ღირსი ორე მონაზონი (+დაახლ. 390)

7 (20) აგვისტო

ღირსი ორე მონაზონი სიჭაბუკეშივე განერიდა ამსოფელს, თებაიდის უდაბნოს მიაშურა და მრავალი წელი ცხოვრობდა აქ განდეგილი ბერის მკაცრი ცხოვრებით. უკვე მხცოვან მოსაგრეს ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ უფალი ანდობდა მას ზრუნვას იმ ადამიანთა სულებზე, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით ცხოვრებას მოისურვებდნენ. უფალმა მას საღვთო წერილის კითხვის ნიჭი მიმადლა, თუმცა ბავშვობიდანვე წერა-კითხვის უცოდინარი იყო. თანდათან ღირსი ორეს ირგვლივ შემოიკრიბა მრავალრიცხოვანი ძმობა, დაარსდა სავანე, ნეტარი კი მისი სულიერი წინამძღვარი შეიქნა. იგი ხშირად მოუთხრობდა მოწაფეებს იმ საცთურთა შესახებ, რომლებიც თავს ატყდებათ ხოლმე განმარტოებით მოღვაწე ბერებს, მაგრამ ყველაფერს ისე ყვებოდა, თითქოს ამის შესახებ ნაცნობ მეუდაბნოეთა ცხოვრებიდან უწყოდა მხოლოდ. ღირსი მამა ფარავდა თავის ღვაწლს, ის თავის მოწაფეთა ყველა აზრსა და მოქმედებას ჭვრეტდა; ვერავინ ბედავდა მის მოტყუებას. ღრმა მოხუცებულობას მიღწეულმა წმიდანმა რამდენიმე მონასტერი დააარსა, რომლებშიც ათასზე მეტი მონაზონი მოსაგრეობდა. ნეტარი ორე დაახლოებით 390 წელს მიიცვალა, ოთხმოცდაათი წლის ასაკში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.