მღვდელი ალექსანდრე ზახაროვი

აბორტი - ერის განადგურების გზა

თანამედროვე ადამიანებმა ისწავლეს საშინელი, თავისი არსით უსასტიკესი ცნებების შერბილებული, მიკიბულ-მოკიბული ფრაზებით გამოსახვა, რითაც ცდილობენ თვით საკუთარ თავსაც კი არ გამოუტყდნენ და დაუმალონ მათი გულშემზარავი არსი.

წამოდგინეთ შემდეგი სახის სამედიცინო ტერმინი: „გულის მოქმედების ხელოვნური შეწყვეტა“ - რას შეიძლება ნიშნავდეს ეს გამოთქმა?

დავუშვათ, რომელიმე ბანდიტმა სასიკვდილოდ დაჭრა ადამიანი - დანა გაუყარა გულში. ზის იგი ახლა საბრალდებო სკამზე და მას ეუბნებიან: „ეს რა ჩაიდინე? შენ ხომ კაცი მოკალი!“ ის კი პასუხობს: „არა, მე არ მომიკლავს. მე მხოლოდ ხელოვნურად შევაჩერე მისი გულის მოქმედება“. მას ეუბნებიან: „კი მაგრამ, რომ მოკვდა?“ მკვლელი კი პასუხობს: „დიახ, მოკვდა. მერედა რა? მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. მას რომ ეცოცხლა, იგი მე ხელს შემიშლიდა ცხოვრებაში“.

ეს ხომ დღეისათვის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რომელიც აბორტისაკენ უბიძგებს ქალებს - ბავშვები ხელს შეუშლიან მათ ცხოვრებაში - მეტი ტვირთია, მეტი პრობლემაა, საკუთარი სიამოვნების საშუალება შეეზღუდებათ. მამაკაცებიც ხშირად ამავე მიზეზით მიუთითებენ ხოლმე სათანადო გინეკოლოგიური განყოფილებისაკენ მეუღლეებსა თუ საყვარელ ადამიანებს, რათა არ მოიკლონ დამშვიდებული და უზრუნველი ცხოვრება. მაგრამ ეს რა ხდება? უზრუნველობის ნაცვლად მათ მთელი მომავალი ჯოჯოხეთად ექცევათ: უკვე დაბადებული ბავშვები არ უჯერებენ, შემდგომში მოვლენილნი ავადმყოფებად იბადებიან, თავად მშობლებს უჩნდებათ საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემები, იწყება ოჯახური უსიამოვნებანი, ქმარი ტოვებს ცოლს ან პირიქით - ცოლი ტოვებს ქმარს... ნუთუ ყოველივე ეს თავისთავად ხდება?

თუმცა ისიც მართალია, რომ ზოგიერთი ქალები ამ ცოდვას სჩადიან ისე, რომ „არ უწყიან, თუ რას იქმან“. ისინი მიიჩნევენ: ვიდრე ბავშვი არ დაბადებულა, იგი ჯერ კიდევ არ არის ადამიანი, ამ სიტყვის სრული გაგებით, არამედ მხოლოდ ნაწილია მათი სხეულისა, ხოლო თავის ორგანიზმს კი ყველას შეუძლია მოექცეს ისე, როგორც მოეპრიანება. ასეთი ქალბატონები აბორტის გასაკეთებლად ისევე იოლად მიბრძანდებიან, თითქოს კბილის ამოსაღებად ან ტონზილექტომიისათვის მიდიოდნენ. მაგრამ ეს გახლავთ ტრაგიკული შეცდომა, რაც ადრე თუ გვიან მათთვის ხდება საცნარუსაყოფი და ჩადენილი დანაშაულის გაცნობიერებით მთელი ცხოვრებაც წამებად ექცევათ!

მაინც რა ასაკიდან იწყება ადამიანის ჩამოყალიბება?

