მღვდელმოწამე სვიმეონ სპარსთა ეპისკოპოსი და მისთანა მოწამენი: ავდელია და ანანია ხუცესი, ქუსდაზად საჭურისი, ფუსიკი, ავატი, ასკიტრეა და სხვანი (+344)

17 (30) აპრილი

წმიდა მღვდელმოწამე სვიმეონ სპარსთა ეპისკოპოსი და მის თანა მოწამე ავდელია და ანანია ხუცესი, ქუსდაზად საჭურისი, ფუსიკი, ავატი, ასკიტრეა და სხვანი (+344) - წმიდა სვიმეონ ეპისკოპოსი მოწამეობრივად აღესრულა სპარსეთის მეფის, საპორ II ის (310-381) დროს. წმიდანს ბრალად დასდეს ბერძნებთან ურთიერთობა და სპარსეთის მეფის წინააღმდეგ მტრული ქმედებანი.

344 წელს მეფემ გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ქრისტიანებს დიდი ხარკი დაეკისრათ. როდესაც ზოგიერთმა მის გადახდაზე უარი განაცხადა, მეფემ ქრისტიანთა საყოველთაო დევნა გამოაცხადა, წმიდა სვიმეონი ბორკილდადებული მოიყვანეს სასამართლოზე ორ სხვა ხუცესთან - ავდელიასა და ანანიასთან ერთად. წმიდა ეპისკოპოსი არც მიესალმა მეფეს. როცა საპორმა იუცხოვა მის მიმართ ასეთი უპატიო დამოკიდებულება, სვიმეონმა უთხრა: „ადრე მე პატივს მივაგებდი შენს ხარისხს, ახლა კი მოყვანილი ვარ ქრისტეს უარყოფად, ამიტომ არ ეგების შენი თაყვანისცემა“.

მეფემ ეპისკოპოსს მოსთხოვა თაყვანი ეცა მისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მთელ სახელმწიფოში აღმოფხვრიდა ქრისტიანობას. ვერც რჩევამ, ვერც მუქარამ ვერ მოტეხა წმიდა ეპისკოპოსი. ის ციხეში გადააგზავნეს. გზად მიმავალს შემოხვდა მეფის გამზრდელი საჭურისი ქუსდაზატი. მან თაყვანი სცა ეპისკოპოსს, მაგრამ წმიდა სვიმეონმა პირი იბრუნა მისგან და უსაყვედურა, რომ მან წამების შიშით მზეს სცა თაყვანი. საჭურისმა მთელი გულით შეინანა ცოდვა, ძვირფასი სამოსელი ძონძებით შეიცვალა და სასახლის კარებთან ატირდა: „ვაი ჩემდა, ვითარ წარვსდგე წინაშე ღვთისა ჩემისასა, რომელი უარვჰყავ მე? სვიმეონმაც ზურგი მაქცია“. მეფემ გაიგო საყვარელი გამზრდელის მწუხარება და მიზეზი ჰკითხა. საჭურისმა მეფეს განუცხადა, რომ ნანობს თავის განდგომილებას და დღეიდან მხოლოდ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს ეთაყვანება. მეფეს გაუკვირდა მოხუცის გადაწყვეტილება და ალერსიანად ურჩია, პატივი მიეგო მამა-პაპათა ღმერთებისთვის. ქუსდაზატი შეურყეველი იყო. ქრისტეს აღიარებისთვის მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. წმიდა მოწამე ქუსდაზატის ერთადერთი თხოვნა იყო, მაცნეებს მთელი ქალაქისთვის შეეტყობინებინათ, რომ იგი ქრისტიანობისთვის მოკლეს. მეფემ აღმზრდელს თხოვნა შეუსრულა.

წმიდა ქუსდაზატის სიკვდილის ამბავი წმიდა სვიმეონის ყურამდეც მივიდა. მან ცრემლებით განადიდა უფალი. ამის შემდეგ წმიდა ეპისკოპოსს ისევ შესთავაზეს ქრისტეს უარყოფა და როცა პასუხად კვლავ უარი მიიღეს, გამძვინვარებულმა მეფემ ბრძანა, მღვდელმთავრის წინაშე თავი მოეკვეთათ საპყრობილეში მყოფი ყველა ქრისტიანისთვის. წმიდა ეპისკოპოსის კურთხევით ქრისტიანები უშიშრად მივიდნენ სასიკვდილოდ და მშვიდად დებდნენ კუნძზე თავს. ასე აღესრულა წმიდა სვიმეონის თანამოღვაწე ავდელია. როდესაც ანანია ხუცესის რიგი მოვიდა, იგი უცებ შეყოყმანდა. ერთ-ერთმა დიდებულმა, ფარულად ქრისტიანმა წმიდა ფასიკმა იფიქრა, რომ წმიდა ანანია დაბრკოლდა და ხმამაღლა შესძახა: „ნუ გეშინინ, ანანია, დახუჭე თვალი და იხილავ ღვთაებრივ ნათელს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი“. ამით მან თავი გასცა. საპორის ბრძანებით წმიდა ფუსიკს ენა ამოგლიჯეს, შემდეგ კი ტყავი გააძვრეს. მასთან ერთად აწამეს მისი ასული ასკიტრეა. ჯალათთან უკანასკნელი მივიდა წმიდა სვიმეონი და ლოცვით მოუდრიკა თავი (+13 აპრილი, 344 წ). მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე გრძელდებოდა ქრისტიანთა წამება. მოწამეობრივად აღესრულა მეფის ახლობელი კარისკაცი წმიდა ავატ საჭურისიც. ისტორიკოსები მიუთითებენ, რომ იმ დღეებში 1000 ქრისტიანი ეწამა, შემდეგ - 100 და კიდევ - 150.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.