მღვდელმოწამენი: ემელიანე ეპისკოპოსი და მის თანა ილარიონი, დიონისე და ერმიპე (+დაახლ. 300)

18 (31) აგვისტო

მღვდელმოწამენი: ემელიანე ეპისკოპოსი და მასთან ერთად ილარიონი, დიონისე და ერმიპე დაიბადნენ და ცხოვრობდნენ სომხეთში. მშობლების სიკვდილის შემდეგ ძმებმა ემილიანემ, დიონისემ და ერმიპემ მოძღვართან - ილარიონთან ერთად დატოვეს სამშობლო და იტალიაში წავიდნენ. აქ წმიდა ემელიანე დაუცხრომლად ქადაგებდა სახარებას წარმართთა შორის. თავისი მკაცრი, კეთილმსახური ცხოვრებით მან ქრისტიანული თემის ღრმა პატივისცემა დაიმსახურა და ქალაქ ტრებიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ქიროტონია აღასრულა რომის პაპმა მარკელინემ. ტრებიაში გადასახლებული მღვდელმთავარი მრავალ უღმრთოს აყენებდა ცხონების გზაზე, რისთვისაც შეიპყრეს და იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) სამსჯავროზე წარადგინეს. ემელიანემ ხელისუფალს შესთავაზა, თვითონ დარწმუნებულიყო ქრისტესადმი აღვლენილი ლოცვის ძალაში. მოიყვანეს დავრდომილი, რომელიც დიდი ხნის წინ მიჯაჭვოდა სარეცელს. ქურუმები ბევრს ეცადნენ მის განკურნებას, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მაშინ ემელიანემ ილოცა და იესო ქრისტეს სახელით წამოდგომა უბრძანა სნეულს. ისიც, სრულიად გამოჯანმრთელებული, წამოდგა და სიხარულით გაიქცა შინისაკენ. ეს სასწაული იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ იმპერატორმა ქრისტიანული სარწმუნოებისკენ იწყო გადადრეკა, მაგრამ მოგვებმა დაარწმუნეს, მღვდელმთავარი ჯადოსნობით მოქმედებსო.

მოწამე ბორბალზე დააკრეს, ადუღებულ კალაში ჩააგდეს, მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ იგი უვნებელი დარჩა. საკვირველი სახილველებით შეძრული ხალხი ყვიროდა: „დიდია ღმერთი ქრისტიანეთა! განთავისუფლდეს მისი მონა!“ ამ დღეს ათასმა კაცმა ირწმუნა ქრისტე და, მოწამის გვირგვინით შემკული, შეერთო სასუფეველს. გონდაკარგულმა მტარვალმა ბრძანა, ის მხეცებიც დაეხოცათ, რომლებმაც მღვდელმთავარს პირი არ დააკარეს, ემელიანე კი მადლობდა უფალს იმის გამო, რომ გარეული ნადირებიც ქრისტეს სადიდებლად იღუპებოდნენ. წმიდა ემელიანე ძმებთან და მოძღვართან ერთად საპყრობილეში ჩაყარეს. ილარიონს, დიონისეს და ერმიპეს წამების შემდეგ თავები მოჰკვეთეს. ემელიანე ქალაქგარეთ დასაჯეს სიკვდილით. როცა ჯალათმა ნეტარს ქედზე მახვილი დაჰკრა, იგი ცვილივით გაიღუნა და ვერანაირი ზიანი ვერ მიაყენა უფლის რჩეულს. მხედრები ფეხებში ჩაუვარდნენ წმიდა მამას, შენდობა სთხოვეს და ქრისტე აღიარეს ჭეშმარიტ ღმერთად. მღვდელმოწამე ემელიანემ მუხლმოყრილმა ილოცა მათთვის და უფალს შესთხოვა, მოწამეობრივი აღსასრულის ღირსი გაეხადა. წმიდანის ვედრება შესმენილ იქნა: მეორე ჯალათმა მას თავი მოჰკვეთა. ჭრილობიდან გადმომსკდარი რძის დანახვაზე მრავალმა წარმართმა ირწმუნა ქრისტე მაცხოვარი. ნეტარი მარტვილის პატიოსანი ცხედარი მათ კრძალვით მიაბარეს მიწას (+დაახლ. 300).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.