ღირსი სტეფანე ახალგაბრწყინებული (+912)

9 (22) დეკემბერი

ღირსი სტეფანე ახლადგაბრწყინებული კეთილმსახური კონსტანტინოპოლელი მღვდლის, ზაქარიას ძე იყო. იგი სიყრმიდანვე მოღვაწეობდა კონსტანტინოპოლის დიდი ტაძრის ღვთისმსახურთა დასში. მამის გარდაცვალების შემდეგ ღირსმა სტეფანემ დაყუდებული ცხოვრება იტვირთა და სულ უფრო და უფრო ამკაცრებდა ღვაწლს. ნეტარმა სრულყოფილების ისეთ საფეხურს მიაღწია, რომ უფალმა წმიდა მოციქულ პეტრეს და წმიდა ანტიპას (იხ. 11 აპრილის საკითხავი) ხილვის ღირსი გახადა. წმიდა მამა სქიმაში აღესრულა 912 წელს (სხვა ცნობით, IX საუკუნეში). მას „ახლადგაბრწყინებულს“ უწოდებენ, რადგან ფიცხელი ღვაწლით ძველ მოსაგრეებს მიმსგავსებულმა, დიდი მადლი მოიგო და მათ ბრწყინვალე დასს შეერთო.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.