საფრანგეთში სახელმწიფოებრივი კანონმდებლობით ბავშვის სიცოცხლე დაცულია ჩასახვიდან 10 კვირის შემდეგ, შვედეთში - 20 კვირის, ხოლო მრავალ ქვეყანაში სიცოცხლე იურიდიულად დაცულია მხოლოდ დაბადების შემდეგ. ნობელის პრემიის ლაურეატ, დოქტორ ჯეიმს უოტსონის წინადადებით, ბავშვის სიცოცხლე დაცული უნდა იყოს დაბადებიდან სამი დღის შემდეგ... მაგრამ სინამდვილეში საიდან იწყება ადამიანის სიცოცხლის საწყისის ათვლა? ვის დავუჯეროთ: ფრანგებს, დანიელებს, შვედებს, ჯეიმს უოტსონს?..

სავსებით ნათელია, რომ ყური უნდა ვუგდოთ არა საეჭვო კომპეტენციის პირთა აზრებს, არამედ ორ ავტორიტეტულ წყაროს: ხმას უფლისას და მეცნიერების დასკვნებს. ღმერთიცა და მეცნიერებიც გვიდასტურებენ ერთსა და იმავეს: ადამიანის სიცოცხლე იწყება ჩანასახისთანავე!

საეკლესიო კანონები არსებას ადამიანისას ყოველთვის იცავდნენ ჯერ კიდევ დედისეულ ორგანიზმში. წმიდა ბასილი დიდი წერდა, რომ ჩასახული ნაყოფის განზრახ მოკვდინებისათვის ადამიანი იმსახურებს ისეთსავე სასჯელს, როგორც მკვლელობისათვის. ნაყოფის ხნოვანებაზე, როგორც ვხედავთ, არც არის ლაპარაკი; არც იმ გარემოებას ეძლევა მნიშნველობა, თუ როდის არის ჩასახული - თუნდ 10 კვირის წინ, თუნდ გუშინ, თუნდ საათისა და წუთის წინ. მსგავს თვალსაზრისს ადგანან უკლებლივ ყველა წმიდა მამა, ვისაც კი თავისი შეხედულება გამოუთქვამს ამ საკითხზე. წმიდა ბასილი დიდის გარდა შეგვიძლია დავასახელოთ მართლმადიდებლობის ისეთი ბურჯები, როგორიც იყვნენ წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმიდა იოანე ოქროპირი, წმიდა ეფრემ ასური და წმიდა მაქსიმე აღმსარებელი.

საეკლესიო შეხედულებით, ადამიანის ცხოვრება არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით თავრდება. ამ ორი თარიღით მოისაზღვრება მხოლოდ ადამიანის ცხოვრების ერთი ეტაპი. ამ ეტაპს წინ უსწრებს დედისეულ ორგანიზმში არსებობა მუცლადყოფნის ჟამს, ხოლო მოსდევს - იმქვეყნიური ცხოვრება.

ახლა ვნახოთ, თუ რა აზრს ადგანან ადამიანური ცხოვრების დასაწყისთან დაკავშირებით მეცნიერები. დღეისათვის უკვე უდავო სამეცნიერო ფაქტია, რომ ადამიანის ცხოვრება იწყება სწორედ იმ მომენტში, როდესაც ორი სასქესო უჯრედი ერწყმის ერთმანეთს: მამაკაცისა და ქალის, რის შედეგადაც წარმოიშობა ერთიანი უჯრედი. და აი, ამ ერთ მიკროსკოპიულად პატარა უჯრედში ჩაპროგრამირებულია ადამიანის მთელი მომავალი ცხოვრება: მისი სქესი, სისხლის ჯგუფი, თვით თვალებისა და თმის ფერიც კი - ყოველივე ეს - ამ ერთ უჯრედშია და შემდგომში მხოლოდ მისი განვითარება და გამოვლება ხდება... ყოველი ასეთი პატარა უჯრედი-ჩანასახი არის უკვე უნიკალური და განუმეორებელი ადამიანი, ისეთი, რომლის მსგავსს არასოდეს უცხოვრია მსოფლიო ისტორიაში. რამდენ საუკუნესა და ათასწლეულსაც არ უნდა გაგრძელდეს ეს ისტორია - მეორე ასეთი ადამიანი უკვე აღარასოდეს და არსად აღარ დაიბადება!

ბავშვის ყველაზე სწრაფი განვითარება და ზრდა მიმდინარეობს ჩანასახის იმპლანტაციის დროს საშვილოსნოს კედელში.

