საშინელია, ჭეშმარიტად საშინელი ვერცხლისმოყვარება. იგი თვალისჩინსაც გვართმევს და სმენასაც გვიხშობს, გარეულ მხეცზე უარესად აქცევს ადამიანს, არ აძლევს უფლებას, იფიქროს არც სინდისზე, არც მეგობრებზე, არც ურთიერთობებზე, არც საკუთარი სულის ცხონებაზე, არამედ ერთბაშად ავიწყებს ყველაფერს და, თუ ვინმეს ხელში ჩაიგდებს, როგორც რამ ტირანი, თავის მონად აქცევს. და ამ მწარე მონობაში ყველაზე საშინელი ის არის, რომ ვერცხლისმოყვარება საკუთარი თავით ტკბობას იწვევს - ასე რომ, რაც უფრო მეტად ეძლევიან ამ ვნებას, მით უფრო მატულობს სიამოვნება. ამის გამოა სწორედ ეს სნეულება უკურნებელი, ამის გამოა ეს მხეცი მოუთოკავი. ვერცხლისმოყვარებამ აქცია გეეზი წინასწარმეტყველის მოწაფიდან კეთროვნად, ვერცხლისმოყვარებამ დაღუპა ანანია, ვერცხლისმოყვარებამ ჰყო იუდა მოღალატედ, მანვე გახრწნა იუდეველი მეთაურები, რომლებიც საჩუქრებს ღებულობდნენ და ამით მტრებს გაუხდნენ თანაზიარად. ვერცხლიმოყვარებამ აღმოაცენა უამრავი ომები, გზები სისხლით მორწყო, ქალაქები კი - გლოვითა და ცრემლებით. მან მეგობრული საღამოებიც არაწმინდად ჰყო, ტრაპეზები შებღალა, და თვით სანოვაგეც უსჯულოებით სავსედ აქცია. ამიტომაც უწოდა პავლემ ვერცხლისმოყვარებას კერპთაყვანისმცემლობა, მაგრამ ამითაც ვერ შეგვაშინა. მაინც, რატომ დაარქვა მას მოციქულმა ეს სახელი? ბევრი, ვინც სიმდიდრეს ფლობს, კი არ სარგებლობს მისით, არამედ რაღაც სიწმიდედ მიიჩნევს და უკლებლივ გადასცემს შვილებსა და შვილიშვილებს, ისე რომ ვერც ბედავს შეეხოს მას, გეგონება რაღაც ღმერთისთვის შეწირული იყოს. შეხედე, როგორც წარმართი უფრთხილდება თავის კერპს, შენც ისე იცავ ოქროს კარებითა და ურდულებით, ეკლესიის ნაცვლად კიდობანს აგებ მისთვის და ოქროს ჭურჭელში ათავსებ. მერე რა, რომ ისე არ ეთაყვანები ოქროს, როგორც წარმართი - თავის კერპს? და მაინც, ყოველნარიად გამოხატავ მის მიმართ პატივისცემას. ვერცხლისმოყვარების ვნება დემონზე უარესია, და მას ბევრი უფრო მეტად ემონება, ვიდრე ზოგიერთი - კერპებს. „ანგჰართა... სასუფეველი ღმრთისაჲ არა დაიმკვიდრონ“ (1 კორ. 6, 10), ამბობს პავლე მოციქული, მაგრამ მათ ესეც არ აშინებს. თუმცა, ახლა ჩვენ იმაზე როდი ვლაპარაკობთ, რომ თქვენი ქონება დაარიგოთ. მე კი ვისურვებდი ამას, მაგრამ რაკიღა ეს თქვენს ძალებს აღემატება, არ გაიძულებთ. მე მხოლოდ ვცდილობ დაგარწმუნოთ, რომ სხვისი არ ისურვოთ და თქვენი საკუთრებიდანაც გაიმეტოთ სხვებისთვის რამე. ხომ ბევრი ადამიანია ისეთი, ვინც საკუთარი კუთვნილით კმაყოფილდება, ახლობლებზეც ზრუნავს და პატიოსანი შრომით ცხოვრობს. რატომ არ გვიპყრობს მათ მიმართ შური და არ ვცდილობთ მიბაძვას?