წმიდა მოწამენი: ფოტიოსი, ანიკიტე და მრავალნი მათ თანა (+305)

12 (25) აგვისტო

წმიდა მოწამენი ფოტიოსი და ანიკიტე ნიკომიდიაში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. წმიდა ანიკიტეს მხედართმთავრის თანამდებობა ეჭირა იმპერატორის კარზე. მან უშიშრად ამხილა დიოკლეტიანე უსჯულოებასა და უდანაშაულო ქრისტიანთა დაუნდობელ ხოცვა-ჟლეტაში, რის გამოც განრისხებულმა თვითმპყრობელმა ნეტარი სასტიკად აწამებინა. შემდეგ ბრძანა, წმიდანი მხეცებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად, მაგრამ ლომი თვინიერად მიეახლა მას და ალერსი დაუწყო. უეცრად ძლიერად შეირყა მიწა, ჰერკულესის საკერპო დაიმსხვრა, ქალაქის გალავნის ნაწილიც ჩამოინგრა და მრავალი წარმართი მოიყოლა ქვეშ. გააფთრებულმა მტარვალმა წმიდანისთვის თავის მოკვეთა ბრძანა, მაგრამ ჯალათი, რომელმაც მახვილი აღმართა განკარგულების შესასრულებლად, უსულოდ დაეცა. უფლის რჩეულს ურმის თვალზე წამება და ნელ ცეცხლზე წვა დაუწყეს, მაგრამ ბორბალი გაჩერდა და ცეცხლი ჩაქრა; მოწამის ნათესავი, ფოტიოსი მიესალმა ნეტარს, წარმართულ კერპებს კი არარაობა უწოდა. ახალ აღმსარებელზე აღმართულმა მახვილმა თავად ჯალათი განგმირა. მოწამეები საპყრობილეში ჩაყარეს. დიოკლეტიანე სთავაზობდა მათ: „თუ გსურთ მიიღოთ პატივი და სიმდიდრე, თაყვანი ეცით ჩვენს ღმერთებს!“ ქრისტეს ტარიგებმა უპასუხეს: „პატივი შენი და სიმდიდრე შენ თანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა!“ მაშინ წმიდანები გაუხედნავ ცხენებს გამოაბეს და დაუნდობლად ათრიეს ქუჩაში, მაგრამ ღვთის წყალობამ ისინი უვნებლად დაიცვა. ღვთისმოძულე ხელისუფლის ბრძანებით ქრისტეს აღმსარებლების დასაწვავად უზარმაზარი ღუმელი გაამზადეს. როცა უღმრთოებმა იგი გაახურეს, ანიკიტესა და ფოტიოსის მაგალითით გამხნევებული მაცხოვრის მრავალი მსასოებელი შევიდა შიგ სიტყვებით: „ჩვენ ქრისტიანები ვართ!“ ყველა მათგანმა ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ანიკიტესა და ფოტიოსის წმიდა ცხედრებს ცეცხლმა ვერაფერი დააკლო. ამ სასწაულის მხილველმა მრავალმა წარმართმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ეს მოხდა 305 წელს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.