მეცნიერებმა გამოითვალეს, რომ თუკი ბავშვის ზრდა-გავითარება მთელი ორსულობის განმავლობაში გაგრძელდებოდა იმავე ინტენსივობით, როგორც პირველი 7 კვირის მანძილზე, - დაბადების დროისთვის ახალშობილის წონა იქნებოდა 14 ტონა - ეს ორი სპილოს წონა გახლავთ...

10-11 კვირაში (ფეხმძიმობის მესამე თვის შუახანებში) ადამიანის ორგანიზმის ორგანოთა ყველა სისტემა სრულად არის ჩამოყალიბებული. აი, ამ დროიდან არის საფრანგეთში ბავშვის სიცოცხლე კანონით დაცული. სხვა ქვეყნების კანონებით კი ნებადართულია ამ უკვე ფორმირებული ადამიანის მკვლელობა. რატომ? ნუთუ იმის საფუძველზე, რომ თუმც კი ფორმირებულია, მაგრამ ჯერ ვერ ჰპოვა სათანადო განვითარება?.. მაგრამ სრული განვითარებისათვის ხომ მას ქვეყნად მოვლინების შემდეგ, არც მეტი, არც ნაკლები, მთელი 12-14 წელი სჭირდება! თუკი შესაძლებელია მოკვდინება განვითარების უკმარისობის „მიზეზით“, მაშ, მოდით, დედის სხეულში მყოფ ჩვილებთან ერთად დავხოცოთ ყველა ზრდადაუსრულებელი ბავშვიც. ან, მოდით, შემოვიტანოთ ტრაციდია სისხლის სამართლის კოდექსში: სამი წლის ბავშვის მოკვლისათვის მივუსაჯოთ ნაკლებად მკაცრი სასჯელი, ვიდრე, ვთქვათ, ათი წლის ბავშვებისათვის, რადგან იგი ნაკლებად განვითარებულია... ველურობაა, არა? მაშ, მიბრძანეთ ერთი, ის კი აღარ არის ველურობა, ახალშობილის მკვლელობისათვის ციხე იყოს განსაზღვრული და დაუბადებელი ყრმის მოკვლისათვის კი - საავადმყოფო ფურცელი, ფულადი ანაზღაურებით? ჩვენ დაუფარავ ზიზღს ვგრძნობთ იმ დედის მიმართ, რომელიც თავისი ბავშვის დაბადებისთანავე ბავშვს ჩუმად აგდებს ნაგვის ყუთში და, ამავე დროს, ყვავილების თაიგული მიგვაქვს სხვა ქალთან, რომელიც თავის შვილს ნაგვის ყუთში ისვრის საჯაროდ, სამედიცინო პალატაში, ექიმთა დახმარებით. თუ ეს ველურობა არ არის, მაშ რა არის?

ერთი ამერიკული ჟურნალი იტყობინებოდა მშობიარე ქალის შესახებ, რომელმაც 5-თვიანი ბავშვი შვა. იგი ემუდარებოდა ექიმებს ბავშვის გადარჩენას. მთელი საავადმყოფო ფეხზე იდგა. სიცოცხლის სახსნელად იღვწოდნენ ყველაზე გამოცდილი ექიმები, გამოყოფილი იყო დიდძალი თანხები... იმავე საავადმყოფოში, იმავე დღეს, ოღონდ სხვა პალატაში, სხვა ქალი აბორტით იცილებდა თავის 5 თვის ბავშვს. გამოდის, რომ ერთ პალატაში 5-თვიანი ბავშვი აღიქმება ადამიანად, ხოლო მეზობლად - ასეთივე 5 თვის ბავშვი ოდენ ხორცის ნაჭრად არის შეფასებული. რა ვუწოდოთ ამას?

მოდით მოვიცილოთ, განვაგდოთ ლამაზი სიტყვების საფარველი და სულ ძირში ჩავხედოთ ამ საშინელი მოვლენის არსს.

ვნახოთ, რა ხდება იმ „ღონისძიების“ დროს, რასაც „ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას“ უწოდებენ.

