წმიდა მოციქული იაკობ ზებედესი (+44) 12 მოციქულთაგანი იყო და ქრისტეს მიერ მოწოდებულ იქნა თავის ძმასთან - მოციქულ იოანე ღვთისმეტყველთან ერთად.
სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ წმიდა იაკობი ქადაგებდა ესპანეთში და სხვა ქვეყნებში, შემდეგ იერუსალიმს დაუბრუნდა. მოციქული ქადაგებდა იესო ქრისტეს, როგორც მაცხოვარს, წმიდა წერილის სიტყვებით ამხელდა ფარისევლებს და მწიგნობრებს, საყვედურობდა მათ გულგრილობისა და ურწმუნოების გამო. იუდეველებს ძალა არ შესწევდათ წინ აღდგომოდნენ მოციქულის სიტყვებს და ფულით მოისყიდეს ფილოსოფოსი - მოგვი ჰერმოგენი, რათა კამათში გამოეწვია წმიდა იაკობი და გაეცამტვერებინა მისი შეხედულებები ქრისტეზე, როგორც აღთქმულ მესიაზე. მოგვმა წმიდა მოციქულთან თავისი მოწაფე ფილიპე გაგზავნა, მაგრამ მან ირწმუნა ქრისტე. შემდეგ თვით ჰერმოგენიც დარწმუნდა ღვთის ყოვლისშემძლეობაში, დაწვა ჯადოქრული წიგნები, ნათელ-იღო და ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევრად იქცა.
ურწმუნო იუდეველებმა ჰეროდე აგრიპას (40-44) ურჩიეს, შეეპყრო იაკობ მოციქული და სიკვდილით დაესაჯა. წმიდა იაკობმა მშვიდად მოისმინა სასიკვდილო განაჩენი და განაგრძო ქრისტეს სჯულის ქადაგება. ერთ-ერთი დამსმენი, სახელად იოსია, გაოცდა მოციქულის ვაჟკაცობით და ირწმუნა ქრისტე-მესიის განკაცება. როცა წმიდა იაკობი სიკვდილით დასასჯელად წაიყვანეს, იოსია ფეხებში ჩაუვარდა მოციქულს, მოინანია თავისი ცოდვა და მიტევება ითხოვა. წმიდა იაკობმა გულში ჩაიხუტა აღმსარებელი, აკოცა და უთხრა: „მშვიდობა შენდა და მიტევება“. იოსიამ საჯაროდ აღიარა ქრისტე და წმიდა იაკობთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა იერუსალიმში 44 წელს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.