ჩვენში არსებული ნებისმიერი ვნება შეიძლება აღმოიფხვრას. ამისათვის უმთავრესია - შევიძულოთ ეს ცოდვა. ეს პირველ რიგში. მეორე რიგში აუცილებლად უნდა მივიდეთ აღსარებაზე და უფლის წინაშე, მღვდლის თანდასწრებით მოვინანიოთ. აღსარების დროს უფალი გვანიჭებს ძალას ცოდვასთან საბრძოლველად. აღსარებიდან დაბრუნებისას ადამიანი შეიგრძნობს ცოდვის წინააღმდეგ საკუთარ თავში აღმართულ ზღუდეს და ზიზღს მის მიმართ. მთავარია არ მოვდუნდეთ, არამედ გამუდმებით გავაძლიეროთ თავი ლოცვითა და მარხვით, რადგან „ესე ნათესავი არაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა“ (მთ. 17.21), - ასე ბრძანა უფალმა.
იმისათვის რომ ადამიანი განიკურნოს, უპირველეს ყოვლისა, უნდა გააცნობიეროს რომ ავად არის და შეიგრძნოს მკურნალის საჭიროება, ანუ უნდა აღიაროს, რომ ცოდვილია. ამ აღიარების გარეშე ადამიანის განკურნების იმედი არ არსებობს და იგი ამპარტავნული ხიბლითაა შეპყრობილი.
ქრისტეა ჩვენი უძლურების მკურნალი. მაგრამ იგი ჩვენს მოქცევას ელოდება, ჩვენს მიერ ცოდვების აღიარებას და მხოლოდ ამ აღიარების შემდეგ გვანთავისუფლებს მათგან და გვანიჭებს ძალას ცოდვასთან სარძოლველად. მაგრამ რა არის სინანული?
აი, სინანულის ის განმარტება, რომელსაც ღირსი მამა ისააკ ასური გვაძლევს: „სიტყვა სინანულის მნიშვნელობა კი როგორც ჩვენ შევიცანით საგანთა ჭეშმარიტი ბუნებიდან გამომდინარე ასეთია: ეს არის ღვთისადმი მიმართული შემუსვრილობით აღსავსე განუწყვეტელი ლოცვითი თხოვნა წარსულის დატევებისა და მომავალში მისი დაცვის შესახებ.
სინანული ეს სულის ხომალდია, რომლითაც იგი გადალახავს ცოდვის წარმოსახვით ზღვარს და გადარჩება.
მღვდელთმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი კი ასე განმარტავს სინანულს: „სინანულში თავს იყრის ღვთის ყველა მცნება. სინანული ეს არის შეცნობა საკუთარი დაცემისა, რის გამოც ადამიანის ბუნება შეიბილწა, შეირყვნა და ამიტომ იგი გამუდმებით საჭიროებს გამომხსნელს“.
იდუმალებითაა მოცული სულის მონანიების პროცესი. ამ დროს ჩვენ ვაშიშვლებთ ღვთის წინაშე ჩვენი სულის წყლულებს და შემუსვრილი გულითა და ტკივილით ვადასტურებთ, რომ ჩვენ ვაცნობიერებთ მათ, გვზარავს მათი უსახურება და ვითხოვთ ამ წყლულების განკურნებასა და ცოდვათა მოტევებას.
რაც უფრო ღრმად შეიმეცნებს სული ცოდვებს, მით უფრო მეტად განიბანება იგი სინანულის ცრემლებით. ამ გზით ვიდოდა ყველა, ვინც ეკლესიამ წმინდანებად და მართლებად შერაცხა. სულიერი სიგლახაკის და უღრმესი სინანულის მხოლოდ ამ „ვიწრო“ გზით სიარული ხდის შესაძლებელს სულის გადარჩენას.
მაგრამ მაინც რისგან შედგება სინანულის პროცესი? მას წინ უძღვის გონებით შეცნობა იმისა, რომ ჩვენ დავარღვიეთ ღვთის მცნებები. ამას მოჰყვება ცოდვების მოტევების თხოვნა ღვთისაგან და აგრეთვე ადამიანისაგანაც, თუ ეს ცოდვა მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთანაა დაკავშირებული. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის სინანული.
საკუთარი ცოდვების აღიარებას უნდა დაემატოს სინანულის საქმეები - სინანულის ლოცვები, და ფიზიკურად ჯანმრთელებისათვის შესაძლოა მუხლთდრეკა, მარხვა, თავშეკავება და ა.შ.