არსებობს ამ შეწყვეტის სხვადასხვა მეთოდები. ფეხმძიმობის ადრეულ სტადიებზე ჩვეულებრივ მიმართავენ ე.წ. „ვაკუუმ-ასპირაციას“ - როგორც მტვერსასრუტით გამოსწოვენ მტვერს ხალიჩიდან, სწორედ ასე გამოიწოვება ნაყოფი დედის წიაღიდან. ქალის საშვილოსნოში შეჰყავთ წამახულკიდეებიანი პლასტმასის მილი. ბავშვის სხეული ნაწევრდება და გარეთ გამოიწოვება სპეციალურ სათავსში.

თუ ორსულობა უფრო გვიანია, საშვილოსნოში შეჰყავთ მარყუჟის ფორმის მჭრელი დანა. ამ დანით ხდება საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა; მითვე ხდება ბავშვის ნაწილებად დაჭრა.

ფეხმძიმობის 12 კვირის შემდეგ აუცილებელი ხდება მაშისმაგვარი კიდევ ერთი ინსტრუმენტის ჩარევა, რადგან ბავშვს უკვე აქვს ხელები, ფეხები და ძვლებსაც დაწყებული აქვთ კალცინირება. ამ ინსტრუმენტს ექიმი გამოსდებს ბავშვის ხელს, ფეხს, ან სხეულის სხვა ნაწილს და მკვეთრი ბრუნვითი მოძრაობით აწყვეტავს მას. ეს მანიპულაცია მიმდინარეობს მანამ, ვიდრე მთელი ბავშვი სრულად არ დანაწევრდება. ხერხემალი უნდა გადატეხონ, თავის ქალა უნდა დაამსხვრიონ, რათა მათი მოშორების შესაძლებლობა მიეცეთ. ექთნის მოვალეობას შეადგენს ყველა ამ ნაწილის ერთად შეგროვება საშვილოსნოდან მათი მოცილების შემდეგ, რათა დარწმუნებით ითქვას, რომ უკვე ყველაფერი გამოღებულია და იქ აღარაფერი აღარ დარჩენილა.  შემდგომ ეს ნაწილები იყრება ნაგვის სათლში ან იხმარება ნედლეულად კოსმეტიკურ მრეწველობაში (რედაქცია ბოდიშს იხდის მკითხველის წინაშე ამ საშინელი ციტატის გამო, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სათქმელის პირდაპირ განცხადება საქმეს უფრო წაადგება, ვიდრე მისი შერბილება ან შელამაზება). ძვირფასო ქალებო, გიფიქრიათ თუ არა იმის შესახებ, რომ, როდესაც თქვენ ზოგიერთ საცხსა და მალამოს ხმარობთ ნელსაცხებლად - ამ სიტყვის სრული გაგებით, თქვენ იცხებთ თქვენს მიერ მოკვდინებულ ბავშვების სხეულებს?

მოვლენის საშინელება კიდევ იმ ფაქტით არის გამძაფრებული, რომ ქვეყნად ჯერ არმოვლენილი ბავშვი ისევე გრძნობს ტკივილს, როგორც უკვე დაბადებული. დღეისათვის საყოველთაოდ აღიარებული და მეცნიერულად დამტკიცებულია - 7 კვირის ნაყოფი ისევე აბრუნებს თავს და ირიდებს ტკივილის გამომწვევ მიზეზს, როგორც ცხოვრების ყველა სხვა სტადიაში. ხოლო 11 კვირისას არა მარტო სახე, არამედ ხელისა და ფეხის ყოველი ნაწილი უხდება შეხებისადმი მგრძნობიარე. 13 კვირის ნაყოფს ტკივილზე რეაქცია აქვს ნერვული სისტემის ყველა დონეზე.

