ღირსი ნიკიფორე იღუმენი

19 (02.05) აპრილი

ღირსი ნიკიფორე იღუმენი დაიბადა კონსტანტინეპოლში, მდიდარ და ცნობილ ოჯახში. მშობლები, ანდრია და თეოდორა ქრისტიანულად ზრდიდნენ შვილს. მათი სიკვდილის შემდეგ ნიკიფორემ მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა და ქალკედონში გაემგზავრა. ღირს ნიკიფორეს მოეწოდა წმიდა ანდრიას მონასტრის მკაცრი ცხოვრების წესი და იქვე დარჩა სამოღვაწეოდ.

მან ისეთი არაჩვეულებრივი გულმოდგინება გამოამჟღავნა ლოცვასა და შრომაში და ისეთი მონდომება მოთმინებასა და მოღვაწეობაში, რომ მალე იღუმენმა ფინიკიის კუნძულზე გაგზავნა საქადაგებლად და დაადგინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტრის იღუმენად.

ღირსმა ნიკიფორემ კუნძულზე გაატარა 33 წელი და მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.

როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, ღირსმა იღუმენმა ძმებს სთხოვა, ხომალდზე აეყვანათ, თვითონ კი ხომალდის პატრონს უთხრა: „მშვიდად იყავით, სული ჩემი უფალთან მიდის, გვამი კი ქალკედონზე წაიღეთ, წმიდა ანდრიას ლავრაში“, ხომალდმა მშვიდობით მიაღწია ქალკედონამდე. წმიდა ანდრიას მონასტრის მამებმა პატივით დაკრძალეს წმიდა მოღვაწის ცხედარი.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.