მაგრამ არც ეს არის ჯერ საკმარისი ნიშნები მონანიების სისრულისა. შეიძლება ეს ყველაფერი შევასრულოთ, მაგრამ მაინც ვერ მოვინანიოთ, ვერ შევძლოთ ღმერთთან შერიგება, ვერ მივიღოთ მისგან ცოდვათა მიტევება და გულში სული წმიდისა და მისი სრული მადლის დაბრუნება.
ჭეშმარიტი სინანული გულის სიღრმეში ისახება. მასში (გულში) უნდა გაჩნდეს სირცხვილი ცოდვის გამო, ჭუჭყის შეგრძნება ჩვენს სულიერ სამოსელზე, ზიზღი ცოდვისადმი საკუთარი მიდრეკილების მიმართ, ცოდვისადმი, რომელიც სულს ამაზრზენი უწმინდურებითა და შემზარავი სიმყრალით შეჰბილწავს.
აი როდესაც ჩვენს სულს შეაჭირვებს ეს საშინელი სიმყრალე და უწმინდურება, როდესაც ჩვენ საკუთარ თავს შევიძულებთ ჩვენივე სულიერი უსახურების გამო, როდესაც დავემხობით გონებით ღვთის წინაშე, განვიპყრობთ მისდამი ხელებს და შევთხოვთ პატიებასა და შეწევნას, როდესაც ჩვენ ბერი სილუანის გამოთქმით, ჩავაღწევთ სინანულის ჯოჯოხეთში და ჭეშმარიტად შევიგრძნობთ, რომ ყოველივე ქმნილებაზე უარესნი ვართ, მაშინ იწყება ჩვენი ჭეშმარიტი სინანული. იგი ყოველთვის გარეგნულ გამოვლინებებში კი არ არის, არამედ გულის უღრმეს განცდებშია.
ადამიანის „ცხოვრების წიგნიდან“ ცოდვის საბოლოო აღმოფხვრა მიიღწევა შემდგომ, აღსარების საიუდმლოში, მღვდლის წინაშე ცოდვის აღიარებისას.
ამ დროს ადამიანი განიცდის სირცხვილს ცოდვის გამო, შემდეგ კი მღვდელმსახურის მიერ ღვთის სახელით იღებს ცოდვის საბოლოო მიტევებას. როგორც წმ. მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული ამბობს: „მომნანიებელისათვის არ არის საკმარისი ცოდვათა შეცნობა მხოლოდ გონებით, აღსარებისა და ცოდვათა განხსნის გარეშე“.
ამას მოჰყვება საიუდმლო უფლის ხორცისა და სისხლის ზიარებისა, რომელთა მადლი თითქოსდა განაახლებს ქრისტიანს, შეჰმოსავს მას ქრისტეს და ამით ანიჭებს მას ძალას ცოდვასთან საბრძოლველად.
წმინდა მამები აღსარება-ზიარების საიდუმლოს „მეორე ნათლობას“ უწოდებდნენ. ამ დროს ჩვენ გვიბრუნდება ის მადლი და სიწმინდე, რომელიც ეძლევა ახლადმონათლულს, და რომელსაც იგი ცოდვების გამო ჰკარგავს.
აღსარება-ზიარების საიდუმლო ეს უდიდესი წყალობაა ღვთისა სუსტი და დაცემისაგან მიდრეკილი კაცობრიობისამდი, ეს არის ყველასათვის ხელმისაწვდომი საშუალება სულის გადარჩენისა, სულისა, რომელიც გამუდმებით ვარდება ცოდვაში.
წმ. იოანე კრონშტადტელი წერს: „ცოდვები რაც შეიძლება ხშირად უნდა ვაღიაროთ ხოლმე, რადგან აშკარა აღიარებით ჩვენ მათ ვამხობთ, ვშოლტავთ და უფრო მეტად განვიცდით ზიზღს მათ მიმართ“.