ამერიკელმა ექიმმა ბერნარდ ნათანსონმა გადაიღო ფილმი, სადაც ნაჩვენებია იმის ულტრაბგერითი გამოსახულება, რაც ხდება ქალის საშვილოსნოში აბორტის გაკეთების დროს 12-კვირიან ნაყოფზე „ვაკუუმ-ასპირაციის“ ზემოთაღწერილი მეთოდით. ეკრანზე ნათლად ჩანს, როგორ ცდილობს პაწაწინა არსება ვაკუუმ-გამწოვისათვის თავის არიდებას, თავის დაძვრენას. სწრაფი და ღელვით აღსავსეა მისი მოძრაობები. გული უცემს ძალუმად და აჩქარებულად. ხოლო ბოლოს, როდესაც ბოროტების აპარატის საცეცებში მომწყვდეული ბავშვის სხეულის დანაწევრება იწყება, იგი ფართოდ აღებს პირს უხმო ძახილით. აქედან მომდინარეობს ფილმის სახელწოდებაც - „უხმო ძახილი“. გაითვალისწინეთ, რომ არავითარი გაუტკივარება აბორტის დროს ნაყოფისათვის არ არსებობს.

დედებო, როდესაც დააპირებთ საკუთარი შვილების მკვლელობის ცოდვის ჩადენას, გახსოვდეთ: მათ ძალიან ეტკინებათ, და ისინი მერე, იმქვეყნიურ ცხოვრებაში შეგეკითხებიან: „დედა, რად გამიმეტე ასე სასტიკად?“ რას უპასუხებთ მაშინ?

ტკივილის შეგრძნება კულმინაციას აღწევს, როდესაც აბორტის მეთოდად გამოყენებულია „მარილიანი ამინოცენთეზი“. ამგვარი ბუნდოვანი ტერმინოლოგიის ქვეშ იმალება შემდეგი: დედის მუცლის ღრუს ფარიდან ბავშვის სანაყოფო წყლებში უყრიან ნემსს. მისი მეშვეობით შეჰყავთ მარილის კონცენტრირებული ხსნარი. ბავშვი ყლაპავს ამ ხსნარს, ისუნთქავს მას, იჟღინთება. ხსნარი სწვავს ბავშვს, რის შედეგადაც იგი განიცდის აუტანელ ტკივილს და იგრიხება კონვულსიებში. თუ პროცედურა არ გართულდა, მეორე დღეს დედა შობს მკვდარ შვილს. ამ სახით აბორტირებულ ბავშვებს ზოგჯერ „ყინულოვან ბავშვებსაც“ უწოდებენ. საქმე ის გახლავთ, რომ მარილს, როგორც მოგეხსენებათ, აქვს ამოჭმის უნარი. ბავშვს ნაზი კანი მარილის ამგვარი მოქმედების შედეგად სძვრება და მის ქვეშ ჩნდება ფაშარი წითელი მბზინავი კანქვეშა ქსოვილი, რომელიც ჭიქურსა ჰგავს - საიდანაც მომდინარეობს კიდეც ეს სახელწოდება.

არის კიდევ აბორტის სახეობა სახელწოდებით: „ჰისტეროტომია“. ეს მეთოდი გამოყენებულია ორსულობის ბოლოს და ცნობილია „საკეისრო კვეთის“ სახელწოდებით (ზოგჯერ, სამედიცინო ჩვენების მიხედვით, - მაგ. ბავშვის განსაკუთრებულად დიდი წონის ან ზომის დროს, ამ მეთოდით ტარდება მშობიარობა). რა ხდება ამ დროს? ექიმი უჭრის დედას მუცლის ფარს, შემდეგ საშვილოსნოს, და ამოჰყავს ცოცხალი ბავშვი პლანცეტითურთ, ხოლო შემდეგ შვილი ბავშვის მოკვდინება ხდება იმ მეთოდით, რომელსაც ამოირჩევს ექიმი... ზოგიერთი მათგანი ბავშვს ჰკლავს პირდაპირ საშვილოსნოში. ამისათვის ისინი ჭიპლარს უჭრიან მას და ჟანგბადს უხშობენ, ხოლო ხუთიოდე წუთის შემდეგ, როდესაც ბავშვი სულშეხუთვით იღუპება, უკვე მკვდარი ბავშვი ამოჰყავთ საშვილოსნოდან.

ზემოთ ჩვენს მიერ ყველა სახის აბორტი როდია აღწერილი, მაგრამ, ვფიქრობ, განსჯისათვის ეს საშინელებანიც საკმარისია.

