მოწამე თეოდოსია ქალწული (+307-308)

3 (16) აპრილი

წმიდა მოწამე თეოდოსია ქალწული - მოწამეობრივად აღესრულა 307 წელს. 29 მაისს ზეიმობენ მისი წმიდა ნაწილების გადასვენებას კონსტანტინეპოლში, შემდეგ კი - ვენეციაში.

ერთხელ, ქრისტიანთა დევნის დროს, ჩვიდმეტი წლის თეოდოსია სიკვდილმისჯილ ქრისტიანებთან მივიდა. წმიდა აღდგომის დღესასწაული იდგა, ქრისტიანები ღვთის სასუფეველზე საუბრობდნენ. წმიდა თეოდოსიამ მათ სთხოვა, ელოცათ მისთვის. დარაჯებმა შეიპყრეს გოგონა და მმართველ ურბანს მიჰგვარეს. ურბანმა თეოდოსის უბრძანა, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა. მაშინ ჯალათებმა სასტიკად აწამეს ნეტარი ქალწული. მოწამე დუმილით და გაცისკროვნებული სახით ითმენდა ტკივილებს. შემდეგ მას ლოდი შეაბეს ყელზე და ზღვაში გადააგდეს, ანგელოზებმა კი ქრისტეს სასძლო ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს. გაცოფებულმა ჯალათებმა თეოდოსი მხეცებს მიუგდეს, მაგრამ მხეცებმა მხოლოდ წყლულები აულოკეს წმიდანს. ბოლოს ქრისტეს მოწამეს თავი მოჰკვეთეს.

მშობლებს, რომლებიც შვილს ევედრებოდნენ, დამორჩილებოდა წარმართებს, ღამით წმიდა თეოდოსია გამოეცხადა ნათელ სამოსელში, გვირგვინით შემკული, ჯვრით ხელში და უთხრა: „აი, როგორი დიდების წართმევა გინდოდათ ჩემთვის!“

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.