არ შეიძლება ჯანმრთელი არ იყოს ადამიანი, რომელიც ხშირად ამბობს აღსარებას და სულს მოუნანიებელი ცოდვების ტვირთი არ უმძიმებს. აღსარება - ეს სულის მადლისმიერი განმუხტვაა. ამ თვალსაზრისით აღსარების მნიშვნელობა განუზომელია, ისევე როგორც საერთოდ ეკლესიის მადლისმიერი დახმარებით ცხოვრებისა, ამიტომ აღსარება არ უნდა გადადო. სუსტი რწმენა და ორჭოფობა - ეს დაბრკოლება არ არის. აუცილებლად მიდი აღსარებაზე, აღიარე სუსტი რწმენა და დაეჭვება როგორც შენი უძლურობა და ცოდვა... ეს ასეცაა: სრული რწმენა მხოლოდ სულით ძლიერებს და მართლებს აქვთ; განა ჩვენ - უწმინდურებს და სულმოკლეებს შეგვიძლია მათი რწმენა გვქონდეს? ეს რომ ასე იყოს - ჩვენ წმინდა, ძლიერი და ღვთაებრივი ვიქნებოდით და აღარ გვექნებოდა ეკლესიის იმ დახმარების საჭიროება, რომელსაც იგი გვთავაზობს. შენც ნუ განილტვი ამ დახმარებისაგან“.
აღსრულებული სინანულის ნიშანია - სიმსუბუქის, სიმშვიდის, გამოუთქმელი სიხარულის გრძნობა, როდესაც ცოდვის ჩადენა უკვე ისე ძნელი და შეუძლებელი გვეჩვენება, როგორც სულ ცოტა ხნის წინათ შორს იყო ჩვენგან ეს სიხარული.
ჩვენი სინანული სრული არ იქნება, თუ ჩვენ მონანიებისას არ მივიღებთ მტკიცე შინაგან გადაწყვეტილებას, აღარ დავუბრუნდეთ აღსარებაზე გამხელილ ცოდვას.
მაგრამ ამბობენ - განა ეს შესაძლებელია? როგორ შემიძლია მე აღვუთქვა საკუთარ თავს და სულიერ მოძღვარს, რომ აღარ ჩავიდენ ამ ცოდვას? განა ჭეშმარიტებასთან უფრო ახლოს არ იქნება საწინააღმდეგო რამ - რომ ცოდვა გამეორდება? გამოცდილებით ხომ ყველამ იცის, რომ გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად დაუბრუნდება იგივე ცოდვებს. წლების მანძილზე ვუკვირდებით რა საკუთარ თავს, ვერ ვამჩნევთ ვერავითარ სასიკეთო ცვლილებებს „ადამიანი თითქოს აკეთებს ნახტომს მაგრამ იგივე დონეზე რჩება“.
საშინელება იქნებოდა მართლაც ასე რომ იყოს. მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არაა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ - გამოსწორების სურვილის არსებობისას ხშირ თანმიმდევრულ აღსარებას და წმ. ზიარებას ადამიანის სულში სასიკეთო ცვლილება არ მოეხდინოთ.
საქმე იმაშია, რომ უპირველეს ყოვლისა, ჩვენ საკუთარი თავის მსაჯულები ვერ ვიქნებით. ამ ადამიანს არ შეუძლია სწორად შეაფასოს საკუთარი თავი განსაჯოს უფრო უარესი გახდა თუ უკეთესი, რადგან ამ შემთხვევაში განმსჯელიც და განსჯის საგანიც - ცვლადი სიდიდეებია.
„ნუ შეშინდები, ამბობს იოანე კიბისაღმწერელი, თუნდაც ყოველდღე ეცემოდე, და არ განუდგე ღვთის გზას. მამაცად სდექ, და ანგელოზი, შენი მფარველი, დააფასებს შენს მოთმინებას“.
თუ სიმსუბუქის, აღორძინების ეს გრძნობა არ გაგიჩნდა, უნდა ჰპოვო ძალა კვლავ დაუბრუნდე აღსარებას, ბოლომდე გაანთავისუფლო შენი სული უწმინდურებისაგან. ცრემლებით განბანო ის ჭუჭყისა და სიბილწისაგან. ვინც ამისკენ მიისწრაფის, იგი ყოველთვის ჰპოვებს იმას, რასაც ეძებს.
განუზომელია ევქარისტიის საიდუმლოს მნიშვნელობა, მასში ჩაწვდომა ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება.
იგი აღანთებს ჩვენში ქრისტეს სიყვარულს, ზეააქვს ღმერთთან გული, ნერგავს მასში სათნოებებს, წინ აღუდგება ჩვენზე ბნელი ძალების თავდასხმას, მოგვმადლებს ძალას საცთურების წინააღმდეგ, სიცოცხლეს ანიჭებს სულსა და სხეულს, განჰკურნავს მათ, აძლიერებს, აღმოაცენებს სათნოებებს - აღადგენს ჩვენში სულის იმ სიწმინდეს, რომელიც პირველშობილ ადამს ცოდვით დაცემამდე ჰქონდა.