ერთ ფემინისტურ დემონსტრაციაზე, რომლებიც აბორტის ლეგალიზაციისათვის მიმდინარეობდა, ქალები სკანდირებდნენ: „ყველა კანონი შორს ჩვენი სხეულისაგან!“ ისინი, ეტყობა თვლიან, რომ აბორტი მათი პირადი საქმეა და მასში არავისა აქვს ჩარევის უფლება. ამ ქალებმა კარგად უნდა შეიგნონ: „აბორტი არ არის მათი პირადი საქმე“. ეს მაშინ იქნებოდა მათი პირადი საქმე, იგი მხოლოდ მათ პიროვნებას რომ ეხებოდეს. მაგრამ საქმე ეხება სხვა პიროვნებასაც - ბავშვის პიროვნებას... წარმოდგინეთ, რომ თავს დაგესხათ ბანდიტი და მოკვლას გიპირებთ. მოირბინა პოლიციელმა თქვენს დასაცავად და ბანდიტი ეუბნება მას: „წადი აქედან! ამ ქალს მოვკლავ თუ არ მოვკლავ, ეს ჩემი პირადი საქმეა. შენ არა გაქვს ჩემს პირად საქმეში ჩარევის უფლება“. როგორ ხასიათზე დადგებოდით მაშინ? ან იქნებ თქვენც შეირსხავდით ბანდიტივით პოლიციელს და მოუწოდებდით, არ ჩარეულიყო თქვენი უსაფრთხოების დაცვის საქმეში? რად ხდება, რომ როდესაც თქვენ გკლავენ - მშველელს უხმობთ და სახელმწიფოებრივი კანონების უზენაესობას ეყრდნობით, რომლებიც თქვენს სიცოცხლეს იცავენ, ხოლო როდესაც თქვენ თვითონ კლავთ, „ყველა კანონი უნდა აირიდოთ“ და „არავის მისცეთ ჩარევის უფლება“?! თქვენი სიცოცხლე დაცული უნდა იყოს, ხოლო უმწეო, თოთო არსებისა კი არა? სწორედაც რომ მისი სიცოცხლის დაცვაა საჭირო!

არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ აბორტი მაინც არ უნდა გავუთანაბროთ ჩვეულებრივ მკვლელობას, რადგან დედის სხეულში მყოფი ნაყოფი ჯერ არ ჩამოყალიბებულა, როგორც „პიროვნება“, რადგან იგი არ არის სიცოცხლისუნარიანი.

არის თუ არა ეს არსება პიროვნება - რა თქმა უნდა, რწმენის საკითხია, რომელიც ადამიანის ზოგადფილოსოფიური და რელიგიური რწმენის მიხედვით წყდება. ათეისტისა და მატერიალისტისათვის, ცხადია, არ იქნება. ქრისტიანული რწმენა კი ამ კითხვაზე ერთმნიშნველოვნად პასუხობს: რა თქმა უნდა, პიროვნებაა! აბა, როგორ არ არის პიროვნება, როდესაც დედის მუცელში მჯდომ პაწაწას უკვე გააჩნია თავისი ინდივიდუალური და უკვდავი სული?! დიახ, დედიკო, - უკვდავი სული, რომლის (სხეულისაგან განსხვავებით) არც დანაწევრება და არც მოკვდინება შენ არ ხელგწიფება! იგი წარსდგება საშინელ სამსჯავროზე უზენაესის წინაშე შენი, ასევე უკვდავი სულის გვერდით. „რომელი საშოსა დედისასა მიიცვალა და არა მოვიდა ამ ქვეყნად, ჰასაკითა სრულქმნის მას უმალ [მსაჯული], ოდეს მოაქცევს ცხოვრებად  მკვდართა [საყოველთაო აღდგომის ჟამს]... და რომელთა აქ ვერ იხილეს ერთურთი - იმქვეყნად იხილვიან, და დედა სცნობს, რომ ესე არს ძე თვისი და შვილიცა აგრძნობს, რომ იგია დედა მისი...“ (ეფრემ ასური, „შიშისათვის ღვთისა და უკანასკნელი სამსჯავროსათვის“). შესაძლოა, სწორედ მაშინღა მიხვდეს ვაი-მშობელი თავის მიერ ჩადენილი საქციელის მთელ საშინელებას.

გაგრძელება...