წმიდა ბონიფანტე მოწყალე - ფერენტიელი ეპისკოპოსი (IV)

19 (1.01) დეკემბერი

წმიდა ბონიფანტე მოწყალე - ფერენტიელი ეპისკოპოსი სიყრმიდანვე გლახაკთმოყვარებით გამოირჩეოდა. როცა მას გზაში ღატაკი გადაეყრებოდა, დაუფიქრებლად იხდიდა სამოსელს და მოწყალებად გასცემდა. ამის გამო მისი ქვრივი დედა ძალიან წუხდა და კიცხავდა შვილს. ერთხელ ბონიფანტემ მთელი წლის ხორბლის მარაგი უქონლებს დაუნაწილა, მაგრამ მისი ლოცვით ბეღელი სასწაულებრივ კვლავ პირთამდე გაივსო.

წმიდანი, ღვთის ნებით, ფერენტინის (რომის ჩრდილოეთით) ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. იგი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს და მათაც მოყვასისთვის უკანასკნელის გაღებას ასწავლიდა. ლოცვით, მარხვით, მოწყალებითა და სხვა მრავალი ქველი საქმეებით გაბრწყინებული მღვდელმთავარი მშვიდობით მიიცვალა IV ს-ში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.