ღირსი ანტონი რომაელი, ნოვგოროდელი საკვირველთმოქმედი (+1147)

3 (16) აგვისტო

ღირსი ანტონი რომაელი 1067 წელს დაიბადა რომში. მდიდარმა და ღვთისმოშიშმა მშობლებმა იგი კეთილმსახურებით აღზარდეს. ჭაბუკი ჩვიდმეტი წლისა იყო, როცა დედ-მამა გარდაეცვალა. დაობლებული ანტონი მამათა ნაშრომების შესწავლას შეუდგა ბერძნულ ენაზე; შემდეგ ქონების ნაწილი გლახაკებს დაურიგა, ნაწილი კასრში ჩადო და ზღვას გაატანა, თავად კი ბერად აღიკვეცა ერთ-ერთი უდაბნოს სკიტში, სადაც ოცი წელი მოღვაწეობდა. ლათინთა მიერ მართლმადიდებელთა დევნამ საძმო აიძულა, დაფანტულიყო. ღირსი ანტონი ადგილიდან ადგილზე გადადიოდა. ბოლოს ზღვის უკაცრიელ სანაპიროზე ერთი დიდი ლოდი ჰპოვა და წელიწადზე მეტ ხანს მასზე მოსაგრეობდა. 1105 წლის 5 სექტემბერს უეცრად მოვარდნილმა საშინელმა ქარიშხალმა და ღელვამ ლოდი ზღვაში გაიტანა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე სასწაულებრივად გადარჩენილი წმიდა ანტონი ნოვგოროდიდან სამი ვერსის დაშორებით, მდინარე ვოლხოვის სანაპიროზე, სოფელ ვოლხოვსკთან აღმოჩნდა. ამ ადგილას წმინდა მღვდელმთავარ ნიკიტა დაყუდებულის (+1109) კურთხევით ღირსმა ანტონიმ ღვთისმშობლის შობის სავანე დააარსა. ერთხელ მეთევზურთა ბადეს ზღვიდან ამოჰყვა კასრი წმიდა მამის მემკვიდრეობით. ნეტარმა ანტონიმ დაასახელა, რაც ჩადო მასში მრავალი წლის წინ, განძი წაიღო და სავანისათვის მიწები შეისყიდა. 1131 წელს მღვდელმთავარმა ნიფონტმა ღირსი ანტონი მონასტრის იღუმენად დაადგინა. ღვაწლმოსილი მოსაგრე 1147 წლის 3 აგვისტოს გარდაიცვალა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.