ღირსი ელისაბედ საკვირველთმოქმედი (VII-VIII)

24 (07.05) აპრილი

ღირსი ელისაბედ სასწაულთმოქმედი (VII-VIII) უფლის მსახურებისათვის ჯერ კიდევ შობამდე იყო გამორჩეული. მის დედას ჰქონდა გამოცხადება, რომ ჩვილი იქნებოდა რჩეული ჭური სულიწმიდისა.

გოგონა ბავშვობიდანვე მონასტერში იზრდებოდა. წმიდა ცხოვრებით გამორჩეულმა უფლისგან ხორციელ და სულიერ სნეულებათა კურნების ნიჭი მიიღო და ბოლოს იღუმენიად აირჩიეს.

უსაზღვრო იყო ღირსი დედის თავშეკავება: მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ ბალახით და ბოტსნეულით იკვებებოდა, ღვინოს და ზეთს არასდროს ღებულობდა. ბევრჯერ მთელ დიდმარხვას უჭმელად ატარებდა. მეზვერის სინანულის მიმსგავსებით სამი წელი ზეცისკენ არ აღუპყრია თვალები, სულიერი მზერა კი ნიადაგ ღვთისკენ ჰქონდათ მიპყრობილი. შუაღამის ლოცვებში წმიდანს ზეციური ნათელი უბრწყინდებოდა.

წმიდა ელისაბედმა მრავალი სასწაული აღასრულა: ლოცვით განგმირა გესლიანი გველი, განკურნა სისხლმდინარე ქალი, რომელიც მრავალი წელი იტანჯებოდა, განასხმიდა ბოროტ სულებს. სიკვდილის შემდეგ წმიდანის საფლავი კურნავდა სნეულებს. მისი წმიდა ნაწილებიდან აღებულმა მტვერმაც კი თვალები აუხილა ბრმას.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.