წმიდა მოწამენი მარინ მხედარი და ასტერიოს სინკლიტიკოსი (+260)

7 (20) აგვისტო

წმიდა მოწამენი მარინ მხედარი და ასტერიოს სინკლიტიკოსი წარმართი იმპერატორის, გალიენუსის (260-268) ზეობაში აღესრულნენ.

წმიდა მარინი პალესტინის კესარიაში მსახურობდა და თავისი სიმამაცისა და სათნოებებისათვის თვით წარმართთა მხრიდანაც პატივისცემას იმსახურებდა. ახოვანი მეომარი ასისთავად დანიშნეს, მაგრამ ახალი ხარისხის მისაღებად საჭირო იყო ფიცის დადება წარმართულ ღვთაებათა სახელების მოხმობით. მარინმა მის წარმოთქმაზე მტკიცე უარი განაცხადა. მსაჯულმა წმიდანს სამი საათი მისცა მოსაფიქრებლად: თუ ურჩობას არ დაიშლიდა, სიკვდილი ელოდა.

სამსჯავროდან გასულ უფლის რჩეულს ეპისკოპოსი თეოტეკნი შეხვდა და ტაძარში შეიყვანა. მღვდელმთავარმა ნეტარს ჯერ სახარებაზე მიუთითა, შემდეგ კი ქამარში ჩამაგრებულ მახვილზე და უთხრა: „აირჩიე ან წიგნი ცხოვრებისა, რომელშიც ჩაიწერება შენი სახელი, როგორც ზეციური მეუფის მხედრისა, ან მახვილი, რომლითაც მიწიერ მეფეს ემსახურები“. მარინი ოდნავადაც არ შეყოყმანებულა - წმიდა სახარებისკენ გაიშვირა ხელი. თეოტეკნმა განამტკიცა, აკურთხა ნეტარი და უთხრა: „მიიღე ის, რაც ირჩიე“. ლოცვითა და მღვდელმთავრის კურთხევით მარტვილმა მსაჯულის წინაშე კვლავ უარი განაცხადა წარმართული ფიცის წარმოთქმაზე, რისთვისაც თავი მოჰკვეთეს.

წმიდანის წამებას შეესწრო რომაელი სენატორი ასტერიოსი. იგი კეთილმსახური ცხოვრებით სათნოეყოფოდა ღმერთს, მტკიცე ქრისტიანი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები სასტიკად იდევნებოდნენ, ურყევად იდგა თავის სარწმუნოებაზე. ერთხელ, პალესტინაში ყოფნისას ნეტარი ფილიპიის კესარიაში ჩავიდა. აქ, ჩვეულებისამებრ, წარმართული მსხვერპლშეწირვა აღესრულებოდა. შეწირულ მსხვერპლს კერპში ჩაბუდებული ეშმაკი უჩინარს ხდიდა, რაც უღმრთოებს დიდ სასწაულად მიაჩნდათ. წმიდა ასტერიოსმა ცრუღვთაების ქანდაკიდან განდევნა ბოროტი სული.

როცა წმიდა მარინი სიკვდილით დასაჯეს, ასტერიოსმა გაიხადა სენატორის მდიდრული შესამოსელი, მიწაზე გაფინა, შიგ მარტვილის პატიოსანი ცხედარი გაახვია, საკუთარი მხრებით მიაბრძანა საფლავამდე და დაფლა. ამ საქციელისათვის იგი შეიპყრეს და თავის მოკვეთა მიუსაჯეს. ქრისტეს ტარიგმა 260 წელს შეჰვედრა სული უფალს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.