წმიდანი ბარსისე და ევლოგი - ედესელი ეპისკოპოსნი
და პროტოგენი, კარიელი ეპისკოპოსი, აღმსარებელნი (IV)

25 (07.09) აგვისტო

წმიდა ბარსისე და ევლოგი - ედესელი ეპისკოპოსები და პროტოგენი, კარიელი ეპისკოპოსი, აღმსარებელნი IV საუკუნის მეორე ნახევარში აღესრულნენ. იმპერატორმა ვალენტიმ (364-378), რომელიც არიანული ერესის გავრცელებას ესწრაფოდა, მართლმადიდებელთა სასტიკი დევნა დაიწყო. ქალაქ ედესაში მან კათედრიდან განდევნა სარწმუნოების სიწმიდისათვის მებრძოლი მღვდელმთავარი ბარსისე და კუნძულ არადის საპყრობილეში გაგზავნა. მართლმადიდებელი მოსახლეობა დევნილ მღვდელმთავარს დიდი პატივით შეხვდა. იგი უფრო შორს, ეგვიპტის ქალაქ ოქსირინთში გადაიყვანეს, მაგრამ იქაც ამგვარადვე დაუხვდნენ. მაშინ მღვდელმთავარი იმპერიის საზღვარზე, ქალაქ ფენონში გადაასახლეს, სადაც, გატანჯულმა, სული უფალს შეჰვედრა (+378).

ედესაში იმპერატორმა ვალენტიმ საეპისკოპოსო ტახტზე უკანონოდ აღასაყდრა არიანელი ცრუეპისკოპოსი ლუპუსი (რაც მგელს ნიშნავს), რომელმაც საქმით გაამართლა თავისი სახელი. ედესის მართლმადიდებელმა მოსახლეობამ, ღვთისმსახურებმაც და მრევლმაც, შეწყვიტა მწვალებელთაგან დაპყრობილ ტაძრებში სიარული. ისინი ქალაქგარეთ იკრიბებოდნენ და ღია ცის ქვეშ აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას.

როცა ამის შესახებ შეიტყო, იმპერატორმა ეპარქ მოდესტოსს უბრძანა, დაეხოცა ყველა ქრისტიანი, რომელიც იქ გამოცხადდებოდა. ეპარქს შეებრალა ხალხი და მორწმუნეები წინასწარ გააფრთხილა, ღვთისმსახურებაზე არ მისულიყვნენ. ისინი კი პირიქით მოიქცნენ: ქრისტესთვის წამების სურვილით ანთებულები, უკლებლივ შეიკრიბნენ ლოცვის აღსავლენად. ეპარქი მოდესტოსი, ბრძანებისამებრ, შეიარაღებული მხედრებით გაეშურა ამ ადგილისაკენ. გზად მან იხილა ქალი, რომელიც ყრმასთან ერთად მიდიოდა წამების ადგილისაკენ, მარტვილის გვირგვინის მისაღებად. ამ ამბით გაოგნებული მოდესტოსი მეომრებითურთ უკან გაბრუნდა. სამეფო კარზე წარმდგარმა დაარწმუნა იმპერატორი, შეეცვალა ბრძანება ყველა მართლმადიდებლის ამოჟლეტის შესახებ და იგი მხოლოდ ღვთისმსახურებზე გაევრცელებინა.

სასულიერო პირები უხუცესი მღვდლის, ევლოგის წინამძღვრობით იმპერატორს მიჰგვარეს. უღმრთო ხელისუფალი ეცადა, ცრუეპისკოპოს ლუპუსთან ურთიერთობაზე დაეყოლიებინა ისინი, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ დაითანხმა. ამის შემდეგ ოთხმოცი ღვთისმსახური ბორკილებასხმული გაგზავნეს თრაკიის საპყრობილეში. გზაში მართლმორწმუნეები დიდი პატივით ეგებებოდნენ წმიდა აღმსარებლებს და საჭირო ნივთებით ამარაგებდნენ. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, ორ-ორად დაეყოთ ისინი და სხვადასხვა ადგილებში მიმოეფანტათ.

წმიდა ხუცესი ევლოგი და პროტოგენი თებაიდის ქალაქ ანტინოეში გაგზავნეს, სადაც მათ თავიანთი ქადაგებით ბევრი კერპთმსახური მოაქციეს და მონათლეს. როცა იმპერატორი ვალენტი დაიღუპა, ტახტზე ასულმა კეთილმსახურმა მეფე თეოდოსიმ (379-395), დევნის შემდეგ ცოცხლად გადარჩენილი აღმსარებლები გადასახლებიდან დააბრუნა.

გარდაცვლილი წმიდა ეპისკოპოსის, ბარსისეს ნაცვლად ხუცესი ევლოგი აკურთხეს ედესელ მღვდელმთავრად, წმიდა პროტოგენს კი მესოპოტამიის ქალაქ კარიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. წმინდანები ბრძნულად განაგებდნენ სამწყსოს, სანამ IV საუკუნის მიწურულს მშვიდობით არ გავიდნენ ამსოფლიდან.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.