საღმრთო ლიტურგიის შესახებ განსჯაში ეპ. სერაფიმ ზვეზდინსკის აღწერილი აქვს ხილვა, რომელიც ერთ-ერთ მოღვაწე ბერს ჰქონდა, და რომელიც ნათლად წარმოაჩენს ქრისტიანისათვის წმიდა საიდუმლოთა ზიარების მნიშვნელობას, მოღვაწემ იხილა: „ცეცხლოვანი ზღვა; აბობოქრებული ტალღები შემზარავ სურათს ქმნიდნენ. საწინააღმდეგო ნაპირზე მშვენიერი ბაღი გადაშლილიყო, საიდანაც ფრინველთა გალობა და ყვავილთა ნელსურნელება აღწევდა.
მოღვაწეს ესმის ხმა: „გადალახე ეს ზღვა“. მაგრამ ზღვის გადალახვა შეუძლებელი იყო. იგი დიდხანს იდგა და ფიქრობდა როგორ გადასულიყო ზღვაზე, და კვლავ მოესმა ხმა:
„აიღე ორი ფრთა, რომელიც ღვთაებრივმა ევქარისტიამ მოგცა: ერთი ფრთა - ეს ქრისტეს ღვთაებრივი ხორცია, მეორე ფრთა - სიცოცხლის მომნიჭებელი მისი სისხლი. მათ გარეშე, რაც არ უნდა დიდი იყოს ღვაწლი, ცათა სასუფევლის მიღწევა შეუძლებელია“.
წმ. იოანე კრონშტადტელი წერს ევქარისტიის საიდუმლოების მნიშვნელობაზე ძლიერ ცთუნებებთან ბრძოლისას: „თუ იგრძნობ ბრძოლის სიმძიმეს და დარწმუნდები, რომ მარტო შენ (ერთი) ვერ გაუმკლავდები ბოროტებას, ისწრაფე შენს სულიერ მოძღვართან და სთხოვე გაზიაროს წმ. საიდუმლოებებს. ეს დიდი და ყოვლისშემძლე იარაღია ბრძოლაში“.
მხოლოდ სინანული არ არის საკმარისი ჩვენი გულის სიწმინდის შენარჩუნებისა და ღვთის მოშიშებასა და სათნოებებში ჩვენი სულის გაძლიერებისათვის უფალმა ბრძანა: „რაჟამს სული არაწმიდაი განვიდეს კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის, თქ ს: მივიქცე სახლსავე ჩემსა, ვინა ცა გამოვედ. და მივიდის და პოვის იგი განშუენებული და შემკული. მაშინ წარვიდის და მოიყვანნის სხუანი შვიდნი სულნი უბოროტესნი მისსა და შევიდის და დაიმკ იდრის მას შინა და იქმნის უკუანა სკნელი კაცისა მის უძ რეს პირველისა“ (ლკ. 11.24-26).
ამგვარად, თუ სინანული განწმენდს ჩვენს სულს უწმინდურებისაგან, უფლის ხორცისა და სისხლის ზიარება აღგვავსებს ჩვენ მადლით და გზას უღობავს ჩვენს სულში დასაბრუნებლად მონანიებით განდევნილ მაცთურ სულს.
ამიტომ ეკლესიაში დამკვიდრებული ჩვეულებისამებრ სინანულის საიდუმლო (აღსარება) და ზიარება უშუალოდ მოჰყვება ერთმანეთს. ღირსი მამა სერაფიმეც ამბობს, რომ სულის აღორძინება ხორციელდება ორი საიდუმლოს გზით: „სინანულის მეშვეობით და ქრისტეს უწმინდეს და მაცოცხლებელ საიდუმლოთა ზიარებით ყოველგვარი ცოდვისმიერი უწმინდურებისაგან სრული განწმენდის გზით“.
ამასთან, როგორი აუცილებელიც არ უნდა იყოს ჩვენთვის ქრისტეს ხორცისა და სისხლის ზიარება, მას არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს, თუ წინ სინანული არ უძღვის.
