფუნქციებს თითქმის ჩამოცილებული იმ დონის ეგოისტი ხდები, რომ ამ ილუზიური სიამოვნებისათვის ნებისმიერ ახლობელს გაწირავ, ყოველგვარ მსხვერპლზე წახვალ, რადგან ადამიანური ურთიერთობები ყველანაირ ღირებულებას ჰკარგავს შენთვის.
სამყაროს არარეალური აღქმის გამო სრულებით სცილდები უფალს. შენთვის უცხო და ზედმეტი ხდება სამყაროს მიმართ ჭეშმარიტი ადამიანური დამოკიდებულებები და სულიერი ფასეულობები, ამგვარად ჰკარგავ ნებისმიერი ადამიანის ფუნქციას - იყო სამყაროს სრულფასოვანი წევრი და მუდამ მიისწრაფოდე უფლისკენ. ამით საკუთარი ნებით უარყოფ უფლისგან ბოძებულ ყველაზე დიდ საჩუქარს - უკვდავ სულს, რომელსაც შეუძლია უფლის მსგავსად გაქციოს, განგაღმრთოს. შენივე ეგოისტური მიზნების გამო ნებაყოფლობით ანადგურებ შენივე „მეს“ და ცხონებისაკენ მიმავალ გზას იჭრი.
ადრე თუ გვიან შენი ახლობლებისთვისაც ყველაფერი ცხადი ხდება. ეს კი დიდ
უბედურებას მოასწავებს მათთვის. თუმცა შენ უკვე გულგრილი ხარ. გრძელდება
კონფლიქტები, გაუგებრობა. ნებით თუ უნებლიედ, შენი საქციელით ახლობლებს დიდ ტანჯვას
აყენებ და აუბედურებ მათ, ეს კონფლიქტები თავადაც დიდ ტკივილს გაყენებს.
ნარკოტიკი მთელს შენს ცხოვრებას ავსებს. მომდევნო ეტაპზე იგი უკვე აღარ არის „კაიფის“ საშუალება. ის უკვე მხოლოდ იმიტომ გჭირდება, რომ „ნორმაში“ იყო, ამიტომ მთელი არსებით ცდილობ ახალ-ახალი დოზის მოპოვებას, რათა მოქმედებაში მოიყვანო შენი ტვინი და სხეული. თუ ამ სრბოლას შენივე ძალისხმევით არ შეაკავებ, ვერ გაწყვეტ ამ მოჯადოებულ წრეს, სრული კრახი გარდაუვალია.
ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანისათვის განუყრელია ფიზიკური სნეულებები: A, B და C ჰეპატიტი, თირკმელების დაავადება, კიბო, წყლული, გასტრიტი. კუჭი ნორმალურად ვერ ღებულობს საკვებს, თავს იჩენს ვენერიული დაავადებები, შიდსი. ინგრევა ყველა ილუზია, რაც აუტანელი ხდება. დეპრესია უკვე ძირითადი ემოციური მდგომარეობაა შენთვის.
შეცვლილი რეალობა, საკუთარ თავთან კავშირის დაკარგვა, პიროვნების დამარცხება, შიში, დანაშაულის გრძნობა, სირცხვილი, სიყვარულის გაქრობა, საკუთარი თავის და სხვებისთვის უპატიებლობა - აი, ესაა ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანის უფსკრული. აქ მთავარი უკვე გადაწყვეტილების მიღებაა: სიკვდილი თუ სიცოცხლე, ღმერთი თუ სატანა. თუნდაც, ნარკოტიკისგან თავისუფალი პაუზების დროს, თუ არ გავიაზრებთ ჩვენი მდგომარეობის დამღუპველობას, შესაძლებელია, ისევ გაგრძელდეს წრეზე სვლა... ჩავხედოთ შიშს თვალებში, საკუთარ თავზე ვიკისროთ პასუხისმგებლობა ყველაფერზე და ყველაფრისათვის, რაც გაგვიკეთებია. შევუნდოთ ყველას იმიტომ, რომ ის, ვინც სხვას პატიობს, თავადაც შენდობილი იქნება. მართალია, ძალიან ძნელია, დაინახო და აღიარო საკუთარი დამღუპველი მდგომარეობა და მიიღო გამოსწორების გადაწყვეტილება, მაგრამ ოდესმე ხომ მაინც უნდა მოხდეს ეს?!
...სწორედ ამ კოშმარიდან გამოსავლის ძიებაში ვიყავი, როდესაც შევხვდი ყველაფერზე, მთელ სამყაროზე დიდებულს - შევხვდი უფალს, რომელიც თავად არის სიცოცხლე. ის, ვინც ეს ყოველივე შექმნა და განაგებს. მე მივხვდი, რომ ჩვენ ყველანი - მისი ქმნილებები ვართ, რომ მე მისი ძე ვარ, და თუ მას დავემოწაფები, მარადიული ცხოვრება მექნება. თუ ის სიცოცხლეა, მაშინ მე შემიძლია მისი წყალობით შევიძინო სიცოცხლე. საშინლად განვიცდი, რომ ყოველდღიურად ვღებულობდი უფლის წყალობასა და სიყვარულს და მას ნარკოტიკულ ილუზიებში ვცვლიდი, საკუთარ თავს ვანგრევდი. შემინდე უფალო!
ფსიქოლოგ ნინო კანდელაკის მიერ მოწოდებული
მასალების მიხედვით მოამზადა ნათია
თარაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“