როგორც არქიეპისკოპოსი არსენი (ჩუდოვსკი) წერს: „დიდი საქმეა წმ. ზიარების მიღება და განუზომელია მისი ნაყოფიც: სულიწმიდის მიერ ჩვენი გულის განახლება, ნეტარი განწყობა სულისა. და რამდენადაც დიდია მისი მნიშვნელობა, იმდენად გულმოდგინე მომზადებასაც ითხოვს იგი ჩვენგან. ამიტომ, თუ გსურს წმ. ზიარებისას მოიპოვო მადლი ღვთისა - ყველა ღონე იხმარე გულის გამოსწორებისათვის“.
მაგრამ უნდა გვახსოვდეს ეპისკოპოს თეოფანე დაყუდებულის სიტყვებიც: „ზიარების საიდუმლოს მოქმედება შეიძლება ყოველთვის ვერ შევიგრძნოთ რადგან იგი ფარულადაც მოქმედებს“.
ერთხელ ბერთან მიღებაზე მივიდა ქალი, და რადგან ბერი ავადმყოფობის გამო მნახველებს არ იღებდა ამიტომ შეუგზავნა მას ბარათი იმ კითხვით, რაც აწუხებდა. როდესაც დედა სერაფიმამ ბერს ბარათი გადასცა, მან მაშინვე უპასუხა: „გააღე კარი და ჩემთან ერთად ხმამაღლა გაიმეორე: „დედაკაცო, როგორ არ გრცხვენია! შენ შენი თამბაქოს გულისამრევი სუნით მოწამლე ჩვენი კიბე, დაუტევე ეს მანკიერება, მოინანიე, მიდი აღსარებაზე, ეზიარე და მეტად აღარ გაეკარო თამბაქოს“. თავად ის, ვისაც ეს დარიგება შეეხებოდა იხსენებს: „ეს დედა სერაფიმას მიერ ისე ხმამაღლა ითქვა, ბერთან მიღებაზე რიგში მყოფი იმდენი ადამიანის თანდასწრებით, რომ მე ძალიან შემრცხვა. გადავწყვიტე თავი დამენებებინა თამბაქოს წევისათვის - და ბერის სიტყვისაებრ უკვე 40 წელია არ ვეწევი“.
უნდა აღინიშნოს, რომ ზოგ შემთხვევებში უფლის მიშვებით ადგილი აქვს ხანგრძლივ ცთუნებებს და იგი არ ჩქარობს დახმარება გაგვიწიოს. ერთ შემთხვევაში ისინი, ვინც სულიერად უკვე მომძლავრებულია სასოწარკვეთილების სულის ხანგრძლივ თავდასხმებს განიცდიან. ეს ხდება უფლის მიშვებით, რათა ადამიანი კიდევ უფრო გამოიწრთოს სულიერ ბრძოლებში.
სხვა შემთხვევებში, იმისათვის რომ დაიცვას სული ყველაზე უფრო დამღუპველი ვნებისაგან - ამპარტავნებისაგან, უფალი უშვებს, რომ ადამიანი დროებით უფრო ნაკლებად სახიფათო ვნებების - მაგალითად, ღვინის სმის, თამბაქოსადმი მიდრეკილებისა და ა.შ. გავლენის ქვეშ მოექცეს.
როგორც სქიმონაზონი სილუანი ამბობს: „უფალი, ადამიანის სულის აღზრდისას არ განარიდებს მას ბოროტებასთან შეხვედრას, არამედ აძლევს ძალას ყოველგვარი ბოროტების დასაძლევად“.
ამარცხებს რა ცთუნებას ქრისტეს ძალით, ადამიანი მდიდრდება სულიერი გამოცდილებით. იგი იძენს ცთუნების გამოცნობისა და ლოცვის მეშვეობით მისი დამარცხების უნარს. ამით ეყრება მყარი საფუძველი ბნელეთის სულებთან ქრისტიანის „უხილავი ბრძოლის“ წარმატებას და ამ გზით სული წმიდის მოპოვებას.
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალე მონანი ესე შენნი (სახელი), სიტყვათა მიერ საღმრთო სა სახარებისა შენისათა, ამოკითხულთა ხსნისათვის მონათა ამათ შენთათა (სახელი).
დასწვი, უფალო, ეკალი ყოველთა შეცოდებათა ამათთა, ნებსითთა და უნებლიეთთა, რათა დაემკვიდროს შორის ამათსა მადლი შენი, განმანათლებელი, გამომახურვებელი, განმწმედელი კაცთა ამათ.
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ.
(ყოველდღიურად იკითხონ თითო თავი სახარებიდან)
დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი „ქადაგებანი და თარგმანებანი“, თბილისი, 1998 წ.